უმრავლესობის დეპუტატები სააკაშვილს „დაუვიწყარ დღეს“ ჰპირდებიან

უმრავლესობის დეპუტატები სააკაშვილს „დაუვიწყარ დღეს“ ჰპირდებიან

მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში უკანასკნელი ანგარიშით წარდგება. პრეზიდენტის რანგში ახალი პარლამენტის წინაშე მას, სავარაუდოდ, 6 თებერვალს მოუწევს პლენარულ სხდომაზე გამოსვლა. თანაც, ეს გამოსვლა შედგება იმ პარლამენტში,  სადაც მისი პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“ უმცირესობაშია.

For.ge დაინტერესდა, როგორ დახვდება ამ მოწვევის პარლამენტი სააკაშვილის რიგით მე-10 გამოსვლას. იქნება თუ არა ე.წ. „ჩამჭრელი“ და მამხილებელი შეკითხვები ან ფოტომასალები, ბოლომდე გაუძლებს თუ არა პრეზიდენტი მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას, თუ შარშანდელის მსგავსად, ისევ ტალახში დაზელვით დაემუქრება ვინმეს და დარბაზიდან სულმოუთქმელად გავარდება?!

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ლევან ბერძენიშვილი აზრით, სააკაშვილს გუნდრუკის მკმეველები არც ახლა აკლია უმცირესობის სახით, მაგრამ ამჯერად პარლამენტში სხვა ძალები არიან გაბატონებულნი. ამიტომ ის მზად უნდა იყოს ძალიან სერიოზული და მწვავე კითხვებისთვის. თუმცა იმის გამო, რომ საქართველოს პრეზიდენტის საქციელის წინასწარ გამოცნობა შეუძლებელია, დეპუტატი დარწმუნებული არ არის, რომ მათ მიერ წინასწარ შემუშავებული ფორმატით განვითარდება მოვლენები. ამას კი ერთი მარტივი ახსნა აქვს - უბრალოდ, პრეზიდენტი შეიძლება პარლამენტიდან გაიქცეს.

ის, რომ ბოლო ხანს სააკაშვილი ვეღარ არის საჯარო გამოსვლებში ძლიერი, ამას ლევან ბერძენიშვილი ადასტურებს. პარლამენტარისთვის ამის ნათელი მაგალითი ევროსაბჭოში სააკაშვილის საკმაოდ სუსტი გამოსვლა გახლდათ. დეპუტატი დარწმუნებულია, რომ, ალბათ, წლევანდელი გამოსვლაც ტყუილის გარეშე ვერ ჩაივლის და პრეზიდენტი ამ პარლამენტშიც იცრუებს, მაგრამ დეპუტატები მზად არიან, მოისმინონ, გააკრიტიკონ და სათანადო კითხვები დაუსვან მას. ხოლო, თუ იგი მაინც გაიქცევა, ესეც ნიშანი იქნება, რომ მას არავისთან და არაფერზე სალაპარაკო არ აქვს.

„დებატები, რა თქმა უნდა, შედგება. სხვანაირად ვერ წარმომიდგენია, საქართველოს პარლამენტში ყველა საკითხთან დაკავშირებით დებატები იმართება. ჩვენ არ ვართ ის პარლამენტი, რომელიც უმცირესობას საშუალებას არ აძლევს, ხმა არ ამოიღოს. ჩვენთან ყოველ ოთხშაბათს იმართება დებატები. ახლაც საშუალება ექნებათ, ილაპარაკონ. რაც შეეხება კონკრეტულ კითხვებს, ეს დამოკიდებულია იმაზე, რასაც სააკაშვილი იტყვის, რადგან მასთან პრეტენზიები არსებობს, თუნდაც მმართველობის სტილის, დანაპირებისა და მისი პოლიტიკური კურსის ჩავარდნის თვალსაზრისით. ამიტომ, ეს ყველაფერი ქართველმა ხალხმა გააფორმა მისი კურსის დამარცხებით და არჩევნებში მისი მარცხით“, - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.

მისივე თქმით, ეს კაცი ვერ გაერკვა და მას კიდევ ჰგონია, რომ ქართველი ხალხი უბრალოდ შეცდა, თორემ ნამდვილად ის იყო ასარჩევი, რადგან რუსულიც სხვებზე უკეთ იცის, ფრანგულიც, ინგლისურიც და, საერთოდ, ყველაფერში ერკვევა და ცხოვრებაში არაფერი შეშლია.

ლევან ბერძენიშვილს ისიც ახსენდება, რომ, როცა სააკაშვილს ჰკითხეს, თუ რა იყო მის პოლიტიკურ ცხოვრებაში ყველაზე დიდი შეცდომა, ამ კითხვას ასეთნაირად  უპასუხა - რომ ჩამოვთვალო, ბევრიაო. ამის მიუხედავად, მაინც ვერ დაასახელა ერთი შეცდომაც კი, რადგან ზოგადად მიაჩნია, რომ ნაკლი არ აქვს. ამასთან, ლევან ბერძენიშვილის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტი ძალიან თავისებური, სპეციფიკური ადამიანია, რომელიც პირველი და მეორე კლასელის დონეზე დარჩა და  ვერ განვითარდა საკუთარი თავის კრიტიკის მიმართულებით. სხვა მხრივ კი, იგი განვითარებული კაცია.

„მოგეხსენებათ, ეს ორი თავისებურება ახასიათებს - თვითკრიტიკა საერთოდ არ აქვს და უზრდელია“, - მიიჩნევს ლევან ბერძენიშვილი.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი მოხარულია, რომ ვაიმმართველის უკანასკნელ მობრძანებას ესწრება საქართველოს პარლამენტში, რადგან მისი გაპრეზიდენტებდან მოყოლებული, სააკაშვილის ყველა გამოსვლას ესწრებოდა.

