ქუთაისის მერის მადრიდში ვიზიტი ბიუჯეტს 12 858 ლარი დაუჯდა

ქუთაისის მერის მადრიდში ვიზიტი ბიუჯეტს 12 858 ლარი დაუჯდა

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გუნდი „ქამრების შემოჭერის“ ნაცვლად, თანხების ხარჯვას ისევ აგრძელებს. კერძოდ, ქუთაისის მერიამ საკუთარი ბიუჯეტიდან - 12 858,01 ლარი იმ მიზნით გამოყო, რომ ქუთაისის მერი - ბესიკ ბრეგაძე, მერის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლი კოტე რატიანი და მერის ადმინისტრაციული სამსახურის საგარეო ურთიერთობისა და საერთაშორისო პროექტების განყოფილების უფროსი დავით მეგრელიშვილი ქალაქ გრაცში, საერთაშორისო კონფერენციას - „Green energy Committee“ დაესწრონ და ქალაქ მადრიდში -  საერთაშორისო გამოფენა ბაზრობაში მონაწილეობა მიიღონ.

For.ge-მ ქუთაისის მერის, ბესიკ ბრეგაძის ბრძანება ნომერი - 82 მოიპოვა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ სამ კაციან დელეგაციას მიმდინარე წლის 28 იანვარიდან - 5 თებერვლის ჩათვლით, სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების მიზნით, 12 858, 01 ლარი გამოეყო.

აღსანიშნავია, რომ ბრძანებას თან ხარჯთაღრიცხვა ერთვის, რომლის თანახმადაც, აღნიშნული თანხის ფარგლებში დაფარული იქნება - ბილეთების საფასური, ერთი პირისთვის 998,50 ლარი - მარშრუტით თბილისი-სტამბული-ვენა-მადრიდი-სტამაბული-თბილისი. ასევე სამსახურეობრივი მოკლევადიანი მივლინებისას სადღეღამისო ნორმა, ერთი პირისთვის - 49 ევროს ოდენობით. ამას გარდა, აღნიშნულ თანხაში შედის - დელეგაციის წევრთა შიდა ტრანსპორტირება, სავიზო მოსაკრებელი, საცხოვრებელი ფართის დაქირავება და საზღვარგარეთ საჩუქრად წაღებული - ღვინო „ხვანჭკარა“, რომლის საფასურიც 52 ლარს შეადგენს.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის მერიას თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში „თავისუფალი საქართველოსთვის“ იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელი გოგი წულაიაც ადანაშაულებს.

როგორც for.ge-ს წულაიამ განუცხადა, კონფერენციაზე ეკოლოგიისა და განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების შესახებ უნდა იმსჯელონ და მისთვის გაუგებარია, ბესო ბრეგაძე, რომელიც პროფესიით მშენებელია - თუ რა მოხსენებას გააკეთებს.

„დელეგაციის წევრთა ხარჯები ქალაქის ბიუჯეტს 12 858 ლარი დაუჯდება. ბიჭებმა მივლინება გამოიწერეს. ვიცოდი, რომ ბესო ბრეგაძე მშენებელი იყო, მაგრამ გამწვანებასა და ენერგო წყაროებში თუ ერკვეოდა, ეს  გამოცანა იყო და ბედნიერი ვარ, რომ ქალაქის ისეთი კომპეტენტური მერი გვყავს, რომელიც ყველა სფეროში ერკვევა. თუმცა, კონფერენციაზე ისეთი მაინც გაეგზავნათ, რომელიც რაიმეს დაიმახსოვრებდა და ამბავს  მოგვიყვებოდა. საქმე მაინც არაფერი  აქვთ და ეტყობა, იფიქრეს - რა გავაკეთოთო, გართობა ხომ უნდოდათ ბიჭებს? - ხოდა,  გასართობად წავიდნენ“, - განაცხადა წულაიამ.

წულაიას განცხადების პათოსს ქუთაისის ვიცე-მერი ამირან ძოწენიძე არ იზიარებს და ყურადღებას კონფერენციის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ამახვილებს.

