იცვლება თუ არა საქართველოს საგარეო ვექტორი, საპარლამენტო უმცირესობაში დიდი აჟიოტაჟია ატეხილი. როგორც ჩანს, სხვადასხვა დონეზე განცხადებების კეთება არასაკმარისად ჩათვალეს და ახლა კანონპროექტის დაწერა გადაწყვიტეს იმის შესახებ, რომ საქართველო საგარეო კურსს არ შეიცვლის. ეს ყველაფერი ბევრისთვის არასერიოზულია, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი მონდომებით ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ ქვეყნის საგარეო ვექტორი იცვლება. მიზეზი რუსეთთან ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების აღდგენის მცდელობაა. სხვათა შორის, მეზობლებთან, მათ შორის, რუსეთთან ურთიერთობის დალაგების შესახებ დავალება საქართველომ რამდენიმე წლის წინ მიიღო დასავლეთისგან, როდესაც ნატოში გაწევრიანების სურვილი გამოთქვა.
რა არის რუსეთთან ურთიერთობის დალაგების მცდელობა, პრორუსული საგარეო კურსის აღება თუ უკვე არსებული ევროპული და ევროატლანტიკური კურსის გამყარებისკენ გადადგმული ნაბიჯი? ამ თემაზე პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია გვესაუბრება.
ბატონო ვახტანგ, ბოლო დროს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არ წყდება განცხადებები, რომ საქართველო საგარეო კურსს იცვლის. თქვენი შეფასებით, რა არის რუსეთთან ურთიერთობების დალაგება - ხელისუფლების საგარეო კურსის შეცვლა?
- ეს არის ევროატლანტიკური საგარეო კურსის გაძლიერება და განვითარება. არის მცდელობა, მოხდეს ურთიერთობის აღდგენა ეკონომიკურ და კულტუროლოგიურ დონეზე, რაც ასევე ევროატლანტიკური კურსის გაძლიერებას ემსახურება.
უბრალოდ, წინა ხელისუფლებამ ეს კურსი ვერ შეინარჩუნა და ამის გამო ჩვენი მცდელობა, რომ ვყოფილიყავით ნატოს წევრი ქვეყანა, იყო აბსოლუტურად ბლოკირებული. საუბარი იყო მეზობლებთან აბსოლუტურად ბალანსირებული, ნორმალური ურთიერთობების აღდგენაზე, თუნდაც არაფორმალურად მაინც.
ეს არის მოთხოვნა, რომელიც ნებისმიერ კანდიდატ ქვეყანას წარედგინება, რომელსაც სურს გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა. ამიტომ დღევანდელი მთავრობა ცდილობს ამ კურსის გაძლიერებას შეუწყოს ხელი.
ის, რომ მსაგარეო ვექტორი იცვლება რუსული მიმართულებით, ეს გამორიცხულია. პრორუსული საგარეო ვექტორი იქნებოდა იმ ტერიტორიების აღიარება და დათანხმება იმ პოზიციებზე, რომელიც ამ ოკუპირებულ ტერიტორიებს ეხება. ასეთი რამ ბუნებრივია, არ ხდება. ეს არის მხოლოდ ევროატლანტიკური კურსის გამყარების მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა, რომ აღდგეს კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობები.
რამდენიმე დღეა, საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან დსთ-ზე ლაპარაკი ისმის, ახალი ხელისუფლების მიმართ გამოთქვამენ შიშს, რომ არ შევიდეს დსთ-ში, ხოლო რუსეთთან კულტურულ-ეკონომიკურ საკითხებზე მოლაპარაკებების დროს ურჩევენ მასთან პირისპირ არ დარჩეს და მოლაპარაკებები გაიმართოს მესამე მხარის მონაწილეობით. რამდენად გასათვალისწინებელია ასეთი რჩევები?
- რაც შეეხება დსთ-ს, ეს ფორმატი არ მოხერხდება და ვერც მოხერხდება. ჩვენ დავტოვეთ დსთ 2008 წლის ომის შემდეგ, მასში დაბრუნება აბსოლუტურად არალოგიკური ნაბიჯია და ასეთ ნაბიჯს, ალბათ, არავინ არ გადადგამს.
