შევარდნაძეებმა კომპანია „მაგთი“ დააფუძნეს

შევარდნაძეებმა კომპანია „მაგთი“ დააფუძნეს

სასტუმრო „მეტეხში“ კომპანია „მაგთი-ჯიესემის“ პრეზენტაცია გაიმართა. იგი ფიჭური სატელეფონო კავშირის სფეროში აპირებს მოღვაწეობას.

ახალი ფირმა სიიაფით არ გამოირჩევა, თუმცა, მისი მომავალი, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მესაკუთრე პრეზიდენტის სიძეა, უზრუნველი ჩანს.

გუშინწინ სასტუმრო „მეტეხში“ „მაგთი-ჯიესემის“ პრეზენტაცია გაიმართა. ამ მოვლენას თბილისის ზეპური საზოგადოება, კოტე მახარაძით დაწყებული და ლევან მამალაძით დამთავრებული, ესწრებოდა

ოჯახური ბიზნესის მორიგი პირმშოს დაბადება თავად საქართველოს პრეზიდენტმა დალოცა. შევარდნაძის თქმით, „ამ წამოწყებით, საშვილიშვილო საქმეს ჩაეყარა საფუძველი“. მოწვეულ სტუმართა შორის „მეტრომედიას“ მფლობელი ჯონ კლუგეც იყო.

„მაგთი-ჯიესემი“ ქართულ-ამერიკული კომპანიაა. ამერიკელი პარტნიორია კარგად ცნობილი კორპორაცია „მეტრომედია ინტერნეშნლ“-ის შვილობილი საწარმო „ტელსალ უაიერლეს კორპორეიშნ“. ქართულ მხარეს კი შპს „მაგთი“ და „ჯიკომი“ წარმოადგენს. ეს ერთობლივი კომპანია უკვე ორი წელია, რაც არსებობს.

ამერიკელი პარტნიორების - „მოტოროლასა“ და „მეტრომედიას“ დიდი საკრედიტო ხაზი „მაგთი-ჯიესემს“ საშუალებას აძლევს საბაზო სადგურებით მჭიდროდ დაფაროს საქართველოს ტერიტორია.

„მაგთი-ჯიესემის“ აღმასრულებელი დირექტორის, გოჩა ღუჭაშვილის განცხადებით, მათი ფირმის მიზანია მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტუნარიანი ტარიფები, რაც მობილურ კომუნიკაციას ყველასთვის ხელმისაწვდომს გახდის.

მომხმარებელს „მოტოროლას“, „ერიქსონის“, „ნოკიას“ ფირმის აპარატურის სახით, ფართო არჩევანი ექნება. „მაგთი-ჯიესემის“ მობილური ტელეფონების ფასი 348 ლარიდან 1200 ლარამდე მერყეობს. მისივე თქმით, „მაგთი-ჯიესემის“ აპარატურის ხარისხი მომავალში უფრო დაიხვეწება.

ღუჭაშვილის თქმით, „მაგთი-ჯიესემის“ ქსელში ჩართვა და საიდენტიფიკაციო ბარათი მიმდინარე წლის ბოლომდე უფასოა. მომავალი წლიდან კი ქსელში ჩართვა 108 ლარი, ხოლო საიდენტიფიკაციო ბარათი 37.5 ლარი ეღირება. აბონენტის ყოველთვიური გადასახადი 8.5 ლარია.

„მაგთი-ჯიესემის“ მომხმარებელი შემომავალი სატელეფონო ზარების საფასურს არ იხდის. აბონენტს წუთობრივი გადასახადი არ ერიცხება, თუკი ადრესატი არ პასუხობს ტელეფონს.

წუთობრივი გადასახადი მობილურიდან მობილურზე, ასევე მობილურიდან თბილისში, მობილურიდან საქართველოში 24 თეთრია. ესენგეში დარეკვა კი 1 წუთი 37 თეთრი ღირს. „მაგთიკომის“ აბონენტს საზღვარგარეთ დარეკვა 2.16 ლარი დაუჯდება. საინტერესოა, რომ „მაგთი-ჯიესემის“ ტარიფები დღგ-ს არ ითვალისწინებს.

ბატონმა კლუგემ სიამაყით აღნიშნა, რომ მისთვის ფული მთავარი არ არის. ეს ფრაზა ძალიან მოეწონა საქართველოს პრეზიდენტს, ჩვენ ფული არ გვაქვს, თორემ იდეები რამდენიც გინდათ, ვედრო აბაზად...