„ლოკდაუნიდან იძულებით მაინც მოგვიწევს გამოსვლა და ისევ კორონა დაგვხვდება, ოღონდ აღარც ჯანდაცვა გვექნება, აღარც ეკონომიკა“

„ლოკდაუნიდან იძულებით მაინც მოგვიწევს გამოსვლა და ისევ კორონა დაგვხვდება, ოღონდ აღარც ჯანდაცვა გვექნება, აღარც ეკონომიკა“

„სრული ლოკდაუნი სახიფათო გადაწყვეტილება იქნება. ლოკდაუნიდან მაინც მოგვიწევს გამოსვლა და ისევ კორონა დაგვხვდება, ოღონდ არანაირი იარაღი აღარ გვექნება მასთან საბრძოლველად“, - აცხადებს for.ge-სთან საუბარში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე.

კორონავირუსის შემთხვევები მზარდია. პლუსები და მინუსები რა იყო ამ ხელისუფლების მიერ დაშვებული?

- ჩვენ გვქონდა ძალიან მშვიდი 6-7 თვე, რომლითაც შეგვეძლო უკეთესად მოვმზადებულიყავით. სამწუხაროდ, ეს პერიოდი ეფექტურად არ იქნა გამოყენებული. შესაბამისად, მოუმზადებელი შევხვდით კორონავირუსის შემოტევას, რეალურად, ჩვენ ახლა გვაქვს პირველი ტალღა, რაც ევროპის ქვეყნებში და სხვაგან იყო მარტსა და აპრილში.

მარტსა და აპრილში ამბობდნენ, რომ ის იყო ვირუსის პირველი ტალღა. გამოდის, იმ დროს კორონავირუსი პრელუდიასავით იყო?

- იმ პერიოდში არანაირი ტალღა არ იყო. მხოლოდ 5-7-10 შემთხვევა გვქონდა, მაშინ იყო შეკავების ფაზა. სხვა ქვეყნებს არ ჰქონიათ შეკავების ფაზა, პირდაპირ პირველი ტალღა დაატყდათ და ახლა ე.წ. მეორე ტალღაა იმ ქვეყნებში. ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, ჩვენ მშვიდი პერიოდი გვქონდა, რომლის მართვა პრობლემას არ წარმოადგენდა მსოფლიოს არც ერთი ქვეყნისთვის. არასპეციალისტისთვისაც კი ცნობილი იყო, რომ სექტემბრიდან, მით უმეტეს, სეზონური გრიპების დართვასთან ერთად, ნამდვილად გვექნებოდა უფრო მწვავე სიტუაცია. შეიძლება, არ ვფიქრობდით, რომ ათასობით შემთხვევა გვექნებოდა, მაგრამ რამდენიმე ასეული რომ გვექნებოდა, ამაზე ექსპერტები ვსაუბრობდით ჯერ კიდევ მარტიდან. მთავრობა არ მოემზადა ამ პერიოდისთვის, ალბათ, მათ ეგონათ, რომ მუდმივად იქნებოდა 5-10-15 შემთხვევა, ინერციით მოვიდოდნენ და ასე გაგრძელდებოდა. სამწუხაროდ, 3000 კი არა, პირველ ას შემთხვევას რომ გადაცდა, მაშინვე გაჩნდა სერიოზული პრობლემები. ეს მიანიშნებს, რომ არ იყო სათანადო მზადება, ოჯახის ექიმების გადამზადება სექტემბრის ბოლოს დაიწყეს, საწოლფონდზე თანხის გამოყოფა 8 ოქტომბერს დაიწყეს, სხვა პროფილის ექიმთა გადამზადებაზე ოქტომბრის შუაში დაიწყეს მზადება, ეს მეტყველებს, რომ მნიშვნელოვანი დრო დაიკარგა, რაც უნდა გაკეთებულიყო აპრილ-მაისში. ეს იყო მთავარი ნაკლი.

