„ნაციონალები“ ადგილობრივი არჩევნების წინ ყველგან თავის აქტივისტებს ნერგავენ

„ნაციონალები“ ადგილობრივი არჩევნების წინ ყველგან თავის აქტივისტებს ნერგავენ

დედაქალაქში არსებული გამგეობების რაოდენობა 6-დან 10-მდე გაიზარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საკრებულომ მიიღო, თუმცა საკითხის განხილვის დროს სხდომათა დარბაზი ფრაქცია „თავისუფლებამ“ პროტესტის ნიშნად დატოვა. მისი თავმჯდომარის ირაკლი შიხიაშვილის შეფასებით, გამგეობების რაოდენობის გაზრდა „ნაციონალურ მოძრაობას“ მისი წევრების დასასაქმებლად სურს.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, კოკი იონათამიშვილმა კი განმარტა, რომ აღიშნულ ცვლილებით არც ქალაქის ბიუჯეტი და არც რომელიმე სოციალური მიმართულება ზარალდება.

„ქალაქის მერიამ შემოიტანა წინადადება და გამგეობების რაოდენობა 6-დან 10-მდე გაიზარდა. ანუ, თუ აქამდე იყო ვაკე-საბურთალო, ახლა ცალკე ვაკისა და ცალკე საბურთალოს  გამგეობები შეიქმნება. ეს გამოიწვია იმან, რომ ძალიან ბევრი გადაწყვეტილება მყისიერად არის მისაღები და ეს მხოლოდ გამგეობებს ხელეწიფებათ. მაგალითად, გლდანი-ნაძალადევის გამგეობა დაახლოებით 350 000 თბილისელს ემსახურებოდა, რაც ბუნებრივია, ამ პროცესს აფერხებდა“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ თბილისის მერია ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ხალხზე ძალიან მზრუნველი გახდა. პირველ რიგში, ეს თბილისის მოსახლეობისთვის 100 ლარიანი, ხოლო სოციალურად დაუცველებისთვის 250 ლარიანი ვაუჩერების დარიგებაში გამოიხატა. ამას მოჰყვა გამგეობების რაოდენობის გაზრდა, გაფიცული ყვითელი სამარშრუტო ტაქსების ნაცვლად კი მერიამ, მოსახლეობისთვის გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემების ასაცილებლად, თბილისში ავტობუსები და მეტროს ვაგონების შემადგენლობა დაამატა. საყურადღებოა, რომ სამარშრუტო ტაქსების მძღოლები სწორედ თბილისის მერიის მიერ ჩატარებული ტენდერის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვენ, რადგან აცხადებენ, რომ ეს ტენდერი თავიდანვე უკანონოდ ჩატარდა. დედაქალაქის მერია კი მძღოლებსა და „თბილისის მიკროავტობუსს“ მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ეს ორ სუბიექტს შორის დავაა, რომელშიც მერია არ ჩაერევა. მისი ჩარევა მხოლოდ ტრანსპორტის დამატებაში გამოიხატა.

რა დგას სინამდვილეში ამ ზრუნვის უკან, რატომ ხდება გამგეობების რაოდენობის ზრდა და კიდევ სად ინიშნებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები გიგი უგულავას ხელდასმით, ამასთან დაკავშირებით for.ge-ს თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - თბილისელების“ თავმჯდომარე, გულიკო ზუმბაძე ესაუბრება.

გულიკო ზუმბაძე: „გამგეობების დაშლა და გამრავლება არაფერს გვაძლევს, რადგან მუნიციპალიტეტები ასრულებენ იმ როლს (მოსახლეობასთან შუამავლის), რომელიც გამგეობამ უნდა შეასრულოს. გამსხვილება თავის დროზე სწორედ იმით იყო განპირობებული, რომ მოსახლეობისათვის გეოგრაფიულად ხელმისაწვდომ ადგილებზე შეიქმნა მუნიციპალიტეტები. მაშინ, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნებში თბილისი ასეთი მაღალი პროცენტით წააგო, სწორედ ამ დროს გახდა საჭირო გამგეობების შექმნა, რაც, რა თქმა უნდა, ბევრ კითხვებს აჩენს.

