ქობალიას ელექტროგლობალური ლაბორატორიის მანქანების ბატარეა

ქობალიას ელექტროგლობალური ლაბორატორიის მანქანების ბატარეა

ასეთი სათაური მდგრადი მინისტრის „გამართული“ საუბრიდან გამომდინარეობს, რომელიც მიიჩნევს რომ „ელექტრონული მანქანების ტარება იაფია“. მისი თქმით, „ფრანგული ფასებით“ ელექტრომანქანის ბატარეის დატენვა 3 ევრო ჯდება, ანუ ქართული ფასებით 5-10 ლარი და ამით 160 კილომეტრის გავლაა შესაძლებელი. ამ აღმოჩენით ბედნიერმა მინისტრმა, უფრო ბედნიერ მოსახლეობას ახარა, რომ ელექტრომანქანით ბათუმში ჩასვლა ერთი ელემენტით 5-10 ლარად იქნება შესაძლებელი.

 

ამ აღმოჩენებით, ვერა ქობალიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რა მარტივია საქართველოში მინისტრობა, რაც არ უნდა სისულელე თქვა, თუ პრეზიდენტი მხარს გიჭერს, მთელი ხელისუფლება თავს დაგიკრავს და აქეთ ხალხსაც დაარწმუნებს, როგორი ჭკვიანი მინისტრი გვყავს. 

 

გარდა იმისა, რომ ეკონომიკის მინისტრმა ვერა ქობალიამ არ იცის ლარის კურსი ევროსთან მიმართებაში როგორია, ასევე მას არც მანძილის შეგრძნება აქვს ან უბრალოდ ეკონომიკის მინისტრმა ანგარიში არ იცის. ის რომ, თუ 5 ლარად დატენილი ბატარეა 160 კილომეტრზეა საკმარისი, ის ბატარეა თბილისიდან მიმავალ მანქანას სადღაც რიკოთის უღელტეხილზე „დაუჯდება“. ვინაიდან ბათუმამდე 420 კილომეტრია, ავტომფლობელმა ელემენტი 2,6-ჯერ, ანუ 3-ჯერ მაინც უნდა დატენოს. გარდა ამისა, რამდენად სწრაფად ჩავა ელექტრომანქანა, ბათუმამდე ეს მეორე საკითხია, ვინაიდან ელექტრომანქანებს დაბალი სიმძლავრე აქვთ და ისინი აღმართზე ასვლას ძნელად თუ ახერხებენ.

 

კიდევ უფრო უარესი. ქობალიას თქმით, ვინაიდან საქართველოს ჰიდროენერგეტიკული რესურსი აქვს, თურმე შესაძლებელია „მანქანების ექსპორტიც“ გავაკეთოთ. აქედან გამომდინარე, ქობალიას ჰგონია, რომ ელექტრომანქანები საქართველოში იწყობა.

 

„ჯერჯერობით საქართველოში ჩვენ 18-20% ვიყენებთ ჩვენ ჰიდროელექტროენერგიის რაც გვაქვს და ამიტომ ასეთი მანქანების ექსპორტიც შეგვიძლია გავაკეთოთ. სულ 2011 წელს როგორც გვითხრეს, უშვებენ 250 ათას მანქანას და ალბათ, 10 წელიწადში უმრავლესობა მანქანებისა მსოფლიოში იქნება ელექტრომანქანები ზუსტად ფასების გამო იმიტომ, რომ ბევრად უფრო იაფია ელექტრომანქანის ტარება და შეძენა, ვიდრე ჩვეულებრივი მანქანის. საფრანგეთში დაითვალეს, რომ ერთი ბატარეის მთლიანად დატენვა და 160 კილომეტრის გავლა ჯდება, დაახლოებით, სამ ევრომდე, ანუ საფრანგეთის ფასებით რომ ვთქვათ. საქართველოს ფასით კი 5-10 ლარით შეიძლება მთლიანად ბატარეის დატენვა და თბილისიდან ბათუმამდე ჩასვლა“, - ასეთი ქართულით დამოძღვრა მდგრადი ქვეყნის მდგრადმა მინისტრმა მოსახლეობა.

