მიხეილ სააკაშვილს პარლამენტში აღფრთოვანებული უმრავლესობა აღარ დახვდება

მიხეილ სააკაშვილს პარლამენტში აღფრთოვანებული უმრავლესობა აღარ დახვდება

დღეს for.ge-ს პრეს-კლუბის სტუმარი, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, კოალიცია „ქართული ოცნებისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ირაკლი ჩიქოვანი იყო და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. თავდაპირველად, მან ევროსაბჭოში ქართული დელეგაციის ვიზიტსა და ევროსაბჭოს რეზოლუციის შესახებ ისაუბრა. ირაკლი ჩიქოვანი ევროსაბჭოში საქართველოს დელეგაციის ვიზიტსა და მუშაობას დადებითად აფასებს, რადგან უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში საქართველოსთან დაკავშირებით პირველი რეზოლუცია იქნა მიღებული.

„ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არის ჰუმანიტარული ხასიათის რეზოლუცია, რომელიც იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების მდგომარეობის აღწერას ისახავდა მიზნად. ამ რეზოლუციაში მნიშვნელოვანია აგრეთვე ის, რომ კვლავაც შენარჩუნებულია ის ფრაზეოლოგია, რომელსაც ადრე იყენებდა როგორც ევროპის საბჭო, ასევე მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობა და არის ახალი ელემენტებიც. კერძოდ, პირდაპირ არის მითითებული, რომ ევროკავშირის მონიტორინგის მისიას აუცილებლად უნდა მიეცეს საშუალება, საკუთარი მანდატი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე განახორციელოს. ხაზს ვუსვამ იმასაც, რომ ამ ტერიტორიების აღსაწერად რეზოლუციაში სწორედ სიტყვა „ოკუპირებული“ არის გამოყენებული“, - ამბობს ირაკლი ჩიქოვანი.

ამასთანავე, მისი თქმით, რეზოლუციაში პირდაპირ არის მითითებული, რომ ყველა იძულებით გადაადგილებულ პირს და დევნილს აქვს უფლება, საკუთარ სახლში უსაფრთხოდ დაბრუნდეს, როგორც ამას საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპები და ნორმები ითვალისწინებს. ირაკლი ჩიქოვანი ამბობს, რომ ქართულ დელეგაციას (საპარლამენტო უმრავლესობასაც და უმცირესობასაც) ერთიანი პოზიცია ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა ასახულიყო ევროპის საბჭოს რეზოლუციაში. ქართულ დელეგაციას რამდენიმე ცვლილება ჰქონდა, მაგრამ იმედი არ ჰქონდა, რომ რეზოლუციაში ყველა ეს ცვლილება აისახებოდა, თუმცა ყველა ცვლილება, რომელიც დელეგაციამ ჩაიტანა ზემოთჩამოთვლილი საკითხების ირგვლის იყო კონცენტრირებული.

ჩიქოვანის თქმით, იყო მოლოდინი, რომ „ევროპის სახალხო პარტია“ (რომლის წევრიც „ნაციონალური მოძრაობაა“) ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მიმართავდა (და მიმართა კიდეც), რომ საქართველოში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით სპეციალური დებატები გამართულიყო. თუმცა დებატები არ ჩატარდა, რადგან ევროპის საბჭომ არ ჩათვალა, რომ ამ საკითხზე დებატების გამართვა იყო აუცილებელი. ირაკლი ჩიქოვანი ევროპის საბჭოში პრეზიდენტის გამოსვლასაც შეეხო და განაცხადა - სამწუხაროა, რომ მიხეილ სააკაშვილს, რომლის პრეზიდენტის რანგში ერთ-ერთი პირველი გამოსვლა სწორედ ევროპის საბჭოში ჰქონდა, ახლა ამავე ტრიბუნიდან ძალიან ბევრი ტყუილის თქმა უწევდა იმისთვის, რომ საკუთარი ცხრაწლიანი მმართველობა გაემართლებინა.

ირაკლი ჩიქოვანი ევროპაში მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ რეზოლუციაში ბოლო მომენტში გარკვეული შესწორებები შევიდა და ამის მიზეზი გახდა ის, რომ ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს და დაჟინებით სთხოვდნენ, ეს ინფორმაცია რეზოლუციაში ასახულიყო.

„საუბარია იმაზე, რომ თითქოს, ბატონი ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლისა და „მეცხრე არხის“ გაერთიანებას და ამით საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთარ კომპანიად ქცევას ცდილობს. რა თქმა უნდა, ეს აბსოლუტური სიცრუეა. ჩვენ განმარტებები ევროპის საბჭოშიც გავაკეთეთ და შემდგომშიც მივაწვდით ინფორმაციას ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს იმის თაობაზე, რომ ბატონი ბიძინა საზოგადოებრივ მაუწყებელს არაერთხელ დახმარებია და იმის შესახებ გააკეთა განცხადება, რომ „მეცხრე არხის“ ბაზა საზოგადოებრივ მაუწყებელს გამოეყენებინა“, - აღნიშნავს ირაკლი ჩიქოვანი.

