„ბარსელონა“ უკრაინაში კიევის „დინამოსთან“ სათამაშოდ ლიონელ მესის გარეშე გაემგზავრა.
კატალონიური კლუბის ნიდერლანდელი მთავარი მწვრთნელის რონალდ კუმანის თქმით, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე სამიდან სამი თამაშის მოგების შემდეგ, მან გადაწყვიტა არგენტინელი კაპიტანი ერთი თამაშით დაასვენოს.
მესისთან ერთად დაისვენებს ფრენკი დე იონგი, რომელსაც „ატლეტიკოსთან“ ხერარდ პიკეს დაშავების შემდეგ ნახევარდაცვის მაგივრად, დაცვაში მოუხდა თამაში. მესი - დე იონგის დუეტის გარდა, „ბარსას“ კიევში ტრავმირებული ფეხბურთელები, ხერარდ პიკე, სამუელ უმტიტი, სერხი რობერტო, სერხიო ბუსკეტსი და ანსუ ფატი ვერ დაეხმარებიან.