საერთაშორისო ბირჟებზე ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ფასები შეუჩერებლად მაღლა მიდის. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოჩენის პერსპექტივამ საერთაშორისო ბირჟები გამოცოცხლების გზაზე დააყენა. ცვლილება, პირველ რიგში, სანავთობო ბაზარს დაეტყო, სადაც გაძვირების ტენდენცია დაიწყო. ფაქტია, რომ მოსალოდნელ ცვლილებაზე სანავთობო ბაზარი დადებითად რეაგირებს.
ნავთობიმპორტიორები ამბობენ, რომ ამ პერიოდში 1 ტონა ბენზინის ფასი 40-50 დოლარით გაიზარდა და დღეს 390-400 დოლარის ფარგლებშია.
„სენტა პეტროლიუმ ჯორჯიას“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ კიდევ ერთი ფაქტორი, რაც ნავთობპროდუქტების ფასის ფორმირებაზე ახდენს გავლენას, ლარის გაცვლითი კურსია. ზაალ იაკობიძე განმარტავს, რომ საერთაშორისო ბაზრის ტენდენციებთან ერთად ლარის გაცვლითი კურსის გავლენით საქართველოში საბითუმო საწვავი 5-7 თეთრის ფარგლებში გაძვირდა.
„ამის შემდგომი ეტაპია ფასების ზრდა უკვე საცალო ქსელებში, რაც ალბათ უახლოეს პერიოდში მოუწევთ ნავთობკომპანიებს“, - განუცხადა „ბიემს“ იაკობიძემ და დასძინა, რომ ფასების ზრდა ბენზინგასამართ სადგურებზე იმ შემთხვევაშიც არის მოსალოდნელი, თუ საწვავის საბითუმო შესასყიდი ფასი უცვლელი დარჩა და არ შემცირდა.
სამედიცინო მიმართულებით განვითარებულ მოვლენებსა და ბიზნესის დადებით მოლოდინზე საუბრობს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ იობაშვილიც.
„ნავთობპროდუქტებზე ფასი როგორც გლობალურ ბაზრებზე, ასევე საქართველოშიც მოიმატებს, ადეკვატურად მიჰყვება საერთაშორისო ტენდენციას. მოხმარება გაიზრდება, როგორც კი ვირუსის გავრცელების მასშტაბი შემცირდება და ეკონომიკური კავშირები გააქტიურდება.
იმედს იძლევა გარემოება, რომ ვაქცინასთან დაკავშირებით წარმატებაა და დეკემბრის შუა რიცხვებში ამერიკას პრეპარატზე წვდომა ექნება. აქედან გამომდინარე, მოხმარება გაიზრდება. ადამიანებს მეტი მოთხოვნილება გაუჩნდებათ და გავლენას ტურიზმზეც მოახდენს. ველოდები, რომ ავიამიმოსვლა გააქტიურდება და, შესაბამისად, საავიაციო ნავთზეც მოიმატებს მოთხოვნა“, - განაცხადა იობაშვილმა.
ვაქცინის წყალობით გლობალურ ბაზრებზე ვითარების გამოსწორებას ვარაუდობს ანალიტიკოსი ნიკა შენგელიაც, რაც დადებითად იმოქმედებს ნავთობის ფასზეც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ფასი მნიშვნელოვნად მოიმატებს.
„დიდი მნიშვნელობა ექნება შეზღუდვების მოხსნას, რაც გადაზიდვის მაჩვენებელს გაზრდის. შესაბამისად, გაჩნდება მოლოდინი, რომ საწვავის მოხმარება გაიზრდება, რაც გამოიწვევს ნავთობის ფასის სტიმულირებას. ასევე გაიზრდება ბიზნესაქტივობა, რაც ეკონომიკის გამოღვიძების დასაწყისია“, - აღნიშნა ნიკა შენგელიამ.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ ინფორმაცია ახლახან გავრცელდა. კომპანიების - „ფაიზერისა“ და „ბიონტექის“ ცნობით, მათ მიერ შექმნილ ვაქცინაზე მიმდინარე კვლევის წინასწარმა ანალიზმა აჩვენა, რომ კოვიდ-19-ით დაინფიცირებისგან ვაქცინა ადამიანების 90%-ზე მეტს იცავს, ბოლო კვლევით კი ეს მაჩვენებელი 95%-ს გაუტოლდა.