მთავარი კითხვა ივანიშვილთან

მთავარი კითხვა ივანიშვილთან

„ნაციონალური მოძრაობა“ ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლამდე და მას შემდეგაც აქცენტს მის პროპუსულ ორიენტაციაზე აკეთებს. ხელისუფლებაში მოსვლამდეც და შემდეგაც კოალიცია „ქართული ოცნება“ ცალსახად აცხადებს, რომ მისი საგარეო ვექტორი ნატოსა და ევროკავშირისკენ არის მიმართული, თუმცა ისიც აშკარად ჩანს, რომ დასავლეთთან სრულ ურთიერთგაგებას ახალმა ხელისუფლებამ ჯერ ვერ მიაღწია.

რამდენად საფუძვლიანია შიშები და ეჭვები, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ გამოთქვამს ახალი ხელისუფლების საგარეო კურსის მიმართ ამ თემაზე ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გვესაუბრება.

ხათუნა ლაგაზიძე: ბევრი კითხვა ლოგიკურია, მოდით ვთქვათ, რა იწვევს ამ შიშს? ერთი ის, რომ ბევრ კითხვაზე პასუხი არ გაცემულა, არ დასმულა საკითხი და საგარეო პოლიტიკის რაღაც მიმართულებები ჯერ არ გააქტიურებულა. აქედან გამომდინარე, არც ჩანს პოზიცია, როგორი იქნება იგი.

არის სხვა მიმართულებები, იგივე საგარეო პოლიტიკის, სადაც რაღაც ნაბიჯები გადაიდგა და მნიშვნელოვნად განსხვავდება წინა ხელისუფლების ნაბიჯებისგან, ამანაც გააჩინა კითხვები.

ზოგადად, საგარეო პოლიტიკური ურთიერთობების სტილი შეიცვალა, რაც თვალშისაცემია - უფრო თავისუფალი და თვითკმარი გახდა წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით და  ზოგადად არღვევს ნორმატიულ კლიშეებსა და კონიუქტურას, რაც მიღებულია მსოფლიოში.

ღიად უნდა ითქვას, რომ ამ ხელისუფლების ახალი საგარეო პოლიტიკური სტილი ბევრ კითხვას აჩენს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.

ეს ყველაფერი კომპლექსურად, „ნაციონალურ მოძრაობას“ იმის თქმის უფლებას აძლევს, რომ ბევრი რამ საგარეო პოლიტიკური მიმართულებით იცვლება. თუმცა, აქ მთავარი კითხვაა, იცვლება მხოლოდ სტილი ურთიერთობის თუ იცვლება შინაარსი.

ნაციონალური მოძრაობახაზგასმით საუბრობს რუსულ ინტერესზე, არის თუ არა რუსეთთან ურთიერთიობის დალაგება საგარეო კურსის შეცვლა?

- ფაქტია ისიც, რომ რუსეთთან თვალშისაცემად გაინტენსიუირებულია ურთიერთობა არამარტო პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური თვალსაზრისით და აღარაფერს ვამბობ საქართველოს ეკლესიაზე.

პატრიარქის ვიზიტის ფარგლებში და ვიზიტის შემდეგ გაკეთებული განცხადებები ძალიან უცხოა იმისგან, რაც ჩვენ გვესმოდა არა მხოლოდ ბოლო 9 წლის განმავლობაში, არამედ, იგივე შევარდნაძის ეპოქაში. ამიტომაც, ბევრს ეხამუშა ისეთი ღია და გაჭრილი ორიენტირები, რომელიც პატრიარქის გამოსვლებში ისმოდა.

