რატომ გავარდა ყაჩაღად მაია წყნეთელი

რატომ გავარდა ყაჩაღად მაია წყნეთელი

საქართველოს ისტორიას უამრავი გმირობისა და თავგანწირვის მაგალითი ახსოვს; მათგან ზოგს უსახელო უფლისციხელის ბედი ეწია, ზოგის სახელი კი ფოლკლორმა და მადლიერი ხალხის მეხსიერებამ შემოინახა. მეთვრამეტე საუკუნის სამ გმირ ქართველ ქალს ლადო ასათიანმა ლექსი უძღვნა და თქვა – მტერს მამაკაცებთან ერთად სცემდნენო; მაგრამ, ყველაზე მეტად პოპულარული ამ ქალებში, ალბათ, მხატვრული ფილმის წყალობით, მათე-მაია წყნეთელია. იყვნენ თუ არა ეს ქალები რეალური ისტორიული პერსონაჟები, რას მოგვითხრობენ მასზე საისტორიო და ზეპირსიტყვიერი ფოლკლორული წყაროები, ამის შესახებ ისტორიკოსი ალექსანდრე ბოშიშვილი მოგვითხრობს, რომელმაც 2010 წელს გამოსცა წიგნი „თბილისის გარეუბნების ისტორია,” რომელშიც ყურადღება ხალხის საყვარელ გმირებსაც დაუთმო.

ალექსანდრე ბოშიშვილი: მაია წყნეთელის, თამარ ვაშლოვნელისა და თინა წავკისელის ამბავი განსაკუთრებით აქტუალური გახდა და დღევანდელი ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, გაფიარდა საბჭოთა პერიოდში, რადგან ის, რომ ისინი ბატონებთან დაპირისპირებულნი და კლასობრივი ჩაგვრის მსხვერპლნი იყვნენ, საბჭოთა იდეოლოგიისთვის მისაღები და ხელსაყრელი აღმოჩნდა, ამიტომ მათ ამბებსაც მთლიანად კლასობრივი ბრძოლის ჭრილში აღწერდნენ. ყველას ისტორია თითქოს ერთმანეთს ჰგავს და დაახლოებით ასეთია: ბატონი შემოაკვდა, მეფესთან გაიქცა და მასთან მსახურობდა და თანასოფლელებისთვის  დახმარებას განაგრძობდა მტრებთან ბრძოლაში. ისედაც, საქართველოში ხომ ყველა გვარის წარსულზე, საბჭოთა ეპოქაში შექმნილი, ერთმანეთის მსგავსი ლეგენდები არსებობს: წინაპარს ბატონი შემოაკვდა გადაიხვეწა და გვარიც გადაიკეთა.

ცხადია, ეს საფუძველს მოკლებული არაა,  მაგრამ, სინამდვილეში საქმე სხვანაირად არის. ეს ადამიანები თავიანთ სოფლებს იცავდნენ გარეშე მტრისგან: ოსმალოსგან, სპარსისგან, განსაკუთრებით კი – ლეკებისგან, რომელთა შემოსევა ძალიან ხშირი იყო აღმოსავლეთ საქართველოში. მაშინ მტრისგან თავდაცვას ყველა სწავლობდა, ამიტომ, ეს ქალები ამ მხრივ მარტონი არ იყვნენ. დარწმუნებული ვარ, ბევრი სხვაც იქნებოდა ასეთი, რომელთა სახელი დრომ დავიწყებას მისცა.

მიუხედავად იმისა, რომ მაია წყნეთელს მართლა შემოაკვდა ბატონი, რომელმაც ის უწლოვან ასაკში გააუპატიურა, გმირი ქალების ბატონებთან ბრძოლის ამბავი მთავარი არ არის მათ ცხოვრებაში. მაგალითად, თინა წავკისელზე ბიოგრაფიულ ცნობებს სწორედ მებატონე, თავადი ბებუთაშვილი გვაწვდის. კლასობრივ ბრძოლაზე აქცენტი უფრო საბჭოთა დროს არის გაკეთებული, ზოგიერთი ფოლკლორული წყარო ასეთი ინტერპრეტაციით არის გადმოცემული – იმ დროს მებატონეები სოფლებში დათარეშობდნენო. ბატონები საკუთარ სოფლებში როგორ ითარეშებდნენ, როცა იქიდან იღებდნენ ძირითად შემოსავალს?! გაუგებარია, საკუთარ ყმებს რატომ აიკლებდნენ,  ხოლო თამარ ვაშლოვნელი დედინაცვალს გამოექცა და არც აქ ჩანს რამე კლასობრივი.

