ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა ბუენოს-აირესთან ახლოს, კერძო სასაფლაო „ბელა-ვისტაზე“ დაკრძალეს, სადაც დიეგოს მშობლები არიან დასაფლავებული. როგორც არგენტინული მედია იუწყება, დაკრძალვის ცერემონიაში მხოლოდ მარადონას ნათესავები და ახლობლები მონაწილეობდნენ.
მანამდე კი არგენტინის დედაქალაქში, პრეზიდენტის სასახლეში დაგეგმილ ლეგენდასთან გამოსათხოვარ ცერემონიას მასობრივი არეულობები მოჰყვა. სამოქალაქო პანაშვიდზე მილიონზე მეტი ადამიანი მივიდა, ცერემონიაზე მოხვედრა კი ბევრმა ვერ შეძლო და ამას პროტესტი და პოლიციასთან დაპირისპირებები მოჰყვა.
არგენტინის მთავრობამ დიეგოს გარდაცვალების გამო ქვეყანაში 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა.
ფეხბურთის ღმერთად წოდებული დიეგო არმანდო მარადონა 25 ნოემბერს, გულის შეტევით, 60 წლისა გარდაიცვალა. „ნაპოლისა“ და „არგენტინის“ ნაკრების ყოფილ თავდამსხმელს, რომელიც საკუთარ სახლში იმყოფებოდა, გული გაუჩერდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადის მედიკოსებმა დიეგოს გადარჩენა ვერ მოახერხეს.