შეწყალების კომისია - დემოკრატიის ფასადი

შეწყალების კომისია - დემოკრატიის ფასადი

ცნობილი ხდება, რომ შეწყალების საკითხთა კომისია ახალი შემადგენლობით დაკომპლექტდა. პრეზიდენტმა შესაბამისი ბრძანება უკვე გამოსცა. კომისიას კვლავ ელენე თევდორაძე უხელმძღვანელებს. მის შემადგელობაში კი შედიან დრამატურგი ლაშა ბუღაძე, პრეზიდენტის მრჩეველი ნინო კალანდაძე, პრეზიდენტის მრჩეველი ვან ბაიბურთი, პრეზიდენტის მრჩეველი მუბარის კარაევი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი მრჩეველი გიორგი გოდაბრელიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ფილოლოგი ზურაბ კიკნაძე, გაზეთ „24 საათის“ მთავარი რედაქტორი მამუკა ფაჩუაშვილი,  მწერალი გივი შაჰნაზარი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი ძაგნიძე,  საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი კახაბერ ანჯაფარიძე, ასევე მიტროპოლიტი თეოდორე.

წინა კომისიისგან განსხვავებით, ახალ შემადგელობაში აღარ არიან მინისტრები და პარლამენტარები, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის მიერ გამოცემულ ბრძანებაში არსებულ ჩამონათვალში არ არის სახალხო დამცველი, კომისიის დებულება მის შემადგენლობაში სახალხო დამცველის ყოფნას ავტომატურად ითვალისწინებს. შეწყალების კომისიის დაკომპლექტების წესის შეცვლასთან დაკავშირებით კომენტარი იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გააკეთა. მისი თქმით,  შეწყალების კომისიის მუშაობაში არც საქართველოს პრეზიდენტი უნდა ჩაერიოს და არც მთავარი პროკურორი. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის იმედოვნებს, რომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრების შეწყალებისას ნეიტრალურობას შეინარჩუნებს.

„შეწყალების პროცესი არ უნდა იყოს დამოკიდებული არც პროკურორზე და არც პრეზიდენტზე. იმედი მაქვს, პრეზიდენტი ნეიტრალურობას შეინარჩუნებს და მხოლოდ მათ შეიწყალებს, ვინც თვითონ უნდა რომ შეიწყალოს, არამედ მათ, ვისაც შეწყალება ნამდვილად ეკუთვნით“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს, შეწყალების კომისიის გვერდის ავლით შეიწყალოს პატიმრები და ამის მომსწრენი არაერთხელ გავმხდარვართ. უკანასკნელად კი სულ რაღაც ერთი თვის წინ პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ორი კანონიერი ქურდის გამო შეწყალების კომისიის თავმჯდომარეს, ელენე თევდორაძეს მოუწია თავის მართლება და იგი გაღიზიანებული ეუბნებოდა ჟურნალისტებს - პრეზიდენტს უფლება აქვს, ვინც უნდა ის შეიწყალოს და ამას მე ვერ დავუშლიო. ამიტომაც ცოტა გაუგებარია, რატომ ცდილობს მიხეილ სააკაშვილი პატიმრების შეწყალება მისთვის სანდო პირებს გადააბაროს, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც სასჯელაღსულების მინისტრი მმართველი გუნდის წევრია და მისი უწყებიდან პატიმრების გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია მის ხელში იყრის თავს. სოზარ სუბარი კი ამ ინფორმაციას საჯაროდ ხდის. ამდენად, კომისიის შემადგენლობა ამ ინფორმაციის გასაიდუმლოებას ვერ უზრუნველჰყოფს.

აღნიშნულ საკითხზე for.ge-ს შეწყალების კომისიის ყოფილი წევრი, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი ესაუბრება.