რომელიმე ისტორიულ დოკუმენტში თუ არიან ეს გმირი ქალები მოხსენიებულნი?

– სამწუხაროდ, წერილობით წყაროში არც ერთი მათგანის სახელი არსად არ გვხვდება. ისედაც, ქართულ საბუთებსა თუ წყაროებში ქალები ძალიან იშვიათად არიან ნახსენები. მოსახლეობის აღწერის დროსაც, სიებში მხოლოდ ჯარში წამსვლელი და გადასახადების გადამხდელი მამაკაცების დაფიქსირება ხდებოდა.

ყველაზე უფრო ადრეული ჩანაწერები მათ შესახებ თარიღდება მეცხრამეტე საუკუნით. 1882 წელს დიმიტრი ჯანაშვილმა გაზეთ „ივერიაში” გამოაქვეყნა პატარა ისტორიული ჩანაწერები, სახელწოდებით – „საქართველოს გმირი ქალები”. ყველა გამოკვლევა თუ ნარკვევი, რომელიც მოგვიანებით შეიქმნა მეთვრამეტე საუკუნის გმირი ქალების შესახებ, სწორედ აღნიშნული წერილიდან მომდინარეობს.

საერთოდ, ამ ქალების შესახებ ცნობებიც ძალიან მწირია და, თუ ფოლკლორმა მათი სახელები შემოინახა ეს იმის ბრალია, რომ სამივე მათგანი პატარა კახთან იყო დაკავშირებული. მეფე ერეკლეზე იმხელა ფოლკლორული მასალა მოიპოვება, რამდენიც საქართველოს ყველა მეფეზე ერთად აღებული.

 თინა წავკისელი, მაია წყნეთელი და თამარ ვაშლოვნელი ერთ დროს ცხოვრობდნენ?

– ისინი ერთ ისტორიულ ეპოქაში – ერეკლეს მეფობის დროს ცხოვრობდნენ და იბრძოდნენ, თუმცა, ცნობა იმის შესახებ, რომ ერთმანეთთან რაიმე კავშირი ჰქონდათ, არ მოგვეპოვება. მაია წყნეთელის პოპულარობა უდავოდ ფილმმა განაპირობა. თამარ ვაშლოვნელი საარაკო ძალის პატრონი ყოფილა, გადმოცემის მიხედვით, ერთხელ მას გზაზე დათვი შემოჰყრია და შიშველი ხელით მორევია თურმე.

თინა, სხვა მის ტოლ გოგო-ბიჭებთან ერთად, სპარსთათვის მიუყიდიათ. გზაზე სპარსელებს ტყვეებზე ძალადობა მოუნდომებიათ, თუმცა, თინაც, გადმოცემის თანახმად, დიდი ღონის პატრონი ყოფილა და მტერს გასძალიანებია. ტყვეებს მათთვის ხანჯლები წაურთმევიათ და ყველა ამოუხოცავთ. მერე სპარსთა ცხენებზე შემომსხდარან, მეფესთან მისულან და თავიანთი ამბავი მოუყოლიათ. ერეკლე ძალიან გააკვირვა გლეხის ქალის სიმამაცემ და მხნეობამ და თინა სასახლეში დაიტოვა. სასახლის კარზე მან კარგად შეისწავლა ბრძოლის ოსტატობა, ხმლისა და ხანჯლის ხმარება, თოფის სროლა. ცხენზე ჯდომა.

თინას გათხოვებაც მეფის სურვილით მომხდარა: ერთ-ერთ ბრძოლაში თინა წავკისელსა და ერთ გლეხს ისე გამოუჩენიათ თავი, ერეკლეს ორივე თავისთან მიუხმია და შეუღლება უბრძანებია. თუმცა, თინას მეუღლე მალე გარდაცვლილა და ორი მცირეწლოვანი ვაჟი დარჩენია. მათგან ერთს, როგორც ცნობილია, გიორგი ერქვა. თინას თავი არ გაუსაღებია მამაკაცად, მეფე მას იცნობდა, როგორც ქალს.

