„ევროსაბჭოს რეზოლუციის ავტორმა არ იცის, საიდან გაჩნდა ჩანაწერი საქართველოზე“

„ევროსაბჭოს რეზოლუციის ავტორმა არ იცის, საიდან გაჩნდა ჩანაწერი საქართველოზე“

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ტრიპოლსკიმ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, ევროპის მაუწყებელთა ასოციაციასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს ღია წერილით მიმართა. მიმართვა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 24 იანვრის რეზოლუციას უკავშირდება და ტრიპოლსკის თქმით, ეს რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლების შეშფოთებას იწვევს.  

„რეზოლუციის ტექსტში ნათქვამია, თითქოს ახალმა ხელისუფლებამ აიძულა საზოგადოებრივი არხის ხელმძღვანელობა, დაეტოვებინა თანამდებობა, რათა ჩვენ გავატაროთ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მიზნები. სინამდვილეში საქმე ის გახლავთ, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არჩევნებიდან რამდენიმე დღეში დაფინანსება შეუწყვიტა ტელეკომპანია „პიკს“, რომლისგანაც ყიდულობდა რუსულენოვან გადაცემებს. შედეგად ტელევიზიის თანამშრომლები უმუშევრები დარჩნენ და მათ მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს გამოძიების დაწყების მოთხოვნით“, - ნათქვამია ტრიპოლსკის ღია წერილში.

მისივე თქმით, ტელევიზიამ, რომელმაც გასულ წელს 31.8 მილიონი ლარი მიიღო სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მოახერხა 11 მილიონი ლარის დავალიანების დაგროვება, ეს მაშინ, როდესაც სულ რამდენიმე წლის წინათ მიხეილ სააკაშვილი აწარმოებდა რა მის მიმართ ლოიალურად განწყობილი და ამავე დროს, მისი უახლოესი გარემოცვის პირდაპირ მფლობელობაში არსებული ტელევიზიების მიმართ პროტექციონისტულ პოლიტიკას, 36 მილიონი ლარის საბიუჯეტო დავალიანება ჩამოაწერა კერძო ტელეკომპანიებსა და საზოგადოებრივ მაუწყებელს. აქედან 9 მილიონი ლარი საზოგადოებრივ მაუწყებელს, 25 მილიონი ლარი კი კერძო ტელეკომპანიებს „რუსთავი-2“ და „იმედი“. ამასთანავე, ტრიპოლსკი აცნობებს ევროსაბჭოს, რომ ამავე ხელისუფლებამ გაფრთხილების გარეშე და ვადების დარღვევით 2.15 ლარის დავალიანების გამო ინკასო დაადო კერძო ტელეკომპანია „კავკასიის“ საბანკო ანგარიშებს.

„მაქვს შეკითხვა, შეგიძლიათ თუ არა, დაგვისახელოთ ევროპის უახლესი ისტორიიდან სახელმწიფო სახსრების ხარჯვის მიმართ ასეთი დამოკიდებულება, რომელიმე სახელმწიფო მოხელის მხრიდან, რომელიც არ გახდებოდა ძიებისა და პასუხისმგებლობის საფუძველი? იცნობთ თუ არა, ისეთ ფაქტებს, როცა სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლები არ ინტერესდებიან არც ტელევიზიის თანამშრომლებისა და არც ბიუჯეტიდან გადარიცხული სახსრების ბედით იმის გამო, რომ მათ პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებში არ დასდონ ბრალი?“ - მიმართავს ტრიპოლსკი ევროპელებს და აცხადებს, რომ ამ რეზოლუციის მიღების დროს ისინი ეყრდნობოდნენ იმ პოლიტიკური ძალის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რომელმაც მოსვლის შემდეგ დახურა ათეულობით გაზეთი და სატელევიზო გადაცემა, დააპატიმრა და მიისაკუთრა ტელეკომპანია „ევროპის“ ქონება, 2007 წლის 7 ნოემბერს იარაღით შეიჭრა ტელეკომპანია „იმედში“, რომელიც წაართვა მესაკუთრეებს, 2011 წლის 26 მაისს ფიზიკურად გაუსწორდა ათეულობით ჟურნალისტს და ბოლოს - ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრა უდანაშაულო ფოტორეპორტიორები. 2005 წელს კი მიაყენა პირდაპირი ფინანსური დარტყმა ბეჭდვით მედიას, თქვა რა უარი საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის გაზეთების გამოწერაზე.

