პანდემიის გამო კომპანიების 25%-მა ვერ განაახლა საქმიანობა, უარესი წინ არის

პანდემიის გამო კომპანიების 25%-მა ვერ განაახლა საქმიანობა, უარესი წინ არის

პანდემიამ ადგილობრივი ბიზნესი უმძიმეს მდგომარებაში ჩააგდო და უარესი წინ არის. ახალი შეზღუდვები მეწარმეებს უამრავი პრობლემის წინაშეე დააყენებს, რომელიც ისედაც არ აკლიათ.

ინვესტორთა საბჭოს და ევრობანკის მიერ მომზადებული კვლევის შედეგების მიხედვით, კარანტინის შემდეგ, კომპანიების 25%-მა ვერ განაახლა საქმიანობა. მათგან 51%-მა დახურული საზღვრები საქმიანობის განახლების ძირითად შემაფერხებელ მიზეზად დაასახელა. ეს პრობლემა ყველაზე მნიშვნელოვანი სირთულეა არა მხოლოდ ტურიზმთან დაკავშირებული, არამედ თითქმის ყველა სხვა სექტორისთვისაც.

კვლევის მიხედვით, შემდეგი ორი მნიშვნელოვანი შეფერხება ეხებოდა მოთხოვნის შემცირებას (20%) და რეგულაციებს (10%). საქმიანობის განახლების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი თვითდასაქმებულ სუბიექტებს შორის ფიქსირდება. მათგან მხოლოდ 57%-მა მოახერხა საქმიანობის გაგრძელება დროებითი შეჩერების შემდეგ. ამ კომპანიების 61% ოპერირების განახლების შეფერხების მთავარ მიზეზად დახურულ საზღვრებს ასახელებს. უმეტესად დიდი ზომის კომპანიებმა აირიდეს დახურვა კარანტინის განმავლობაში - მხოლოდ 24%-მა შეაჩერა ოპერირება. შეჩერებული დიდი ზომის კომპანიების დაახლოებით 90%-მა მოახერხა საქმიანობის განახლება.

კორონავირუსთან დაკავშირებული უსაფრთხოების მოთხოვნების შესასრულებლად გამოკითხული კომპანიების მხოლოდ 22%-მა დახარჯა 5000 ლარზე მეტი. ხოლო დანარჩენი კომპანიების ხარჯი 0-5000 ლარამდეა.

მეწარმეთა კავშირში კი ამტკიცებენ, რომ მათი წევრებიდან 50%-ზე მეტმა არსებობა შეწყვიტა, ნაწილი კი მხოლოდ გადარჩენისთვის მუშაობს. კავშირის ხელმძღვანელის გოგა ციცქიშვილის ინფორმაციით, პანდემიამ მეწარმეები განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო, რადგან მათთვის პრაქტიკულად აღარ დარჩა სარეალიზაციო ადგილები.

„მცირე მეწარმეებს მსხვილი სავაჭრო ქსელები ხელოვნურ ბარიერებს უქმნიან, რის გამოც მათი პროდუქცია დახლებზე ვერ ხვდება. ამის გამოა, რომ ტურისტული სეზონის ჩავარდნამ, გამოფენების შეჩერებამ და ბარიერებმა, მცირე მეწარმეები ფაქტობრივად სრულად გააჩერა“, - აცხადებს ციცქიშვილი.

მისი თქმით, სამთავრობო შეღავათები, რომლებიც დაწესებული იყო, მცირე მეწარმეებს პრაქტიკულად არ შეეხოთ. აქედან გამომდინარე, გოგა ციცქიშვილი ამბობს, რომ ამ დრომდე მთავრობას მცირე და მიკრო მეწარმეების გადასარჩენად ნაბიჯები პრაქტიკულად არ გადაუდგამს, არადა განვითარებულ ქვეყნებში სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესია ეკონომიკის ხერხემალი.

ამასობაში ახალი გამკაცრებული შეზღუდვების შემოღება გადაწყდა და მის სრულად ამოქმედებამდე საათები რჩება. ბიზნესისთვის განსაკუთრებით მძიმეა ის აკრძალვები, რომელიც მათ უშუალო საქმიანობას შეეხება.

როგორც კომპანია „ბრიკორამას“ წარმომადგენელმა მამუკა დოლიძემ მთავრობის წევრებთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, თუ შეზღუდვები წერტილოვანი იქნება, ამას ბიზნესის სფერო გაუძლებს, ჩაკეტვას და გლობალურ შეზღუდვებს - ვერა.

„რთულია ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია. მოთხოვნები არ გვქონია, უნდა გავითვალისწინოთ ის ვითარება, რაც არის. შევეხეთ რამდენიმე საკითხს და იმედია, ყველაფერი კარგად დამთავრდება. თუ შეზღუდვები წერტილოვანი იქნება, ბიზნესი გაუძლებს, თუ შეზღუდვები გლობალური იქნება, მაგალითად, „ლოქდაუნი“, მაშინ ვერ გაუძლებს“, - განაცხადა დოლიძემ.

სრულ „ლოქდაუნზე“ არ იქნება საუბარი და ამას მთავრობა ითვალისწინებს, მაგრამ რამდენადაა ახალი შეზღუდვები მოზომილი და მიზანშეწონილი? „ლილო მოლის“ გენერალური დირექტორის გიორგი კვარაცხელიას თქმით, ხდება პოზიციების შეჯერება, რომელიც არ დააზიანებს არც ეკონომიკას და არც - ადამიანის ჯანმრთელობას.

„მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან. ვიმსჯელეთ იმ პრობლემებზე, რაც დღეს არის საქართველოში და კიდევ ერთხელ შევაჯერებთ რეგულაციების მიხედვით ცხოვრებას, რომელიც არც ეკონომიკას დააზიანებს და არც ჯანმრთელობას.

სრული „ლოქდაუნი“ არ იქნება და ამას მთავრობა ითვალისწინებს, მაგრამ გვექნება შეზღუდვები, რომელიც მოზომილი და მიზანშეწონილი იქნება, რათა ჯანმრთელობაც შევინარჩუნოთ და ეკონომიკაც არ დაზარალდეს“, - განაცხადა გიორგი კვარაცხელიამ.