თინა წავკისელმა ლეკთა ერთ-ერთი შემოსევისას თანასოფლელები კოშკში გახიზნა. მაშინ ყველა მამაკაცი მორიგე ჯარის სამსახურში ყოფილა წასული – მეფე ერეკლეს დროს ყველა კაცი ერთი თვით მიდიოდა მორიგე ჯარში. ლეკებმაც ამით ისარგებლეს და სოფელს დაეცნენ. თინა წავკისელმა კოშკის კიბის სათოფეებზე ფუტკრის სკები დაალაგა და ხალხს ურჩია, ვიდრე მეფეს შევატყობინებ და ჯარს მოგვაშველებს, მტერი ფუტკრით შეაჩერეთო. თავად თბილისს წავიდა ამბის შესატყობინებლად. ფუტკარი კი ლეკის ჯარს შეესია და მტერი გააქცია.

თინა წავკისელი, როგორც ვარაუდობენ, გლეხი ფეიქრიშვილის ქალი უნდა ყოფილიყო, რომელიც თანასოფლელებს იცავდა და პატრონობდა. ის ერეკლე მეფის გვერდით, თითქმის ყველა ომში იბრძოდა და კრწანისის ბრძოლაშიც კი მიუღია მონაწილეობა, სადაც აღა-მაჰმად-ხანის ჯარმა ტყვედ იგდო კიდეც.

ტყვეობიდან თინას მეფისთვის შემოუთვლია:

„შენ გენაცვალე, მეფეო,

შენი ჭირიმე, შენიო,

გიორგი არ მომიშიო,

სულ შემიჯერე თემიო.

მეც მალე დაგეხმარები,

თუ რომ გამიხსნეს ხელიო,

თუ არადა, მომაშველეთ

ნახშირფორელი მღვდელიო“.

ერეკლემ, მართალია, თინა ტყვეობიდან გამოიხსნა, მაგრამ უკან გამობრუნებისას, მტრებს ისევ ხელთ უგდიათ და სადღაც ბოლნისთან ახლოს მოუკლავთ. მეფის ბრძანებით, გმირი ქალი ქმრის გვერდით დაასაფლავეს და საფლავზე მათი სახელები ამოკვეთეს, ხოლო თინას ობლები სამეფო კარზე იზრდებოდნენ.

მაია წყნეთელის შესახებ რა ცნობები მოგვეპოვება და მისი გვარი თუ არის ცნობილი?

– დაზუსტებით არ ვიცით, მაგრამ, როგორც დავით ქორიძე ფიქრობს (თუმცა იგი წყაროს არ უთითებს), მაია არსენა მარაბდელის მოგვარე – ოძელაშვილი უნდა ყოფილიყო (წყნეთში ოძელაშვილები დღესაც მრავლად ცხოვრობენ). მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისის წყაროებში მოიხსენიება ობლიანთ თედია ოძელაშვილი, რომელიც, შეიძლება ვიფიქროთ, რომ მაიას უმცროსი ძმაც იყოს – სწორედ დაობლების გამო ეძახდნენ მას ობლიანთს. მაიას მებატონის გვარი არ ვიცით, თუმცა, ცნობილია, რომ მცირეწლოვან ასაკში მას ბატონმა ნამუსი ახადა. მისმა მშობლებმა ეს მწუხარება ვეღარ აიტანეს და მალე გარდაიცვალნენ.

„ადრე მოუკვდა მას დედა,

სოფელ მცხეთაში გაზრდილი,

მამამაც თავი მოიკლა,

ვერ აიტანა ქადილი.“

დაობლებულმა ქალმა მოძალადე ბატონი მოკლა, მამაკაცის ჩოხით შეიმოსა და მეფესთან მივიდა. გადმოცემის მიხედვით, მაია შავგვრემანი, მოსული, ბრგე და ღონიერი ქალი ყოფილა:

„შავთვალა, ტანით ბრგე გოგომ

ჩაიცვა ვაჟკაცურადა,

თოფ-იარაღი აისხა,

იქცევა მამაცურადა,

პატარა კახსა ეახლა...“ – ამას გვამცნობს მაია წყნეთელზე ხალხური ლექსი. მეფეს „მათე ბიჭად“ გაეცნო, – ობოლი ვარ, არც ბატონი მყავსო და, მეფესაც მიუღია მფარველობის ქვეშ.

