„მამამ წაგვიყვანა მთაზე. მისი მითითებით (რომ მეთქვა ბრძანებით-მეთქი, არ იქნებოდა მართალი) დავალაგეთ ქვები და ხის ნამწვავით ერთ-ერთ ქვას დავაწერეთ „კუმალა”, ესე იგი – კუკური, მამუკა, ლაშა. ასე გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მაღალი და ყველაზე საყვარელი მთა – სხვებისთვის, ყველასთვის დაუპყრობელი „კუმალა!” – წერს მამუკა კიკალეიშვილი თავის დღიურებში, რისი წერაც ძმის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო.
ეს არაჩვეულებრივი კაცი, თერთმეტი წლის წინ, მოსკოვში 39 წლის ასაკში გარდაიცვალა. მიუხედავად ხანმოკლე ცხოვრებისა, მან შეძლო აღეფრთოვანებინა მაყურებელი და კიდევ დიდხანს, დიდხანს არ დაევიწყებინა თავი მისთვის. მამუკას შესახებ დედამისი, მსახიობი ლეილა ძიგრაშვილი გვესაუბრა.
ქალბატონო ლეილა, გვიამბეთ თქვენს შვილებზე, მამუკაზე და ლაშაზე.
– ლაშა მამუკაზე შვიდი წლით უფროსი იყო, ძალიან ჭკვიანი და მოწესრიგებული. მამუკა არ იყო უპრობლემო ბავშვი. 9-10 წლის ასაკში საშიში პერიოდი დაუდგა. აქეთ-იქით დაარბენინებდნენ უბანში საქმეების გასარჩევად და სულ კუდში დავდევდი, ძალიან მეშინოდა. თუ ვინმეს რამე სჭირდებოდა, აუცილებლად ეხმარებოდა. ეს თვისება ბოლომდე გაჰყვა. მალე მოსკოვიდან შეთავაზება მიიღო. ერთ დღესაც აკრიფა თავისი საბუთები, ნივთები და წავიდა. „მოსფილმის” შტატიანი მსახიობი გახდა. იმ დროს საელჩოში მუშაობდა ვაჟა ლორთქიფანიძე. ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ვაჟამ უთხრა: მოდი, მაინც აქ ხარ და ჩვენთან, საელჩოში იმუშავეო. ასე გახდა მამუკა საქართველოს კულტურის ატაშე, მუშაობდა დიპლომატიურ სამსახურში. პარალელურად, გადაღებები ჰქონდა. ცხოვრობდა დიპლომატიურ კორპუსში. მოსკოვში რამდენიმე წელი იცხოვრა. არც იქ ისვენებდა. ყველა იმას ეუბნებოდა – შენ რომ გამოჩნდები, უფრო მალე კეთდება საქმეო. ხშირად ჩავდიოდი მასთან და მახსოვს, საგზაო პოლიცია აჩერებდა, ავტოგრაფს სთხოვდნენ. იცით, როგორ უხაროდათ მისი დანახვა?! მერე მოსკოვში წასასვლელი ბილეთები ძალიან გაძვირდა. თავად არ შემეძლო ამ ხარჯის გაწევა და მამუკა მიგზავნიდა ფულს. მაგრამ, გული მაინც აქეთ მიწევდა, შვილიშვილებთან. ახლა ვწუხვარ – ნეტავ, უფრო მეტი დრო გამეტარებინა შვილთან-მეთქი. მამუკაზე ფილმი უნდა გადაეღოთ. 26-სერიანი ფილმისთვის სცენარი მზად იყო, თითქმის მთელი წელი მუშაობდა ამ ფილმზე და უცებ ეს ამბავი მოხდა.
როგორც ვიცი, მამუკას პირად ცხოვრებაში პრობლემები ჰქონდა. რატომ ვერ აეწყო მისი ცხოვრება?
– მამუკას აქ ცოლიც ჰყავს და შვილიც, მაგრამ არ გაჰყვა ცოლი. შენ მთელი დღეები დაკავებული ხარ, მე მარტო უნდა ვიყო, ვერ წამოვალ, რაც გინდა ის ქენი, თუ გინდა ცოლი შეირთეო, – უთხრა. მანამდეც ჰყავდა ცოლი, მსახიობი ნინო კობერიძე. ორი წელი მარტო ცხოვრობდა მოსკოვში. მერე ცოლი შეირთო.
