საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია და საქართველოს პურის მრეწველთა კავშირი საქართველოს მთავრობას მიმართავს და ხორბლის, ფქვილისა და შესაბამისად პურ-პროდუქტების ფასის გაძვირების თავიდან აცილების მიზნით სტიმულირების მექანიზმების ამოქმედებისკენ მოუწოდებს. ვარაუდობენ, რომ დაახლოებით 10 დღეში მთავრობა დამუშავებული სუბსიდირების სამი მექანიზმიდან ერთ-ერთს აამოქმედებს.
განცხადებაში გააანალიზებულია ის ფაქტორები, რაც ქართულ ბაზარზე ხორბლისა და პურის ფქვილის ზრდის განმაპირობებელია.
„უკანასკნელ თვეებში ხორბლის საერთაშორისო და შესაბამისად საქართველოს ფქვილის და პურის ბაზრებზე ფიქსირდება რთული ვითარება. ჯერ კიდევ 2020 წლის დასაწყისიდან მსოფლიო ხორბლის ბაზარზე პერმანენტული რყევებია, რაც გამოწვეულია იმ ფაქტორებით, რომელიც მსოფლიომ განიცადა კოვიდ-19-ის მომდინარეობით, კერძოდ: მსოფლიოში ხორბალზე გაზრდილი მოთხოვნებით, გამწვავებული ლოჯისტიკური პრობლემებით, ექსპორტიორი ქვეყნების მიერ ხორბლის შეზღუდვებით, მისი გავლენით ქვეყნების სასურსათო უსაფრთხოებაზე, შედეგად მსოფლიო ბალანსის და შესაბამისად, ხორბლის ფასების აღმავალი ტრენდით.
პანდემიის პირველი ტალღის (მარტი-აპრილის თვეებში) პერიოდში მთავრობისა და კერძო სექტორის აქტიური კომუნიკაციის და ერთობლივი მუშაობის შედეგად შესაძლებელი გახდა ყველა ზემოთ აღნიშნული გამოწვევებზე გამკლავება. ხორბლის იმპორტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის მეშვეობით საშუალება მოგვცა იმ პერიოდში მინიმალური დანაკარგებით და მივსულიყავით ივლისის თვემდე ანუ 2020/21 წლის ახალ მოსავლამდე, როდესაც ფასები ტრადიციულად სტაბილურდება. ამ პერიოდში წისქვილკომბინატებმა შეძლეს მარაგების შევსება, როგორც იმპორტირებული ასევე ადგილობრივი ხორბლით, შედარებით მისაღებ ფასად სექტემბრის თვემდე, თუმცა შემდგომ თვეებში ხორბლის და შესაბამისად ფქვილის ფასების მერყეობის შედეგად ფასი კვლავ გაიზარდა და დღეს უკვე ერთი 50-კილოგრამიანი ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილი მერყეობს 55-57 ლარის ფარგლებში და კრიტიკულ ნიშნულს უახლოვდება.
მიზეზი გახლავთ ის, რომ სექტემბრის თვიდან კვლავ გაგრძელდა ბაზარზე ძველი და ახალი გამოწვევების მოქმედება, კერძოდ:
- მსოფლიო ყველაზე დიდი 8 ხორბლის ექსპორტიორი ქვეყნებიდან (აშშ, არგენტინა, კანადა, ავსტრალია, ევროკავშირი, რუსეთი, უკრაინა და ყაზახეთი) 6-ში დაფიქსირდა მოსავლის და შესაბამისად საექსპორტო პოტენციალის სერიოზული შემცირება. რუსეთში და ავსტრალიაში დაფიქსირებულმა საკმაოდ მაღალმა მოსავალმა ვერ დააბალანსა დანარჩენ 6 ქვეყანაში არსებული პრობლემები, შედეგად ბოლო პერიოდში მსოფლიო ბირჟებზე ხორბლის ფასების რეკორდული ნიშნულები ფიქსირდება.
- მსოფლიოში კოვიდ-19-ის ახალი ტალღის მოლოდინის შედეგად შესყიდვები გაზრდილია საშუალოს 30%-ით, რაც კიდევ უფრო ძლიერად მოქმედებს მოთხოვნა მიწოდების ბალანსზე და ძაბავს მსოფლიო ხორბლის ფასებზე ვითარებას.
- რუსეთმა, რომელიც დღეის მდგომარეობით, მსოფლიოში ხორბლის პირველი ექსპორტიორია და 124 ქვეყანაში ყიდის ხორბალს, უკვე მეორედ, წლის განმავლობაში, განაცხადა ახალი წლიდან ექსპორტზე კვოტირების შესახებ, რაც დიდი ალბათობით გამოიწვევს ანალოგიური სახის ღონისძიებების გატარებას სხვა ქვეყნების მიერ და კიდე უფრო დაძაბავს ბალანსს.
- შეიცვალა ლარის კურსი დოლართან მიმართებაში, რაც კიდევ ერთი დამატებითი ფაქტორია იმპორტირებული ხორბლის ფასზე“, - ნათქვამია ასოციაციების მიერ გავრცელებულ მიმართვაში.