ეკონომიკურ-კულტურული ურთიერთობები აბსოლუტურად სხვა რამ არის და არანაირად არ ჯდება დსთ-ს ფორმატში. დსთ-ს თავისი სამდივნო ჰყავს მინსკში და გადაწყვეტილებებს წევრი სახელმწიფოები ღებულობენ. საქართველოს მათთვის არ მიუმართავს არანაირი წინადადებით, ან თხოვნით და რაკი ქართული მხრიდან ასეთი თხოვნა არ გაგზავნილა, ლოგიკურია, რომ ამ მხრივ არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა.
რაკი ასეთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, ამაზე ლაპარაკი არის ერთგვარი ინსინუაცია, რომელსაც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები სპეკულაციისთვის იყენებენ.
თუ მართლაც გაკეთდა განცხადება რუსეთის საგარო საქმეთა სამინისტროს პირველი ევროპული დეპარტამენტის ხელმძღვანელის მხრიდან, ის არ არის დსთ-ს ოფიციალური პირი და ამ შემთხვევაში დიპლომატიის ენაზე ეს ნიშნავს კერძო პირის განცხადებას. თუ საგარეო საქმეთა სამინისტრო აკეთებს ოფიციალურ განცხადებას, უნდა ილაპარაკოს იმ ადამიანმა, ვისაც სამინისტროს სახელით დელეგირებული აქვს განცხადების გაკეთების უფლება. ანუ, თუ გაკეთდა რომელიმე დეპარტამენტის უფროსის მხრიდან განცხადება, ეს არაფერს არ ნიშნავს. აქედან გამომდინარე ოფიციალურ თუ არაოფიციალურ დონეზე დსთ-ს მიმართულებით ნაბიჯები არავის არ გადაუდგამს და არც აპირებს ამის გადადგმას.
რაც შეეხება კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენის მცდელობას, ამაში არაფერია ცუდი და იმ პოლიტიკის გაღრმავებას გულისხმობს, რასაც ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსი ჰქვია.
საჭიროა თუ არა ამ დონეზე მოლაპარაკებებში დასავლელი დიპლომატების ჩართვა?
- ისინი ისედაც არიან ჩართულები და მონაწილეობენ ჟენევის ფორმატის ფარგლებშიც და სხვა კუთხითაც. ბოლოს და ბოლოს, შვეიცარიის საელჩოა მეკავშირე წარმომადგენლობა რუსეთთან ურთიერთობის კუთხით. ეს ისედაც ბუნებრივი და შემდგარი პროცესია.
რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ მას ყველა საკითხით შეუძლია სპეკულირება და მანიპულირება, საკუთარი კერძო კორპორაციული ინტერესებიდან გამომდინარე და ნებისმიერი პოლიტიკური ძალა თუ ასეთ საკითხებს გამოიყენებს საკუთარი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე და ამ კუთხით შეხედავს ყველაფერს, ეს არაფერს არ ნიშნავს.
ეს არის იმ ძალის პოზიცია, რომელმაც, ელემენტარულად, ვერ შეძლო იმ დიპლომატიური კურსის განვითარება, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაძლიერებას ხელს შეუწყობდა. ეს იმ წარუმატებელი ძალის კომენტარებია, რომელიც უკვე წარსულს ჩაბარდა.
არსებობს მოსაზრება, რომ თუ რუსეთს სურს, საკუთარ ორბიტაზე დაგვაბრუნოს, ის შემოგვთავაზებდა თანამშრომლობას არა დსთ-ს ფორმატში, არამედ ევრაზიის კავშირში გაწევრიანებაზე იქნებოდა ლაპარაკი, თუმცა ქართული მხარე აცხადებს, რომ არანაირ კავშირში გაწევრიანებაზე არ მიმდინარეობს ლაპარაკი...
- ბუნებრივია, თუ რამის შემოთავაზებაზეა ლაპარაკი, იქნებოდა ან ერთი ან მეორე ფორმატის შემოთავაზება, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი შემოთავაზება არ ყოფილა. ჩვენს სახელმწიფოსაც არ აქვს სურვილი, მსგავსი ნაბიჯი გადადგას იმ ომის გამო, რაც საქართველოს თავს მოხვიეს 2008 წელს.
