პოლიტიკურ ასპარეზე ორი ძირითადი მოთამაშის არსებობას უკვე შევეჩვიეთ, მაგრამ რა ხდება პარლამენტს გარეთ დარჩენილ პარტიებთან მიმართებით? რამდენად შესწევთ მათ უნარი, მომავალ არჩევნებამდე მთელი თავისი შესაძლებლობით წარდგენ და მესამე ან მეოთხე კონკურენტუნარიან ძალად ჩამოყალიბდნენ? რა შანსები ექნებათ ნინო ბურჯანაძის, კახა კუკავას პარტიებს, პოლიტიკური ველიდან დროებით გამქრალ და ისევ აღმდგარ ლეიბორისტებს, უშიშროების ექს-მინისტრის ვალერი ხაბურძანიას მიერ დაანონსებულ პრორუსულ პარტიას, დაშლის პირას მისულ ქდმ-ს და სხვა პარტიებს?! ასევე, საინტერესოა, რა გადაჯგუფებებია მოსალოდნელი „ქართულ ოცნებასა“ და ნაციონალებში და გამოჩნდებიან თუ არა სხვა მნიშვნელოვანი მოთამაშეები ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში. ამ ყველაფერზე For.ge ექსპერტებს ესაუბრა.
ექსპერტი გია ხუხაშვილი სამწუხაროს უწოდებს იმ ფაქტს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საერთოდ გაანადგურა პოლიტიკური სპექტრი, ნაწილის ინტეგრაცია მოახდინა საკუთარ წიაღში და თავის სატელიტად გახადა. ამდენად, ამომრჩეველი ძალიან რთულ ვითარებაში აღმოჩნდა.
ექსპერტს მიაჩნია, რომ ხშირად ჩვენს ქვეყანაში მანიპულირებული, მართვადი პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს და ვერაფრით ვერ გაჯანსაღდა ეს პროცესი. კონკრეტულად, გია ხუხაშვილი ლეიბორისტების გაცოცხლებას აბსოლუტურად ხელოვნურ პროცესად აფასებს. ეჭვებს ისიც უმძაფრებს, რომ მთავარი ლეიბორისტი პირველად ნინო შუბლაძის ახალ თოქ-შოუში გამოჩნდა, რაც პირდაპირი სიმპტომია, რომ სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება იყო ლეიბორისტების ასპარეზზე კვლავ გამოყვანა.
გია ხუხაშვილის აზრით, ორ ძირითად მოთამაშეზე რომ არაფერი ვთქვათ, ახალ რეალობაში საკმაოდ საინტერესო პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს ნინო ბურჯანაძეს, თუკი ის გარეთ დარჩენილი პოლიტიკური ელიტის კონსოლიდირებას მოახერხებს, რადგან მისი პარტია მეტ-ნაკლებად სტრუქტურირებულია, თანაც, ქვეყნის პოლიტიკური განვითარების დღევანდელი კურსი, გარკვეულწილად, დიდ კონფლიქტში არ მოდის მის განვითარებასთან. ასე რომ, შესაძლოა, ესეც საინტერესო მიმართულება აღმოჩნდეს.
მართალია, ამ ეტაპზე სხვა მნიშვნელოვან ძალას ექსპერტი ჯერჯერობით ვერ ხედავს, მაგრამ საქართველოში ძალიან სწრაფად ვითარდება მოვლენები. ასე რომ, სიურპრიზებს შეიძლება ველოდოთ. მით უფრო, რომ ჩვენთან ძალიან მალე შეიძლება პოლიტიკური რეიტინგისა და ავტორიტეტის აკრეფა.
„საპრეზიდენტი არჩევნებისთვის, ალბათ, ნაკლებად, მაგრამ ზოგადად იგივე კოალიციის შიგნით, შესაძლოა, რაღაც პროცესები მოხდეს. მოგეხსენებათ, კოალიციაში რამდენიმე პოლიტიკური ძალაა და არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ისინი სამომავლოდ საპარლამენტო არჩევნებზე ერთმანეთის კონკურენტებადაც გამოვიდნენ. ასე რომ, რესურსი არსებობს. სხვა საკითხია, რამდენად იქნება ეს რესურსი ათვისებული და გამოყენებული“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.
