„ნაციონალური მოძრაობა“ ღია კარებს ამტვრევს

„ნაციონალური მოძრაობა“ ღია კარებს ამტვრევს

„ნაციონალური მოძრაობა“ „საქართველოს საგარეო კურსის უცვლელობის შესახებ“ კანონპროექტის ინიციატივით გამოდის, რომელიც სამი კომპონენტისგან შედგება.

კერძოდ, უმცირესობა საკანონმდებლო დონეზე ითხოვს - ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, საგარეო კურსის უცვლელობის დაფიქსირებას, ასევე, დეოკუპაციისკენ მიმართული პოლიტიკისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის განსაზღვრას. ამას გარდა - იმის დაკანონებას, რომ საქართველო არ გაწევრიანებდება - დსთ-ში, ევრაზიულ კავშირში, ე.წ. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში და სხვა პოსტსაბჭოთა გაერთიანებებში.

წინა ხელისუფლების მიერ მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებას, რომლის ინიცირებასაც უმცირესობა საგაზაფხულო სესიაზე აპირებს, მმართველ გუნდში შეფასებები უკვე მოჰყვა. 

უმრავლესობა „ნაციონალების“ ინიციატივას „პიარზე გათვლილ წინადადებას“ უწოდებს და ოპოზიციას „ღია კარის მტვრევაში“ ადანაშაულებს.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი ბარამიძის შეფასებით, ბოლო დღეების განმავლობაში, რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური პირები საქართველოს დსთ-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ საუბრობენ.

„სწორედ ამგვარმა საკითხებმა, „საგარეო კურსის უცვლელობის შესახებ“ კანონპროექტის შემუშავების აუცილებლობა გვაჩვენა. პროექტი სამი კომპონენტისგან შედგება. კერძოდ, პირველი საკითხია - ნატო-სა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების კურსის უცვლელობა, რათა ამ გზას, არც ერთმა მთავრობამ არ გადაუხვიოს და შეიქმნას საკანონმდებლო გარანტიები კურსის უცვლელობის შესახებ. მეორეა – საქართველოს დეოკუპაციისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღაირების პოლიტიკა, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ხოლო, მესამე კომპონენტია - საქართველო არ გაწევრიანდეს - დსთ-ში,  ევრაზიულ კავშირში, კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ ხელშეკრულების ორგანიზაციაში,  საბაჟო კავშირსა და სხვა გაერთაინებებში, სადაც ოკუპანტი ძალა წამყვანია და რომლებშიც გაწევრიანება საქართველოს სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის“, - განმარტავს ბარამიძე.

აღსანიშნავია, რომ ბარამიძის მიერ წარდგენილი ცვლილებები ვიცე-სპიკერ ზურაბ აბაშიძეს გაუგებრად მიაჩნია.

როგორც for.ge-ს აბაშიძემ განუცხადა, მას აქამდე, საგარეო კურსის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირების არცერთი პრაქტიკის შესახებ არ სმენია.

„თუ საკანონმდებლო დონეზე ამ რეგულაციებს დაარღვევენ, მთავრობას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება? მათი ინიციატივა რას ნიშნავს, გაუგებარია, მით უფრო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარ  მემორანდუმში საგარეო კურსის უცვლელობის შესახებ დიდი ხნის წინ დააფიქსირა. საგარეო კურს განსაზღვრავს ქვეყნის კონსტიტუცია, მთავრობა და პარლამენტი. აღმასრულებელი ხელისუფლების  კურსი კი, ძალიან ნათელია. როგორც ჩანს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პიარზე გათვლილი პროექტი მოამზადა. ალბათ, ფიქრობენ, რომ ჩვენ საფრთხეს წარმოვადგენთ იმისა, რომ ხელისუფლებამ კურსი შეცვალოს, რაც წარმოუდგენელია“, - აცხადებს აბაშიძე.

უმცირესობის მომზადებულ წინადადებას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე „ღია კარის მტვრევას“ უწოდებს და for.ge-ს იმ ინტერფრაქციული დოკუმენტის შესახებ უამბობს, რომლის განხილვაც საგაზაფხულო სესიაზე მოხდება და რომელშიც  საქართველოს საგარეო კურსის უცვლელობის შესახებ არის საუბარი.

ჯაფარიძის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს წინადადება რისთვის მოამზადა, მისთვის გაუგებარია, თუმცა, დეპუტატი ვარაუდობს, რომ იმპულსური რეაგირება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელის, მიხეილ ევდოკიმოვის განცხადებაზე მოხდა.

„მანამდეც, ოპოზიციის მხრიდან, მოსაზრებები გაისმოდა, რომ საქართველო საგარეო კურსს ცვლის და ა.შ.  მინდა, გიორგი ბარამიძეს შევახსენო, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამებში, ჩვენი პოლიტიკური კურსი ცხადად არის განსაზღვრული და კურსის უცვლელობის შესახებ, განცხადებებს ახალი მთავრობის წარმომადადგენლები და  უმრავლესობა ხშირად აკეთებს. ასეთი აჟიოტაჟის ატეხვა და საკანონმდებლო ინიციატივების მომზადება გაუგებარია, მით უფრო, როცა ცნობილია, რომ ხელისუფლება საგარეო კურსის ერთგულია“, - აცხადებს დეპუტატი.