ამასთანავე ტრიპოლსკი ამბობს, რომ 2008 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელობიდან იმის გამო გადადგა, რომ იმ დროს მოქმედი კანონმდებლობისა და ხელისუფლების პირობებში საზოგადოებრივ მაუწყებელს საზოგადოების სამსახურში ვერ ჩააყენებდა.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით for.ge ირაკლი ტრიპოლსკის ესაუბრა.

ბატონო ირაკლი, როგორ ფიქრობთ, რა გახდა იმის მიზეზი, რომ ევროსაბჭომ რეზოლუციაში საქართველოს ახალი ხელისუფლება ასე გააკრიტიკა?

- მე არ ვიცი რა გახდა ამის მიზეზი. ეს, ალბათ, იმ ადამიანს უნდა ჰკითხოთ, ვინც ამ რეზოლუციის ავტორია და მან უნდა განმარტოს, საერთოდ საიდან მოხვდა საქართველო ამ რეზოლუციაში.

თქვენ იმიტომ გეკითხებით, რომ ხელისუფლების წარმომადგენელი ხართ და თქვენი გუნდის მიმართ ხშირად გამოითქმის შენიშვნები დასავლეთთან არასათანდო კომუნიკაციის გამო. საუბარია იმაზე, რომქართული ოცნებაქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დასავლეთისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას ვერ უზრუნველჰყოფს. ამასთან დაკავშირებით როგორია თქვენი პოზიცია?

- ჩემი პოზიცია ასეთია - თუ არ უნდათ, რომ გაიგონ, როგორ უნდა მიაწოდო ინფორმაცია? იმ რეზოლუციაში საქართველო საერთოდ არ უნდა ყოფილიყო და მათაც არავისთვის არაფერი უკითხავთ. თუ იკითხავენ რამეს და ჩვენ ვერ მივაწვდიდით ინფორმაციას, მაშინ შეიძლებოდა პიარის ცუდად მუშაობაზე გვესაუბრა. გეთანხმებით, შეიძლება ჩვენი პიარი ცუდად მუშაობს, მაგრამ მე არ მაქვს ინფორმაცია, რომ ევროპელებმა ვინმეს რამე ჰკითხეს და ასე დაწვრილებით იციან რამე.

მოგეხსენებათ, მე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვიყავი და გადავდექი ამ თანამდებობიდან. აქ ჩემზე, ანუ ირაკლი ტრიპოლსკიზე კი არ არის საუბარი, არამედ საუბარია იმაზე, რომ ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე გადადგა და რატომ მაშინ ამით არავინ დაინტერესდა? იქნებ ჩემზე ზეწოლა იყო, ან რამე სხვა პრობლემა მქონდა, ამით არავინ დაინტერესებულა, ახლა რომ აეწვათ კუჭი ვიღაცეებს, თითქოს, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ზეწოლა ხორციელდება. საიდან გაუჩნდა საზოგადოებრივ მაუწყებელს 19 მილიონიანი ვალი ბიუჯეტის წინაშე? ჩემს ღია წერილში მე მხოლოდ 11 მილიონს ვახსენებ, რადგან დანარჩენ 8 მილიონზე სასამართლოში უნდა შევიდეს სარჩელი. სინამდვილეში კი, სწორედ 19 მილიონიან დავალიანებაზეა საუბარი.

თქვენ ამბობთ, რომ ევროპელების მხრიდან სათანადო დაინტერესება არ არის?

- ნუ, როგორ არის სათანადო დაინტერესება? ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაცია, როგორიც ევროპის საბჭოა, სანამ რეზოლუციაში რამეს ჩაწერს, ხომ უნდა დაინტერესდეს, რეალურად რა ხდება ქვეყანაში. იმით მაინც უნდა დაინტერესებულიყვნენ, თუ რა კანონპროექტს განიხილავს საქართველოს პარლამენტი. მედიაკოალიციამ პარლამენტში წინადადება შეიტანა იმისთვის, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე დებატები დაწყებულიყო, თორემ ეს კანონი საზოგადოებრივ მაუწყებელზე ზეწოლას კი არ ისახავს მიზნად. საერთოდ, ევროპაში ეტყობა ისეთი დამოკიდებულებაა საზოგადოების მიმართ (მე იქ არ მიცხოვრია და არ ვიცი), თითქოს, ამ ქვეყანაში არასამთავრობოებისა და პოლიტიკური პარტიების გარდა ხალხი არ ცხოვრობს. გამოდის, რომ საქართველოში არც ტელევიზიის, არც კინოს და არც სხვა სფეროს პროფესიონალი არ გვყავს. სჯობს, დაინტერესდნენ პროფესიონალების მოსაზრებებით და შემდეგ გამოიტანონ დასკვნები.