ამასთან, აღიარებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ განვითარების რესურსს საერთოდ ვერ ხედავს. ასე რომ, ჩვენ აუცილებლად გვჭირდება პოლიტიკური სპექტრის გაფართოება იმისთვის, რომ, საბოლოო ჯამში, ნორმალური, ევროპული მულტიპარტიული პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებას მივაღწიოთ.
ამასთან, ექსპერტი ვალერი ხაბურძანიას განცხადებასაც ეხმიანება პრორუსულ ძალად ჩამოყალიბების თაობაზე. მისთვის გაუგებარია, რას ნიშნავს პრორუსული ძალა. უფრო ზუსტად კი, როდესაც ადამიანი თავიდანვე ასეთ განაცხადს აკეთებს, რომ „მე ვარ პრორუსული ძალა“, ცოტა არ იყოს, სასაცილოა, რადგან დღესდღეობით რუსეთთან ძალიან რთული ურთიერთობა გვაქვს, მათ ჩვენი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი აქვთ ოკუპირებული და ასეთ ვითარებაში პრორუსულ ძალად გამოცხადება ან, ზოგადად, საგარეო ვექტორზე პოლიტიკური ძალის ორიენტირება გაუგებარია. უფრო მეტიც, ექსპერტისთვის პროდასავლურობაც გაუგებარია, რადგან ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, პირველ რიგში, პროქართული უნდა იყოს და ჩვენს სახელმწიფოზე უნდა ფიქრობდეს.
„ამის მიუხედავად, პროდასავლურს კიდევ გავიგებდი, ეს მაინც ორიენტაციული არჩევანია, მაგრამ პრორუსული?! როცა ერთი რომელიმე ქვეყნის მიმართ ორიენტაციაზე საუბრობ და არა დასავლეთზე, როგორც ფასეულობათა სისტემაზე, ეს ან პოლიტიკური გამოუცდელობაა, ან სხვა უცნაურობა. ამდენად, განაცხადი თვითონ უმწიფარი და გაუგებარია“,- აცხადებს გია ხუხაშვილი.
ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ ძალიან შორსმჭვრეტელი უნდა იყოს ადამიანი, რომ მკაფიოდ წარმოიდგინოს, თუ რა ელის საქართველოს მომავალ წელს ადგილობრივი არჩევნებისთვის და რა დიზაინი იქნება ქართულ პოლიტიკურ პალიტრაზე განფენილი. მისი აზრით, დღეს იმდენად ცალსახაა ორი პოლიტიკური ძალის უპირატესობა, რომ გასაკვირი არ არის, ხალისი დაკარგოდა პოლიტიკოსთა ნაწილს, რომლებიც ჯერ კიდევ ვერმოღონიერებულ პოლიტიკურ გაერთიანებას წარმოადგენენ.
ხოლო იმის პროგნოზირება, რომ რომელიმე მითოლოგიური ფიგურა კვლავაც გამოჩნდება ქართულ პოლიტიკაში და ჩრდილში დარჩენილ პოლიტიკურ ძალებს მეორე სიცოცხლისთვის საჭირო ენერგიას შესძენს, სოსო ცისკარიშვილს ძნელად წარმოუდგენია, რადგან „პოლიტიკური პრაგმატიზმი გლობალიზაციის პროცესის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია და ნატვრისთვალი აღარ განაგებს პოლიტიკურ პროცესებს“.
ექსპერტი ვარაუდობს, რომ საქართველოში პოლიტიკური სუბიექტების რაოდენობრივი შემცირება მოხდება, რომელთა რეგისტრაციაც უკვე 220-ს აჭარბებს. ეს კი ჩვენი ქვეყნის მასშტაბისა და პოლიტიკური ცხოვრებისთვის არაადეკვატურია და მისი მეოთხედიც ბევრი იქნებოდა.
