„რიგგარეშე არჩევნები ჩვენთვის წითელი ხაზია“ - რატომ გაუჩნდა ოპოზიციას ფრთხილი ოპტიმიზმი და რას პასუხობს „ოცნება“

„რიგგარეშე არჩევნები ჩვენთვის წითელი ხაზია“ - რატომ გაუჩნდა ოპოზიციას ფრთხილი ოპტიმიზმი და რას პასუხობს „ოცნება“

ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მესამე რაუნდს ელის და ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი გაუჩნდა. მათი აზრით „ქართული ოცნება“ დათმობაზე წავა და რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს. მათი თქმით, ელჩებთან საუბრის შემდეგ იმედი აქვთ, რომ ხელისუფლება გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, იძულებული გახდება დათმობაზე წავიდეს და კომპრომისზე წასვლას თავად კატეგორიულად გამორიცხავენ. რატომ გაუჩნდა ასეთი იმედი ოპოზიციას და წავა თუ არა ხელისუფლება დათმობაზე ამის გასარკვევად for.ge „ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერს გია ვოლსკის ესაუბრა.

ოპოზიციას ელჩებთან შეხვედრის შემდეგ გაუჩნდა იმედი, რომ „ქართული ოცნება“ მოლაპარაკების მესამე რაუნდზე დათმობაზე წავა. რა აძლევს თქვენს ოპონენტებს, როგორც თავად ამბობენ, ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს?

- საერთოდ, როცა მოლაპარაკებებია, რასაკვირველია, წინასწარ კატეგორიული განცხადებები მიზანშეწონილი არ არის, მაგრამ ამ შემთხვევაში, რასაც ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნების სახით ითხოვს, ეს ჩვენთვის წითელი ხაზია. არის სხვა თემები, მაგალითად, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, მაგრამ ჩვენ ხალხს, ავიღოთ და ჩატარებული არჩევნები წავართვათ, არ გამოვა. სანამ სააკაშვილი არ გაიმარჯვებს, იქამდე არჩევნები ვატაროთ?! ეს სასაცილოც არის და თავისი პოლიტიკური შეფერილობაც აქვს. დღეს მსოფლიოში ძალიან სერიოზული პროცესები მიმდინარეობს, ძალიან დიდი მასშტაბური დაპირისპირებებია. რეგიონში ყარაბაღის ომის შემდეგ ძალიან დაძაბული ვითარებაა. ახლა მნიშვნელოვანია, რეგიონში დასავლეთის ერთადერთი პარტნიორი, საქართველო არსებულ პრობლემებს დაუპირისპირდეს. ჩვენ თუ სააკაშვილის და მისი მესვეურების პოზიციას გავითვალისწინებთ, გამოდის, რომ ხელს ვუწყობთ იმ გეგმას, რაც ამ ადამიანს გააჩნია. მას არანაირი არჩევნები არ უნდა. მისი სურვილია ქვეყანაში დესტაბილიზაცია იყოს. მე არ მჯერა იმის, რომ მას ხელახალი არჩევნები უნდა.

აქედან გამომდინარე სიტუაცია ჩვენ სიღრმისეულად უნდა გავაანალიზოთ და არა ის ნაციონალების ლიდერი რას ითხოვს. ერთი მთავარი საკითხი კიდევ, რაც არ უნდა დაგვავიწყდეს, არჩევნებთან დაკავშირებით ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ, ევროკავშირმა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა, ეუთო/ოდირმა, რომელიც მთავარი დამკვირვებელი იყო, ეს არჩევნები ლეგიტიმურად გამოაცხადეს. ასევე, როგორ მოუწოდა ოპოზიციას, რომ პარლამენტში შევიდნენ და ესენი მათ მიმართ რა სახის ტერმინოლოგიებს იყენებენ.

ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ „ოცნებამ“ უნდა შეძლოს და პარალელურ რეჟიმში დაიწყოს სხვა პატარა პარტიებთან საუბარი პარლამენტში შესვლაზე, რათა ერთპარტიული პარლამენტი არ მივიღოთ. თქვენი მხადამჭერების მხრიდან იყო საუბარი, რომ იმედი აქვთ მაგალითად, „გირჩის“ და „ლელოსი“. რის თქმა შეგიძლიათ, კულუარულად გაქვთ ვინმესთან მოლაპარაკება?