ცხადია, შემთხვევების ზრდა იქნებოდა, ეს ევროპაშიცაა, მაგრამ ევროპაში ამასობაში მიეჩვივნენ ამ პანდემიის მართვას, რაღაც პერიოდის განმავლობაში ევროპელებისთვის ლოკდაუნის გამოცხადებაც შეიძლება არ იყოს დიდი პრობლემა, რადგან მდიდარი ეკონომიკა აქვთ, რაც მთავარია, ლოკდაუნიდან გამოსვლის შემდეგ გააგრძელებენ ფუნქციონირებას. ეკონომიკაც, ჯანდაცვაც, ინსტიტუციებიც ჩვენთან ნახევრად ჩამოშლილია. ლოკდაუნი რომ გამოვაცხადოთ, რამდენიმე კვირაში ცალკეულ შემთხვევებს ეს კი შეამცირებს, მაგრამ ლოკდაუნიდან ხომ უნდა გამოვიდეთ როდესმე? ამ დროს კორონა ისევ დაგვხვდება. დღესდღეობით ცუდი ფუნქციონირების მქონე ინსტიტუციები, ჯანდაცვა გვაქვს, მაგრამ ლოკდაუნის შემთხვევაში საერთოდ ჩამოიშლება, ლოკდაუნიდან იძულებით მაინც მოგვიწევს გამოსვლა და ისევ კორონა დაგვხვდება, ოღონდ საერთოდ არანაირი იარაღი აღარ გვექნება, აღარც ჯანდაცვა გვექნება, აღარც ეკონომიკა, ამიტომ ლოკდაუნი სახიფათო გადაწყვეტილება იქნება.

იქნებ, ჯობდა, ლოკდაუნი არ გამოეცხადებინათ მარტში, იმ პერიოდში გადაგვეტანა პირველი ტალღა, რომ ზამთარს, ამ რთულ პერიოდს, არ დამთხვეოდა ახლანდელი პირველი ტალღა?

- კი ბატონო, ამაზეც სპეციალისტები ვთანხმდებით, რომ ჯობდა იმ პერიოდში ისეთი შეზღუდვა არ ყოფილიყო. დოზირებულად, 10-15 შემთხვევას, 50 შემთხვევასაც გაუძლებდა ქვეყანა და ეს გაგვეწელა დროში, რომ მთავარი პიკი არ დამთხვეოდა სექტემბერ-ოქტომბერ-ნოემბერს. ამის დროში გაწელვა შესაძლებელი იყო. თუმცა 5 და 10 შემთხვევის პირობებში დავხარჯეთ მთელი რესურსი, რაც არანაირ ლოკდაუნს, საგანგებო მდგომარეობას არ მოითხოვდა. 5-10 შემთხვევის გამო ეკონომიკაც მოვკალით, ქვეყანაც გავაჩერეთ და ახლა უკვე სათანადო რესურსი აღარ დაგვრჩა, რომ ასობით და ათასობით შემთხვევას ვებრძოლოთ. მერე უკვე ამ თემის პოლიტიზირება მოხდა წინასაარჩევნოდ. მთავრობამ იფიქრა, რომ 10 შემთხვევა კარგად ვმართეთ და როგორი მაგრები ვყოფილვართო, 10 და 15 შემთხვევა აფრიკის ქვეყნებმაც მართეს, ზიმბაბვემ, უგანდამ, რუანდამ, ეს არ არის მთავრობის დამსახურება, მაგრამ ეს ფსიქოლოგიურად გამოიყენეს და ამის პოლიტიზირებასა და კეკლუცობაში გადაიტანეს სიბრტყე. ყველანაირი სცენარისთვის უნდა მომზადებულიყვნენ, რატომღაც მხოლოდ ნოემბერში დაიწყო საუბარი დამატებითი სივრცეების გამოთავისუფლებაზე, ლამის სამუზეუმო სივრცეები გამოიყენონ ჰოსპიტლებად. რატომ? როდესაც შეიძლებოდა ამისთვის მომზადება აპრილ-მაისში. ექიმების ტრენინგს დიდი თანხა არ სჭირდებოდა. ეს ზაფხულში უნდა გაეკეთებინათ.

როგორ ფიქრობთ, კორონა უფრო აგრესიული გახდა? როდის ელით, რომ პიკი გადაივლის?

