„ივანიშვილი სოროსს შეხვდა და ჩვენს ურთიერთობის გაგრძელებას აზრი აღარ აქვსო“

„ივანიშვილი სოროსს შეხვდა და ჩვენს ურთიერთობის გაგრძელებას აზრი აღარ აქვსო“

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სერგო რატიანი და ზურაბ ჯაფარიძე ეკლესიას მოუწოდებენ, თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც შეიძლება, ოკუპანტის მიერ საქართველოს ინტერესების საზიანოდ იქნას გამოყენებული. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც დეპუტატები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორეს მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით ავრცელებენ.

„საქართველოს ნებისმიერ, საერო თუ სასულიერო ლიდერს მუდამ უნდა ახსოვდეს, როდესაც საუბრობს სამარადჟამო „ძმობაზე“ იმპერიასთან, რომელმაც 200 წლის განმავლობაში რამდენჯერმე მოახდინა საქართველოს ოკუპაცია, მიწასთან გაასწორა ქართული ეკლესია-მონასტრები, გააუქმა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია, სიცოცხლეს გამოასალმა ასობით ათასი ქართველი პატრიოტი, დღემდე აგრძელებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო ოკუპაციას და საკუთარ სახლში დაბრუნების საშუალებას არ აძლევს ასობით ათას ჩვენს მოქალაქეს. რუსეთ-საქართველოს შორის არსებული პრობლემები გამოწვეულია მხოლოდ და მხოლოდ ერთი ფაქტით - ეს არის საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის ცალსახა გადაწყვეტილება, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი, ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი. ეს ფაქტი უკვე არაერთხელ საჯაროდ დაადასტურა როგორც ყოფილმა/ამჟამინდელმა პრეზიდენტმა პუტინმა, ისე მისმა წინამორბედმა. აქედან გამომდინარე, განცხადება, რომ „ის რაც მოხდა ... იყო ცალკეული პიროვნებების ბრალი“ - სრულიად მიუღებელია, საზიანოა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის და წყალს ასხამს ოკუპანტი სახელმწიფოს წისქვილზე. მოვუწოდებთ საქართველოს სამოციქულო ეკლესიას, თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც შეიძლება, ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ იქნას გამოყენებული“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, საუბარია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ, ილია მეორის მიერ გაკეთებულ შემდეგ განცხადებაზე:

„ჩემი ვიზიტის მიზანია დაიწყოს იმ შეცდომების გამოსწორება, რომელიც მრავლად დავუშვით. ვფიქრობ, გვეყოფა სიმამაცე და სიბრძნე იმისათვის, რომ ეს შეცდომები გამოვასწოროთ. მე მქონდა შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან და შევთანხმდით იმაზე, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. რუსეთის პრეზიდენტი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ძმებად დავრჩეთ. ის რაც მოხდა, არც რუსეთის ბრალია და არც საქართველოსი. ეს იყო ცალკეული პიროვნებების ბრალი. მე მადლობას გიხდით ყველა აქ მყოფებს იმისათვის, რომ თქვენც გიყვართ საქართველო და ჩვენ ამას ვგრძნობთ. საქართველოსა და რუსეთს შორის სიყვარული იქნება მუდმივი“, -  განაცხადა პატრიარქმა რუსეთში, მოქანდაკე ზურაბ წერეთლის სახელოსნოში სტუმრობისას.

რუსეთში გამგზავრებულ საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციას თან ახლდა ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე. ამიტომ ამ ვიზიტთან დაკავშირებით და პატრიარქის განცხადების თაობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების გამოხმაურებაზე for.ge მამუკა არეშიძეს ესაუბრა.