რაც შეეხება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მომზადებულ დოკუმენტს, ჯაფარიძის განმარტებით, დოკუმენტი, სადაც კურსის უცვლელობის შესახებ არის საუბარი, ყველა საპარლამენტო ფრაქციას და მათ შორის, უმცირესობის იმ ფრაქციასაც გადაეგზავნა, რომელშიც გიორგი ბარამიძე არის გაწევრიანებული.

„რამდენიმე ხსნის წინ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ინტერფრაქციული დოკუმენტი შეიმუშავა, სადაც ჩამოყალიბებულია, რომ ჩვენი საგარეო ვექტორი არის უცვლელი და ჩვენი მიზანია ნატოსა და ევროკავშირში ინტერგაცია. ეს დოკუმენტი ბარამიძის ფრაქციასაც გადაეგზავნა. ახლა კი, ბარამიძე ცდილობს, რომ საკუთარი წინადადებები გააფორმოს, არადა ეს ყველაფერი, ამ დოკუმენტში უკვე ნათქვამია. ამას გარდა, ამ დოკუმენტის შესახებ უკვე უმცირესობის რამდენიმე წევრის პოზიციაც მოვისმინე. დოკუმენტი კი, საჯარო საგაზაფხულო სესიაზე გახდება და არ გამოვრიცხავ, რომ ამ დოკუმენტში ბარამიძის მოსაზრებაც აისახოს. თუმცა, მის მოსაზრებებს თვალი გადავავალე და ფაქტია, რომ ღია კარებს ვამტვრევთ, რადგან ეს წინადადებები, უკვე ძალიან კარგად ჩამოყალიბებულია და მას ხელისუფლება მკაფიოდ მხარს უჭერს“, - განმარტავს კომიტეტის თავმჯდომარე.

„ნაციონალური მოძრაობის“ წინადადებაზე საუბრისას, პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ საგარეო კურსთან დაკავშირებით, ნებისმიერი დოკუმენტის საჯარო განხილვა უნდა მოხდეს.

„ქვეყნის საგარეო კურსის უცვლელობასთან დაკავშირებით, ხშირად, კონცეფცია მზადდება, ისევე როგორც თავდაცვის კონცეფცია მზადდება. მაგალითად, რუსეთში საგარეო კურსთან დაკავშირებით, დოქტრინას ხელს პრეზიდენტი აწერს. დოკუმენტის საჯარო განხილვისას იმაზე უნდა იმსჯელონ, საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლის პერსპექტივა რამდენად რეალურია? თუ ნაციონალებმა წინადადება პრევენციის მიზნით მოამზადეს, რომ მომავალში, შეუძლებელი გახდეს რაღაც, ეს სხვა ამბავია, მაგრამ ახალ მთავრობას, გადაწყვეტილება არც რკინიგზის გახსნაზე მიუღია და არც დსთ-ში შესვალზე არის საუბარი“, - განუცხადა for.ge-ს ცინცაძემ.

რაც შეეხება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მომზადებულ დოკუმენტს, ცინცაძის განმარტებთ, საქართველოს საგარეო პოლიტიკური კონცეფცია მოძველებულია და თუ ახალი დოკუმენტი მომზადდება, მასზე მსჯელობა აკადემიურ წრებში უნდა მოხდეს და არა მხოლოდ არასამთვროებთან.

„2009 წელს, გრიგოლ ვაშაძეს დარგის ხუთი სპეციალისტი შევხვდით და ყოფილმა  მინისტრმა, გვითხრა, რომ ირაკლი მენაღარიშვილის გუნდი კონცეფციაზე მუშაობს და უახლოეს მომავალში ამ კონცეფციის პროექტი დაგიბრუნდებათო, მაგრამ ის პოსტიდან ისე წავიდა, რომ არც პროექტი მინახავს და არც არაფერი. რაც შეეხება დოკუმენტს, კომიტეტი მას სპეციალისტების გარეშე ამზადებს? მარტო თედო წერს? -  მას 30 წელია ვიცნობ და ის პროფესიონალია, მაგრამ ამას ერთი კაცი მხოლოდ არ წერს. ამას გარდა, დოკუმენტი პარლმანეტში ვინ უნდა განიხლოოს? - ბესელიამ და ქუცნაშვილმა, თუ ორმა ყოფილმა ელჩმა, ან უმცირესობის რომელიმე წევრმა, რომლებიც საგრეო პოლიტიკის პრინციპების გაგებაში არ არიან? საგარეო პოლიტიკური კურსი მხოლოდ მაშინ არის წარმატებული, როცა საზოგადოების დიდი ნაწილი მას იცნობს და იწონებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დოკუმენტი თუ კითხვას აჩენს, ასეთი კურსი კაცობრიობის ისტორიაში წარმატებული არ ყოფილა“, - განაცხადა პოლიტოლოგმა.

ქვეყანაში საგარეო კურსთან დაკავშირებით, განსაკუთრებული აჟიოტაჟი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორის, მიხეილ ევდოკიმოვის განცხადებამ გამოიწვია, სადაც ის აცხადებდა, რომ „საქართველოს წარმომადგენლებთან კონტაქტები უკვე დაწყებულია და თუ დსთ-ში დაბრუნების სურვილს გამოთქვამენ, თანამეგობრობის ყველა სახელმწიფო გადაწყვეტილებას კონსენსუსის საფუძველზე მიიღებს. ევდოკიმოვის განცხადება საქართველოს საგარეო უწყებამ კატეგორიულად უარყო, ხოლო უმრავლესობა ამ ინფორმაცის - აბსურდს უწოდებს.