მოსკოვში წასვლამდე მამუკამ რეზო ჩხეიძის ხელშეწყობით, ძველ კინოსტუდიაში სტუდია „თიემსი” დააარსა და პროდიუსერის საქმეებსაც მშვენივრად ართმევდა თავს. თურმე, მარკესის მიხედვით ფილმის გადაღებასაც აპირებდნენ, მაგრამ იდეა ბოლომდე ვერ განახორციელეს. თბილისის ომი, შემდეგ აფხაზეთის ომი დაიწყო. ნაცვლად კინოგადაღებისა, სულ სხვა საქმეზე უწევდა ფიქრი – აფხაზეთში ჩვენი მებრძოლებისთვის სურსათს და იარაღს აგროვებდნენ. ძველი მეგობრებისთვის დრო უწინდებურად აღარ რჩებოდა, ცოლთანაც დაეძაბა ურთიერთობა. როცა ნანატრი შვილი შეეძინათ, ორივეს მიეცათ იმედი, რომ ცხოვრებას თავიდან იწყებდნენ და ყველაფერი კარგად იქნებოდა.
თქვენთვის მტკივნეულია ეს თემა, მაგრამ მინდა მაინც გკითხოთ, როგორ გარდაიცვალნენ თქვენი შვილები?
– მოსკოვიდან რძალმა დამირეკა, მამუკა საავადმყოფოშიაო. მეორე დღესვე გავფრინდი. მამუკა საავადმყოფოში ერთი კვირა აპარატზე იყო შეერთებული. ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც კი შეეძლოთ, ბოლოს თირკმელები გაეთიშა. მე ვფიქრობ, ეს მისი ჭარბი წონის გამო მოხდა. თავს საერთოდ არ უვლიდა. სულ იმას ვეხვეწებოდი, თავს მიხედე-მეთქი. „დონ კიხოტის“ გადაღებების გამო მოიმატა წონაში, მანამდე ასეთი გასუქებული არ იყო, ჩვეულებრივ წონაზე იდგა. ბევრს ჭამდა, სმით ნაკლებს. ბოლოს წნევებიც აწუხებდა. რაც შეეხება ლაშას, ორი შვილი დარჩა, მათ ჰყავთ შვილები. შვილთაშვილი მამუკას ორმოცზე დაიბადა. ეს დღე ჩვენთვის ყველასთვის იყო ერთდროულად სიხარულის, ტირილის, მღელვარების… ლაშა უნივერსიტეტში სიციოლოგიის კათედრაზე მუშაობდა. მეცნიერებათა კანდიდატი იყო. მან დააარსა გაზეთი „დვრიტა.” ამასთან ერთად, იყო შევარდნაძის მრჩეველი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში. სულ ეს იყო, რაც მან მოასწრო. ხორხი ამოუღეს და საშინლად განიცდიდა. რაც მოხდა, სწორედ ნერვიულობისა და შეუგუებლობის გამო მოხდა. მამუკა ბოლოს აღარ იყო ისეთი მხიარული, როგორსაც იცნობდნენ. ლაშას გარდაცვალების შემდეგ, ძალიან შეიცვალა. ისეთი გულჩათხრობილი გახდა, არ უთქვამს, რომ წერდა. ყოველთვის ვღელავდი ჩემს შვილებზე. არ ვიცი რატომ, მაგრამ ყველა მატყობდა, რომ ზედმეტად აფორიაქებული ვიყავი მათ გამო. თურმე არ ყოფილა კარგი. ახლა ჩემს შვილიშვილებზე ვარ ასე და ჩემთვის ვიტყვი ხოლმე, არ არის საჭირო ასეთი დაფეთება, ამან კარგი არაფერი მომიტანა ცხოვრებაში-მეთქი!