იმპორტირებული ხორბლის ღირებულება სექტემბერთან შედარებით 25-30%-ითაა გაზრდილი, რაც 1 ტომარა ფქვილის ღირებულებას 10 ლარით ზრდის. ამიტომ უახლოეს მომავალში თუ არ მოხდება სახელმწიფოს მხრიდან ბაზარზე საკანონმდებლო ან მასტიმულირებელი ღონისძიებებით ჩარევა, ხორბლის აღნიშნული პარამეტრით ფქვილზე და პურზე დღევანდელი ფასის შენარჩუნება ვერ მოხერხდება, რადგან საშუალო შეწონილი ფასების დამაბალანსებელი ეფექტი ამოიწურება და დაიწყებს მოქმედებას ახალი გაძვირებული ფასი - 1 ტონა - 270 დოლარი. შესაბამისად, ერთი 50-კილოგრამიანი ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის ფასი გაიზრდება დაახლოებით 10 ლარით, რაც თავისთავად აისახება მისგან მიღებული პროდუქტის ფასზე, რომლის საწარმოებლად ქვეყანაში საჭიროა დაახლოებით 30 000 ტონა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილი თვეში.
„აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციას და საქართველოს პურის მრეწველთა კავშირს, ბაზარზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ფქვილის და შესაბამისად პურის ფასის შემდგომი სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით მოგიწოდებთ ასეთი კრიტიკული პერიოდისათვის მიღებული რეკომენდაციების სრულად გამოყენებისაკენ. ჩვენი მხრივ, კვლავ ძალისხმევას არ დავაკლებთ, რომ საქართველოს ბაზარზე შენარჩუნებლი იქნას ფქვილზე და პურზე სტაბილური ფასები“, - აცხადებენ საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციასა და საქართველოს პურის მრეწველთა კავშირში.
რუსეთში საექსპორტო ხორბლის ფასი კვლავ მაღალ ნიშნულზეა. ფასის ზრდა, საქართველოში მასობრივი მოხმარების პურზე რომ არ აისახოს, სახელმწიფო სუბსიდირების რამდენიმე მექანიზმზე მუშაობს. მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელის ლევან სილაგავას ინფორმაციით, სახელმწიფო დაახლოებით 10 დღის ვადაში ასოციაციასთან ერთად დამუშავებული სუბსიდირების სამი მექანიზმიდან ერთ-ერთს აამოქმედებს.
„სამწუხაროდ, ხორბლის ბალანსი მსოფლიო ბაზრებზე არ არის სახარბიელო. რუსეთმა, უკვე გამოაცხადა ოფიციალურად კვოტირება ახალი წლიდან. პანდემიის მეორე ტალღის პირობებში კი ძალიან ბევრმა ქვეყანამ კვლავ დაიწყო, ხორბლის აჟიოტაჟური შესყიდვა, რამაც მოთხოვნა 30%-ით გაზარდა გასულ წელთან შედარებით. ჩვენი საშუალო შეწონილი ფასი სექტემბერთან შედარებით, 60-70 დოლარით არის გაძვირებული, დაახლოებით 25-30%-ით. შესაბამისად, ფქვილის ფასი ნელ-ნელა იზრდებოდა, თუმცა ეს არ აისახებოდა პურ-პროდუქტების ფასზე დრამატულად. ახლა ვუახლოვდებით იმ მიჯნას, როდესაც სახელმწიფომ სუბსიდირების რომელიმე მექანიზმი უნდა გამოიყენოს. ეს არის ჩვენი თანამონაწილეობით დამუშავებული რამდენიმე სცენარი. პირველი, ხორბლის სუბსიდირება როგორც პირველი ტალღის დროს იყო. მეორე, ფქვილზე სუბსიდირება, როცა პურის ქარხნებთან მიწოდებისას იარსებებს ფიქსირებული ფასი და მესამე თვითონ პურზე სუბსიდირება 5-10 თეთრით. განიხილება ზემოთ ჩამოთვლილი ყველა მექანიზმი და რომელიმეს გამოყენება მოუწევს სახელმწიფოს.
დაახლოებით 10 დღის განმავლობაში ალბათ, ამ გადაწყვეტილებას მიიღებს სახელმწიფო, რომ მასობრივი მოხმარების პურზე ფასი არ გაიზარდოს. ზემოთ ჩამოთვლილი სამი გზიდან, რომელიმეზე გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ჩვენ, ეს ინფორმაცია გვაქვს“,- ამბობს სილაგავა.
2019 წლის მონაცემებით, საქართველოში ფქვილისა და ხორბლის ექსპორტს 104 კომპანია ახორციელებდა, ყველა მათგანი რუსეთიდან. იქ კი საექსპორტო ხორბლის ფასი რეკორდულ ნიშნულზეა. 1 ტონა ხორბალი 255 დოლარს მიაღწია.