მოგეხსენებათ, თბილისის მერიის ყველა სამსახურში (იქნება ეს სატრანსპორტო, ქონების მართვის, თუ სხვა) შექმნილია სამეთვალყურეო საბჭოები, სადაც 2000-2500 ლარიანი ხელფასიანი თანამდებობები „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტიდან და სამინისტროებიდან გამონთავისუფლებულ წევრებს დაურიგეს. ასეთი ადამიანებისთვის სასათბურე პირობების შესაქმნელად შეიქმნა სწორედ ეს თანამდებობები. ახლა კი უგულავა ზის და ფიქრობს, სად შეიძლება თბილისის ბიუჯეტის ხარჯზე (რადგან ცენტრალურ ბიუჯეტზე ხელი აღარ მიუწვდებათ) „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დასაქმება. ასეთი ნავსაყუდელი აღმოჩნდა თბილისის მერიის სისტემა, რომელსაც მერიაში უგულავა, ხოლო საკრებულოში ნაციონალური უმრავლესობა ხელმძღვანელობენ. სწორედ ამიტომაც გადაწყვიტეს გამგეობების რიცხვის გაზრდა, რათა კიდევ ახალი გამგებლები დანიშნონ. მართალია, ოთხი მოადგილიდან ორ მოადგილეს ნიშნავენ, მაგრამ რესურსი მაინც საჭიროა. კერძოდ, დამატებით საჭიროა მანქანები, სატელეფონო ხარჯები, შენობის ხარჯები, ხელფასები და ა.შ. მოტივი არის ის, რომ თითქოს მოსახლეობასთან უფრო ახლოს იქნებიან. ეს „უფრო ახლოს“ კი იმას ნიშნავს, რომ თბილისის ბიუჯეტის ხარჯზე ეს ადამიანები ადგილობრივი არჩევნებისათვის პოპულარულები გახადონ.

მოგეხსენებათ, თბილისის ბიუჯეტს უზარმაზარი შესაძლებლობები აქვს თუნდაც სოციალური კუთხით, შემოტანილია სხვადასხვა პროგრამები, და ყველაფერი ადგილებზე „ნაციონალური მოძრაობის“ გამოსაჩენად არის აქცენტირებული. ამაში ყველაზე დიდი უბედურება არის ის, რომ სამეთვალყურეო საბჭოები საბავშვო ბაღებშიც შემოიღეს. თბილისში 158 მოქმედი საბავშვო ბაღია და თითოეულში „თბილისის საბავშვო ბაღების განვითარების სააგენტოდან“ ორ-ორ წარმომადგენელს ნიშნავენ და თუ არ ვცდები, 300-დან 500 ლარამდე ხელფასები აქვთ.

ოფიციალურად რა იყო ამ სამეთვალყურეო საბჭოების შექმნის მოტივი?

- თქვენ წარმოიდგინეთ, საბავშვო ბაღს ხომ ჰყავს გამგე (რომელსაც შემდეგ დირექტორი დაარქვეს) და მისი მოადგილეებიც ოფიციალურად ამათ შემოიღეს და ყველა ეს მოადგილე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური კოორდინატორი იყო. ამდენად, ამ თავის კოორდინატორებს (რომლებსაც 500 ლარამდე ხელფასი ჰქონდათ) დედაქალაქის ბიუჯეტის ხარჯზე ინახავდნენ, ეს ადამიანები კი პარტიულ დავალებებს ასრულებდნენ და საბავშვო ბაღში ათასში ერთხელ თუ შეივლიდნენ. ნებისმიერი ბაღის გამგეს შინაურულად რომ ჰკითხოთ, ამას ყველა დაგიდასტურებთ. ახლა კი, ამ კოორდინატორებს კიდევ ორ-ორი კოორდინატორი დაამატეს. როგორც მოგახსენეთ, ამ ადამიანების ხელფასი 300-დან 500 ლარამდე მერყეობს და მათი ფუნქცია საბავშვო ბაღიდან „ბაღების განვითარების სააგენტობმდე“ ინფორმაციის მიტანა იქნება.