მამუკა არეშიძე: „პატრიარქის ნათქვამთან დაკავშირებით მე შემიძლია მხოლოდ ვარაუდი გამოვთქვა, თუ რა იგულისხმა მან. მე ვფიქრობ, რომ პატრიარქმა პოლიტიკოსები იგულისხმა, რაშიც ბუნებრივია, არის სიმართლის მარცვალი, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია და საპატრიარქოს უნდა ჰკითხოთ, რა იგულისხმა პატრიარქმა ამ ნათქვამში. რაც შეეხება ჯაფარიძისა და რატიანის ნათქვამს, უბრალოდ, შემიძლია გითხრათ, რომ უკვე რამდენი ხანია ილია მეორე საქართველოს პატრიარქია და მე მგონია, რომ ჩვენი საზოგადოების ვერც ერთი წარმომადგენელი ვერც ერთ მაგალითს ვერ მოიყვანს, როდესაც პატრიარქის რომელიმე ქმედება, ან ნათქვამი მტრის წისქვილზე ასხამდეს წყალს, ან საერთოდ, საქართველოს საზიანო იყოს. ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი რამ არ მახსოვს და თუ რატიანი და ჯაფარიძე გამახსენებენ, კარგი იქნება.

ვფიქრობ, რომ საქართველოს პატრიარქის ავტორიტეტის ასეთი მაღალი ხარისხი სწორედ იმით არის განპირობებული, რომ ის ცნობილია, როგორც ბრძენი და პატრიოტი ადამიანი, რომელიც საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ ერთ პატარა ნაბიჯსაც კი არ გადადგამს. ასე რომ, მიმაჩნია, რატიანის და ჯაფარიძის ეს განცხადება უფრო პოლიტიკური ქულების დასაწერად იყო გაკეთებული.

რაც შეეხება პატრიარქის იმ ფრაზას, რომელთან დაკავშირებითაც მათ შენიშვნა გამოთქვეს, კარგი იქნება, თუ ისინი თვითონ გაარკვევენ, რა იგულისხმა პატრიარქმა ამ ნათქვამში და რა ტიპის ვიზიტი ჰქონდა რუსეთში. ვფიქრობ, მათ ეს არ უნდა გაუჭირდეთ, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს ყოველთვის თავისუფლად შეეძლოთ პატრიარქთან მისვლა და თავიანთი აზრის თქმა, რაც ჩვენ უახლოესი ისტორიიდან კარგად გვახსოვს. ამიტომ სჯობდა, ჯერ ეკითხათ და შემდეგ გაეკეთებინათ განცხადებები.

ბატონო მამუკა, ჩვენ გვახსოვს პერევის ინცინდენტი, როდესაც პატრიარქის რუსეთში ვიზიტს ამ სოფლიდან რუსული ჯარების გაყვანა მოჰყვა შედეგად. შემდეგ კი მიხეილ სააკაშვილის განცხადებების გამო, რუსული ჯარები პერევში ისევ შევიდნენ. ხომ არ ფიქრობთ, რომნაციონალური მოძრაობისწარმომადგენლების ამგვარი განცხადება, ახლაც პატრიარქის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული?

- საქმე ისაა, რომ დღეს ნაციონალები მმართველ ძალას აღარ წარმოადგენენ და ამას აცნობიერებენ ყველა მხვილ დედაქალაქში, სადაც მსოფლიო პოლიტიკა კეთდება. აქედან გამომდინარე, ჯაფარიძის და რატიანის განცხადება იგივე როლს ვერ ითამაშებს, როგორც პერევის ინციდენტის დროს მოხდა.

ბატონო მამუკა, რაც შეეხება პატრიარქის რუსეთში ვიზიტს, როგორ შეფასებას მისცემდით მას, მით უმეტეს, თქვენ საპატრიარქოს დელეგაციასთან ერთად რუსეთში იმყოფებოდით და უკეთ იცით ამ ვიზიტის დეტალები.

