ეკონომიკური ზრდის დადებითი დინამიკა არა მარტო წელს დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, არამედ უკვე გაისადაც. მეორე ნაწილობრივი ლოქდაუნი, რომელიც უკვე მოქმედებს, მძიმე შედეგებს მოიტანს, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ინფლაციაა, რომელიც ზრდისკენ უკვე დაიძრა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 3.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი - 5.1 პროცენტია.
2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება დაფიქსირდა თითქმის ყველა სექტორში, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების გარდა.
მეორე ნაწილობრივი ლოქდაუნი კიდევ უფრო უარეს შედეგს მოიტანს. საინვესტიციო ბანკის „გალტ ენდ თაგარტის“ პროგნოზის მიხედვით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით შემცირდება. აღსანიშნავია, რომ წინა პროგნოზის შემთხვევაში საინვესტიციო ბანკი ქვეყნის ეკონომიკის 5.1%-იან შემცირებას ვარაუდობდა, თუმცა მეორე ლოქდაუნის დაწყების შემდეგ ეს პროგნოზი შეიცვალა.
„გალტ ენდ თაგარტის“ შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა მომავალ წელს 5%-ით გაიზრდება. რაც შეეხება ტურიზმის სექტორს, 2021 წელს ტურიზმი მხოლოდ 50%-ით აღდგება.
ასეთ პირობებში არა მარტო წლევანდელი წელი, არამედ მომავალიც უკვე ბუნდოვანია. ამას ვერ უარყოფენ თვით მთავრობაშიც კი. ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის ინფორმაციით, 4,3%-იანი ეკონომიკური ზრდა, რომელიც 2021 წლის ბიუჯეტში იყო გათვალისწინებული, გათვლილი იყო პოზიტიური სასტარტო პირობებზე, მაგრამ გაირკვა, რომ ნოემბერში შემოსავლების მნიშვნელოვანი შემცირება დაფიქსირდა. გამოცხადებული ნაწილობრივი ლოქდაუნის ფონზე მძიმე იქნება იანვარი და თებერვალი, რაც გავლენას მოახდენს მომავალი წლის ეკონომიკურ ზრდაზე. მინისტრს ოპტიმიზმის საფუძველს მხოლოდ ვაქცინის მოლოდინი აძლევს და ბუნდოვანი მომავლის იმედად ვარაუდობს, რომ გაისად 4%-იანი ზრდის შენარჩუნება მაინც შესაძლებელი იქნება.
ეკონომისტები კი დარწმუნებულნი არიან, რომ 2020-21 წლების ბიუჯეტში მასშტაბურ სოციალურ პროგრამებს ვერ გაუმკლავდება, ამიტომ ხელისუფლებას დამატებითი სესხების აღება მოუწევს, მათ შორის საგარეო ვალის.
„ბიუჯეტს ის ფულიც კი არ აქვს რისი შემწეობებიც დააანონსა ხელისუფლებამ, ესეც კი ნაწილობრივ საგარეო ვალის ხარჯზე უნდა დაკომპენსირდეს. 2021 წლის ბიუჯეტში 2.5 მილიარიდი ლარის სესხი წინმსწრებად არის გათვალისწინებული. წელს ნასესხები, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ 2021 წლის იანვრიდან დაიწყება ხარჯვა. ამ თანხის გამოყენება იქნება აუცილებელი და მაღალი ალბათობით ახალი ვალის აღებაც გახდება საჭირო“, - განაცხადა ეკონომისტმა ვახტანგ ჭარაიამ.
მისი აზრით, წერტილოვანი შეზღუდვები კიდევ უფრო აზარალებს კერძო სექტორსა და ბიუჯეტს, რის გამოც ეკონომისტი მოუწოდებს მთავრობას, გადახედონ საკუთარ გადაწყვეტილებას.
„საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და სავაჭრო ცენტრების სრული ჩაკეტვა მგონი, გადაჭარბებული სიმკაცრეა. აქედან გამომდინარე, ბიუჯეტი ვერ მიიღებს დაგეგმილ გადასახადებს - საორიენტაციოდ 20-40 მილიონ ლარს. დამატებით იქ დასაქმებული ადამიანების 200-200-ლარიანი კომპენსაცია 2 თვის განმავლობაში ბიუჯეტს 6.8 მილიონი დაუჯდება. ამიტომ მოვუწოდებ ხელისუფლებას, გადახედოს თავის გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა ანალიტიკოსმა.
ზრდა დაიწყო ინფლაციამაც და ის მომდევნო თვეებში კიდევ მოიმატებს. 2020 წლის ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 3.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო სექტემბერთან შედარებით ფასები 0.8 პროცენტით გაიზარდა. „თვის მიმოხილვაში“ რომელსაც ეროვნული ბანკი აქვეყნებს, აღნიშნულია, რომ ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ფასების საერთო დონეზე ყველაზე მეტად, 0.2 პროცენტული პუნქტით, ყველის გაძვირებამ იმოქმედა.
ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ იმპორტირებულ საქონელზე 2.8 პროცენტი, ხოლო ადგილობრივად წარმოებულ საქონელზე 4.1 პროცენტი შეადგინა. შერეული საქონელი 4.3 პროცენტით გაძვირდა. იმპორტირებული საქონლის ინფლაციის დაბალი მაჩვენებელი საწვავის ფასის წლიურად შემცირებას უკავშირდება.