საქართველოს მოსახლეობას და ქვეყნის ეკონომიკას კიდევ ერთხელ მოუწევს დიდი ფასის გადახდა დაწესებული შეზღუდვების გამო. გარდა იმისა, რომ მომდევნო ორ თვეში ყველა გაძლებაზე უნდა იყოს, არც შემდგომში გაუმჯობესდება ვითარება. შეიძლება ითქვას, ნაწილობრივი ლოქდაუნით 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პერსპექტივაც გაიწირა.
ხელისულება ჯერჯერობით იხტიბარს არ იტეხს, მაგრამ მორიგ მოსალოდნელ ვარდნას აღიარებს. პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამტკიცებს, რომ მთავრობა შეზღუდვების „ფასს“ აკონტროლებს და კრიტიკულ ციფრებზე საუბარი არ არის.
„რაც შეეხება ეკონომიკურ ვარდნას. რა თქმა უნდა, ამ შეზღუდვებს თავისი ეკონომიკური ფასი ექნება, მაგრამ მერწმუნეთ, ამ შეზღუდვების არშემოღებას და ინფიცირების უკონტროლო ზრდას ექნება კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური ფასი. დღეს ამ შეზღუდვების ფასს ჩვენ ვაკონტროლებთ და ვთვლით, რომ ეს იქნება დაახლოებით -0,7-0,8 პროცენტი, მეტი არა. ამიტომ, აქ არ არის კრიტიკულ ციფრებზე საუბარი, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ აღვასრულებთ ჩვენ ყველაფერს. სხვა გამოსავალი არ გვაქვს, ეს არ არის რთული შეზღუდვები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
უფრო კონკრეტულად ნაწილობრივი ლოქდაუნის ფასზე ისაუბრა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა. მან დაადასტურა, რომ წელს ეკონომიკური ვარდნა მეტი იქნება, ხოლო გაისად ზრდა უფრო ნაკლები, ვიდრე ნავარაუდევი იყო. ნოემბერში შემოსავლების მნიშვნელოვანი შემცირება ფიქსირდება, მძიმე იქნება ასევე იანვარი და თებერვალი, რაც გავლენას მოახდენს მომავალი წლის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე. თუმცა, მაჭავარიანი ვარაუდობს, რომ მომავალ წელს 4%-იანი ზრდის შენარჩუნება მაინც შესაძლებელი იქნება.
„თქვენ იცით, აგვისტო-სექტემბრის ეკონომიკური ზრდის მონაცემები იყო საკმაოდ დამაიმედებელი, ასევე ფისკალური მონაცემებიც. ნოემბერში მნიშვნელოვანი შემცირება გვაქვს შემოსავლებში, ჯერ შეზღუდვები არ გვაქვს დაწესებული და უკვე სერიოზული შემცირება დაეტყო. როცა ვამბობდით -5%-მდე კლებას (წელს), ეს უფრო ოპტიმისტური პერიოდიდან არის დათვლილი, ამიტომ შეუძლებელია ნოემბერმა და ახლა უკვე შეზღუდვებით დახუნძლულმა დეკემბერმა გავლენა არ მოახდინოს.
ეს ყველაფერი 2021 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გადახედვის საფუძველსაც იძლევა, რადგან ერთი მხრივ, სასტარტო პირობები უფრო დამძიმებულია, მათ შორის იანვარი, ალბათ თებერვლის ნაწილიც, ამ დროისთვის შეზღუდვების ნაწილი უკვე მოხსნილი იქნება დარმწუნებული ვართ, მაგრამ ეკონომიკური აქტივობა ასე იოლად არ აღდგება, ეს არის ის ფაქტორი, რაც კიდევ უფრო ამძიმებს იმ 4.3%-იან პროგნოზს.