ის, რომ საქართველოში ეკლესია და ხელისუფლება ძალიან არის გადაჯაჭვული ერთმანეთთან, ახალი თემა არ არის. ზოგჯერ ეს გადაჯაჭვულობა კონფრონტაციში ვლინდება, როგორც წინა ხელისუფლების დროს, როცა ნაციონალების ხელისუფლების მთელი ისტორია ფაქტობრივად მათი მართლმადიდებლობასთან ბრძოლის 9-წლიანი ისტორიაც იყო, ისე ახალი ხელისუფლების დროს - არჩევნების წინა პერიოდიდან დაწყებული, განსაკუთრებით ბოლო თვეებში, ახლანდელი ხელისუფლებისადმი ეკლესიის მხრიდან ღია იყო მხარდაჭერა. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი გვაძლევს კითხვის ნიშნის დასმის საფუძველს, რომ რის ცვლილებასთან გვაქვს საქმე - მხოლოდ სტილის თუ შინაარსის?

რაც შეეხება აფხაზეთის რკინიგზას, რომლის შესახებ ლაპარაკიც კვლავ გაააქტიურა სააკაშვილმა. ეს იყო, მხოლოდ ერთი ფრაზა, ნათქვამი პრემიერის მიერ, რომ ეს საკითხი შესაძლოა, განიხილონ. არ ვიცით ამ მიმართულებით რა სახის მუშაობა მიმდინარეობს, ამ თემის განხილვა არ მომხდარა საჯაროდ, ვიცით  მხოლოდ, რომ აფხაზურმა მხარემ შეიძლება იფიქროს ამაზე. გვაძლევს ეს ფრაზა იმის საფუძველს, ვიფიქროთ რომ რუსეთის დაკვეთას ვასრულებთ?

- არ მაქვს ინფორმაცია, ამ მიმართულებით რაღაც მოლაპარაკებები მიდის თუ ეს იყო ინიციატივის დონეზე გახმიანებული, თუ ეს იყო შედეგი, რაც პირდაპირ თქვა ივანიშვილმა, რომ ის რეალურად მზად არ იყო ამ საკითხზე სასაუბროდ და ის პლუსები, მინუსები, რისკები და საფრთხეები, რაც ამ თემის წამოწევას შეიძლებოდა მოჰყოლოდა, მას საგარეო საქმეთა სამინისტრომ არ მიაწოდა.

თუ ლოგიკურ ხაზს ავაგებთ - ადამიანი ამბობს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უნდა მიეწოდებინა საგარეო საქმეთა სამინისტროს, არ მიაწოდეს. ეს უნდა ყოფილიყო დეტალურად განხილული საკითხი, როგორც სომხეთის ინტერესის სფერო - რა დადებითი და უარყოფითი მომენტები ახლავს მას, რა რისკები და შანსები. მსგავსი რამ  საგარეო საქმეთა სამინისტრომ პრემიერს არ მიაწოდა. ამის შემდეგ მიდის პრემიერი სომხეთში და აკეთებს განცხადებას, რომელსაც ასეთი აჟიოტაჟი მოჰყვა. ამ განცხადების შემდეგ, რაც ძალზე საინტერესოა, ის პერსონა, რომელსაც ევალებოდა ამ ინფორმაციის მიწოდება და არ მიაწოდა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ფაქტობრივად, დემარშით ტოვებს თავის პოსტს და საბაბად სწორედ ამას იყენებს, რომ უცნაური განცხადება გააკეთა პრემიერმა სომხეთშიო. ამ დემარშს უკვე ნაციონალები იყენებენ და აფრიალებენ დროშად. თუ ამ ლოგიკურ ხაზს გავყვებით, შეიძლება კითხვა ასეც დაისვას, იყო კი ეს ივანიშვილის ინიციატივა თუ აბსულუტურად შეგნებული საბოტაჟი ნაციონალების მხრიდან, ანუ ძალიან კარგად გაწერილი ბინძური სცენარი? ეს ერთი მიმართულებაა.

მეორეა, რომ ივანიშვილმა თქვა სწორედ ის, რისი თქმაც უნდოდა, თუმცა ის საკითხი, რომ მას ამ თემის განვითარების არგუმენტები არ ჰქონდა, აქტუალობას არ კარგავს...

როგორ ფიქრობთ, ამ თემაზე ცალსახად უნდა ვთქვათ უარი თუ შესაძლებელია მისი განხილვა, რას კარგავს საქართველო თუ აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე ლაპარაკს დაიწყებს?