მეფის კარზე დაეუფლნენ სამხედრო საქმესო, თქვით. ცხენზე ჯდომა არ იცოდა ქართველმა ქალმა?

– არა, იმ პერიოდში ძალიან იშვიათად, უფრო წარჩინებული ფენის ქალბატონებმა იცოდნენ. გლეხებს სად ჰყავდათ ცხენები! თანაც, ეს არც ითვლებოდა ქალის საქმედ, ქალები საოჯახო საქმეებით იყვნენ დაკავებულები.

მაია მეფის კარზე მსახურობდა, თუმცა, მის თანამებრძოლებსა და მეგობრებზე არაფერია ცნობილი. არც ის ვიცით, კონკრეტულად რომელ ცნობილ ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა. თუმცა, ერთ მათგანში თავი ისე გამოუჩენია, ერეკლე აღფრთოვანებულა და უთქვამს: „ახ, შენ გენაცვალე! კაციც შენა ყოფილხარ და ქუდიც შენა გხურებიაო“. ერთხელ, სოღანლუღთან მეფეს თათრების წინააღმდეგ გამოყვანილ რჩეული ვაჟკაცებისგან შემდგარ მდევარ რაზმს მაიაც ახლდა. მიახლოებისთანავე, მაიას ცხენი მტრის რაზმში შეუჭენებია და მეთაურისთვის თავი გაუგდებინებია. მტერი პანიკაში ჩავარდნილა და ქართველებს ისე გაუჟლეტიათ მომხდური, ამბის წამღებიც არ დაუტოვებიათ.

ერთხელ თერთმეტი გოგო-ბიჭი სპარსელთათვის მიუყიდიათ ქართლის დიდებულებს. ეს ამბავი ერეკლეს ერთმა მხცოვანმა კაცმა შეატყობინა, რომელიც თავად ეახლა მეფეს კარზე. იქ მაია დახვდა და მოხუცმა თავისი გასაჭირი უამბო. მაიამ მაშინვე შეკრიბა ხალხი, სასწრაფოდ ცხენებს მოახტნენ და ყიზილბაშებს დაედევნენ. ლილოსთან უტიეს მტერს, დახოცეს და ტყვეები გაათავისუფლეს.

თუმცა, მაია წყნეთელს მეფის კარზე სამსახური დიდხანს არ დასცალდა. ერეკლესათვის საჩივარი მოუხსენებია: „ბატონები მთლად თავს გავიდნენ. ბატონებმა დაჰყიდეს მთელი სოფლის გლეხობა, ვინც გადარჩა, იმათ კიდევ, გუთანში, ურემსა და კალოში სულს აძრობენ. მეფევ, გთხოვთ, მოსპოთ ასეთი ავკაცობა და ბოროტმოქმედებაო”. მეფეს ჯერ თავადებისთვის ეკითხა საქმის ვითარება, მერე, მეორე დღესვე მოუწვევია სასახლეში მღვდელმსახურები და ჯვრითა და სახარებით შეუჩვენებიათ მოღალატენი. ამის გამო მაიამ ძლიერ გადაიმტერა ქართლის თავადები.

ერთ დღეს, როცა მათე ბიჭი ერეკლემ სადღაც გაგზავნა, მისმა მოწინააღმდეგეებმა მკვლელები დაადევნეს. მაიამ მდევარი კი დახოცა, მაგრამ, ერთ მათგანს მოუხერხებია და უთქვამს: მეფესა ნებავს შენი სიკვდილიო. ქალს თავზარი დაეცა, დაღონდა, ამდენი ხნის ერთგული სამსახურის შემდეგ, გაუკვირდა მეფის ასეთი განზრახვა. ყაჩაღად გავარდნა გადაწყვიტა, თრიალეთისკენ წავიდა, იქ ერთ უღრან ტყეში დაბინავდა და, გამვლელ-გამომვლელს ძარცვავდა თურმე. თუმცა, ყაჩაღთა რაზმი ჰყავდა თუ არა, ესეც არ არის ცნობილი. იმ ადგილს ხალხმა „მაიას საბუდარი” შეარქვა. მალე მტრებმა შეიტყვეს მისი ბინა და მაია იძულებული გახდა იმ ადგილს გასცლოდა და სომხითისაკენ (ქვემო ქართლი) წასულიყო. თუმცა ხალხს იქიდანაც მფარველობდა – თუ მტერი შემოესეოდა იქაურობას, ხალხს წინ მიუძღოდა და ამარცხებდა.