საბოლოოდ, იგი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას საქართველოს საკითხთან მიმართებაში დადებითად აფასებს. რაც შეეხება მედიის თავისუფლების შესახებ რეზოლუციას, ჩიქოვანის თქმით, რეზოლუციაში საქართველოს შესახებ ჩანაწერი დავის საგნად იქცა არა მხოლოდ საქართველოს დელეგაციისთვის, არამედ ევროპის ბევრი ქვეყნის დელეგაციისთვისაც და მიუხედავად იმისა, რომ რეზოლუცია მიიღეს, მის შედეგად რეკომენდაციები არ იქნა მიღებული, რადგან მას დეპუტატთა შესაბამისმა რაოდენობამ არ დაუჭირა მხარი.

ბატონო ირაკლი, თქვენ აღნიშნეთ, რომ რეზოლუციაში მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით ბოლო მომენტში შევიდა ცვლილებები, რამ გამოიწვია საქართველოს შესახებ ჩანაწერის გაჩენა - ეს იყო საქართველოს მმართველი გუნდის დასავლეთთან არასათანადო კომუნიკაციის, თუ ევროპის სახალხო პარტიის მიერნაციონალური მოძრაობისლობირების შედეგი?

- მინდა გითხრათ, რომ რეზოლუციაში ამგვარი ჩანაწერი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი კანდელაკის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გაჩნდა, სხვა განსაკუთრებული იქ არაფერი მომხდარა. სამწუხაროა, რომ ევროპელ კოლეგებს ამ სიცრუის დაჯერება მოუხდათ. ამაში მათ არ ვადანაშაულებ, უბრალოდ ვთვლი, რომ მათ შესაბამისი ინფორმაციები უნდა მივაწოდოთ და ამის შემდეგ ამგვარი უზუსტობები არც ერთ რეზოლუციაში აღარ იქნება ასახული.

დღეს ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკად უნდა გარდაიქმნას და ამას თქვენი პარტია ეწინააღმდეგება. რით ხსნით ამგვარ აზრთა სხვადასხვაობას?

- ჩვენი პოზიცია ქვეყნის მოწყობასთან დაკავშირებით ახალი არ არის, „თავისუფალ დემოკრატებს“ ის უკანასკნელ პერიოდში არ შეგვიმუშავებია. რამდენიმე წლის წინ, როდესაც ჩვენი პარტია ჩამოყალიბდა, მაშინაც ღიად გაცხადებული პოზიცია გვქონდა, რომ საქართველოსთვის სწორი მოწყობა იქნებოდა საპრეზიდენტო რესპუბლიკა, მაგრამ არა ისეთი, როგორსაც ბოლო წლების განმავლობაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეგვაჩვია, არამედ რეალური საპარლამენტო კონტროლით. ამასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა რა თქმა უნდა, არსებობს. ასე რომ არ იყოს, სხვადასხვა პარტიები არ ვიქნებოდით და ყველაფერზე ერთი აზრი გვექნებოდა. მიუხედავად ამისა, ჩვენს ამ განსხვავებულ პოზიციას ჩვენთვის ხელი არ შეუშლია, რომ თავის დროზე იგივე „რესპუბლიკურ პარტიასთან“ ალიანსი შეგვექმნა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ერთად გვებრძოლა. ასევე ამას ხელი არ შეუშლია იმისათვის, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრები გავმხდარიყავით. ამ კოალიციაში ძალიან ბევრი სხვადასხვა შეხედულების პარტია არსებობს, რაც კარგია. საარჩევნო პერიოდმა და წინასაარჩევნო კამპანიამ დაგვანახა, რომ მიუხედავად ჩვენი სხვაობებისა, მოლაპარაკებების გზით შეგვიძლია იმ საერთო გამოსავლამდე მივიდეთ, რომელიც ყველასათვის მისაღები იქნება.

ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ ყველა კარგად ვიაზრებთ იმას, ქვეყანაში აუცილებელია აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ზუსტი და სრულფასოვანი საპარლამენტო კონტროლი ხორციელდებოდეს. სხვაობები არის, მაგრამ გადაულახავ სხვაობას ვერ ვხედავ. კოალიციაში ამაზე საუბარი გვექნება. ამასთანავე, მოგეხსენებათ, უახლოეს მომავალში შეიქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც ზოგადად ქვეყნის კონსტიტუციურ მოწყობაზე იმსჯელებს. ამიტომ დარწმუნებული ვარ, ამ ჯგუფის მუშაობის ფარგლებში სასურველ შედეგებს და საერთო პოზიციას მივაღწევთ.

საპრეზიდენტო რესპუბლიკაზე საუბრისას განიხილება თუ არა პრეზიდენტობის კანდიდატი და იქნება თუ არა ეს ისევ ირაკლი ალასანია?

