„პატრიარქს ქართველი მეფეების ნეშტის ნაცვლად, ალექსანდრე ნეველის ნაწილები გადასცეს“

„პატრიარქს ქართველი მეფეების ნეშტის ნაცვლად, ალექსანდრე ნეველის ნაწილები გადასცეს“

კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა  და უნეტარესის, ილია მეორის მოსკოვში სტუმრობამ და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გამართულმა შეხვედრამ უმცირესობის წევრები - ზურაბ ჯაფარიძე, სერგო რატიანი და დავით დარჩიაშვილი გააღიზიანა. კანონმდებლები საქართველოს სამოციქულო ეკლესიას მოუწოდებენ - თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც შეიძლება ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ, ქვეყნის ინტერესების საზიანოდ იქნას გამოყენებული.

დეპუტატებისგან განსხვავებით, პატრიარქი მოსკოვში ხუთ დღიან ვიზიტს ისტორიულს უწოდებს და აცხადებს, რომ ღვთის წყალობითა და შეწევნით, ვიზიტი იყო ძალიან წარმატებული.

„ვფიქრობ, ეს იყო ისტორიული ვიზიტი და მას კარგი შედეგები მოჰყვება“, - ბრძანა უწმინდესმა, რომელიც მართლმადიდებელი ხალხების დამეგობრებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის „მართლმადიდებელ ხალხთა ერთობის ფონდმა“ სპეციალური პრემიით დააჯილდოვა.   

პატრიარქის საქართველოში ჩამობრძანებას, უმალვე, დეპუტატების - ზურაბ ჯაფარიძისა და სერგო რატიანის წერილობითი განცხადება მოჰყვა, რომელთა პათოსიც დავით დარჩიაშვილმაც გაიზიარა.  

„გასაგებია, რომ ეკლესიას და პატრიარქს აქვთ სურვილი, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის იყოს ნორმალური, კეთილმეზობლური და მშვიდობიანი ურთიერთობები, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთის ფედერაციას,  საქართველოს ტერიტორიის ერთი მეხუთედი დღემდე ოკუპირებული აქვს და ეს ქვეყანა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებს. ასეთ ვითარებაში, მტრული სახელმწიფოს პირველ პირთან გადაჭარბებული მოწიწებით საუბარი საქართველოს სუვერენიტეტისთვის სიკეთის მომტანი ვერ იქნება.

ეს საქართველოს ნებისმიერ, საერო თუ სასულიერო ლიდერს მუდამ უნდა ახსოვდეს, როდესაც, საუბრობს სამარადჟამო „ძმობაზე“ იმპერიასთან, რომელმაც 200 წლის განმავლობაში, საქართველოს ოკუპაცია რამდენჯერმე მოახდინა, ქართული ეკლესია-მონასტრები მიწასთან გაასწორა, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია გააუქმა,  ასობით ათასი ქართველი პატრიოტი სიცოცხლეს გამოასალმა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო ოკუპაციას დღემდე აგრძელებს და ასობით ათას ჩვენს მოქალაქეს საკუთარ სახლში დაბრუნების საშუალებას არ აძლევს“, - ნათქვამია დეპუტატების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თუ რამ გააღიზიანა უმცირესობის წარმომადგენლები? - For.ge დეპუტატ სერგო რატიანს ესაუბრა:

სამოციქულო ეკლესიას მოუწოდებ- თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც შეიძლება ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ, ქვეყნის ინტერესების საზიანოდ იქნას გამოყენებული. რა ქმედებებზე საუბრობთ, რას გულისხმობთ?

