უმუშევრობა რომ მკვეთრად გაიზარდა, ამას მთავრობაც ადასტურებს და ეკონომისტებიც, უბრალოდ, ვინ რა მასშტაბით აფასებს „მკვეთრ მატებას“, ესაა გასარკვევი. ეროვნული ბანკი უმუშევრობის 4%-იან მატებაზე საუბრობს, ხოლო სპეციალისტებს ეს მეტად ოპტიმისტურ შეხედულებად მიაჩნიათ.
2020 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 11.9 პროცენტი შეადგინა.
2020 წლის III კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 60.8 პროცენტი შეადგინა. აქტიურობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით როგორც ქალაქის, ასევე სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია, შესაბამისად 0.8 და 3.0 პროცენტული პუნქტით. დასაქმების დონე ქვეყნის მასშტაბით შემცირებულია 1.9 პროცენტული პუნქტით, ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 2.3 პროცენტული პუნქტით.
„საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2020 წლის მესამე კვარტალში დასაქმებული ადამიანების რაოდენობამ 1,628.7 ათასი კაცი შეადგინა, რაც გასული წლის მესამე კვარტალთან შედარებით 62 500 დასაქმებულით ნაკლებია. დასაქმებულთა მთლიან რაოდენობაში ტრადიციულად ყველაზე დიდი წილი თვითდასაქმებულებს უჭირავს, რომელთა რაოდენობა მიმდინარე წლის მესამე კვარტალში 822 700 კაცით განისაზღვრა. რაც შეეხება დაქირავებით დასაქმებულებს, მათი რაოდენობა 805 300 კაცს შეადგენს.
დასაქმებულთა შემცირების ფონზე მცირდება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობაც. მესამე კვარტალში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობამ 1 847.7 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 55 100 კაცით ნაკლებია. ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაში შედიან 15 წლისა და უფროსი ასაკის პირები, რომლებიც მუშაობენ, ან მზად არიან დაიწყონ მუშაობა.
ეროვგული ბანკის გაანგარიშებები უფრო შორს მიდის. მათი ვარაუდით, 2020 წლის განმავლობაში საქართველოში უმუშევრობის დონე 4 პროცენტული პუნქტით გაიზრდება. ამ პროგნოზის თანახმად, უმუშევრობის დონე წელს 16.3%-ს მიაღწევს, ხოლო 2021-ში 0.5 პროცენტული პუნქტით, 2022-ში კი დამატებით 2%-ით შემცირდება.
ამგვარ შეფასებებს კატეგორიულად არ ეთანხმებიან სპეციალისტები. თავისუფლებისა და დემოკრატიის ფონდის დირექტორის ანა გოგოლაძის აზრით, იმ პირობებში, როდესაც მომსახურების და ტურიზმის სექტორებს ყველანაირი ეკონომიკური აქტიურობა თვეების განმავლობაში შეჩერებული აქვთ და ამ სექტორში დასაქმებულთა უმრავლესობა უმუშევრადაა დარჩენილი, ასეთ დაბალ ზრდაზე საუბარი არარეალურია.
„ეროვნული ბანკის პროგნოზი არარეალურია, თუნდაც მხოლოდ მომსახურებისა და ტურიზმის სექტორები რომ განვიხილოთ, მათ ყველანაირი ეკონომიკური აქტიურობა თვეების განმავლობაში შეჩერებული აქვთ და ამ სექტორში უმრავლესობა უმუშევრადაა დარჩენილი. ამიტომ რეალურად, უმუშევრობა არა მხოლოდ 4%-ით არამედ შეიძლება, 10%-ით და მეტითაც კი გაიზარდოს. აღსანიშნავია ისიც, რომ საუბარი მიმდინარეობს ეკონომიკის კიდევ ერთხელ ჩაკეტვაზე. თუ ასე მოხდება, ერთ კვირიანი „ლოქდაუნიც“ კი საკმარისია, რომ უმუშევრობა გაორმაგდეს“, - აღნიშნა „კომერსანტთან“ ანა გოგოლაძემ.
ეკონომისტ სოსო ბერიკაშვილი კი მიიჩნევს, რომ ასეთი რთული ვითარების პირობებში მხოლოდ 4 პროცენტული პუნქტით უმუშევრობის ზრდაზე საუბარი სებ-ის ოპტიმისტური პროგნოზია.
„ანგარიშის დეტალები არ მინახავს, მაგრამ აშკარაა, რომ მნიშვნელოვანი ზრდა იქნება რადგან ბევრმა მოქალაქემ სამსახური დაკარგა. ტურიზმის სექტორი, რომელიც სექტორულად ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელია, პრაქტიკულად, გაჩერებულია. ალბათ ეროვნული ბანკის პროგნოზში იგულისხმება ის, რომ მალევე მოხდება ამ სექტორის აღდგენა და მომავალ წელს ისევე დაასაქმებს ხალხს, ამიტომ გასაშუალოებულ ოპტიმისტურ პროგნოზს ეყრდნობა, თუმცა დღევანდელი გადასახედიდან რთულია ასეთი ოპტიმისტები ვიყოთ“, - განაცხადა ბერიკაშვილმა.