2021 წლის დასაწყისიდანვე, გარკვეული ვადით, ენგურჰესი სრულიად გაჩერდება. მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რომელიც იანვრის შუა რიცხვებში დაიწყება. ეს გარემოება საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტს წარმოშობს, რომელიც ქვეყანამ იმპორტით უნდა ჩაანაცვლოს. რეაბილიტაცია 95-100 დღე გაგრძელდება.
შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ლევან მებონიას გათვლებით, რეაბილიტირებული ენგურჰესი, რომელიც საქართველოში ელექტროენერგიის ყველაზე მსხვილი მწარმოებელია და მისი გამომუშავება, მთლიანი გენერაციის, დაახლოებით, 30%-ს შეადგენს, 30 აპრილიდან 5 მაისამდე პერიოდში ისევ ამუშავდება, თუმცა ამ დროის განმავლობაში საქართველოს ენერგეტიკის სექტორს 300 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია დააკლდება.
„ახლა, დაახლოებით, 250 მლნ კვტ/სთ-ის ეკვივალენტი წყალი იკარგება გვირაბიდან, არის გაჟონვები. ასეთ მოკლე დროში 15,5 კმ გვირაბის სრული რეაბილიტაცია ვერ მოხდება და საუბარია 2.5 კმ-ის რეაბილიტაციაზე. ილუზია არ გვაქვს, რომ ეს გაჟონვა სრულად აღმოიფხვრება, თუმცა დარწმუნებული ვართ, დაახლოებით, 30-35%-ით გამოვასწორებთ პრობლემას, რაც წელიწადში, 100-120 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიის გამომუშავებას ნიშნავს“, - აღნიშნა ენგურჰესის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ.
უსაფრთხოებიდან გამომდინარე, აუცილებელია, ენგურჰესზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდეს, მაგრამ რემონტის გამო ჰესის გაჩერება ელექტროენერგიის დეფიციტს წარმოქმნის. ენერგეტიკოსი და პარლამენტის წევრი რევაზ არველაძე აცხადებს, რომ დეფიციტური ენერგიის შევსება საქართველოს აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან შეეძლება.
„რა თქმა უნდა, დეფიციტი შეიქმნება. ზამთარში ისედაც პრობლემებია და ელექტროენერგიას ვყიდულობთ. ახლა, კორონავირუსის გამო, მოხმარება შემცირებულია და იმდენად აღარ გვჭირდება. ეს რომ გადაივლის, თუ კიდევ მოიმატა ეკონომიკური ზრდის ტემპებმა, რა თქმა უნდა, დეფიციტიც უფრო გაღრმავდება. მომავალ წელს, როცა ენგურჰესი გაჩერდება, ელექტროენერგიის ნაწილი შესაძლოა, მივიღოთ აზერბაიჯანიდან, უფრო დიდი ნაწილი კი - რუსეთიდან.
როდესაც ყველაფერი მოწესრიგებულია, თუნდაც მარტო გვირაბი რომ ავიღოთ, 5 წელიწადში ერთხელ მას აუცილებლად სჭირდება დაცლა და ნახვა, თუ რა მდგომარეობაა იქ. ეს იმისათვის, რომ შემდგომში ან დაიგეგმოს სარემონტო სამუშაოები, ანდა შემდეგი ნახვის ვადა განისაზღვროს, რომ რაიმე ავარიული სიტუაციები არ შეიქმნას“, – განაცხადა რევაზ არველაძემ.
ენერგეტიკოსები ეჭვობენ, რომ არაა გამორიცხული აფხაზეთის ენერგომომარაგება 2021 წელსაც, ვიდრე ენგურჰესი გაჩერებული იქნება, ისევ საქართველოს მოუწიოს, თუმცა მიაჩნიათ, რომ მთავრობა ასე არ უნდა მოიქცეს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „მსოფლიო გამოცდილება-საქართველოსთვის“ ხელმძღვანელი, მურმან მარგველაშვილის აზრით, აუცილებელია გეგმა, რომელიც არ ჩანს.
„პრობლემაა ისაა, რომ ენგურჰესთან დაკავშირებით არ გვაქვს თანმიმდევრული, სტრატეგიული გეგმა, როგორ ვიქცევით, რადგან თუ აფხაზეთში ენერგომოხმარების ტენდენციას შევხედავთ, წელსაც კი, მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისაა, აფხაზეთში 20%-35%-იანი ზრდაა სხვადასხვა თვეებში. ძალიან მატულობს იმ ელექტროენერგიის მოხმარება, რომელიც ენგურჰესიდან უფასო მიაქვთ, სავარაუდოდ, კრიპტოვალუტის საწარმოებლად იყენებენ და თუ რამე ზომა არ მივიღეთ და მხოლოდ ჩავატარეთ ენგურჰესის რეაბილიტაცია, ვხარჯეთ რესურსები, რომ მერე აფხაზეთის მხარეს უფასოდ მივაწოდოთ ელექტროენერგია, ეს ჩიხში შეგვიყვანს.
სამწუხაროდ, მიზანს და მასთან მისასვლელ გეგმას ვერ ვხედავ, არაფერი მსგავსი არ მსმენია. ჩვენ აფხაზეთის მხარეს უნდა დავანახოთ და მკაფიოდ დავაყენოთ საკითხი, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება ან სხვა საშუალება უნდა გამოვძებნოთ და დავანებოთ თავი ენგურჰესის რეაბილიტაციას და სხვაგან დავიწყოთ სადგურების მშენებლობა. იქნებ ამ ქმედებით დავანახოთ, რომ უფასოდ ელექტროენერგიას სულ ვერ მიიღებენ“, - განუცხადა „ბიზნეს მედიას“ მურმან მარგველაშვილმა, რომელსაც უჭირს გააკეთოს პროგნოზი, წელს რა გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა, მაგრამ ღიად აცხადებს, რომ მას, როგორც მოქალაქეს არსებული პოზიცია არ მოსწონს.
ენგურჰესი საქართველოში ელექტროენერგიის ყველაზე მსხვილი მწარმოებელია და მისი გამომუშავება მთლიანი გენერაციის, დაახლოებით, 30%-ს შეადგენს. 2019 წელს ქვეყანაში სულ გენერირდა 11856.8 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია, სადაც ენგურჰესის წილმა 28,1% შეადგინა, ანუ მთლიანად შარშან ჰესმა 3341.3 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია აწარმოა. აღსანიშნავია, რომ ენგურჰესიდან მარაგდება დე ფაქტო აფხაზეთი, ჰესის მიერ წარმოებული დენის, დაახლოებით, 45% ოკუპირებულ ტერიტორიას მიეწოდება.