უცხოელი დონორების მიერ გამოწვდილი დახმარების ხელი დაგრძელდება

უცხოელი დონორების მიერ გამოწვდილი დახმარების ხელი დაგრძელდება

საქართველოს მთავრობა სიამყით აცხადებს, რომ ევროპელი დონორები დამატებითი თანხის გამოყოფაზე დაიყოლია. ეს დამატებით თანხა ნახევარი მილიარდი დოლარია, საიდანაც 275 მილიონი დოლარი კრედიტი იქნება. გამოდის, რომ საგარეო ვალების მოცულობა გაისადაც „სოლიდლურად“ გაიზრდება.

 

ასე რომ, ფინანსთა სამინისტროს „მიღწევებში“ სახარბიელო არაფერია. ჯერ კიდევ საკითხავია, საქართველოს მთავრობამ დაითანხმა უცხოელები სესხების გამოყოფაზე თუ უცხოელი დონორები არ იშურებენ სამომავლოდ ჩვენი ეკონომიკისთვის ესოდენ დიდი პრობლემის მომტან კრედიტებს.

 

ასეა თუ ისე, დონორების მიერ 2008 წელს დამტკიცებული 4,5 მილიარდი დოლარი 5 მილიარდამდე გაიზრდება. დამატებული 0,5 მილიარდიდან 45% გრანტი 55% კრედიტი იქნება. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის ვალების მოცულობა კიდევ უფრო გაიზრდება.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი ადასტურებს, რომ ფინასური დახმარება 5 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება.

 

„მომდევნო წლის პირველ ნახევარში დაკონტრაქტებული თანხის დარჩენილი ნაწილის და დაუკონტრაქტებელი თანხის, კერძოდ, ნახევარი მილიარდი დოლარის ჩამორიცხვაც დასრულდება“, - განმარტავს ბაინდურაშვილმა.

 

აქედან გამომდინარე, აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები მთლიანი თანხის კიდევ ნახევარი მილიარდი აშშ დოლარით გაზრდის თაობაზე. საერთოდ, საქართველო 2011 წელს 954 მილიონი ლარის ვალის აღებას გეგმავს. აქედან 854 საგარეო ვალი იქნება, ხოლო 100 მილიონი შიდა ვალი. წლევანდელთან შედარებით, საგარეო ვალის აღების მოცულობა შემცირებულია, წელს ქვეყანამ 1,3 მილიარდი ლარი ისესხა.

 

გაისად, საგარეო ვალდებულებების მომსახურებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტი 138 მილიონ დოლარს გაიღებს. მთლიანობაში, 31 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოს საგარეო ვალი 3,836 მილიარდ დოლარს შეადგენს.

 

სპეციალისტების განცხადებით, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში, ეკონომიკური აქტივობის შენელების გამო, საგადასახადო შემოსავლების მობილიზება უფრო და უფრო ჭირს, ვალების ზრდა ქვეყანას მნიშვნელოვანი პრობლემებს უქადის.

 

შეგახსენებთ, რომ კონტროლის პალატის მიერ გაკეთებული დასკვნის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ ბოლო ერთ წელიწადში იმაზე მეტი საგარეო ვალი აიღო, ვიდრე საჭირო იყო. პალატის დაგეგმვისა და ანალიზის დეპარტამენტის უფროსის ლევან ალაფიშვილის განცხადებით, ერთი წლის განმავლობაში საგარეო ვალის ზრდა 1 მილიარდს აჭარბებს. ეს კი ნიშნავს, რომ ფინანსური კრიზისის პირობებში მთავრობამ არსებული რესურსების სწორი მობილიზება და გადანაწილება ვერ მოახდინა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ მოცულობის საგარეო ვალის აღება საჭირო არ გახდებოდა.

 

ფაქტობრივად, მთავრობა ყველა მნიშვნელოვან პროექტებს, რომლითაც საზოგადოების წინაშე თავს იწონებს ვალებით ახორციელებს. კერძოდ, ყველაზე ბევრ ფულს გზების მშენებლობისთვის ვსესხულობთ, ასევე ელექტროგადამცემი ხაზების რეაბილიტაცია-მშენებლობისთვის, სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემების მოწესრიგებისთვის და ასე შემდეგ.