- ასე ცალსახად და ხელაღებით ამ თემის დაბლოკვა არის სიბეცე. რა თქმა უნდა, უზარმაზარი რისკები არის. თეორიულად გასაგებია, თუ დღვანდელ სტატუს-კვოზე დაყრდნობით გაიხსნა ეს რკინიგზა, მესაზღვრეები და მებაჟეები ჩააყენეს აფხაზეთისა და სამეგრელოს საზღვარზე, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ავტომატურად ვაღიარეთ აფხაზეთის დამოუკიდებლობა.

ამას აუცილებლად მოჰყვება დომინოს პრინციპით აღიარებები მსოფლიოს ძალიან ბევრი ქვეყნის მხრიდან. როცა შენ დგამ ამ ნაბიჯს და ითმენ იმას, რომ აფხაზი მესაზღვრეები ჩაგიდგებიან სამეგრელოსთან, თავისთავად ეს არის მესიჯი მსოფლიოსთვის, რომ დოკუმენტზე ხელი კი არ მომიწერია, მაგრამ ფსიქოლოგიურად და გარკვეულწილად, სამართლებრივადაც შევეგუე იმას, რომ აფხაზეთი ჩემი  ტერიტორია აღარ არის.

რა თქმა უნდა, ეს არის უზარმაზარი რისკი, მაგრამ ამავე ალბათობით არის მცირე, მაგრამ მაინც შანსი იმისა, რომ ჩვენი მებაჟეები და მესაზღვრეები დაშვებულ იქნენ საქართველო-რუსეთის, ანუ აფხაზეთისა და რუსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე. ამ შემთხვევაში ეს იქნებოდა არაფორმალური აღიარება იმისა, რომ რუსეთი უკვე აღარ ცნობს აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ.

ეს არ იქნებოდა დოკუმენტურად გაფორმებული, მაგრამ ფაქტობრივად, ისეთივე მესიჯი იქნებოდა მსოფლიოსთვის, რომ ის არ ცნობს აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, როგორც პირველ შემთხვევაში. ეს მესიჯი იქნებოდა პირველ რიგში აფხაზებისთვის.

ეს შანსი არსებობს, მაგრამ ძალიან მცირე, მაგრამ რაკი არსებობს, რატომ არ უნდა იმოძრაო ამ მიმართულებით თუნდაც მოლაპარაკებების დონეზე? ეს ხომ აბსურდია, რომ წინასწარ თავი წაგებულად გამოაცხადო. ყველა შანსი უნდა იყოს გამოყენებული, მოლაპარაკებას ხელს რა უშლის? თუ არ შედგება ეს მოლაპარაკება, დავუბრუნდებით არსებულ სტატუს-კვოს.

რა თქმა უნდა, ისმის ის კითხვაც, დავუშვათ, წამოვიდა რუსეთი ამაზე და ჩვენი მესაზღვრეები დააყენა თავის საზღვართან, რის სანაცვლოდ შეიძლება ეს მოხდეს? ესეც უმთავრესი კითხვაა. ასე რომ, აქ ძალიან ბევრი საკითხია გასათვალისწინებელი.

თქვენ ახსენით, რომ საკმაოდ რთული თემაა, მაგრამ მოლაპარაკების დაწყება შესაძლებელია. ასეთ შემთხვევაში რას ემსახურება სააკაშვილის მწვავე განცხადებები, რომ ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა ქვეყნების ინტერესები და საქართველო არ უნდა გახდეს პაიკი რუსეთის თამაშში?

- სააკაშვილს რომ არასდროს არ ჰქონდა დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა მისი მოღვაწეობის არც ერთ ეტაპზე, ამას ამ საკითხისადმი მიდგომაც მოწმობს. ის აპელირებს იმაზე, რომ სომხეთს, აზერბაიჯანს რაღაც ინტერესები აქვთ, ვიღაცას კავკასიის კონტროლი გაუადვილდება და საერთოდ არ ახსენდება საქართველო. რეალურად, ის არასდოს არ ყოფილა საქართველოს პრეზიდენტი, მას არასოდეს არ დაუცავს საქართველოს საგარეო პოლიტიკური ინტერესები. ის ყოველთვის იყო მარიონეტი სხვის ხელში.