- რაც შეეხება საპრეზიდენტო კანდიდატს, ოქტომბერში გვაქვს არჩევნები და ლოგიკურია ჩვენ ეს გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. როდესაც ვამბობ „ჩვენ“, ვგულისხმობ ჩვენს პარტიასაც და ჩვენს კოალიციასაც. რა თქმა უნდა, ეს იქნება კოალიციის ერთიანი გადაწყვეტილება და დარწმუნებული ვარ, გვეყოლება ღირსეული კანდიდატი, რომელიც არჩევნებში გაიმარჯვებს. თუმცა ამ თემაზე კოალიციაში მსჯელობა და კონსულტაციები ჯერ არ ყოფილა, მაგრამ ამაზე ვიმსჯელებთ და მივალთ შეთანხმებამდე.

შესაძლოა თუ არა, რომ ეს იყოს ირაკლი ალასანია?

- მე არც გამოვრიცხავ და არც დავუშვებ, არ დავიწყებ იმაზე საუბარს, ეს ირაკლი ალასანია იქნება, თუ ვინმე სხვა. მოგეხსენებათ, ამ თემაზე საუბარს სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია მოჰყვა. ეს კოალიციის განსახილველი საკითხია და გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირაკლი ალასანიამ თავდაცვის სამინისტრო, ხოლოთავისუფალმა დემოკრატებმაშესაძლოა კოალიცია დატოვოთ. შეგიძლიათ ეს ინფორმაცია დაადასტუროთ ან უარჰყოთ?

- არც ერთ ამ ინფორმაციას არ ვადასტურებ. ირაკლი ასალანია „თავისუფალი დემოკრატების“ გამგეობის წევრია. მან პარტიის თავმჯდომარის პოსტი მაშინ დატოვა, როდესაც თავდაცვის მინისტრად დაინიშნა და ეს გადაწყვეტილება დაკავშირებული იყო იმასთან, რომ არ ექნებოდა დრო პარტიის საქმიანობისთვის. თუმცა ის რჩება ჩვენი პარტიის გამგეობის წევრად და პარტიის ლიდერად. „თავისუფალი დემოკრატებიც“ არ ვაპირებთ კოალიციის დატოვებას.

უახლოეს დღეებში დაგეგმილია პრეზიდენტ სააკაშვილის პარლამენტში გამოსვლა. როგორ ფიქრობთ, როგორი იქნება ეს დღე?

- მიმაჩნია, რომ როგორც მინიმუმ, ეს ძალიან საინტერესო დღე იქნება. სააკაშვილი მიჩვეული იყო, რომ როდესაც პარლამენტში მიდიოდა, იქ ხვდებოდა მორჩილი უმრავლესობა, რომელსაც თავის ტყუილებს აღფრთოვანებით წარუდგენდა ხოლმე და ყველას უხაროდა, რომ ქვეყანა ვითარდება. ახლა ბატონი მიხეილისთვის ეს შეხვედრა ვეღარ იქნება. ჩვენ გვექნება საკმაოდ მწვავე კითხვები ყველა თემაზე, რომელიც მის პრეზიდენტობასთან არის დაკავშირებული. ამას უმრავლესობა ერთობლივად დავგეგმავთ, რათა მიხეილ სააკაშვილს რაც შეიძლება მეტ კითხვაზე მოუწიოს პასუხის გაცემა და ეს პასუხები რაც შეიძლება მაქსიმალურად მიახლოებული იყოს სიმართლესთან, თუმცა მისგან ამას არ მოველი.

გუშინ დავით დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კულუარებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ხელისუფლებაში საკადრო ცვლილებებია მოსალოდნელი და მას ეს ინფორმაცია რუსმა პოლიტიკოსებმა მიაწოდეს. თქვენ თუ გსმენიათ ასეთი ინფორმაცია და კონკრეტულად ვისზე საუბრობდა დარჩიაშვილი?

- მე ვერაფერს გეტყვით ბატონი დავითის რუს კოლეგებთან ურთიერთობებზე. ალბათ, ეს თვითონ მას უნდა ჰკითხოთ და არც ის ვიცი, მას რა ინფორმაციას აწვდიდნენ. სტრასბურგში საუბარი იმის თაობაზე, რომ საქართველოს მინისტრთა კაბინეტში შესაძლოა ცვლილება მოხდეს, მე არ მსმენია და ამაზე ვერაფერს გეტყვით.

დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში აღმოაჩინეს უკანონოდ დამონტაჟებული სათვალთვალო და მოსასმენი აპარატურა, რომლის მეშვეობითაც ეს დაწესებულებები წლების განმავლობაში ისმინებოდა. რა შეფასებას მისცემდით ამ ფაქტს?

- ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ დავეყრდნობი იმას, რასაც თქვენ მეუბნებით. არ მიკვირს ეს ინფორმაცია, რადგან წინა მმართველობის ფორმა მოსმენებზე, შანტაჟსა და ძალადობაზე იყო დამყარებული. ჩვენ დიდი ძალისხმევა გვმართებს იმისთვის, რათა ეს მანკიერი პრაქტიკა აღმოვფხვრათ.