ბატონო ირაკლი, ექსპერტთა გარკვეული ნაწილი იმასაც ფიქრობს, რომ ვინაიდანნაციონალური მოძრაობა“ „ევროპის სახალხო პარტიის“ ლობირებით სარგებლობს, ამიტომ ევროპელებსქართული ოცნებარა ინფორმაციას მიაწვდის, შესაძლოა, ამას მნიშვნელობაც არ ჰქონდეს და ამგვარ რეზოლუციებში მმართველი გუნდი მაინც გაკრიტიკებული იქნება.

- თუკი ექსპერტები ასე ფიქრობენ, ალბათ, ეს მართლაც ასე იქნება. ჯერ, საერთოდ არ ვიცი, რა არის „ევროპის სახალხო პარტია“. არ ვიცი, არც გამიგია და ასეთი კატეგორიულობისთვის ბოდიშს მოგიხდით, მაგრამ არც მაინტერესებს ვინ არიან ამ პარტიაში. მაგრამ თუკი ექსპერტებს ასეთი მოსაზრებები აქვთ, შესაძლოა, ეს მართალიც იყოს. ევროსაბჭოდან მე მაქვს გარკვეული ინფორმაცია, რომ რეზოლუციის ავტორი თვითონ დაბნეულია და არ იცის, საიდან მოხვდა საქართველოს შესახებ ჩანაწერი. რამ დააბნია ის კაი დედმამისშვილი, ეკითხა ჩემთვის და გავცემდი პასუხს.

როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება ახალმა ხელისუფლებამ მოიმოქმედოს, რომ ასეთი კრიტიკული ჩანაწერები, რომლებიც რეალობას არ ასახავს, აღარ მოხვდეს საერთაშორისო ორგანიზაციების რეზოლუციებში?

- რა უნდა მოიმოქმედოს და უნდა გამოჩნდნენ ადამიანები, როგორც მე გამოვჩნდი. აქამდე ჩუმად ვიყავი და ვფიქრობდი, რომ რაღაცნაირად დალაგდებოდა სიტუაცია, მაგრამ ამ უტიფარმა ტყუილებმა, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ პიარშიკები სჩადიან, ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯა. ამიტომაც გადავწყვიტე, იმ სფეროზე, სადაც რამე გამეგება, მეც ავიმაღლო ხმა. ისეთ სფეროზე, რომელზეც არაფერი ვიცი, არც არაფერს ვიტყვი.

როგორ ფიქრობთ, თქვენს ღია წერილს სათანადო რეაგირება მოჰყვება?

- არ ვიცი, თუ მოჰყვება, კარგია, თუ არადა, კიდევ გავაგზავნით წერილს და ასე გავაკეთებთ მანამ, სანამ რეაგირება არ იქნება. აბა როგორ აგებინებენ სხვები? საერთოდაც, ეს სხვები როგორც აგებინებენ, თვითონ ეს მეთოდები ეჭვებს იწვევს. რატომ იგებენ ევროპელები ყველაფერს ისე, როგორც სინამდვილეში არ არის. მათ ხომ საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ საკუთარი საელჩოებიდან აქვთ დეტალური ინფორმაცია. იციან, რომ არანაირი ზეწოლა საზოგადოებრივ მაუწყებელზე არ ხდება და ეს ყველაფერი ტყუილია. ნაციონალებმა მთელი 9 წელი ქვეყანა ტყუილში აცხოვრეს და ახლაც სურთ ეს ტყუილების მოგვახვიონ თავს. „იმედი“ რომ დაარბიეს, „მზე“ და „რუსთავი2“ მესაკუთრეებს რომ წაართვეს, ყველა საინფორმაციო საშუალება, რაც ნაციონალების კონტროლქვეშ არის, წართმეული რომ არის, ეს ვერ გაიგეს ევროპელებმა, ისევე როგორც ის, რომ ამ ტელეკომპანიებს მილიონობით ვალები ჩამოაწერეს. სად გაგონილა, რომ კერძო კომპანიას სახელმწიფომ საგადასახადო დავალიანებები ჩამოაწეროს? როგორ? არ იციან ევროპელებმა? - ალბათ, არ უნდათ, რომ გაიგონ და ესეც ეჭვს აჩენს, რატომ არ უნდათ ამის გაგება.