ბავშვობაში მამუკას რომ ეკითხებოდნენ, ვინ უფრო მეტად გიყვარსო, ლაშაო, პასუხობდა. როდესაც საყვარელ ძმას ჯანმრთელობის მხრივ სერიოზული პრობლემები შეექმნა, ეს მამუკასთვის მეხის გავარდნას ჰგავდა. ის ოჯახს ამშვიდებდა, სერიოზული არაფერია, პოლიპების ამბავიაო. თვითონ კი ქვეყანა დაატრიალა, რომ ძმისთვის რამე ეშველა. ურჩიეს, ისრაელში წაეყვანა. საელჩოში კი, მხოლოდ მამუკას ჩაურტყეს ვიზა. ამ დროს უკვე, ლაშას მდგომარეობა უარესდებოდა. ერთადერთი გამოსავალი, რომ თავს დამტყდარი უბედურებისთვის როგორმე გაეძლო, სხვა რამეში ჰპოვა. მის გარშემო ყველას უჭირდა იმის დაჯერება, თუ ასეთი, სიცოცხლის მოყვარული და ენერგიით სავსე ადამიანი ცხოვრებაში „მსგავს ხიფათს“ გადაეყრებოდა. ერთხელ, სცადა კიდეც ამ ყველაფრისგან გათავისუფლება, მაგრამ… სწორედ ამ დროს გახდა ის მოსკოვის კინოსტუდიის მსახიობი და კულტურის ატაშე. მარტოს მოუწია წასვლა, მეუღლე თან არ გაჰყვა. ტანია სმირნოვა ორი წლის შემდეგ, საერთო მეგობრებთან ყოფნის დროს გაიცნო. ტანიამ მამუკას პრობლემების შესახებ რომ გაიგო, თავიდან ისიც იფიქრა, სადმე შორს ხომ არ გავიქცეო, მაგრამ ძლიერ უყვარდა. გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, ქმარს უბედურებისგან თავის დაღწევაში დახმარებოდა. მამუკას ძალიან სდომებია ფილმის გაკეთება ნარკომანიაზე, სადაც მაყურებელს ყველაფერს გულახდილად მოუყვებოდა, თუ რა ჯოჯოხეთი გამოიარა. მათი ცხოვრება თითქოს კალაპოტში ჩადგა, შეიძინეს ძაღლი, რომელსაც სანჩო დაარქვეს.
ერთ დღესაც მამუკა შინ გვიან დაბრუნდა. მეუღლემ გაიგო, რომ ქმარი მოვიდა, მაგრამ საწოლიდან არ ამდგარა. ტანია ფიქრობდა, რადგან მამუკა საღამოობით ხშირად იკარგებოდა, ყველაფერი თავიდან იწყებაო და გადაწყვიტა, ცოტა ხნით არ მიექცია ყურადღება. თავი მოიმძინარა, გაიგო, როგორ ჩართო მამუკამ ტელევიზორი, სამზარეულოში ჭურჭელს ახმაურებდა. დილით ტანია სასტუმრო ოთახში გავიდა. ტელევიზორი შიშინებდა, მამუკა სავარძელში იჯდა და გულისცემა თითქმის არ ისმოდა. ერთი კვირა ელოდა, როდის გამოვიდოდა ქმარი კომიდან.
ქალბატონო ლეილა, მამუკას მსახიობობა ოჯახურმა სიტუაციამ განაპირობა?
– არ მინდოდა, თეატრალურზე ჩაებარებინა, მაგრამ არ დამიჯერა. მახსოვს, მისაღები გამოცდებიდან რომ გამოვიდა, ყველა მას უყურებდა და სიცილით კვდებოდნენ. მშობლებს ანიშნებდნენ – ამას შეხედეო. ვკითხე, რა გააკეთე ბიჭო ამისთანა, ყველა რომ შენ გიყურებს-მეთქი. რა ვიცი, რაღაც სასაცილო ეტიუდი მომცეს და იმაზე იცინიანო. გიზო ჟორდანიას მიუცია სასაცილო ეტიუდი: ვითომ დათვის ბელია, თაფლს ჭამს, ფუტკრები ესევიან და იგერიებს.
ჩემი მეუღლე ანდრო – კუკური კიკალეიშვილი რუსთაველის თეატრის დირექტორი იყო. მარჯანიშვილის თეატრი რომ გაიყო, ჩვენს თეატრში გადმოვიდა. ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა. იმ დროს მამუკა ათი წლის იყო, ლაშა – ჩვიდმეტის, უკვე სტუდენტი. შვილებისთვის არაფერი დამიკლია, რაც შემეძლო და რაც არ შემეძლო, ისიც გავუკეთე. (ქალბატონი ლეილა თამაშობს ტელესპექტაკლ „სახლი ძველ უბანში“ – ავტორი). თეატრში ნორმალური ანაზღაურება მქონდა, პარალელურად, კინოსტუდიაში ვიყავი. უამრავი კინოროლი მაქვს გახმოვანებული. ვახმოვანებდი როგორც რუსულ, ისე ქართულ ფილმებს. ზოგჯერ გადაღებებზე უარს ვამბობდი, არ მინდოდა, ბიჭები მარტო დამეტოვებინა და გახმოვანებას ვთანხმდებოდი. ამის გამო „ზაკულისნაია გეროინიას” მეძახდნენ.