 

მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა ავტოპარკის ელექტრომანქანებით ჩასანაცვლებლად მოლაპარაკებებს საავტომობილო გიგანტ „ჯენერალ მოტორსთან“ აწარმოებს. მინისტრის განცხადებით, უახლოეს 4 წელიწადში „ოფიციალური თბილისი“ ავტომანქანების ელექტრო ან ჰიბრიდული მანქანებით ჩანაცვლებას შეეცდება.

 

ვერა ქობალია „ნიუ იორკ თაიმსთან“ აცხადებს, რომ საქართველოს იაფი ჰიდროელექტრომარაგები აქვს, ამიტომ შეუძლია „ელექტრომობილების გლობალური ლაბორატორია გახდეს“. რა იგულისხმა ამ გამოთქმაში მდგრადმა მინისტრმა საერთოდ ძნელი ამოსახსნელია. ამ ფრაზის გაშიფვრას, სავარაუდოდ, გონებამახვილი სპეციალისტების კომისია დასჭირდება.

 

გამოცემის ცნობითვე, საუბარია „ჯენერალ მოტორსისგან“ 4 ათასი მანქანის შესყიდვაზე. 4 ათასი სედანი კი საქართველოს 167 მილიონი დოლარი დაუჯდება. ქობალიას ჰგონია, რომ მოსახლეობის ძირითადი ნაწილი, რომელიც მხოლოდ, ძველი მეორადი ავტომობილების ყიდვას ახერხებს, 41 ათას დოლარად ღირებულ ელექტროსედანებს შეიძენს. თანაც, ექსპერტების განცხადებით, ქვეყნის რელიეფური მდგომარეობიდან გამომდინარე, ასეთი მანქანები საქართველოს მოსახლეობისთვის ნაკლებად მიმზიდველია, ვინაიდან ასეთი მანქანები აღმართების დაძლევას ძნელად თუ ახერხებენ.

 

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირთან ახალი ტიპის სავაჭრო ურთიეთრობების წამოწყებისათვის საქართველომ ეკოლოგიური მდგომარეობა უნდა გააუმჯობესოს. შესაბამისად, პრეზიდენტის სააკაშვილისა და ქობალიას ასეთი პარადოქსული მოძღვრების ერთ-ერთი მიზეზი ესეც უნდა იყოს.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყანაში ძველი ავტომობილების იმპორტის აკრძალვას გეგმავდა. თუმცა, მძიმე სოცლიური ფონიდან გამომდინარე, ამ გადაწყვეტილების რეალიზება გადაიდო, ვინაიდან მოსახლეობას არათუ ახალი ავტომობილების, არამედ 8-10 წლის ავტომობილების შეძენის საშუალებაც არ გააჩნია.

რაც შეეხება გარემოს დაცვას, გამონაბოლქვის შემცირება ავტოპარკის განახლებითა და დაბალი ხარისხის საწვავის იმპორტის შემცირებითაც არის შესაძლებელი, როგორც ეს ევროპამ გააკეთა. 

 

თუმცა, იგივე სოციალური ფონის მომიზეზებით და უფრო იმითაც, რომ საქართველოში აზერბაიჯანულ საწვავს მაღალჩინიანი ლობისტები ჰყავს, ეს საკითხიც გადაიდო.

 

რაც შეეხება ეკონომიურ მანქანებს, „ტოიოტამ“ საქართველოში რამდენიმე ჰიბრიდულძრავიანი ავტომობილი უკვე შემოიყვანა.  ნავთობპროდუქტების კავშირის ხელმძღვანელის ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, ასეთი ავტომობილები საქართველოს რელიეფისთვის უფრო ხელსაყრელია. კერძოდ, ჰიბრიდულძრავიანი მანქანა ელექრობატარეებზეც მუშაობს და საწვავზეც, შესაბამისად, ასეთ მანქანას აღმართებზე სიარულის პრობლემა არ აქვს.