გია ცაგარეიშვილი: ერთი მხრივ ეს კარგია, რადგან საბოლოოდ ფარდა აეხადა იმას, რომ შეწყალების კომისია აბსოლუტურად ფასადური წარმონაქმნი იყო და მის მიერ უკანასკნელ წლებში მიღებული ყველა გადაწყვეტილება უმკაცრეს რევიზიას ექვემდებარებოდა. ამიტომ ხილული გახდა ის, რომ ეს ყველაფერი არის დემოკრატიის ფასადი. ჩემი აზრით, შეწყალების კომისიის ამ ფორმით დაკომპლექტება სრულიად გაუგებარი და უსამართლოა. ამ ადამიანმა შეწყალების კომისიაში თავისი ფავორიტები შეიყვანა. არ ვიცი, რა ნიშნით მოხვდნენ ისინი მის გარემოცვაში, მაგრამ თვალში საცემია, რომ ყველა ეს ადამიანი (შეიძლება ერთი-ორის გამოკლებით) არის ან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელი, ან ისეთი „საზოგადო მოღვაწე“, რომელიც წინა ხელისუფლების კრიტიკით დიდად თავს არ იკლავდა და მის მიმართ აბსოლუტურად ლოიალურად იყო განწყობილი. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ამ ნიშნით იმ ადამიანების შერჩევა, რომლებიც შეწყალების კომისიაში იმუშავებენ, უზნეო და ამორალური საქციელია.

სხვათა შორის, შეწყალების კომისიის სხდომები პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში მესამე სართულზე იმართებოდა. რა თქმა უნდა, მესმის, რომ მიხეილ სააკაშვილს არ გაუხარდებოდა თავის რეზიდენციაში ეკა ბესელიას (როგორც კომიტეტის თავმჯდომარის) ხილვა, არ გაუხარდებოდა ქალბატონი წულუკიანის ხილვა. ასევე არ იყო სასურველი, რომ ამ კომისიაში ამჟამინდელი ხელისუფლების რომელიმე სხვა მაღალჩინოსანი მოხვედრილიყო. ამ კომისიაში არ იყვნენ მარტო დეპუტატები, არამედ მის შემადგელობაში აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები - მინისტრები და მათი მოადგილეებიც შედიოდნენ. მაგალითად, ავიღოთ ქალბატონი კალანდაძე, რომელიც არ ვიცი რა ნიშნით არის შერჩეული, ოღონდ, ეტყობა, რომ ამგვარ კომისიაში მუშაობა მემკვიდრეობით ერგო. იგი იყო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მაშინ გახლდათ შეწყალების კომისიის წევრი. შემდეგ ნინო კალანდაძე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო და მაშინაც მუშაობდა შეწყალების კომისიაში. ახლა იგი პრეზიდენტის მრჩეველია, თუმცა მე არ ვიცი იგი რას ურჩევს პრეზიდენტს, მაგრამ ფაქტია, რომ ქალბატონი კალანდაძე კვლავ შეწყალების კომისიის წევრია.

ავიღოთ მაგალითად გიორგი გოდაბრელიძე, რომელიც გახლდათ დეპუტატი, მანამდე იყო „მოქალაქეთა კავშირის“ მაღალჩინოსანი, უფრო ადრე კი „ახალგაზრდული მოქალაქეთა კავშირის“ ერთ-ერთი თანადამფუძნებელი. ბატონ გოდაბრელიძეს არასოდეს უმუშავია ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, იგი არ არის სამართალმცოდნე. ამიტომ მე არ ვიცი, რა უნდა მას ამ კომისიაში. როგორც ირკვევა, გიორგი გოდაბრელიძეც მრჩეველია, თანაც უფროსი მრჩეველი, ანუ სააკაშვილს ჰყავს უმცროსი მრჩევლები, ჩვეულებრივი მრჩევლებიც, ხოლო კალანდაძე და გოდაბრელიძე უფროსი მრჩევლები არიან.