არის მეორე ფაქტორი, რომელიც ამ პროგნოზს აუმჯობესებს, ეს არის უკვე პრაქტიკულად დადასტურებული ვაქცინა, რომლის დროული მიღების შემთხვევაში, წლის მეორე ნახევარი ან 7 თვე უფრო სწრაფად აღდგება, ვიდრე თავდაპირველი პროგნოზი იყო. შესაბამისად, ახლა ეს ორი - ნეგატიური და პოზიტიური ფაქტორი იმოქმედებს 2021 წელზე. მე მგონია, რომ 4%-იანი ზრდის შენარჩუნება მაინც შესაძლებელია“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
ახლა ძალიან რთულია ეკონომიკის მდგომარობა. მისი გამოცოცხლება კი, ფაქტია, რომ ვერ მოხდება. 2019 წლის ნიშნულზე დაბრუნებისთვის მინიმუმ 2 წელი იქნება საჭირო და შეიძლება არც ეყოს.
„საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი, გიორგი კეპულაძე დარწმუნებულია, რომ ახალი შეზღუდვების პირობებში საქართველოს ეკონომონიკა იმაზე მეტად შემცირდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო.
„ახალი შეზღუდვების წყალობით, წელს ჩვენი ეკონომიკა უფრო მეტად შემცირდება, ვიდრე ველოდით, დაახლოებით, 6-7%-ით. მომავალი წლის ბიუჯეტი 4.3%-იან ზრდაზე იყო დათვლილი, თუმცა ფინანსთა მინისტრმა უკვე ივარაუდა, რომ ეს მაჩვენებელი შემცირდება. შესაბამისად, 2019 წლის დონეზე ჩვენი ეკონომიკა, ყველაზე კარგ შემთხვევაში 2022 წელს დაბრუნდება. ეს ყველაფერი რამდენ დაკარგულ სამუშაო ადგილს და რამდენ დაკარგულ მილიარდს ნიშნავს, ალბათ ვხვდებით.
გაზაფხულზე ჩვენ ფაქტობრივად, მსხვერპლად შევწირეთ ეკონომიკა და შედეგად არაფერი მივიღეთ, გარდა გაფლანგული და პოლიტიკური მიზნით დახარჯული სახელმწიფო ვალისა. ახლანდელი შეზღუდვები შეიძლება ამ სიმძიმით არ დამდგარიყო საწოლფონდი რომ ყოფილიყო მობილიზებული. დავუშვათ, მართალი იყო გაზაფხულზე ჩაკეტვის გადაწყვეტილება, რატომ არ გამოიყენეს ეს თვეები ჯანდაცვის სისტემის გასაუმჯობესებლად? ფაქტია, რომ არ გაუკეთებიათ არაფერი, გარდა კორუფციული და არაეფექტიანი ლაბირინთული სქემებისა“, - აღნიშნა კეპულაძემ.
ეპიდვითარების გამო ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს აკრიტიკებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე და აცხადებს, რომ მთავრობას კრიზისიდან გამოსასვლელად სამოქმედო გეგმა არ წარმოუდგენია. დაწესებული შეზღუდვებით კი უფრო ცუდი სცენარია მოსალოდნელი.
„გაწერილი გეგმა წარმოადგინეს, რას დაკეტავენ და არ იმუშავებს, მაგრამ იგივენაირად გაწერილი გეგმა, რომ მაგალითად, ჯანდაცვაში სხვადასხვა მიმართულებით რა გაკეთდება, რისთვის მოემზადებიან ამ პერიოდში, ან ეკონომიკაში რა გაკეთდება, ეს არ წარმოუდგენიათ. უმუშევარ ხალხს იგივე სქემით ჰპირდებიან დაფინანსებას, როგორც გაზაფხულზე. 1200 ლარი რომ იქედან 80%-ს არ მიუღია, ესეც კარგად ვიცით.
ერთხელ ჩაკეტვისას უკვე ვნახეთ, რომ ეპიდსიტუაცია მაინც აფეთქდა. შედეგი ვერ მივიღეთ. 200 ათასი ადამიანი უმუშევრად დარჩა და 1 თვეში ეკონომიკამ 17%-ით მოიკლო. იგივეს და უფრო უარესს ველოდებით ახლა, რადგან საშუალო და მცირე ბიზნესი ფაქტობრივად მოკვდა. ჯანდაცვა ეკონომიკის შემადგენელი ნაწილია და ჩამოშლილ ეკონომიკაში ჯანდაცვაც ჩამოიშლება“, - განაცხადა ჩიხლაძემ.