ასე დავსვათ საკითხი, თუ არსებობს თეორიული შანსი იმისა, რომ აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა? ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ძლიერი და სტაბილური მეზობლები გვყავდეს სომხეთისა და აზერბაიჯანის, იგივე თურქეთის სახით. ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათი ძლიერება, დამოუკიდებლობა და მათი პოლიტიკური თუ ეკონომიკური აღმავლობა.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ყველას ჰქონდეს თავისი თვითგამორკვევის უფლება და სტაბილურობა უპირველეს ყოვლისა, რაც უმნიშვნელოვანესია კავკასიის რეგიონში, მაგრამ სად დგას აქ საქართველოს ინტერესი?

რა თქმა უნდა, არ ვთვლი, რომ ამ ეტაპისთვის ეს არის თუნდაც რეალობასთნ მიახლოებული შანსი, მაგრამ თუკი ტეორიული შანსი არსებობს, რომ შენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღადგინო, ჯერ ეს უნდა იყოს შენი პრიორიტეტი და შემდეგ სხვა დანარჩენი - რა ირიბი ეფექტებიც შეიძლება ამას მოჰყვეს.

სააკაშვილის ხელისუფლება ასე არასოდეს არ უდგებოდა საგარეო პოლიტიკას - ჯერ ყველას ყველაფერი და მერე სადღაც ირიბად თუ შეეხებოდა რამეს საქართველოს ინტერესი, თორემ პირველი რიგის ამოცანა ეს ყოფილიყო, სხვა დანარჩენი კი გასათვალისწინებელი ფაქტორები, ასეთი მიდგომა ჩვენ არასდროს არ გვქონია.

ეგებ ახალ ხელისუფლებას ჰქონდეს ასეთი პოლიტიკა. კიდევ ვამბობ, ილუზიების ტყვე არ ვარ და ვხვდები, რომ რაკი კითხვის ნიშნები გაჩნდა, ამ კითხვებს კონკრეტული, დასაბუთებული პასუხები უნდა გაეცეს და არა დეკლარირებული, რომ მე ნატოსკენ მივდივარ და ევროპისკენ გავრბივარ.

რას გულისხმობთ, კონკრეტულ, დასაბუთებულ პასუხებში თუნდაც ამ საკითხთან დაკავშირებით?

- ან ერთი უნდა ითქვას ღიად და გასაგებად ამ ხელისუფლების მიერ ან - მეორე. თუ რეალურად გვინდა ამ დიდი გზის აღდგენა, ესეც უნდა ითქვას. ყველა ეტაპი რის საშუალებასაც სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესები იძლევა, უნდა იყოს გასაჯაროებული. უნდა ითქვას, რისკენ მივდივართ და რის ნაცვლად რას მივიღებთ.

მესმის, რომ ახალი ხელისუფლების სტაბილურობას და მდგრადობას არაფერი ემუქრება თვალსაწიერ მომავალში, მაგრამ ერთი რამ მაინც არ მესმის, როგორადაც არ უნდა იყო დაჯერებული საკუთარ სტაბილურიბასა და პერსპექტიულობაში, რატომ აჩენ ამდენ კითხვის ნიშანს? ეს ხომ დაგროვდება და ადრე თუ გვიან სადღაც ამოხეთქავს. ასე იყო სააკაშვილის ხელისუფლების დროსაც, რომელსაც ეგონა, რომ მუდმივი იქნებოდა.

რატომ აგროვებ ამ კითხვებს, მითუმეტეს, თუ შენს სიმართლეში დარწმუნებული ხარ, მითუმეტეს, რომ შენი საგარეო პოლიტიკური კურსი სწორედ შენი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება და შემდეგ პარალელურად, ითვალისწინებს სტრატეგიული პარტნიორების ინტერესებს? თქვი ეს და მოხსენი ეს კითხვის ნიშნები.