ერთადერთი, ვინც ამ კომისიაში მოხვდა და სააკაშვილს დიდად არ ეპიტნავებოდა, ეს არის სახალხო დამცველი, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ არის არჩეული და ამას სააკაშვილი უნდა შეეგუოს. გასაგებია, რომ ამ კომისიიდან დეპუტატებსა და მინისტრებს ამოუკვეთეს ფეხი, მაგრამ რატომ ეს ადამიანები - ბატონი შახნაზარი, ბატონი ბაიბურთი, ბატონი ბუღაძე და სხვები, მე უბრალოდ არ ვიცი. რაც შეეხება ვან ბაიბურთს და მუბარის კარაევს, ეტყობა სააკაშვილმა ამ შემთხვევაში ეთნიკური ნიშანი დაიცვა და კომისიაში სომხური ეთნოსის წარმომადგენელიც შეიყვანა და აზერბაიჯანულისაც. ეს ყველაფერი უშნო თამაშია, რომელიც სააკაშვილს ვერავითარ შედეგს ვერ მოუტანს.

ბატონო გია, როდესაც პრეზიდენტმა მედიის განვითარებისთვის სპეციალური ფონდი დააარსა და შექმნა კომისია, რომელსაც ამ მილიონიანი ფონდის განმკარგავი ორგანიზაციები უნდა გამოევლინა, მაშინაც სწორედ ეს ადამიანები - ნინო კალანდაძე, ვან ბაიბურთი, მუბარის კარაევი დანიშნა ამ კომისიის წევრებად. კომისიამ კი მილიონი ლარის განკარგვის უფლება გია ნოდიას და ნინო დარასელის ორგანიზაციებს მიანიჭა. როგორ ფიქრობთ, პრეზიდენტის მხრიდან ასეთ კომისიებში ამ ადამიანების დასაქმება რას ნიშნავს, ის ამ კომისიებში მისთვის სანდო პირებს ნიშნავს, თუ უბრალოდ მისი გუნდის წევრების დასაქმებაზე ზრუნავს?

- არაფერ დამატებით ბენეფიტებს ამ კომისიაში მუშაობა ადამიანს არ მოუტანს. მაგალითად, მე სამი თვე ვიმუშავე ამ კომისიაში და ხელფასიც არ მიმიღია. შესაბამისად, ეს არ არის ის თანამდებობა, რომელიც გასამრჯელოს მოგიტანს. პირიქით, მე ვფიქრობ, რომ ეს უზარმაზარი პასუხისმგებლობაა და აქ სუფთა ხელებითა და სუფთა გონებით უნდა იმუშავო. ასეთი თვისებები ამ ადამიანებს არ გააჩნიათ. მათ არც ხელები აქვთ სუფთა, არც გონება და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებითაც არასოდეს გამოირჩეოდნენ. ისინი ყოველთვის მონურ დამოკიდებულებაში იყვნენ სააკაშვილისადმი და სწორედ ამ დამოკიდებულების კუთხით შერჩეული ადამიანებით კომპლექტდება ხოლმე ამგვარი კომისიები.

თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ადამიანები მხოლოდ იმ ნიშნით შეირჩნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს უსიტყვო შემსრულებლები სჭირდება?

- დიახ, რა თქმა უნდა, თორემ აბა გაიხსენეთ, ნინო კალანდაძეს როდესმე დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიუღია? ქალბატონ კალანდაძეს, ბატონ ბაიბურთს და მისთანებს სააკაშვილი ამდენი წლების განმავლობაში იმიტომ არ ინახავდა და არ  უხდიდა გასამრჯელოს, რომ შემდეგ მათ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები მიეღოთ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც შეწყალების კომისიას შეუნარჩუნებენ იმ პროფილს, როგორიც იგი ყოველთვის იყო, ანუ ეს იქნება ფასადური მოვლენა. რა თქმა უნდა, ეს შეწყალების პროცესის გამჭვირვალეობას არ შეუწყობს ხელს.

