იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროექტისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი, 70 მილიონი ლარი, ათვისებულია და ამ ეტაპზე პროექტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. მართალია, დეველოპერულ ბიზნესში მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა, მაგრამ როგორ გაგრძელდება მომავალში ბიზნესის განვითარება, ამის თქმა ახლა თითქმის შეუძლებელია.
ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის ალექსანდრე ძნელაძის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში უკვე გაიცა ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი ოდენობის იპოთეკური სესხი.
„ამ დროისთვის უკვე 5600-ზე მეტი იპოთეკური სესხია გაცემული, რაც 540 მილიონ ლარზე მეტის მოცულობაა, რომელიც სუბსიდირების პროგრამაშია ჩართული. პროექტი ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს, არ შემცირებულა მოთხოვნა პანდემიის მეორე ტალღის გააქტიურების მიუხედავად, რაც მოწმობს, რომ პროექტმა რეალური შედეგი გამოიღო და აქტივობა უძრავი ქონების ბაზარზე კვლავ შენარჩუნებული და მაღალია“, - აღნიშნა ძნელაძემ.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უძრავი ქონების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში იპოთეკური სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამა, რომლის ბიუჯეტი 70 მილიონი ლარია, 28 მაისს წარადგინა. შესაბამისი დადგენილება კი მთავრობამ 25 ივნისს მიიღო.
როგორც ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, საქართველოში უძრავი ქონების სექტორი ერთ-ერთი წამყვანია, რის გამოც 2020 წელს არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით აღნიშნული პროგრამის ამოქმედება სწორი ნაბიჯი იყო. რაც შეეხება, გაგრძელებას, ამ ეტაპზე არ იგეგმება.
„საკმაოდ დიდი ნაწილია ათვისებული. დინამიურია, დაახლოებით 60%-ზე მეტი იყო, თუ არ მეშლება. გაგრძელება ამ ეტაპზე არ იგეგმება, რადგან ამით საკმაოდ დიდი სტიმული მივეცით ამ სექტორს. თქვენ იცით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური დაღმასვლა გვაქვს, ამ სექტორში ზრდა საკმაოდ შთამბეჭდავია. ლომის წილი ამ პროგრამასაც ეუთვნის.
მგონია, რომ იმ მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც 2020-ში გვქონდა, სწორად მოვიქეცით. იმიტომ, რომ ეს სექტორი საქართველოში მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი წამყვანია. მნიშვნელოვანია, რომ ეს სექტორი უსაფრთხოდ გრძნობდეს თავს, შესაბამისად ეს იყო სწორი ნაბიჯი. თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ ამ პროგრამის ამ სახით გაგრძელების საჭიროება არ იქნება“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ მაჭავარიანმა.
დეველოპერები ამბობენ, რომ იპოთეკური სესხების სუბსიდიის გარეშე დარგში კრიზისი გარდაუვალი იქნებოდა. სამშენებლო კომპანია „არსის“ დირექტორმა ბესო ორთოიძემ პროექტის მნიშვნელობა შეაფასა.
„ეპიდემიის გამო იმდენად რთული სიტუაცია შეიქმნა, რომ ძნელი იყო, ვინმეს ბინის ყიდვის მოტივაცია ჰქონოდა. მიდგომამ გაამართლა და რეალზიაცია მეტ-ნაკლებად შენარჩუნდა. ვერ ვიტყვი, რომ დიდი მოთხოვნაა, მაგრამ აშკარად უკეთესი ვითარებაა. ამ პროგრამის გარეშე ჩვენს დიდი კრიზისი გველოდა. შეიძლება გასაქირავებლად აღარ ყიდულობენ ბინებს, მაგრამ პირადი საჭიროებისთვის ამ შანსის გამოყენებას ხალხი ცდილობს, ვისაც ფული აქვს. ანტიკრიზისულმა გეგმამ ამ მხრივ დადებითი მოლოდინი შექმნა. ველოდები, რომ დეკემბერში მოთხოვნა გაიზრდება.
ბევრი დაბრკოლება იყო, მათ შორის არჩევნები, ამ მხრივ სექტემბერში ტრადიციული, არჩევნებისთვის დამახასიათებელი ტრენდი შეიცვალა. იმის მაგივრად, რომ ხალხი არჩევნების შედეგს დალოდებოდა, უფრო მეტად შეეცადა უძრავი ქონების შეძენას, ამითაც არის განპირობებული, რომ სექტემბერში იპოთეკით დაფინანსებული გაყიდვები შედარებით მაღალი იყო. სესხების სუბსიდია ერთადერთი ფაქტორია, რაც ამ ეტაპზე ბაზარს ასტიმულირებს“, - განაცხადა ორთოიძემ.
უძრავი ქონების ბაზრის „გალტ ენდ თაგარტის“ ყოველკვარტლურ მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ იპოთეკური სესხების გაცემა მკვეთრად გაიზარდა 2020 წლის სექტემბერში - 437 მლნ ლარამდე, მაშინ როცა ივლისში ჯერ კიდევ შემცირება აღინიშნებოდა.