„ვიდრე მოსახლეობის ფართო ფენებში პოლიტიკა მოიაზრება, როგორც გამდიდრების წყარო და არა როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე მოლოდინების აღსრულება, ცხადია, არასერიოზული დამოკიდებულება პოლიტიკური გაერთიანებების მიმართ კვლავაც დარჩება. თუმცა, მომავალი ადგილობრივი არჩევნები თუ საპარლამენტო არჩევნები გახდება საკმარისი მიზეზი იმისა, რომ პოლიტიკური პარტიის შექმნა აღარ იყოს გართობის საგანი“, - აღნიშნავს სოსო ცისკარიშვილი.
ამასთან, ექსპერტი მიიჩნევს, რომ მომავალი არჩევნებისთვის ორად-ორი პარტია არ დარჩება მებრძოლთა რიგებში. მოსალოდნელია ისიც, რომ თავად კოალიცია საკუთარ მრავალფეროვნებას სხვა ორგანიზაციური ფორმით წარმოაჩენს. ამდენად, ათიოდე პარტია ნამდვილად შემორჩება, როგორც ადგილობრივი, ისე საპარლამენტო არჩევნებისთვის. მათ შორის სოსო ცისკარიშვილს ეგულება ბურჯანაძის, კუკავასა და სხვა პარტიები.
მისი აზრით, მუდმივი ნიშა აქვს „ლეიბორისტულ პარტიას“, რომელსაც ხშირად არჩევნებსა და ოლიმპიურ თამაშებს შორის განსხვავება არც წარმოუდგენია და მათთვის მთავარია მონაწილეობა და არა - გამარჯვება. ამიტომ მომავალშიც ისინი საარჩევნო პროცესების არა მხოლოდ თანამდევი მოვლენა იქნებიან, არამედ გარკვეული ფუნქციაც ექნებათ. საუბარია თუნდაც იმისთანა ფუნქციაზე, რომელიც ლეიბორისტებმა შეასრულეს საპარლამენტო არჩევნების პერიოდში საკუთარი მკაფიო გზავნილით მოსახლეობისთვის, როდესაც კონკურენტების მიმართ მხოლოდ ნეგატიური თემა იყო მათი თავშესაფარი.
„ამიტომ პოლიტიკური ცხოვრება ინტერესს ჩვენშიც არ დაკარგავს. მიუხედავად იმისა, რომ იმავე აშშ-ის არჩევნებში ჩვენს ყურადღებას იპყრობს მხოლოდ ორი პარტია, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ამერიკული პოლიტიკა ორპარტიულობით შემოიფარგლება. ეს გახლავთ ტრადიციული ლიდერები პოლიტიკური სივრცის და ბრძოლა მესამე ადგილისთვის არა მარტო ოლიმპიადებზეა საინტერესო, არამედ ქართულ პოლიტიკაშიც ჩამოყალიბდება ლიდერთა დუეტი უახლოესი წლებისთვის, თუ ერთ-ერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც უკვე მოიხალისა ხელისუფლებაში ყოფნა, არ აღმოჩნდება განსასჯელთა სკამზე, როგორც ბოროტების მთესველი ვერაგული მოძრაობა. ეს კი მისი დაშლის წინაპირობა იქნება“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.
ამდენად, ექსპერტი ფიქრობს, რომ ახალი რეალობა მეტ შთაგონებას შესძენს დანარჩენ პარტიებსაც, რათა მათაც იფიქრონ გარკვეულ გაერთიანებაზე, შერწყმაზე. ყველაფერ ამ ფონზე, პოლიტიკურად დაინტერესებული საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება ახალი ხედვის აღმოჩენა პარტიებში, რომლებიც იძულებით ტაიმაუტს იღებენ დღევანდელ პოლიტიკურ პროცესებში.