„ნაციონალურ მოძრაობას“ შეეძლო თავისი პარტიული აქტივი საზოგადოებრივ საწყისებზე დაესაქმებინა, მაგრამ ეს არ გააკეთეს, რადგანაც სწორედ მერიის ხარჯზე სურთ ამ ადამიანების შენახვა. არის კიდევ უამრავი პროგრამა, რომელსაც მერია ახორციელებს და სადაც ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები არიან ჩართულები. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ უგულავას მერიის ბიუჯეტის ხარჯზე ნაცმოძრაობის გადარჩენა და არჩევნებამდე ამ გზით მისვლა სურს. სწორედ ამიტომ ვეწინააღმდეგებით მათ ამ წამოწყებებს, თუმცა მიზეზი მხოლოდ ესეც არ არის.

საქართველოს პარლამენტში მზადდება ახალი კანონი თვითმმართველობების შესახებ, რომელშიც რეგიონალური მოწყობის კუთხით ახალი მიდგომები იქნება ასახული. ასევე თბილისში როგორი თვითმმართველობა გვექნება, ამ კანონით განისაზღვრება.

ზოგადად საკითხისადმი ჩვენი მიდგომა არის მუნიციპალური განვითარება, მხოლოდ არა ისეთი, როგორც აქამდე იყო, რომ მუნიციპალიტეტები საარჩევნოდ შტაბებს წარმოადგენდეს, არამედ ეს უნდა იყოს რეალური თვითმმართველობა. ხალხმა უნდა იგრძნოს, რომ მუნიციპალიტეტში არიან ადამიანები, რომლებიც მის გარკვეულ კეთილდღეობას ემსახურებიან. ხალხმა თვითონ უნდა მიიღოს მონაწილეობა თვითმმართველობაში და რაც მოსახლეობას ადგილებზე აწუხებს, სწორედ ეს პროექტები უნდა დაფინანსდეს. ამ დროს კი გამგეობების გაყოფა და კიდევ სხვა ამგვარი დაჩქარებული წესით ჩადენილი ქმედებები, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც სულ მალე საბავშვო ბაღებს უფასოს გავხდით, ნათელს ჰყოფს, რომ უგულავა ცენტრალურ ხელისუფლებას ეჯიბრება, თან ცდილობს, თავისი ხალხი ბიუჯეტის ხარჯზე მაქსიმალურად ჰყავდეს დაფინანსებული.

მინდა გითხრათ, რომ ოპოზიცია აქამდე უფულოდ მოვიდა. ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აქტვისტი და წევრი წლების განმავლობაში უმუშევარი იყო და ვინმეს მათთვის ათი ლარი რომ შეეწირა, ციხე არ ასცდებოდა. ადამიანები, რომლებმაც ეს გამარჯვება მოახდინა, მათი უმეტესობა დღესაც უმუშევარია და თავიანთი თავი აქამდე მოიტანეს. ნაციონალებისთვის კი კომფორტისა და დიდი თანხების გარეშე პოლიტიკაში ყოფნა წარმოუდგენელია, რადგან ისინი ისეთი ხალხის გამოჭერაზე არიან აქცენტირებულები, რომლებსაც ფულს აძლევენ, შემდეგ კი რასაც უნდათ, იმას აკეთებინებენ.