მამუკა ბავშვობაში თურმე კარგად ძერწავდა, ფილმი „გიორგი სააკაძე” რომ ნახა, შემდეგ პლასტელინისგან მთელი ბატალური სცენა გამოძერწა. მშობლებს ძალიან მოეწონათ და უთქვამთ – კარგი სკულპტიორი გამოხვალო. თქვენ გინდათ მოქანდაკე გამოვიდე და მე მსახიობობა მინდაო – უთქვამს მომავალ მსახიობს.
მამუკა თეატრალურ ინსტიტუტშიც გამორჩეული სახე იყო, თეატრშიც და კინოშიც. მასთან ურთიერთობა ყველას უყვარდა. რეჟისორებს სიამოვნებდათ მასთან მუშაობა და თვითონ მამუკასაც, განსაკუთრებით კი ბატონ გიზო ჟორდანიასთან უყვარდა მუშაობა.
– მესამე კურსზე „სეილემის პროცესში“ ითამაშა. მაშინ შენიშნეს, რომ ის სახასიათო მსახიობად ყალიბდებოდა. პირველი სპექტაკლი კი, „მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტები ანუ სამოთხის ჩიტი” იყო. იმდენად კარგი სპექტაკლი იყო, რომ მის სანახავად ეროსი მანჯგალაძე და რამაზ ჩხიკვაძეც დადიოდნენ. სპექტაკლში პარტნიორობას ნინო კობერიძე უწევდა. მაშინ გადაწყვიტეს ნინომ და მამუკამ დაქორწინება. რაც შეეხება კინოს, ჯერ კიდევ სტუდენტი იყო, პირველად კინოში რომ ითამაშა – დიტო ცინცაძის ფილმში „კვაზიმოდო.” ამ ფილმში მამუკამ მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის საერთაშორისო კინოფესტივალზე პრიზი აიღო. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ხშირად იწვევდნენ. ერთ დღესაც რეზო ჩხეიძემ სანჩო პანსას როლზე აიყვანა. მამუკას უკვე ნათამაშები ჰქონდა რეზოს შვილის, ბიძინა ჩხეიძის ფილმში „ბატონი ავანტიურისტები.” სხვათა შორის, თავდაპირველად, სანჩო პანსას როლზე რეზო ჩხეიძეს ფრუნზიკ მკრტჩიანის აყვანა სდომებია, მაგრამ ფრუნზიკას უთქვამს – ფილმში ჩემთან ერთად ჩემმა ცოლმაც უნდა ითამაშოსო. რეზო ჩხეიძემ მიუხედავად მისადმი დიდი პატივისცემისა, მსახიობს უარი უთხრა. ბოლოს არჩევანი მამუკაზე შეაჩერა. მაშინ მამუკა 24 წლის იყო.
რამდენიმე წლის წინ, მამუკა კიკალეიშვილის მონაწილეობით ეკრანებზე გამოვიდა ფილმი „არამზადა.” ჟურნალში „სპუტნიკ კინოზრიტელია” ერთი კინოკრიტიკოსი წერდა: „წარმოდგენაც კი მიჭირს, როგორც ვცხოვრობდით ასეთი მსახიობის გარეშე! სიმართლე გითხრათ, ძალიან ცუდად! კიდევ ცოტაც რომ გვეცხოვრა, იძულებულები გავხდებოდით, გამოგვეგონებინა იგი.” მსახიობმა არაერთი მნიშვნელოვანი პრიზი მიიღო, მათ შორის არის ოდესაში მიღებული „ოქროს დიუკი” და ჩარლი ჩაპლინის სახელობის პრიზები, სადაც შეიძლება ითქვას ისეთი ნომინანტები დაჩაგრა, როგორებიც არიან პიერ რიშარი და ჟერარ დეპარდიე. თბილისში მასთან ხშირად ჩამოდიოდნენ სტუმრად ალექსანდრ აბდულოვი, ოლეგ იარმოლნიკი. ნიკიტა მიხალკოვს მამუკა ძალიან ჰყვარებია, მაგრამ მასთან დაკავშირებით ერთი უსიამოვნო ფაქტი მოხდა: მამუკა კიკალეიშვილი ფილმში გადაიღო, მაგრამ მერე რუსულ-ქართული ურთიერთობები დაიძაბა და რეჟისორი იძულებული გახდა, საყვარელი ქართველი მსახიობი ფილმიდან ამოეღო. ამბობენ, მაგარი ბიჭების როლები მოსწონდაო. ფილმ „ნულოვან ვარიანტში” ის პოლიციელს თამაშობს, სადაც მთელ მაფიას მარტოდმარტო შეერკინება და დაამარცხებს.