- რუსეთი, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, დაწყებული სტალინის ეპოქიდან, საკუთარი აგრესიული პოლიტიკის და უკვე განხორციელებული ოკუპაციების გადასაფარად, ე.წ. „მშვიდობის პოლიტიკას“ იყენებდა, მათ შორის - რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანების მეშვეობით. ამ მეთოდებს მოსკოვი იმისთვის იყენებს, რომ საკუთარ „მონაპოვარს“ ლეგიტიმაცია მისცეს. ამ ფონზე კი, პრობლემატური გზავნილები არ უნდა გაკეთდეს. ამას გარდა, მოხუცი პატრიარქი მოსკოვში  ჩასული იყო და მისი სურვილი იყო, რომ ქართველი მეფეების ნეშტის გადმოსვენება მოხდეს, ჩვენი მეფეების ნეშტის ნაცვლად კი, მას ალექსანდრე ნეველის ხატი და ნაწილები გადასცეს. ეს პოლიტიკური თეოლოგიის დონეზე, სხვას არაფერს ნიშნავს, თუ არა იმას, რომ ჩვენ ვართ - ვასალური სახელმწიფო. ეს კი, შუა საუკუნეების ტიპის ურთიერთობას მახსენებს, რომელსაც რუსეთი მიმართავდა.

მესმის, საპატრიარქოსა და პატრიარქს სურს, რომ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობა და მშვიდობა იყოს, ასევე მესმის, რომ მნიშვნელოვანია ეკლესიებს შორის ურთიერთობა, მაგრამ იქ, სადაც პოლიტიკურ პირებთანაა შეხვედრა, ეს პოლიტიკური აქტია, ჩვენ კი, კეთილსინდისიერები უნდა ვიყოთ და პოლიტიკური პროცესი შევაფასოთ.   

თქვენ თვლით, რომ რუსეთში პატრიარქის სტუმრობა და პუტინთან შეხვედრა ქვეყნისთვის საზიანოა?

- ვლადიმერ პუტინი, მტერი სახელმწიფოს პირველი პირია და მასთან შეხვედრა პოლიტიკური აქტია. როდესაც განცხადება კეთდება, რომ თურმე, ის რაც მოხდა, ცალკეული პიროვნებების ბრალი იყო, სრულიად მიუღებელია და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის საზიანოა და ოკუპანტი სახელმწიფოს წისქვილზე ასხამს წყალს. ეს არის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა, პოლიტიკური პროცესები კი,  სტატუსს ვერ ითმენს. ჩემს მსგავს დამოკიდებულებას, ზოგი შეიძლება ეთანხმება და ზოგი - არა, მაგრამ საეკლესიო პირი შეიძლება ჩართული იყოს სამეცნიერო საქმიანობაში, რომელიც იქვე  კრიტიკას მოითხოვს. როდესაც, ეკლესია პოლიტიკაში ერთვება, ის ჩვეულებრივ პოლიტიკურ შეფასებას იმსახურებს. პოლიტიკური პროცესებში ჩართვა პრობლემატურია და ამ გზას, ან საბჭოთა ტიპის სახელმწიფომდე მივყავართ, ან თეოკრატიისაკენ.

პატრიარქის აღსაყდრებიდან წელს 35 წელი გავიდა და როდესაც, თქვენ გარკვეულ მოწოდებას აკეთებთ, შეგიძლიათ, უწმინდესის მიერ გადადგმული თუნდაც ერთი ნაბიჯი, ან ერთი ქმედება დაასახელოთ, რომელიც ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო იყო?

- საწინააღმდეგოს არაფერს ვამბობ, არამედ იმას ვგულისხმობ, რომ როდესაც, შენ ქართველი მეფის ნეშტს ითხოვ და რუსი მეფის ნაწილებს გადმოგცემენ, ეს პოლიტიკური თეოლოგიის მიხედვით, იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ ვასალი სახელმწიფო. ამ შედეგის, პოზიტიურად აღქმა კი, პირადად ჩემთვის არის შეუძლებელი. განცხადება, რომ  პუტინსა და მედვედევს საქართველო და ქართველი ხალხი უყვარს მიუღებელია, რადგან თანამედროვე ერი დაკავშირებულია სახელმწიფოსთან და ქვეყანას, რომელიც ქართულ სახელმწიფოს უქმნის პრობლემას, წარმოუდგენელია ქართველი  ხალხი უყვარდეს.