თბილისის მერიამ დედაქალაქის მოსახლეობისთვის ვაუჩერები შემოიღო, ახლა კი, როდესაც სამარშრუტო ტაქტების მძღოლები გაფიცულები არიან, ქალაქში ტრანსპორტი დაამატა. მოკლედ რომ ვთქვათ, თბილისის მერია ხალხზე ძალიან მზრუნველი გახდა. ესეც შეგვიძლია განვიხილოთ იმ კონტექსტში, რომ მერია ადგილობრივი თვითმმართველობისთვის ემზადება, თუ ეს ცენტრალური ხელისუფლებისთვის ჯიბრში დგომისათვის კეთდება?

- ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, მერიის ეს ნაბიჯები მისასალმებელია. მას აქამდე ამპარტავნული განცდა ჰქონდა და რომ არა ახალი ხელისუფლება, მერიის საქვეუწყებო სამსახურებს ხელფასებსაც არ მოუმატებდნენ და ქალაქში ძალიან ბევრი რამ არ გაკეთდებოდა. ახლა კი უგულავა იძულებულია, ასეთ ნაბიჯებზე წავიდეს, რაც კარგია და აქამდეც უნდა ყოფილიყო ასეთი კონკურენტული გარემო და არა ერთი გაბატონებული პოლიტიკური ძალა. სწორედ ამ ერთი პარტიის ბატონობამ გამოიწვია ძალიან ბევრი ცუდი რამ, თუნდაც ომი, ან ის სოციალური უკუღმართობები, რამაც ახლა იჩინა თავი. აქამდე ეს თემები მიჩუმათებული იყო, ახლა კი ახალი ხელისუფლების გადასაწყვეტი გახდა ყველაფერი. რა თქმა უნდა, ეს პრობლემები თანდათან გადაწყდება.

ავტობუსების დამატებას რაც შეეხება, ეს ავტობუსები მერიას ჰყავს სათადარიგო რეჟიმში და როდესაც რომელიმე ფუჭდება, მის შემცვლელად სხვა გამოდის. ახლა ეს ავტობუსები დამატებულია. რაც შეეხება მზრუნველობას, თბილისის მერია ახლა შეეცდება ყველა ასეთ ფაქტორი მაქსიმალურად გამოიყენოს იმისთვის, რომ გვაჩვენოს - აი მე რა კარგი ვარ, 100 ლარიანი და 250 ლარიანი ვაუჩერები გამოვყავი, ავტობუსები დავამატე და ა.შ. ეს ცუდი არ არის, მაგრამ ცუდი ის არის, რომ დღემდე ქვეყანაში გაღატაკებული ფენა სულ უფრო მატულობდა. დღეს რომ უფასო სასადილოებში 9 მილიონია ჩადებული, რა თქმა უნდა, ეს არ მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანა ეკონომიკურად წინ მიდის. ჩვენ გვინდა იქით წავიდეთ, რომ ხალხს ჰქონდეს სამუშაო ადგილები, მაღალი ხელფასები, გადასახადები ადეკვატური იყოს, ადამიანებმა ღირსეულად იცხოვრონ და ბიუჯეტიდან სოციალური დახმარებები რაც შეიძლება შევამციროთ, გადახდისუნარიანი მოსახლეობის პროცენტი კი ავწიოთ. ამ ყველაფერს ჩვენ თანმიმდევრულად განვახორციელებთ.

ნაციონალებს კი ისღა დარჩენიათ, ის მხარდამჭერები, რომლებიც ჰყავდათ, ანუ მათი აქტივი, იყოს შენარჩუნებული.

საგულისხმოა მერიის დამოკიდებულება სამარშრუტო ტაქსის მძღოლების პროტესტისადმი. კერძოდ, მერია გვერდზე გადგა და განაცხადა, რომ ეს არის დავა ორ სუბიექტს შორის, რაშიც ის ვერ ჩაერევა. ამ დროს კი მძღოლები მერიას უკანონო ტენდერის ჩატარებაში ადანაშაულებენ. ამ შემთხვევაში რატომ იქცევა მერია ასე?

