როგორ მზადდებოდა საინგილოს ტრაგედია

როგორ მზადდებოდა საინგილოს ტრაგედია

საქართველოს ერთ-ერთი ძირძველი კუთხის, ისტორიული ჰერეთის ნაწილი – ჭარ-ბალაქანი, რომელსაც გარკვეული პერიოდიდან საინგილო ეწოდა, დღეს საქართველოს შემადგენლობაში აღარ არის. თუ როგორ დავკარგეთ საინგილო, ამის შესახებ გვესაუბრება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი ვახტანგ გურული.

ბატონო ვახტანგ, როდის დაიწყო ის პროცესი, რომელიც, საბოლოოდ, ისტორიული ჭარ-ბელაქნის (საინგილოს) დაკარგვით დამთავრდა?

– ეს პროცესი მეჩვიდმეტე საუკუნის დამდეგიდან იღებს სათავეს. ჯერ ირანის შაჰს კახეთი საბოლოოდ დაპყრობილი არ ჰქონდა, როცა გადაწყვიტა, ისტორიული ჰერეთის ნაწილი – ჭარ-ბელაქანი, კახეთის სამეფოსათვის ჩამოეცილებინა. ანუ, ეს ტერიტორია კახეთის მეფის იურისდიქციიდან უნდა გამოსულიყო. შაჰმა მიზანს მიაღწია – ჭარ-ბელაქანი მოსწყდა დედასამშობლოს. ცოტა მოგვიანებით სხვა უბედურებაც დაატყდა ამ კუთხეს თავს: კახეთსა და ქართლში მოთარეშე ლეკებმა ჭარში დაიწყეს დამკვიდრება. აქედან ისინი გამუდმებით ესხმოდნენ თავს კახეთსა და ქართლს, ძარცვავდნენ ქვეყანას, იტაცებდნენ ადამიანებს, რომლებსაც შემდეგ ახალციხის მონათა ბაზარზე ყიდდნენ. კახეთის მეფეებს ირანის შაჰი ჭარ-ბელაქანში შესვლის უფლებას არ აძლევდა. ირანელებმა, განსაკუთრებით კი ლეკებმა, ჭარ-ბელაქნის ქართველობა უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენეს. იქაურ ქართველებს პირწმინდად ძარცვავდნენ, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში კი ხოცავდნენ. მტერმა ჭარ-ბელაქნის ქართველებში დაიწყო აგიტაცია: თუ ქართველი გამაჰმადიანდებოდა, მას, როგორც უკვე მაჰმადიანს, ვერავინ შეავიწროებდა და გაძარცვავდა. მალე ქართველები დარწმუნდნენ – ან უნდა გამაჰმადიანებულიყვნენ, ან მუდმივი შევიწროების, ძალადობისა და ძარცვა-გლეჯის მსხვერპლი გახდებოდნენ. გამაჰმადიანებულ ქართველებს მართლაც აღარ ავიწროებდნენ, რაც, სამწუხაროდ, სხვა ქართველთათვის რჯულის შეცვლის სტიმული გახდა. მალე ჭარ-ბელაქანში ქართველთა გამაჰმადიანებამ მასობრივი ხასიათი მიიღო. სწორედ ამ დროს გაჩნდა ტერმინი „ინგილო“, რაც  „მოქცეულს“, ანუ, „ქრისტიანობიდან“ ისლამზე „მოქცეულს“ ნიშნავს. პირველ ხანებში იძულებით გამაჰმადიანებული ქართველები, რა თქმა უნდა, ისლამს ფორმალურად აღიარებდნენ, მაგრამ, ათწლეულების შემდეგ ისლამმა უკვე ძლიერად მოიკიდა ფეხი ჭარ-ბალაქანში.

ნუთუ ქართველი მეფეების მხრიდან არასდროს ყოფილა ჭარ-ბელაქნის  გათავისუფლების მცდელობა?

– ცხადია, იყო. მეთვრამეტე საუკუნის შუა ხანებში ქართლის მეფე თეიმურაზ მეორემ და კახეთის მეფე ერეკლე მეორემ, სცადეს ომის გზით ჭარ-ბელაქნიდან ლეკების განდევნა. ირანი ამ დროს იმდენად იყო დასუსტებული, რომ ქართველი მეფეების ამ მცდელობას წინ ვერ აღუდგებოდა. მაგრამ, სამწუხაროდ, თეიმურაზისა და ერეკლეს მცდელობა მარცხით დამთავრდა: შაქ-შირვანის მფლობელმა ჰაჯი-ჩალაბმა მუსლიმური სახანოების გაერთიანება მოახერხა და თეიმურაზი და ერეკლე დაამარცხა.

რა ბედი ეწია შემდგომ ხანებში ჭარ-ბელაქანსა და იქ მცხოვრებ ქართველობას?

– რუსეთის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს დაპყრობის დროისთვის (1801-1802 წლები) ჭარ-ბელაქანი ირანის სახელმწიფოს შემადგენლობაში შედიოდა, თუმცა, დიდხანს აღარ დარჩენილა ირანის შემადგენლობაში. 1804-1813 წლებში მიმდინარეობდა რუსეთ-ირანის ომი, რომელიც რუსეთის გამარჯვებით დასრულდა. გულისტანის ზავით, ჭარ-ბელაქანი (საინგილო) რუსეთს გადაეცა. თუმცა, რუსეთი გართულებას მოერიდა და საინგილოში ჯარების შეყვანისაგან თავი შეიკავა. 1826-1828 წლებში უკვე მეორე ომი მიმდინარეობდა რუსეთსა და ირანს შორის. ირანი კვლავ დამარცხდა და თურქმანჩაის ზავმა კვლავ დაადასტურა, რომ საინგილო რუსეთისა იყო. 1830 წელს რუსეთმა საინგილოში ჯარები შეიყვანა.