ათასი ინსინუაცია და ბინძური ჭორი იყო შეწყალების პროცესთან დაკავშირებული და ხშირ შემთხვევაში, ეს ბინძური ჭორები შემდეგ მართლდებოდა. შეგახსენებთ 2009 წლის 5 იანვრის შეწყალებას. ეს მართლაც უმაგალითო შეწყალება იყო, რადგან სააკაშვილმა 1400 უმძიმეს დანაშაულისთვის გასამართლებული პირი გაათავისუფლა. ამ ადამიანებს შორის გირგვლიანის მკვლელებიც იყვნენ და შემდეგ ბატონმა ადეიშვილმა მათი გამოშვება ჩვენ (შეწყალების კომისიას) დაგვაბრალა. სწორედ ამიტომაც დავტოვე მე ეს კომისია, რადგან იქ მუშაობა უკვე წარმოუდგენელი იყო. ის 1400 პატიმარი იმიტომ იყო გათავისუფლებული, რომ ისინი „ნაიცონალურ მოძრაობას“ 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში ეხმარებოდნენ. კერძოდ, ამ პატიმრების ახლობლები აგროვებდნენ სიებს, მიჰქონდათ „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივ შტაბებში, პოლიციებში და ა.შ. შემდეგ ამ დამსახურებისთვის ეს პატიმრები გამოუშვეს. მათთან ერთად ამ შეწყალებაში ოთხი მკვლელის გვარიც გააპარეს და შემდეგ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.

თავის დროზეც შეწყალების კომისიის საქმიანობა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებდა. ჩვენ ვიღებდით ერთს, ხოლო შემდეგ პროკურატურა ადასტურებდა მეორეს. ზურაბ ადეიშვილი უხეშად ერეოდა შესაწყალებელთა სიის კორექტირებაში. მაგალითად, ჩვენ შევიწყალებდით 100 კაცს და დიდი შანსი იყო, რომ ამ სიიდან 60-70 კაცი საერთოდ გამქრალიყო, შემდეგ კი ამ სიას ისეთი პატიმრები დამატებოდა, რომელთა საქმეებიც შეწყალების კომისიაში საერთოდ არ იყო განხილული. პრეზიდენტი ერთპიროვნულად სარგებლობდა თავისი დისკრეციული უფლებით, საქართველოს მოქალაქეები შეეწყალებინა. თუკი შენ ასე ერთპიროვნულად წყვეტ ამ საკითხს, მაშინ საერთოდ რად გინდა შეწყალების კომისია?

სწორედ ეს მინდოდა მეკითხა თქვენთვის, როდესაც პრეზიდენტს თვითონ, კომისიის გვერდის ავლით შეუძლია პატიმრების შეწყალება, მაშინ რატომღა ცდილობს, ამ კომისიაში თავისი სანდო პირების დანიშვნას?

- შეწყალების კომისია არის სწორედ რომ კომისია და კოლეგიალობის პრინციპიდან გამომდინარე მუშაობს. გადაწყვეტილება მოთათბირებით და შემდეგ კენჭისყრით უნდა იყოს  მიღებული. ადამიანის შესაწყალებლად კომისიის წევრების ხმათა უმრავლესობა არის საჭირო, რაც მინდა გითხრათ, არ არის მარტივი საქმე. მე სამ ასეთ სხდომას ვარ დასწრებული და ყოველთვის იყო ცხარე დებატები. რა თქმა უნდა, უმრავლესობა იქაც უმრავლესობაში იყო და ხშირ შემთხვევაში ისეთ გადაწყვეტილებას ღებულობდა, როგორიც სურდა, მაგრამ ხომ ღებულობდა ამ გადაწყვეტილებას? შემდგომში ეს გადაწყვეტილება კორექტირდებოდა და ადამიანს, რომელსაც ჩვენ შევიწყალებდით, პროკურატურა სიიდან იღებდა. დარწმუნებული ვარ, ბატონ სააკაშვილს ხშირ შემთხვევაში არც კი წაუკითხავს ის სიები, რომლებიც შემდეგ თითქოსდა მისი ხელმოწერით იყო დამშვენებული.

მოგეხსენებათ, შეწყალება არის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი და ყოველ ადამიანზე ცალკე უნდა გამოიცეს ამგვარი აქტი, რომელზეც პრეზიდენტის ხელმოწერა უნდა იყოს დაფიქსირებული. დარწმუნებული ვარ, რომ ხშირ შემთხვევაში სააკაშვილის ხელმოწერა არ იყო ამ დოკუმენტებზე დადებული, იყო ფაქსიმილე, რომელიც კაცმა არ იცის, ადეიშვილს ჰქონდა თუ ვინმე სხვას, და ისინი ფაქსიმილეს იმ აქტებზე ურტყამდნენ, რომლებზეც თვითონ სურდათ. ეს პროცესი მთლიანად საქართველოს მთავარ პროკურატურას და ბატონ ადეიშვილს ჰქონდა მინდობილი.