როგორც for.ge-ს ძოწენიძემ განუცხადა, სამივლინებო ხარჯებისთვის გამოყოფილი 12 ათასი ლარი „ყურს ჭრის“, მაგრამ ასეთი დონის კონფერენციებში მერია მონაწილეობას უნდა იღებდეს.

„ამ კონფერენციის ფარგლებში მონაწილეობას ევროკავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები იღებენ. თუ სადმე უნდა დადიოდეს ქალაქის თავი, აქ უნდა მიდიოდეს. 12 ათასი ლარი ყურს ჭრის, მაგრამ საკითხს, რაციონალურად თუ  შევხედავთ, რა ვქნათ - დელეგაცია არ გავამგზავროთ და რა გავაკეთოთ? სიღარიბის გამოსწორებას 12 ათასი ლარი, რას უშველის? ვფიქრობ, რომ ეს კონფერენცია  უფრო მეტ სარგებელს მოიტანს“, - განაცხადა ძოწენიძემ, რომელმაც for.ge-ს კითხვაზე „თუ რა სარგებელს ელის კონფერენციისგან?“ შედეგებზე წინასწარ საუბარი არ ისურვა, თუმცა, დასძინა, რომ ბესიკ ბრეგაძე კონფერენციაზე კონკრეტული წინადადებებით არის წასული.

„წინასწარ ვერაფერზე ვისაუბრებთ, რადგან ვიზიტი წარმატებული რომ არ აღმოჩნდეს, დასანანი იქნება. მსგავს კონფერენციაზე მერი თუ ვერ წავა, არც არასდროს არაფერი გამოვა“, - დასძინა ძოწენიძემ.

უნდა აღინიშნოს, რომ სამივლინებო ხარჯების გარდა, გოგი წულაია მერიის სამსახურეობრივ სარგებლობაში არსებული ავტმობილების ხარჯვით ნაწილზეც ამახვილებს ყურადღებას.

„ამ მხრივ, კატასტროფული სურათია, რადგან მერიას 79 ავტომობილზე ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. ყველაზე თვალში საცემია ის, რომ ჟიგულის მარკის ავტომობილში თურმე „პრემიუმის“ დონის საწვავს ასხამენ, რითაც ნათლად თანხების არამიზნობრივი ფლანგვა ჩანს. მგონი, 79 ავტომობილი ნიუ-ორკის მერიასაც კი არ ემსახურება. როდესაც, „პრემიუმის“ ტიპის საწვავს ჟიგულის მარკის ავტომობილისთვის იყენებ, რომელიც დაახლოებით, 30 წლის წინ იქნა გამოშვებული, ეს უყაირათო ხარჯვა არ არის?“, - აცხადებს წულაია.

For.ge-მ იმ ავტომობილების შესახებაც მოიპოვა ინფორმაცია, რომელთა მფლობელებიც მერიის სამსახურში არიან დასაქმებულნი და რომელთაც, სამსახურეობრივი მოვალეობისთვის საწვავის ტალონები გადაეცემათ, უახლოეს მომავალში კი, არ არის გამორიცხული, მათთვის პლასტიკური ბარათები დამზადდეს.

ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 79 ავტომობილისთვის მხოლოდ პრემიუმისა და ევროდიზელის ტიპის საწვავი გამოიყენება, რომელთა ღირებულებაც საშუალოდ - 2, 05 ლარიდან 2,20 ლარის ფარგლებში მერყეობს.  სიძვირის მიუხედავად, თვალში საცემი და საეჭვო ის ფაქტიცაა, რომ ევროპული მარკის ავტომობილების პარალელურად, საწვავის ტალონები გაცემულია ისეთი ავტომობილებისთვის - როგორიცაა - ვაზ 2106, ვაზ 2103, ვაზ 21 063 და ა.შ.

საწვავის ტალონების საკითხთან დაკავშირებით, ძოწენიძე აცხადებს, რომ მერიის თანამშრომლებს, ტალონები იმის მიხედვით გადაეცემოდათ, ვის რა დავალება აქვს მიღებული.

ქუთაისის მერიის დელეგაცია სამშობლოში სავარაუდოდ, 5 თებერვალს დაბრუნდება და თუ რა შედეგებს მოიტანს -„მწვანე ენერგიის შესახებ“ კონფერენცია, ეს მალე გამოჩნდება.