„სააკაშვილისგან წმინდა ზვარაკი არ გამოვა, მსხვერპლი წმინდა უნდა იყოს, ამით საკურთხეველი  წაიბილწება“

„სააკაშვილისგან წმინდა ზვარაკი არ გამოვა, მსხვერპლი წმინდა უნდა იყოს, ამით საკურთხეველი  წაიბილწება“

„ერთი პრეზიდენტი მოვკალით უკვე, ზვიად გამსახურდია, რა გინდათ, კი ბატონო, ჩამოვალ, შევწირავ თავს“, - სააკაშვილის ამ ნათქვამმა ზვიადისტებისა და პოლიტპატიმრების გაღიზიანება გამოიწვია. მათი აზრით, სრულიად გაუგებარია, რატომ ცდილობს სააკაშვილი, თავი გაუტოლოს ზვიად გამსახურდიას, რომელიც საქართველოსთვის შეწირული გმირი პრეზიდენტი გახლდათ?!

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის მზად არის ყველა სცენარისთვის, თუმცა აინტერესებს, ოპოზიციისთვის რა არის მთავარი - გამარჯვება, თუ სააკაშვილის მხრიდან თავის შეწირვა, რაც საქართველოდან რუსეთის მიერ გაგდებული კიდევ ერთი პრეზიდენტის სიცოცხლის ზვარაკად მიტანა იქნება.

ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის შეფასებით, ზვიადი საქართველოს განმათავისუფლებელია, მან საქართველო მიიყვანა დამოუკიდებლობის აქტამდე, ის იყო ამის სულისჩამდგმელი. ამდენად, გაუგებარია, როგორ შეიძლება ვინმემ თავი გაუტოლოს ზვიად გამსახურდიას, პიროვნებას, რომელმაც მოიგო პირველი მრავალპარტიული არჩევნები, მოიგო დამოუკიდებლობის იდეით, ეს საქმე ბოლომდე მიიყვანა. თუმცა, სამწუხაროდ, შემდეგ სამოქალაქო დაპირისპირება მოხდა.

„ზვიადი შეეწირა იმდროინდელ მოვლენებს. ეს მძიმე საკითხია... ზვიადთან სააკაშვილი ახლოსაც ვერ მივა, სააკაშვილი არის დამანგრეველი, რა კონსტიტუციაც გვქონდა, სააკაშვილმა ძირი გამოუთხარა, კონსტიტუცია აქცია ფარატინა ქაღალდად, ამით სრული დევალვაცია მოხდა კონსტიტუციის, ქვეყანა იმართებოდა ვოლუნტარისტულად სააკაშვილის ნების შესაბამისად. რაც შეეხება სააკაშვილის მსხვერპლშეწირვას, ეს არის ტყუილი, არავინ არ აპირებს მისი მსხვერპლი მიიღოს. სააკაშვილი იმდენად უვარგისია, ვერ შეიწირება, მსხვერპლი წმინდა უნდა იყოს, მისგან წმინდა ზვარაკი არ გამოვა, საკურთხევლის წაბილწვა მოხდება ამით. უბრალოდ, სააკაშვილი ახლა ცდილობს, საკუთარ თავს ფასი შესძინოს, რადგან მას ფასი არ აქვს, დაკარგული აქვს. ვინც მას მიჰყვება, ეს უკვე სექტანტობას ჰგავს, ყოველგვარი რაციონალური აზროვნებიდან და პოლიტიკის ყოველგვარი საზღვრებიდან გასვლაა, ეს უკვე ანტიპიარიცაა“,- აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა ჩვენთან საუბრისას.

ანალიტიკოსი და ყოფილი პოლიტპატიმარი ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი ზვიად გამსახურდიას სრული ანტიპოდია. ზვიად გამსახურდია რომ ჩავიდა ჯოხარ დუდაევთან იჩქერიის რესპუბლიკაში, ჯოხარ დუდაევი მას თანამდებობას სთავაზობდა, რადგან სჭირდებოდა ზვიადის მსგავსი ძლიერი პიროვნება. რამდენადაც ცნობილია, ჯოხარ დუდაევმა იჩქერიის პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაც კი შესთავაზა, ზვიადი რომ დათანხმებულიყო, შეიძლება მისი სიცოცხლე სხვანაირად გაგრძელებულიყო. თუმცა ზვიად გამსახურდია არ დათანხმდა.

„ზვიად გამსახურდიას შეიძლება ბევრი შეცდომა ჰქონდა დაშვებული, მაგრამ მას ის გამამართლებელი საფუძველი მაინც ჰქონდა, რომ ის იყო ეროვნული მთავრობის პირველი ხელმძღვანელი და შეცდომები ამის გამო დასაშვები იყო. ზვიადი მაინც დისიდენტი გახლდათ და იმ პერიოდში როგორ უნდა ემართათ სახელმწიფო, ბევრმა არ იცოდა. ზვიად გამსახურდიასთან ბევრი კითხვა მეც მქონდა. მე არ მომეწონა „გეკაჩეპე“- ს პირობებში მისი გადაწყვეტილება ეროვნული გვარდიის გაუქმების შესახებ, მაგრამ კარგად მესმის ზვიად გამსახურდიას მაშინდელი სულისკვეთება, მას არ სურდა, სისხლი დაღვრილიყო. ამდენად, არ შეიძლებოდა ზვიად გამსახურდიას გაკრიტიკება ამის გამო. ზვიად გამსახურდიამ ეს აბსოლუტურად პატრიოტული სულისკვეთებით, სისხლისღვრის აცილების მიზნით გააკეთა“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ for.ge- სთან საუბრისას.

ანალიტიკოსის განმარტებით, ზვიადი იყო ეროვნული მოძრაობის ლიდერი, ღირსეული პიროვნება, ის მართლაც იყო დევნილობაში, მან არ არჩია თბილი სკამი, როდესაც იჩქერიის რესპუბლიკაში თანამდებობა შესთავაზეს, პირიქით, ჩამოვიდა საქართველოში და საქართველოში ასრულებდა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას.

„აი, ნამდვილი პრეზიდენტი, რომელმაც მოწამეობრივად დაასრულა თავისი სიცოცხლე. როგორ შეიძლება, სააკაშვილს შევადაროთ გმირი ზვიად გამსახურდია, ეს ვაჟკაცი პიროვნება. ეს ქართველი ერის წარმოუდგენელი შეურაცხყოფაა. დუელში გამოვიწვევდი სააკაშვილს არა იმის გამო, რაც პირადად მე და ჩემს თანამებრძოლებს დაგვმართა, არამედ ზვიად გამსახურდიას რომ თავი გაუტოლა და ასეთი შეურაცხყოფა მიაყენა“,- აცხადებს ვახტანგ მაისაია.