არის თუ არის ცნობილი, რა ასაკში გარდაიცვალა მაია წყნეთელი?

– როგორც გადმოცემა ამბობს, მოხუცებული ყოფილა, თუმცა „მოხუცებულში“ მაინცდამაინც 80 და 100 წელი არ იგულისხმება, ალბათ, სადღაც, 50-60 წლის ასაკში. ერთ დღეს, იმ სოფელში, სადაც მაია იყო, მეფე მისულა, თუმცა, მაია უკვე ხანში იყო შესული და ერეკლეს ვეღარ უცვნია. ხალხში ხმა იყო დარხეული, მათე დიდი ხნის მკვდარიაო. გზაში მეფეს მტერი გადაჰყრია და მაიას მეტს თოფ-იარაღი არავის ჰქონია მზად. მერე ხმალი უშიშვლია ქარქაშიდან. მოკლედ, მტერს სძლიეს და უკუაქციეს. მეფე გმირის ვინაობით დაინტერესებულა. ბატონისაგან გამოდევნილი მათე გახლავარ, ბატონები დავხოცე და თრიალეთში ხალხსა ვძარცვავდიო. ამასთან, ვაცხადებ დიდებული მეფის წინაშე, რომ დედაკაცი ვარ და არა მამაკაციო. მას მერე ქალური სამოსი ჩაუცვამს, მაგრამ, მალე ისევ ჩაება მტერთან ბრძოლაში. კრწანისის ომის დროს ბრძოლაში სპარსელებს მისი მამაცობა ძალიან გაჰკვირვებიათ და ქალის ცოცხლად შეპყრობა უბრძანებიათ. დაუტყვევებიათ კიდეც, თუმცა გზიდან გამოპარულა და სადღაც ერევნის სახანოსთან მოუკლავთ.

თამარ ვაშლოვნელზე რა არის ცნობილი?

– გადმოცემის მიხედვით, ისიც ხშირად იცვამდა  მამაკაცის ტანსაცმელს, თუმცა, არ მალავდა რომ ქალი იყო და აქტიურად მონაწილეობდა მტრის წინააღმდეგ ბრძოლებში. დიმიტრი ჯანაშვილის მიხედვით, ერთხელ ვაშლოვანს თავს თათრები დასხმიან, აუკლიათ და დაურბევიათ სოფელი და სოფლის მცხოვრებლები დაუტყვევებიათ. თამარს სასწრაფოდ შეუგროვებია ახალგაზრდები, რომელთა შორის ბევრი ქალი ყოფილა, გამოსდგომია მათ, დასწეევია, სასტიკად დაუმარცხებია და ტყვეებიც გაუთავისუფლებია.

გადმოცემის მიხედვით, მასაც ბევრი მოწინააღმდეგე ჰყოლია. ერთხელაც, შეუპყრიათ, უცემიათ და შემდეგ მტკვარში გადაუგდიათ. წყლის ზვირთებს ქალი ერთ ბურჯზე მიუხეთქებია. ღონეწართმეულს უკანასკნელი ძალა მოუკრებია და ბურჯზე ასულა, მაგრამ, სისუსტის გამო ბურჯიდან ვეღარ ჩამოსულა და მომკვდარა. გარდაცვლილი თამარი ვიღაც მეცხვარეს დაუნახავს და სოფლისთვის შეუტყობინებია. თამარ ვაშლოვნელი დიდი პატივით დაკრძალეს ვაშლოვანში.

„ვაშლოვნელებს ვიღა მისცემს

საყვარელს მათს ქალსაო,

მეომარსა ფალავანსა

და გმირების ცალსაო“...

დღეს არც ერთი მათგანის საფლავი ცნობილი არ არის. თუმცა, ფოლკლორმა, ხალხურმა პოეზიამ და მცირე ისტორიულმა ცნობებმა მეთვრამეტე საუკუნის გმირი ქალების შესახებ გმირობის ეს საინტერესო ისტორიები მაინც შემოგვინახა.