აქედან გამომდინარე, პრიორიტეტები საგარეო კუთხით ნათლად და მკაფიოდ არის გამოკვეთილი. ჟენევის ფორმატში მოლაპარაკებები, ან ერგნეთის შეხვედრები წინა ხელისუფლების დროსაც მიმდინარეობდა, ამ მიმართულებით რაიმე ცვლილებაზე საუბარი არ არის. ის, რომ ეკონომიკური და კულტურული დიალოგი იწყება საქართველოსა და რუსეთს შორის, როგორც ვთქვი, ევროატლანტიკური კურსის გამყარების მიზნით, მხოლოდ მისასალმებელია.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის მსგავსად, თურქეთიც აპირებს ევრაზიის კავშირის შექმნას, ამ შემთხვევაში მოსალოდნელია თუ არა მოხდეს რაღაც გადათამაშებები ჩვენს მეზობელ ქვეყნებს შორის და თუ ასეთი რამ მართლაც მოხდა. თეორიულად რამდენად შესაძლებელია, საქართველოს გაუჩნდეს უფრო მეტი შანსი, გაატაროს თუ არა, დაიცვას საკუთარი ინტერესები?
- დიდი ხანია, თურქეთის გარკვეულ წრეებში იყო იდეა, შექმნილიყო თურანული სივრცე, რომელიც მოიცავდა ევრაზიული ქვეყნების თურქულენოვან ნაწილს. თუ თურქეთმა დაიწყო აღმოსავლეთისკენ სვლა და ამისი ინდიკაციები გარკვეულწილად არსებობს, ბუნებრივია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მოხდება რუსულ გეოპოლიტიკურ ინტერესებთან შეჯახება და დისონანსში მოვა იმ ადრინდელი გეოპოლიტიკური ინტეგრაციული გადათამაშების წესებთან.
აქედან გამომდინარე თუ შეიძლება ვიფიქროთ იმაზე, რომ საქართველოს ეზრდება წონა და შანსები თუნდაც რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით, თუნდაც მასთან პოლიტიკური ვაჭრობის კუთხით...
- ამაზე ჯერ რთულია ლაპარაკი, უნდა დაველოდიოთ იმ პროცესებს, რომელიც ვითარდება. აქ რამდენიმე ფაქტორს შეიძლება ჰქონდეს ადგილი და იმაზე ლაპარაკი, რომ რაღაც პროცესებს შეიძლება ჰქონდეს ადგილი ჩვენ სასიკეთოდ ან საწინააღმდეგოდ, ცოტა რთულია.
თუ ახალი გეოპოლიტიკური გადათამაშების მომსწრე ვხდებით, მაშინ, საჭიროა, გარკვეული დრო, რომ გამოიკვეთოს გარკვეული სურათი, სად როგორ მიმდინარეობს პროცესები.
თუმცაღა, არის ის მომენტი, რომ ინტერესთა გადათამაშება დაიწყო და ამოქმედდა როგორც თურქული, ისე რუსული მხარე. შესაბამისად, ევრაზიასა და კავკასიას, როგორც გეოსტრატეგიულ არეალს, ენიჭება განსაკუთრებით დიდი ყურადღება განსაკუთრებული გეოპოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე.
საქართველო გეოგრაფილი მდებარეობიდან გამომდინარე, მონაწილე იქნება ამ პროცესისა და როგორ გამოვიყენებთ, ჩვენი სწორი და ბრძნული გადაწყვეტილების, სწორი ხედვის უნარის მიხედვით გამოვლინდება. თამაში დაიწყო და როგორ წავა ის, ამ ეტაპზე რთულია ლაპარაკი.
ამ ეტაპზე რა უკეთესია საქართველოსთვის იყოს მოლოდინის რეჟიმში, თუ იმ მოცემულობიდან გამომდინარე იმოქმედოს, რაც დღეს არსებობს?
- ჩვენთვის მთავარია გავაგრძელოთ ის კურსი, რაც გვაქვს, იმიტომ რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ჩვენი უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი. მთავარია, ამ კურსს არ გადავუხვიოთ და არ აღმოვჩნდეთ ჭანჭიკის როლში იმ გეოპოლიტიკურ თამაშში, რომელიც დაიწყება. მხოლოდ არჩეული კურსით სვლა არის ჩვენი სტაბილურობის გარანტი.