ახალ „საგადასახადო კოდექსში“, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა, კიდევ ერთი ცვლილება შედის. ამჯერად საუბარია საბანკო ანაგარიშების საკითხის რეგულირებაზე. ახალი ინიციატივის თანახმად, საგადასახადო ორგანოს პიროვნების საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადება გაუმარტივდება.
ამასთან დაკავშირებით ინიციატივა პარლამენტის წევრებს, მიხეილ ცქიტიშვილს და გიორგი გოდაბრელიძეს ეკუთვნის და ავტორებიც თავადვე არიან. რა თქმა უნდა, წინააღმდეგი არც აღმასრულებელი ხელისუფლებაა.
კანონპროექტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება ეძლევა, აუცილებლობის შემთხვევაში პირის საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადება საგადასახადო დავალიანების წარმოშობისთანავე განახორციელოს.
აღნიშნული ცვლილების მიზნად პროექტის განმარტებით ბარათში ის გარემოებაა დასახელებული, რომ პირმა მის ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრების განკარგვა, საგადასახადო დავალიანების დაფარვის თავიდან აცილების მიზნით ვერ შეძლოს. საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება კი სასამართლომ შემდეგ ორი დღის ვადაში უნდა დაუდასტუროს.
დღეს მოქმედი ნორმით კი, საგადასახადო ორგანოს საბანკო ანგარიშებზე ოპერაციის შეჩერების უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ჰქონდა, როდესაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადასახადებისაგან შესაძლო თავის არიდების თაობაზე მტკიცებულება ხელთ ეპყრა.
საინტერესო ის არის, რომ თავად კანონპროექტის ავტორი ამ ცვლილებას ცოტა სხვანაირად ხსნის. როგორც გიორგი გოდაბრელიძე განმარტავს, იცვლება მხოლოდ ტერმინი და „საბანკო ანგარიშების შეჩერების“ ნაცვლად, „ყადაღის დადება“ ჩაიწერება, რაც, მისივე თქმით, ზუსტად ერთნაირი შინაარსისაა.
„ეს არის თავად ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების მოთხოვნა, რათა კოდექსში აგვესახა, რადგან ანგარიშების შეჩერება სწორედ ყადაღის დადებას ნიშნავს. ყველაგან ეწერა „ყადაღა“, მხოლოდ საბანკო ანგარიშებთან დაკავშირებით იყო „შეჩერება“ და ამის გასწორება ითხოვეს. ამიტომაც ვამბობ, რომ ეს ტექნიკური ცვლილებაა“, - აცხადებს გოდაბრელიძე.
ამასთან, იგი იმასაც აღნიშნავს, რომ საბანკო ანგარიშებთან დაკავშირებით კიდევ ერთი რეგულაცია შემოდის.
„თუკი პირს ანგარიშზე დაედება ყადაღა, უფლება აღარ ექნება, რომ გახსნას სხვა ანგარიში, რათა არ მოხდეს ფულის სხვაგან გადაქაჩვა. დღეს ამის რეგულაცია არ არსებობდა და მსგავსი რამის აღმოჩენის შემთხვევაში ბანკი ჯარიმდებოდა. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ცალკეული ბანკების პრობლემა და აკრძალული რომ იქნება, იქნება საერთო ბაზა, სადაც მონაცემთა გაკონტროლება იქნება შესაძლებელი“, - აცხადებს გოდაბრელიძე.
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი კი აცხადებს, რომ ეს ცვლილებები მხოლოდ ტექნიკური ხასიათის არ არის და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა არ უნდა ხდებოდეს.
„არ მესმის, როგორ შეიძლება, ამაზე თქვა, რომ ეს მხოლოდ ტექნიკური ცვლილებაა. როგორც დღეს მოქმედ კანონში წერია, ანგარიშის შესაჩერებლად საჭირო იყო მტკიცებულება. ამ ცვლილებით კი ანგარიშს შეაჩერებენ თუ ყადაღას დაადებენ საგადასახადოს მოთხოვნით ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე და თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ამის მერე რომელიმე მოსამართლე გაბედავს და იტყვის, რომ ეს არასწორია და ყადაღა მოხსენითო? ცხადია, ასე არ იქნება. მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ ტერმინის შეცვლას არსობრივი ცვლილებაც მიაყოლეს და ეს არც მიკვირს, რადგან ეს უკვე ამ ხელისუფლების სტილად იქცა“, - აცხადებს ცაგარეიშვილი.
დეპუტატი აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ ასეთი პოლიტიკა პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში ბიზნესის განვითარებასთან და შიშობს, რომ „თუკი ასე გაგრძელდა, მალე ქვეყანაში აღარც ბიზნესის კეთება იქნება შესაძლებელი და აღარც არსებობა. მესმის, რომ ბიუჯეტი შესავსებია, მაგრამ ამას სწორი და გონივრული პოლიტიკა სჭირდება და არა ასეთი ტერორი, რასაც ეს ხელისუფლება კანონის სახელით ახორციელებს“.