ფაქტია, რომ რუსული მხარის უკანონო ქმედებებზე, პასუხად, „ნაციონალური მოძრაობისაგრესიულმა პოლიტიკამ შედეგი ვერ გამოიღო და ვხედავთ, რომ უწმინდესი ქვეყნებს შორის არსებული პრობლემების მოგვარებას მშვიდობიანი გზით ცდილობს. მშვიდობაში, რა არის ცუდი და პირადად თქვენ, არსებული ჩიხური სიტუაციიდან გამოსავალს, რაში ხედავთ?

- შეიძლება ალტერნატიული პოლიტიკა არსებობდეს, მაგრამ ეს პოლიტიკა ვიღაცას აქვს და ვიღაცას არა. თუ გარკვეულ პოლიტიკას ემხრობი, ე.ი პოლიტიკური მოთამაშე ხდები. მოტივებზე არ ვსაუბრობ, არამედ ყურადღებას პოლიტიკურ გამოვლინებაზე ვამახვილებ. მესმის, რომ სასურიელო პირს აქვს მოტივაცია მშვიდობის, მაგრამ რეალურად, ეს მშვიდობის პოლიტიკა არ არის მშვიდი, რადგან ისტორია სხვას გვეუბნება.  არ მგონია, რომ ამ პროცესებს, სრულიად საქართველო დადებითად აფასებდეს. პოლიტიკაში როცა ერთვები, პოლიტიკურ შეფასებებს უნდა ელოდოთ.

პატრიარქი რუსეთში მაღალი თანანმდებობის პირებს მაშინაც ხვდებოდა, როდესაცნაციონალური მოძრაობახელისუფლებაში იყო. კერძოდ, საჩხერის რაიონის, სოფელი პერევი რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა სწორედ, უწმინდესის დამსახურებით დატოვეს და მაშინ, ილია მეორეს, თქვენი გუნდი, რატომ არ აკრიტიკებდა?

- წინა ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიციების შესახებ, არაფერი ვიცი, მაგრამ ჩემი კრიტიკული სტატია, მაშინაც არსებობდა.

თქვენს კრიტიკასნაციონალური მოძრაობისსრული შემადგენლობა უერთდება თუ, ეს  მხოლოდ თქვენი პოზიციაა?

- ეს პირადად,  ჩვენი - ბატონი ზურასა და ჩემი განცხადება და მოსაზრებაა. ამ შემთხვევაში, მე და ზურა  ერთმანეთს დავუკავშირდით და ეს პოზიცია დავაფიქსირეთ.

P.S. რატიანის მტკიცების მიუხედავად, სავარაუდოა, რომ ამ განცხადების პათოსს სრულიად უმცირესობა იზიარებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი „გუნდური“ საქმიანობიდან გამომდინარე, ჯაფარიძე და რატიანი მსგავს პოზიციას ვერ  დააფიქსირებდნენ. ამის თქმის საბაბს კი, „ნაციონალებში“ დამკვიდრებული ტრადიცია გვაძლევს. კერძოდ, ლიდერებთან შეჯერებული პოზიციის გარეშე, გუნდის რიგითი წარმომადგენლები განცხადებებს ვერ აკეთებენ, მითუმეტეს, პატრიარქთან მიმართებაში. მაგალითად, ასე მოხდა, მაშინაც, როდესაც, მეშვიდე მოწვევის პარლამენტში, ჯონდი ბაღათურიას ეთნიკურად აზერბაიჯანელმა დეპუტატმა, აზერ სულეიმანოვმა ვაზელინი ესროლა და მას  „ბაღათურიანი“ უწოდა, რის გამოც, სომეხი დეპუტატი გაღიზიანდა. ეთნიკურად სომეხი დეპუტატის დასამშვიდებლად კი, გოკა გაბაშვილის სამუშაო კაბინეტში, სულეიმანოვის სახელით განცხადება ისე მომზადდა და გაკეთდა, რომ თავად სულეიმანოვი საკანონმდებლო ორგანოში არც კი, იმყოფებოდა.