- ამის მტკიცებულება არ არის. ცოტა მშვიდი პერიოდი რომ იყო, ზოგიერთი ჩემი კოლეგა არასწორ დასკვნას აკეთებდა, რომ კორონა დასუსტდა, არ არის ამის მტკიცებულება, არც დასუსტებულა, არც გაძლიერებულა, უბრალოდ, ეს ახალი ტალღა, შეიძლება, კლიმატთანაც იყოს დაკავშირებული, ამ სეზონთან, რომ უფრო გააქტიურდა. რაც მეტია შემთხვევა, შესაბამისად, მეტია მძიმე შემთხვევაც და გარდაცვალების ფაქტები. ჩვენ არ ვიცით სტატისტიკა, კრიტიკულად მყოფი ავადმყოფებიდან, ან აპარატზე მყოფი ავადმყოფებიდან საქართველოში რამდენია გადარჩენის მაჩვენებელი, რამდენი გვეღუპება. ასეთი სტატისტიკა დაავადებათა კონტროლის ცენტრს არ გამოუქვეყნებია. ესეც მაჩვენებელია, ჩვენს პაციენტებს რამდენად კარგად ვუვლით. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარდაცვალებით მთავრდება ისეთი შემთხვევები, რომელიც ჯანდაცვის მეტ-ნაკლებად გამართული სისტემის პირობებში ასპროცენტიანად გადარჩებოდა.

ნაწილობრივ ლოკდაუნთან დაკავშირებით თქვენი აზრი როგორია?

- ნაწილობრივი ლოკდაუნი ისედაც გვაქვს, კომენდანტის საათი გვაქვს, დისტანციური სწავლება გვაქვს, დიდ ქალაქებში დისტანციური მუშაობა გვაქვს, ობიექტები ცხრა საათის შემდეგ აღარ მუშაობენ. რაც შეეხება სრულ ჩაკეტვას, ამას გამოვრიცხავ, ეს ყველაფრის ჩამოშლას გამოიწვევს, შეიძლება, ერთ ან ორ კვირაში დაინფიცირებულთა რიცხვი 3 ათასიდან დავიდეს ათასზე, ან ათას ორასზე, მაგრამ პარალელურად ჩამოიშლება ეკონომიკა, ჯანდაცვა. ჯანდაცვაც ეკონომიკის ნაწილია, ბიზნესის ნაწილია და საერთოდ უიარაღოდ დავრჩებით. სრული ლოკდაუნი ვერ გასტანს თვეები, რა ხდება დეკემბრის ბოლოს, იანვარში? კორონა ისევ მძვინვარებს, ისევ სეზონური გრიპია, ამ დროს სასროლი იარაღიც აღარ გვექნება, რომ ცუდად, მაგრამ მაინც მოვუაროთ კორონას. ჩემი აზრით, სრული ლოკდაუნი არ არის გამოსავალი. ერთადერთი, სრული ლოკდაუნი შეიძლებოდა მაშინ, როცა კორონავირუსი წერტილოვნად იყო გავრცელებული, მაგალითად, აჭარის რეგიონში. იქ შეიძლებოდა სრული ლოკდაუნი, ეს ქვეყნის ეკონომიკას იმდენად ვერ დააზიანებდა, ადგილობრივად სამართავად ადვილი იყო. ლოკალურად ეს შესაძლებელი იყო, მაგრამ არ გააკეთა მთავრობამ.

ამ დღეებში ექსპერტთა დიდმა ჯგუფმა მორიგი რეკომენდაციით მივმართეთ მთავრობას, რომ მართვის პროცესები ეფექტური გახდეს, არა ისეთი, როგორც საკოორდინაციო საბჭოშია და დახურულია პროცესები, რამდენიმე ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას, ჩვენ რეალური სტატისტიკაც კი არ ვიცით და რეალური მაჩვენებლები. აუცილებელია პაციენტთა ნაკადების მართვა, ალგორითმის ჩამოყალიბება, ვის სად ვმკურნალობთ, სახლში, თუ ჰოსპიტალში. ამ მხრივ არაერთი რეკომენდაცია მივაწოდეთ მთავრობას. არ ვიცით, რა რეაგირება ექნებათ, ეს მეხუთე შეთავაზებაა. წინა ოთხი იგნორირებული დარჩა.

 

Aburjga Tasmanieli ამან რა იცის, ვინ არის საერთოდ, რას წარმოადგენს, რატომ ეკითხებით აზრს?! ვაა... გამაგიჟებს ეს ხალხი!
3 წლის უკან
ლაზი საიდან გამოთხარეთ ეს არამკითხე მოამბე. რას წარმოადგენს, რომ ამის აზრი ვინმეს აინტერესებდეს?!
"სპეციალისტები ვთანხმდებით"-ო იძახის. საინტერესოა რისი სპეციალისტია და ვის შეუთანხმდა? ასეთეთი "სპეციალისტები" პაჭკობითაა საქართველოში. თუ რახან რაცხა პარტიაში შეძვრა ამით თავი რამე გონია.
3 წლის უკან