„ბურჯანაძეს, სააკაშვილს და ბოკერიას აერთიანებთ ივანიშვილის დამხობა, მაგრამ ეს მიზანი მიუღწევადია“

„ბურჯანაძეს, სააკაშვილს და ბოკერიას აერთიანებთ ივანიშვილის დამხობა, მაგრამ ეს მიზანი მიუღწევადია“

იმ ფონზე, როცა ანალიტიკოსთა უმეტესობა ოპოზიციის სიმყიფეზე საუბრობს, ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციამ უპრეცედენტო ერთობა აჩვენა, რაც ქართულ პოლიტიკურ ისტორიას არ ახსოვს და ეს ის ერთობაა, რასაც წლებია, ჩვენი საზოგადოება ითხოვს.

ამდენად, გიორგი მარგველაშვილის თქმით, ოპოზიციას შესწევს უნარი, დააყენოს ის პოლიტიკური ვითარება, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ შეუკვეთა.

იმის გათვალისწინებით, რა გზაც გამოიარა ოპოზიციურმა ერთობამ, ეს იყო თუ არა უპრეცედენტო მაგალითი, რაც ქართულ პოლიტიკურ ისტორიას არ ახსოვს, თუ მაინც მყიფეა ოპოზიცია?

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ პირადად მისი დამოკიდებულება არც ერთი წამით არ შეცვლილა იმ პოლიტიკური ვექტორის მიმართ, რასაც ჰქვია რუსეთი. მისთვის ეს არის წითელი ხაზი და დღესდღეობით კიდევ უფრო უმტკიცდება მყარი პოზიცია, რომ არასდროს რუსული ვექტორი ახლოს არ უნდა გაიკარო. თუმცა, როდესაც ტოტალურ გაყალბებასა და სახელმწიფო ინსტიტუციის მიტაცების მცდელობაზეა საუბარი, თაკო ჩარკვიანის აზრით, ყველას აქვს უფლება, ერთად დადგეს და ხელი შეუშალოს სრულიად სახელმწიფოს ჩამოშლას. სწორედ ამით აიხსნება, რომ ოპოზიციური სპექტრი ერთად დადგა, მათ შორის, ერთად არიან რუსული ვექტორის მომხრეებიც და მოწინააღმდეგებიც.

„ეს ერთიანობა მხოლოდ ამ ეტაპზე, ამ კონკრეტულ სიტუაციაშია, თორემ მე პირადად და, ასევე სხვა პარტიებიც, სხვა საკითხებთან დაკავშირებით რუსულ ვექტორთან ერთად ურთიერთობის გაგრძელებას ნამდვილად არ ვაპირებთ. მთელი უბედურება, რაც საქართველოს სჭირდა და სჭირს, ეს არის ერთადერთი - რუსული მმართველობა, რუსული მექანიზმი და მანქანა, ამიტომ ამ ვექტორს პოლიტიკურად უნდა გავემიჯნოთ, როგორც ბალტიისპირეთმა გააკეთა ეს და ამოისუნთქა. სხვათა შორის, ბევრმა ქვეყანამაც იგივე გაიმეორა“, - აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა for.ge-სთან საუბრისას და შეკითხვის საპასუხოდ, მყიფე ოპოზიცია ხომ არ დაიშლება, თუკი ხელისუფლება კულუარულ მოლაპარაკებებს მოახერხებს, განმარტა, „არავითარი დაშლა, ეს გამორიცხულია“.

თაკო ჩარკვიანის თქმით, ოპოზიციურ სპექტრში ერთმა ადამიანმაც თავი რომ მოიჭრას, ეს უკვე მის მომავალზე აისახება. პოლიტიკოსი ეჭვობს, ასე მოხდეს, მაგრამ იმის ალბათობასაც უშვებს, რომ ეშმაკს არ სძინავს.

„ჩვენ იქ ვართ ადამიანები მყარად, რომლებიც ჯანმრთელ დემოკრატიულ პოლიტიკურ ამინდს შევქმნით. ამას ჰქვია დასავლური ვექტორი, ამიტომ დასავლურ ვექტორს არაფერი ემუქრება. ვფიქრობ, ოპოზიციური ერთიანობა ბოლომდე იქნება. მთავარია, ის ჩიხი, რომელიც თავად შექმნა ხელისუფლებამ, გაიხსნას. ახლა ვურჩევდი ხელისუფლებას, მონახოს გზა და თვითონვე გამოვიდეს ამ ჩიხიდან სამართლებრივი გზით. არასამართლიანი გზით გამოსვლა არ არსებობს. შეიძლება ჩიხიდან გამოვიდეთ მხოლოდ სამართლებრივი გზით. ეს ბერკეტი ხელისუფლების ხელშია. არავინ კრიჭაში არავის არ უდგას. თუ ვინმეა ოპოზიციაში, გამოჩნდეს და ვნახავთ, ვინ შევა პარლამენტში“, - ამბობს თაკო ჩარკვიანი.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ არანაირი ერთიანობა არ აჩვენა ოპოზიციამ, ისინი გაერთიანებულნი არიან მხოლოდ ნეგატიური მიზნით, არაფერი არ აერთიანებთ.

„ბურჯანაძეს, სააკაშვილს და ბოკერიას რა შეიძლება აერთიანებდეთ? ერთი ალთასაა, მეორე ბალთას. მათ აერთიანებთ საერთო სამიზნე - ივანიშვილის დამხობა. ეს მიზანი მიუღწევადია, თუმცა, სანამ ეს მიზანი ექნებათ, თითქოს გარეგნულად ერთიანნი იქნებიან. სინამდვილეში, ეს არ არის ერთობა, ეს არის ყველანაირი ერთობის საწინააღმდეგოდ მიმართული მექანიკური ერთად ყოფნა, ნგრევის გარშემო შექმნილი ერთობა. არსებითი საფუძველი მათ ერთობას არ გააჩნია, ყოველ წუთს ჩხუბობენ და ეს იმის გამოხატულებაა, რომ ვერასდროს მორიგდებიან“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი for.ge-სთან საუბრისას.

ანალიტიკოსის მოსაზრებით, ის, რომ ოპოზიციონრები ოდესმე შექმნიან რაიმე კოალიციას, მით უმეტეს, კოალიციურ მთავრობას, წარმოუდგენელი აბსურდია. მეორე დღესვე დაეშლებათ ასეთი კოალიცია. სინამდვილეში, ეს ნიშნავს სააკაშვილის დაბრუნებას და „ნაცმოძრაობის“ ავტორიტარიზმის აღდგენას.