- მე საპატრიარქოს დელეგაციის წევრი არ ვყოფილვარ, უბრალოდ საპატრიარქოს დელეგაციასთან ერთად ვიმყოფებოდი რუსეთში და ეს განსხვავებული თემებია. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო. ზედმეტი აჟიოტაჟის მოწყობა ამ ვიზიტთან დაკავშირებით, ალბათ, სწორი არ იქნება. მიმაჩნია, რომ სრულდება ის გეგმა, რომელსაც საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლებისაგან ვითხოვდი. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების მიმტაცებელი, ოკუპანტია, მასთან დიალოგი და დიალოგის ფორმატის შექმნა აუცილებელია. პატრიარქმა თავისი გზით, რაც ხელეწიფებოდა, თავისი რესურსის გამოყენებით, ამ ფორმატის ამუშავება დაიწყო, ოღონდ, ბუნებრივია, თავის სიბრტყეში. მას ჰქონდა საკმაოდ საინტერესო შეხვედრა პუტინთან. რასაკვირველია, საუბრის შინაარსი ჩვენთვის მთლიანად ცნობილი არ არის, მაგრამ ვიცი, რომ იქ ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერთობების ხვალინდელ დღეზეც იყო საუბარი.

დანარჩენს რაც შეეხება, შეიძლება ითქვას, რომ თვითონ ვიზიტის შინაარსი იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც თავად ეს ფაქტი, რადგან მე ვნახე, როგორ ღებულობდა პატრიარქს იქ საზოგადოება, გინდა ქართველი ემიგრანტები და გინდ ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც მას არა მხოლოდ საზოგადო და სასულიერო მოღვაწედ მიიჩნევენ, არამედ უდიდესი გავლენების მქონე პიროვნებად თვლიან და მიიჩნევენ, რომ მას ბევრი რამის გადაწყვეტა შეუძლია. სხვათაშორის, საზოგადოებაში, რომელიც იქ პატრიარქს ხვდებოდა, არა მხოლოდ ქართველები და რუსები, არამედ სხვა ეროვნების წარმომადგენლების იყვნენ, მათ შორის - აფხაზებიც. ოღონდ მე არ ვგულისხმობ, რომ ეს დიალოგის ფორმატის შეხვედრები იყო, ეს უბრალოდ მრევლთან შეხვედრა იყო.

მოკლედ შემიძლია ვთქვა, რომ თავად ჩასვლის ფაქტი და ამ მიმართულებით დიალოგისთვის საფუძვლის ჩაყრა არის მნიშვნელოვანი და ასევე შემდგომში რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა. სხვათაშორის, უნდა ითქვას, რომ პუტინთან შეხვედრა ორივე დაჯილდოვებულისთვის მოეწყო. კერძოდ, მას შეხვდა როგორც საქართველოს პატრიარქი, ასევე შემდეგ (რასაკვირველია ცალ-ცალკე) ლიბანის პრეზიდენტი, რომელიც ასევე რუსეთის ეკლესიის იმ მაღალი ჯილდოთი დაჯილდოვდა. თავისთავად ეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო, მაგრამ ეს იყო საფუძვლის ჩაყრა და განსაკუთრებული სხვა არაფერი მომხდარა, თუმცა ახლა ამ საფუძველზე უნდა აშენდეს სერიოზული, ღონიერი დიალოგის ფორმატი, რომელიც საქართველოს უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

ბატონო მამუკა, თქვენი გადმოსახედიდან თუ არის რუსეთის მხრიდან მზაობა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში რაღაც ცვლილებები მოხდეს?

- მე პირადად ამის იმედი რომ არ მქონოდა, თბილისიდან ფეხს არ გავადგამდი, მაგრამ ამაზე ასე ფრჩხილებგახსნილად საუბარი ჯერ ნაადრევია. მინიშნებით, ალბათ, მიხვდით, რომ რადგან გარკვეული იმედები არსებობდა, ზუსტად ამიტომაც ვიყავი მოსკოვში ჩასული. მე არ ვამბობ, რომ ეს გარღვევა მოხდება დღეს, ხვალ ან ზეგ, მაგრამ ამ გარღვევას თუ საფუძველი არ ჩავუყარეთ, თუ კონსოლიდირებულად და პროფესიულად არ ვიმოქმედეთ, რისი რესურსიც გვაქვს, მაგრამ ორგანიზაციულად წლების განმავლობაში ვერ ვახერხებთ ამის გაკეთებას, თუ ეს არ გავაკეთეთ, მაშინ არაფერი გამოვა.

ჩვენზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, რადგან დღეს რუსეთი არ არის ისეთ არხეინ მდგომარეობაში, როგორც იყო თუნდაც 2008 წელს. დღეს რუსეთ-საქართველოს აქვთ ერთი სერიოზული გამაერთიანებელი პრობლემა. ეს არის პოლიტიკური ისლამის შეტევა, რომელიც ბევრად უფრო აქტუალურია რუსეთისთვის, ვიდრე საქართველოსთვის, თუმცა ხვალ ჩვენთვისაც ძალიან აქტუალური იქნება. დღეს ქართული საზოგადოების გადამწყვეტი უმრავლესობა ამ ხიფათს ვერ აცნობიერებს, მაგრამ ეს ხიფათი რეალურად არსებობს და ძალიან სწრაფად იკრებს ძალებს. ამიტომ ჩვენს ურთიერთობაში ისეთი თემატიკაც არსებობს, სადაც საქართველო არ არის წამგებიან მდგომარეობაში და საქართველოსაც აქვს თავისი კოზირები და ამ კოზირების სწორად გამოყენება არის აუცილებელი.

უკანასკნელ პერიოდშინაციონალური მოძრაობისმესვეურები აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ ახალი ხელისუფლება ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ ვექტორს რუსეთისკენ მიმართავს. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?

- მე ვერ ვიტყვი, რომ საგარეო პოლიტიკური კურსი იცვლება, რადგან დავოსის შეხვედრები საწინააღმდეგოს მეტყველებენ. მოსკოვში ზოგიერთმა განსაკუთრებით ანტიქართულად განწყობილმა ექსპერტმა ისიც კი მითხრა, ივანიშვილი სოროსს შეხვდა და ჩვენს ურთიერთობის გაგრძელებას აზრი აღარ აქვსო. ასეთი ისტერიული ფრაზებიც კი მესმოდა იქ, მაგრამ საქმე რაშია იცით, ორ ფრონტზე თამაში საქართველოსთვის ისტორიით განპირობებულია, სამწუხაროდ, ზოგჯერ ორ და მეტ ფრონტზეც. საქართველოს ისტორიაში თუ ჩავიხედავთ, ასე იყო ყოველთვის, გარდა იმ წლებისა, როდესაც საბჭოთა კავშირის, ან თუნდაც რუსეთის იმპერიის შემადგელობაში ვიყავით. დღეს გეოპოლიტიკური ვითარება რამდენიმე ფრონტზე ერთდროულად იუველირულ მუშაობას მოითხოვს. ამასთანავე, ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს ფრონტები განსხვავებულია, რუსეთი იქნება, დასავლეთი, თუ რეგიონალური მოთამაშეები, როგორიც არის თურქეთი, ან ირანი და ა.შ. დამთავრდა ის დრო, როდესაც მაინცდამაინც ერთი ძალა განაპირობებდა ყველაფერს. დღეს გეოპოლიტიკური სიტუაცია ისე ლაგდება, რომ ლავირების პროფესიული უნარი უნდა გქონდეს, არა ტყუილებზე დაფუძნებული, როგორიც ერთ ჩვენს წინა ხელმძღვანელს ჰქონდა, არამედ ძალიან გამართული, პროფესიონალური და მე ვიტყოდი, ეშელონირებული დაცვაც კი უნდა ჰქონდეს საქართველოს, რათა ნებისმიერი გეოპოლიტიკური ცვლილებებისთვის მზად იყოს. ამიტომ, ყველასთან, ასე თუ ისე, ნორმალური ვითარება უნდა ჰქონდეს და აქ ერთი მიმართულებით ორიენტაცია უნდა დავივიწყოთ, ეს წამგებიანია, ამისგან დივიდენდს ვერ ვიღებთ.