არგენტინაში დიეგო მარადონას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Todo Noticias-ი ავრცელებს.
მისი წყაროს ინფორმაციით, გამოძიება შეისწავლის, ჰქონდა თუ არა ადგილი დაუდევრობას სამედიცინო პერსონალის მხრიდან. კერძოდ, საუბარია მედდაზე, რომელმაც არ გააღვიძა მარადონა დილით, როდესაც მას მედიკამენტები უნდა მიეღო. ის მარადონას ოთახში მხოლოდ ფსიქოლოგთან და ფსიქიატრთან ერთად, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე მივიდა.
მანამდე მარადონას ადვოკატმა, მატიას მორლამ განაცხადა, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადა ექსფეხბურთელთან გამოძახებიდან ნახევარი საათის შემდეგ მივიდა.
დიეგო მარადონა გულის შეტევით 25 ნოემბერს გარდაიცვალა. ამის გამო, არგენტინის მთავრობამ ქვეყანაში 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა.
არგენტინის ეროვნულ ნაკრებში დიეგო მარადონამ 91 მატჩი ჩაატარა და 34 გოლი გაიტანა. დიეგო მარადონა 1986 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მარადონა 27 ნოემბერს ბუენოს-აირესთან ახლოს, კერძო სასაფლაოზე დაკრძალეს.