- არანაირი მოლაპარაკება ჩვენი მხრიდან საზოგადოების ზურგს უკან არ მიმდინარეობს. არსებობს საზოგადოება, რომლის ზურგს უკანაც არაფერი მოხდება. არჩევნები შეფასებულია, როგორც სამართლიანი და ყოველდღიურად ჩვენი პარტნიორების მხრიდან არის მოწოდება, რომ ისინი პარლამენტში უნდა შევიდნენ. რეალური სიტუაცია ქვეყანაში ძალიან მძიმეა. ეს არის კოვიდ საფრთხე, ეკონომიკური პრობლემები და შეხედეთ ოპოზიციის საქმიანობას. მათი განცხადებები, მოქმედებები შეაფასეთ და პარალელურად, შევხედოთ ასევე რეგიონში შექმნილ სიტუაციას, სხვადასხვა ქვეყნების ინტერესებს, ვის უნდა, რომ საქართველო არეული იყოს? სააკაშვილი ვის წისქვილზე ასხამს წყალს? პატარა პარტიები გამორიცხეთ, რდგან ისინი პოლიტიკურად დიდს ვერაფერს წყვეტენ და პასუხსაც ადვილად მიიღებთ. ისინი ვის გავლენის ქვეშაც არიან, ყველა კარგად ხედავს. ნაციონალები არიან მავნებლური ძალა, რომლებთანაც არანაირი გარიგება არ არის შესაძლებელი.

ოპოზიციაც ამბობს, რომ მათთვისაც რიგგარეშე არჩევნებზე უარის თქმა წითელი ხაზია, ანუ მე-10 მოწვევის პარლამენტის სხდომა მხოლოდ „ოცნების“ დეპუტატების შეკრებით ჩატარდება?

- სახელისუფლო გუნდს პასუხისმგებლობა გააჩნია არა სააკაშვილის მიმართ, არამედ თავისი ქვეყნის და საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ. დასამტკიცებელია ბიუჯეტი და შესათანხმებელია უმძიმეს სიტუაციიდან გამოსვლის ყველა ზომა სხვადასხვა დარგების მიხედვით. რასაკვირველია, ბიუჯეტი თუ არ დავამტკიცეთ, მთავრობის სტრუქტურების გარეშე ეს არ მოხდება. ჩვენ რომ ოპოზიციასთან რაიმე გარიგებაზე წავიდეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად, უმრავლესობის პოზიცია უგულებელვყავით. ამას კი არც ერთი საერთაშორისო დამკირვებელი და პოლიტიკური დამკვირვებელი არ უშვებს.

თქვენი ოპონენტები ფიქრობენ, რომ თუ ეს ასე მოხდება და პარლამენტში მხოლოდ „ოცნება“ შევა, 2024 წლამდე მე-10 მოწვევის ეს საკანონმდებლო ორგანო მუშაობას ვერ შეძლებს. რას უპასუხებთ მათ?

- ჩვენ მოქმედებას და ფუნქიონირებას იმ მოთხოვნებიდან გამოდინარე განვაგრძობთ, რომელიც ჩვენს საზოგადოებას გააჩნია. ეს მოთხოვნები კი ასეთია - მოხდეს სრული მობილიზება იმისთვის, რათა პანდემიით გამოწვეული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და ჯანდაცვის სისტემა მოგვარებული იყოს. ჩვენს მიმართ საზოგადოების შეკვეთაა, რომ კიდევ უფრო მეტი რესურსის მობილიზება მოხდეს, რათა სოციალური პაკეტი შემუშავდეს და ხალხი უფრო მეტად არ გაღარიბდეს. საზოგადოების მოთხოვნაა, რომ ინფრასტრუქტურების მუშაობა არ გაჩერდეს და ახალი საწარმოების დაფინანსების გეგმა შემუშავდეს.

მთავარი მოთხოვნაა, რომ ბიუჯეტის სრული მობილიზება გაკეთდეს და ეს მძიმე მდგომარეობა შემსუბუქდეს. სანამ ეს ამოცანები სახელმწიფოს წინაშე იდგება, რასაკვირიველია, პოლიტიკურ ძალას, უმრავლესობას არა აქვს უფლება ამ მოთხოვნებს არ უპასუხოს. იქნება ეს 2024 წლამდე თუ 2028 წლამდე, ამას ისევ ხალხი წყვეტს. საზოგადოების შეკვეთა რაც იქნება, ისე გავაკეთებთ. ჯერჯერობით ეს შეკვეთა საზოგადოების უმრავლესობამ „ქართულ ოცნებას“ მისცა. 2024 წელს როგორ იქნება, ეს წინასწარ არავინ იცის. ესენი ამბობენ, რომ 2024 წლამდე წავალთ, მაგრამ არის რესურსი და სურვილი იმის, რომ ქვეყანა სამშვიდობოს გავიყვანოთ. დანარჩენი შეკითხვები რა იქნება და როგორ? მკითხაობას დაემსგავსება.