არ გამიჩნდებოდა კითხვები, რომ ვიცოდე, ნამდვილად მიდის ამ თემაზე საუბარი, ვიცით საფრთხეები, რაც ამას შეიძლება მოჰყვეს და ვიცით ის შანსი, რაც შეიძლება გამოჩნდეს და ვიცით, თეორიულად რა უნდა მოვთხოვოთ რუსეთს ამ შანსის რეალიზაციის სანაცვლოდ. ეს თვალსაჩინოდ უნდა იყოს მოწოდებული და არა ბუნდოვნად, რომ შედეგად არასასურველ გამოძახილს ჰპოვებდეს.

დარწმუნებული ვარ, რასაც ნაციონალები „მუხრუჭის“ გარეშე ამბობენ, ის აქტიური განხილვის თემაა დასავლეთის კაბინეტებშიც. კიდევ ვამბობ, ეს არ არის მხოლოდ ნაციონალების ახირება, თუნდაც, მათი მონაწილეობით განხორციელებული ბინძური სცენარი იყოს.

კითხვის ნიშნები რომ ჩნდება და არა მხოლოდ ამ მიმართულებით, ესეც არ არის ნაციონალების ახირება. სხვას რომ თავი დავანებოთ, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, საკმაოდ გამოცდილმა დიპლომატმა თედო ჯაფარიძემ აღიარა, რომ ძალიან ცუდად აქვთ საქმე ევროპულ სარბიელზე. რატომ ქმნიან ასეთ სიტუაციას, ამ კითხვაზე ვერ ვცემ პსუხს.

დავით დარჩიაშვილი საუბრობს სტრასბურგის კულუარებზე და ამბობს, რომ აქვს ინფორმაცია, თითქოს, რუსები საქართველოს ხელისუფლებაშში გარკვეულ საკადრო ცვლილებებს ელოდებიან, რომ ურთიერთობების დალაგება დაიწყონ. რა საფუძველი შეიძლება ჰქონდეს ამ განცხადებას?

- არ ვიცი, რა კულუარებს ეყრდნობა დარჩიაშვილი და ზოგადად, არ მჯერა ნაციონალების არც ერთი სიტყვის. რატომ არ შიფრავს, რომელ საკადრო ცვლილებებს გულისხმობს? დაახლოებით თვენახევრის წინ, სერგეი მარკოვმა გააკეთა ასეთი განცხადება, რომ სააკშვილი რამდენიმე თვეში წავა პრეზიდენტობიდან და ამის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების პრობლემა მოიხსნებაო. შესაძლოა, ამას გულისხმობს, შეიძლება სხვა რაღაცას.

არ ვიცი, რას გულისხმობს დარჩიაშვილი და ჰყავს თუ არა რეალური წყარო. სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, რომლის სიტყვასაც ფასი და ნდობა აქვს დაკარგული. არანაირი არგუმენტი, რატომ უნდა ვენდო ნებისმიერი ნაციონალის სიტყვას, არ მაქვს. ამიტომ, ვერ გეტყვით, ეს არის მორიგი ბინძური სცენარი თუ რელობა და, რომ დასავლეთის პოლიტიკურ დერეფნებში ჩვენზე მეტი ინფორმაცია აქვთ და რაღაცას ელიან. რა თქმა უნდა, ამასაც არ გამოვრიცხავ, მაგრამ დარჩიაშვილისგან ამას ვერ მივიღებ და სულ არ მჭირდება დარჩიშვილი იმისთვის, რომ კითხვის ნიშნები მეც მქონდეს.

გულისხმობთ იმ განსხვავებულ სტილს რაზეც უკვე ვისაუბრეთ?

- ის გულწრფელობა, რაც ახასიათებს საქართველოს ახალ ხელისუფლებას, ვერ ეწერება ვერც ერთ ეტიკეტში. საერთაშორისო დონეზე აღიარო, რომ ინფორმაცია სრულად არ მქონდა და მსგავსი რაღაცეები, სულ ცოტა, გაკვირვებას იწვევს. მაინც ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია შინაარსი თორემ ასეთ სტილს შეეგუებიან.