- მოგეხსენებათ, ამ ადამიანებს ჰქონდათ ეს სამარშრუტო ხაზები. რა თქმა უნდა, ბევრი მიკროავტობუსი სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა და მერიამ მოიფიქრა ასეთი რამ, რომ თან ხელი მოეთბო და თან ახალი მანქანები შემოეყვანა. მან ამ ადამიანებს ახალი მანქანები აყიდინა იმ მოტივით, რომ ხაზებზე დარჩებოდნენ. ამის გამო ბევრმა მათგანმა ბინა დატვირთა იპოთეკით, ზოგმა პროცენტული ვალი აიღო და ა.შ. ჩემთან გუშინ მოსულები იყვნენ ისინი, ვინც ამ ტენდერის შედეგად დაზარალდა და მათ სპეციალური კომიტეტიც კი აქვთ შექმნილი, რათა თავიანთი უფლებებისთვის იბრძოლონ. ეს ხალხი მერიამ გვერდზე გასწია, ერთმა კომპანიამ საკუთარი თავი ოთხ კომპანიად დაარეგისტრირა (ერთ მისამართზე, ერთ დღეში) და ყვითელი მირკოავტობუსების შემოყვანაზე გამოცხადებული ტენდერი მოიგო. მძღოლებს, ვინც დასაქმებული იყო, უთხრეს, რომ ხმა არ ამოეღოთ და ისევ იმუშავებდნენ მათ ადგილებზე. ამიტომაც მძღოლებმა ისე, რომ კონტრაქტები არც კი წაუკითხავთ, ენდნენ ამ ადამიანებს და ხელი მოაწერეს ამ პირობებს, რითაც კაბალურ პირობებში აღმოჩნდნენ. ისინი ინდმეწარმეებად დარეგისტრირდნენ, ინდმეწარმე კი მოგეხსენებათ, გადასახადებს იხდის, ხოლო თუ რაღაცას დაარღვევს საკუთარი ქონებით, შესაძლოა საცხოვრებელი ბინითაც კი აგოს პასუხი. ახლა კი მძღოლები მოითხოვენ, რომ იყვნენ ჩვეულებრივი დაქირავებული მუშაკები და მგზავრობის გადასახადი ისევ 50 თეთრამდე შემცირდეს.

საკრებულოს სხდომაზე დავსვი საკითხი, რომ საკრებულო ამ საკითხში ჩაერიოს, რათა გაფიცვა დიდხანს არ გაგრძელდეს და თბილისელები არ დაზარალდნენ. საკრებულოს უმრავლესობამ, ნაციონალებმა განაცხადეს, რომ ეს კერძო საკითხია და ამაში ვერ ჩავერევითო. არადა თუკი თბილისელების უფლებები ირღვევა, მიმოსვლასთან დაკავშირებით პრობლემები იქმნება და ა.შ. რატომ არ უნდა ჩაერიოს საკრებულო? მით უმეტეს, რომ ამ ტენდერის გამომცხადებელი იყო მერია, რომელმაც ამ კომპანიას მთელი ქალაქის ტრანსპორტით მომსახურების საქმე ჩაუგდო ხელში. სატენდერო პირობებში ეწერა, რომ ამ კომპანიას ევალება ქალაქის ტრასპორტით მომსახურება უზრუნველყოს, ისეთი ტარიფები შემოიღოს და ისეთი მომსახურება დააწესოს, რომ ეს სფერო შეუფერხებლად მუშაობდეს. სწორედ ამიტომ, ახლა მერიის ქონების მართვის სამსახურმა ამ კომპანიას ტედერის პირობების შესრულება უნდა მოსთხოვოს. იმ კომპანიამ კი კეთილი ინებოს და მძღოლების მოთხოვნები დააკმაყოფილოს და ეს ძალიან მალე უნდა მოხდეს. ორშაბათიდან ქალაქში მოძრაობის ჩვეულებრივი რეჟიმი უნდა აღდგეს.