ახლა კიდევ ერთ საკითხზე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო. თუ აქამდე შეწყალების კომისია 6 თვეში ერთხელ, ან მაქსიმუმ წელიწადში სამჯერ იკრიბებოდა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ანუ სამ თვეში ისინი 6-7-ჯერ შეირკიბნენ და ათასზე მეტი პატიმარი გაანთავისუფლეს. ოღონდ იმ შეწყალებას, რაც შეწყალების კომისიამ განახორციელა, სააკაშვილის მიერ ინდივიდუალურად, შეწყალების კომისიის გვერდის ავლით განთავისუფლებული ადამიანები დაემატა. ეს მოხდა იმიტომ, რომ სააკაშვილმა ჩვენ ერთგვარი სოციალისტური შეჯიბრება გამოგვიცხადა - „თუ თქვენ უშვებთ 100 ადამიანს, მე გამოვუშვებ 300-ს, ოღონდ როგორ გამოვუშვებ მათ, ეს ჩემი საქმეა, არავითარ სამოქალაქო კონტროლს არ ექვემდებარება და მინდა მკვლელს გამოვუშვებ და მინდა ყაჩაღს“.

მოგეხსენებათ, ამნისტიის კანონპროექტის განხილვისას პარლამენტში ძალიან ცხარე დებატები იყო და თითოეულ ნორმასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა მსჯელობა. მეორე მხრივ, ამოქმედდა პირობით ვადამდე ადრე განთავისუფლების კომისია, რომელშიც საზოგადოებრივი საბჭოები მუშაობენ და ორივე ეს პროცესი სრულიად გამჭვირვალეა. ორივე ამ პროცესთან შედარებით შეწყალების პროცესი აბსოლუტურად დახურული იყო. თქვენ ვერ გაიგებდით, ვინ, როდის და როგორ გამოდიოდა, არ არსებობდა არავითარი სტატისტიკა. ამ სტატისტიკას ჩვენ პარტიზანული საშუალებებით მოვიპოვებდით ხოლმე მხოლოდ იმიტომ, რომ სასჯელაღსრულების მინისტრი „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია და ამ დოკუმენტაციაზე ხელი მიგვიწვდებოდა, თორემ მთელი ამ წლების განმავლობაში ვის უშვებდა სააკაშვილი, რა ნიშნით ათავისუფლებდა, არავინ იცის.

აქ უამრავი არა მხოლოდ გადაცდომა, არამედ შესაძლოა დანაშაულიც იქნა ჩადენილი, როდესაც უმძიმესი დანაშაულისთვის გასამართლებულ პირებს გარეთ გამოჰქონდათ 14 წელი, 17, 15 ან თუნდაც 9 წელი.

ახლა დავაკვირდეთ მეორე პროცესს, ანუ ვის ვანთავისუფლებთ ჩვენ და რა მუხლებით იხდიან სასჯელს ეს ადამიანები. ჩვენ ჰუმანიზმში გვეჯიბრება კაცი, რომელმაც მოაწყო შვიდი ნოემბერი და 26 მაისი, კაცი, რომელმაც უამრავი ადამიანი პირდაპირ ქუჩაში გაწყვიტა და ადამიანი, რომელმაც 26 მაისს დახოცა ხალხი, შემოაწყო მაღაზიის თავზე, შემდეგ მერაბიშვილს და ადეიშვილს სისხლით მოთხვრილი რუსთაველის გამზირი  მოარეცხინა და დიდი მხედართმავარივით ჩაიბარა სამხედრო აღლუმი. ეს კაცი ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ ჰუმანიზმში ეჯიბრება. ეს იგივეა, მე რომ რომელიმე სახელოვან კომპოზიტორს მუსიკის დაწერაში, ან რომელიმე გამოჩენილ სპორტსმენს სპორტულ შეჯიბრებაში შევედარო.