მათ თარგზე მოჭრილ სააკშვილს რაც ასწავლეს, საერთაშირისო ეტიკეტისთვის მისაღები ლექსიკა იყო, რომელიც შემდეგ ევროამერიკელ პოლიტიკოსებს ილუზიებში აგდებდა თავისი გამოსვლებით. აქ გვაქვს მეორე რეალობა, ილუზიებსა და „ნირვანაში“ კი არ გადაჰყავს ივანიშვილს ისინი, „ცივ შხაპს“ ასხამს თავისი პირდაპირი და ხისტი სტილით. მათი გადმოსახედიდან ესეც ბადებს კითხვებს - როცა მთელი მსოფლიო ერთ ხელწერასა და ერთ ლესქსიკურ მარაგს იყენებს, ასეთი სიახლე შფოთსა და გაუგებრობას იწვევს-ხოლმე, მაგრამ კიდევ ვამბობ, ეს ყველაფერი მოვლადია, თუ მთავარი კითხვა იქნება პასუხგაცემული - რა შინაარსთან გვაქვს რეალურად საქმე?

სააკშვილი  ყველა ტრიბუნიდან აცხადებს, რომ ქართული სახელმწიფო ინგრევა და ამაზე ყოველთვის ხმას ამოიღებს. თქვენი შეფასებით, რა ეფექტი ექნება ამას?

- გააჩნია ვისგან ვისმენ ამას. სააკაშვილს თავისი მოღვაწეობის არც ერთ ეტაპზე არ უფიქრია ქართულ სახელმწიფოზე. ის ფიქრობდა ერთადერთზე - როგორ შეენარჩუნებინა თავი სახელმწიფოს პირველ პირად და სრულიად ნეიტრალური დამოკიდებულება ჰქონდა სიტყვა საქართველოს მიმართ. მთავარი იყო პირველი პირობა თუნდაც იმის ფასად, რომ X სახელმწიფოს X მოქალაქეები ჩაელპო ციხეში, გაეუპატუიურებინა, შიმშილით ამოეხოცა და ა.შ. ამ ადამიანს არანაირი მორალური უფლება არ აქვს ამაზე ილაპარაკოს და დაცინვაა მისი მხრიდან ქართული სახელმწიფოს ინტერესებზე საუბარი.

თუმცა, მეორეა რომ კითხვის ნიშნები უნდა მოიხსნას. ივანიშვილი ის ფიგურაა, რომელიც მსოფლიოს 200 წარმატებული ადამიანის რიცხვშია, მისი კონტაქტები ზედაპირზე არ ჩანს, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ამ წარმატებულ ადამიანთა სიაშია, ადვილი წარმოსადგენია, რა მასშტაბის კონტაქტები და რა გავლენები აქვს მსოფლიოს საბანკო და ფინანსურ წრეებში, რომლებიც რეალურად მართავენ მსოფლიოს. მეორე მხრივ, ძალიან დიდი მოლოდინი და ნდობაა მის მიმართ ქვეყანაში. მას და მის ფინანსურ ნაკადებს კონკურენტი არ ეყოლება ძალიან დიდხანს საქართველოში - ძნელად წარმომიდგენია, გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც შეძლებს იმავე ფინანსური ნაკადებით დაუპირისპირდეს ივანიშვილს საქართველოში გავლენის მოსაპოვებლად. ეს ყველაფერი აძლევს მას იმის საფუძველს, რომ თავი იგრძნოს ძალიან მყარად, მაგრამ ეს საქართველოა და აქ მუდმივი არავინ და არაფერი არ არის. კიდევ ვამბობ, რაც შეიძლება ნაკლები კითხვები უნდა გააჩინოს თავისი პოლიტიკური კურსის მიმართ, რადგან დაგროვდება და რაღაც მომენტში კრიტიკულ ზღვარსაც მიაღწევს. თუმცა, ვერ ვხვდები ამაზე რატომ არ ზრუნავს და სწორედ ეს არის ჩემი მთავარი კითხვა.