რა მდგომარეობაში აღმოჩნდა რუსეთის შემადგენლობაში მოქცეული საინგილო?

– ირანისთვის წართმეული საინგილოს ტერიტორია რუსეთმა ცოტა მოგვიანებით ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულში – „ზაქათალის ოკრუგში“ (ოლქში) გააერთიანა და თბილისის გუბერნიას დაუქვემდებარა. ამ სტატუსით დარჩა საინგილო რუსეთის იმპერიაში 1917 წალმდე – იმპერიის აღსასრულამდე.

რა ხდებოდა საინგილოსთან მიმართებაში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პერიოდში?

– 1917-18 წლებში იყო მცდელობა საინგილოს საკითხის გადაჭრისა საქართველოს სასარგებლოდ. როგორც გაირკვა, საინგილოს დასაკავებლად საკმაოდ სერიოზული სამხედრო ძალა იყო საჭირო, ასეთი კი მაშინ საქართველოს არ გააჩნდა. აქტიურად მოქმედებდა ირანის აგენტურა. საინგილოს საკითხი სერიოზულად დადგა 1920 წლის მაისში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და საბჭოთა რუსეთის მოლაპარაკების პერიოდში. მოლაპარაკების პროცესში ქართველებმა რუსებს შესთავაზეს ასეთი ფორმულა: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიად საბჭოთა რუსეთს უნდა ეცნო თბილისისა და ქუთაისის ყოფილი ტერიტორიები. გარკვეული წინააღმდეგობის შემდეგ, რუსები ამ წინადადებას დათანხმდნენ. რეალურად საკითხი ასე დადგა: თუ თბილისის გუბერნიას რუსეთი მთლიანად საქართველოს ტერიტორიად ცნობდა, მაშინ, გამოდიოდა, რომ თბილისის გუბერნიის შემადგენლობაში მყოფი „ზაქათალის ოკრუგიც“ უნდა ეცნო საქართველოს ტერიტორიად. ხელშეკრულების მიხედვით, „ზაქათალის ოკრუგი“ (ჭარ-ბელაქანი, საინგილო) საქართველოს ტერიტორიად იქნა აღიარებული.

გამოდის, რომ ამ ხელშეკრულების შემდეგ კვლავ დავკარგეთ საინგილო?

– სწორედ ასეა. 1920 წლის 30 აპრილს საბჭოთა რუსეთის წითელმა არმიამ ბაქო დაიკავა და აზერბაიჯანში საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა. საქართველო-რუსეთის ხელშეკრულებას კი მოსკოვში ხელი მოეწერა 1920 წლის 7 მაისს. საბჭოთა აზერბაიჯანის ბოლშევიკმა ლიდერებმა საბჭოთა რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას თხოვნით მიმართეს, არ დაეშვათ საინგილოს საქართველოს ტერიტორიად აღიარება. რადგან საქართველო-რუსეთის ხელშეკრულება უკვე ხელმოწერილი იყო და მისი შეცვლა აღარ შეიძლებოდა, მოსკოვმა ხერხს მიმართა: სხვადასხვა საშუალებით, საქართველოს დელეგაცია აიძულეს, 1920 წლის 12 მაისს ხელი მოეწერა „დამატებით შეთანხმებაზე”, რომელიც 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად გამოცხადდა. დამატებითი შეთანხმების მიხედვით, საინგილოს ტერიტორიის საქართველოში დარჩენა თუ აზერბაიჯანისთვის გადაცემა უნდა გაერკვია შერეულ კომისიას. ამ კომისიაში შევიდოდნენ საქართველოს, აზერბაიჯანისა და საბჭოთა რუსეთის წარმომადგენლები, კომისიის თავმჯდომარე კი იქნებოდა რუსეთის წარმომადგენელი. ეს, პრაქტიკულად, ნიშნავდა, რომ სამი ხმიდან ორი  ხმა (საბჭოთა აზერბაიჯანისა და საბჭოთა რუსეთისა) საინგილოს აზერბაიჯანისთვის გადაცემას დაუჭერდა მხარს. თუმცა, საინგილოს საკითხზე სამთა კომისიას არ უმუშავია.

მაშ, როგორ გადაწყდა საინგილოს საკითხი?

– 1921 წლის თებერვალ-მარტში საბჭოთა რუსეთმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დაიპყრო და საკითხიც თავისთავად გადაწყდა. მოსკოვის ნებით, საინგილო საბჭოთა აზერბაიჯანს გადაეცა. ცხადია, ამ საქმეში საძრახისი როლი ითამაშეს ქართველმა ბოლშევიკმა ლიდერებმა – ფილიპე მახარაძემ და სხვებმა, რომლებიც წინ ვერ აღუდგნენ მოსკოვის ნებას.

 

 

 

kolxi ჰაი დედასა...
და ამ პრობლემების მქონე ქვეყანა იმაზე კარგავს დროს, ნაძირალებს დაუთმოს თუ არა სამშობლო....
4 წლის უკან