დეპუტატის თქმით, როგორც წესი, სააკაშვილი საგაზაფხულო სესიის პირველ დღეებში უნდა წარდგეს საქართველოს პარლამენტში წლიური ანგარიშის ჩაბარების მიზნით, თუმცა აღნიშნული დათქმა - „პირველი დღეები“ ყოველთვის თავისუფალი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა. ზოგჯერ ეს „პირველი დღეები“ საქართველოს პრეზიდენტისთვის თებერვლის პირველ დღეებად არ აღიქმებოდა, ზოგჯერ კი მარტის თვეშიც გადადიოდა, რაც გაუმართლებელი იყო. თუმცა ამჯერად პარლამენტის წინაშე პრეზიდენტის დროულ გამოცხადებას გია ცაგარეიშვილი, სავარაუდოდ, საკონსტიტუციო ცვლილებებს უკავშირებს.

კერძოდ, ნაცმოძრაობას ძალიან ბევრი დეპუტატი ტოვებს და ისინი ან ინარჩუნებენ მიუმხრობელი დეპუტატის სტატუსს ან შედიან სხვადასხვა ფრაქციაში, ოღონდ არა „ქართული ოცნების“, არამედ დამოუკიდებელი დეპუტატებით დაკომპლექტებულ ფრაქციაში. ამიტომ დეპუტატების გამყარების თვალსაზრისით და იმისთვის, რომ ორი საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად ხმების საჭირო კრიტიკული რაოდენობა არ გაჩნდეს, პრეზიდენტი ჩქარობს და თებერვლის დასაწყისში მიდის პარლამენტში.

„ვვარაუდობ, რომ იგი ფიქრობს, პარლამენტში მისი მგზნებარე გამოსვლით უმცირესობაში შემავალ ფრაქციებს საბოლოო დაშლისგან გადაარჩენს. დაახლოებით ერთი კვირის წინ იმ ორ პატარა ფრაქციაში, რომელსაც ბატონი ლონდარიძე და ბობოხიძე თავკაცობენ, „ნაციონალური მოძრაობის“ დიდი ფრაქციიდან ხელოვნურად გადაიყვანეს თითო-თითო დეპუტატი და ეს პატარა ფრაქციები შვიდ წევრამდე გაზარდეს. მოგეხსენებათ, თუ ექვსი წევრი არ არის ფრაქციაში, ის ავტომატურად დაშლილად ითვლება, თუკი უახლოესი ბიუროს სხდომამდე ამ ფრაქციამ ვერ იპოვა სხვა წევრი გასული წევრის სანაცვლოდ. ამიტომ დეპუტატები ხელოვნურად გადაიყვანეს, გაამყარეს ეს ფრაქციები და დაშლას გადაარჩინეს. ისინი შიშობენ, რომ შესაძლებელია, ამ ორი პატარა ფრაქციიდანაც კი დეპუტატები გამოვიდნენ და მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს, ან არ გამოვიდნენ და ისე დაუჭირონ მხარი“, - განმარტავს გიორგი ცაგარეიშვილი და პრეზიდენტის ამ გათვლას მცდარად მიიჩნევს.

ამასთან, პროგნოზირებს, რომ არავისთვის გასაკვირი არ იქნება, რომ სააკაშვილს მძიმე დახვედრას მოუწყობს „ქართული ოცნება“. თუ რა შინაარსის შეკითხვები იქნება, ჯერჯერობით უმრავლესობის დეპუტატი ვერ აკონკრეტებს.

რაც შეეხება დებატებს, რეგლამენტით შეიძლება დებატები გაიმართოს, თუმცა ესეც არ არის იმპერატიული ნორმა და, შესაძლოა, დებატები არც კი გაიმართოს.

ამის მაგალითად გია ცაგარეიშვილს 2005-06 წლების შემთხვევები ახსენდება, როცა  სააკაშვილი გაიქცა დარბაზიდან, ფაქტობრივად, მიატოვა იმჟამინდელი ოპოზიცია და დებატები ვერ შედგა. დღესაც დეპუტატი აცხადებს, რომ დებატებს მაშინ აქვს აზრი, თუ სააკაშვილი დარბაზში იქნება. ამდენად, თუ სააკაშვილი დარბაზში დარჩენას გაბედავს, გორის სინდრომი არ შეეყრება და არ გაიქცევა, მაშინ დებატები შედგება.

„ბოლო დებატების დროსაც იგი გაიჭრა დარბაზიდან, ვერ აიტანა ჩემი და ჯონდის გამოსვლა. რა ჟესტიკულაცია, რა სიტყვები ჰქონდა, ჩემს მიერ გადაცემულ ფურცლებს იქნევდა, ბატონ ბაღათურიას ტალახში ჩაფვლითა და დაზელვით ემუქრებოდა. ახლა კი მას აბსოლუტურად განსხვავებული ვითარება ხვდება და საკმაოდ საინტერესო იქნება. ჩვენ მას ისე დავხვდებით, როგორც ეს შეეფერება „ქართულ ოცნებას“ და რისი ღირსიც არის ბატონი სააკაშვილი. ერთ რამეში გარწმუნებთ, რომ ეს მისთვის იქნება დაუვიწყარი დღე, რომელიც მას სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვება. ამ უკანასკნელი გამოსვლის დღეს დასასრულს ჰპოვებს ის ყველაფერი, თუ როგორ იქცეოდა ის ამ ცხრა წლის მანძილზე. ყველაფერზე პასუხი მოეთხოვება და მოურიდებლად გამოვთქვამთ ჩვენს მოსაზრებას მის ნამოქმედარზე“, - აცხადებს გია ცაგარეიშვილი.