„მგლებიც მაძღარნი იყვნენ და ცხვრებიც მთელნი, ეს ვერავინ შეძლო“

„მგლებიც მაძღარნი იყვნენ და ცხვრებიც მთელნი, ეს ვერავინ შეძლო“

„არავითარი დამატებითი კავშირები რუსეთთან არ მაქვს, რასაც თხზავენ. უბრალოდ, მე ვაკეთებ კარგ ანალიზს. ვფიქრობ, ჩემი წარმატების ძირითადი მიზეზი არის ის, რომ შემიძლია კარგი ანალიზი გავაკეთო და გავთვალო კონკურენტის პოზიციაც კი“, - აცხადებს რუსეთთან მიმართებით ბიძინა ივანიშვილი.

ამის მიუხედავად, უმცირესობის წევრები, ნაციონალებთან დაახლოებული არასამთავრობოები და ნაციონალების ვექტორისკენ შებრუნებული ცალკეული ექსპერტები დაჟინებით იმეორებენ, რომ ახალი ხელისუფლების საგარეო ვექტორი დასავლეთიდან ჩრდილოეთისკენ ბრუნდება.  

ამ პათოსს ედპ-მაც აუბა მხარი, რომელიც იმთავითვე იმას ახმიანებდა, რაც სააკაშვილის რეჟიმს არგებდა. კერძოდ, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისთვის საგანგაშო ყოფილა საგარეო ვექტორის დასავლეთიდან ჩრდილოეთისკენ შებრუნების ტენდენცია, რაც თურმე უკვე სახელმწიფო დონეზე მკაფიოდ გამოკვეთილ სახეს იღებს.   

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მისი გადასახედიდან, რუსეთის ინტერესებშიც უნდა შედიოდეს საქართველოსთან ურთიერთობების დალაგება, რადგან ეს სიტუაცია სასარგებლო არც ერთი მხარისთვის არ არის. ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ხელი გაუწოდა დავოსში მყოფ მედვედევს, მანაც გამოუწოდა, თუმცა ვექტორის ცვლილება რომ ასე მარტივად არ ხდება, ესეც ცხადია.

For.ge დაინტერესდა, ხედავენ თუ არა ექსპერტები საგარეო ვექტორის ცვლილების ნიშნებს.   

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი ვექტორის ცვლილების საშიშროებას ვერ ხედავს. რაც შეეხება ოპოზიციონერთა მოსაზრებებს, მისთვის სრულიად ბუნებრივია, რომ ისინი კრიტიკულნი არიან საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებისადმი.

ირაკლი მენაღარიშვილის აზრით, შემთხვევათა უმრავლესობაში ასეთი მიდგომა ჯანსაღიცაა, თუ, რა თქმა უნდა, ამგვარი საქციელი ხელს არ უშლის ქვეყნის წინსვლას. უფრო მეტიც, უკანასკნელ დღეებში საერთაშორისო არენაზე სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმატებული თანამშრომლობის საკმაოდ პოზიტიური ნიმუში გაჩნდა. საუბარია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე.

„ასე რომ, მე მგონი, ვინც მონაწილეობდა სტრასბურგში, თვითონაც დარწმუნდა, საით მიისწრაფის და რა მისწრაფებები აქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს ხელისუფლებაში არიან“, - აცხადებს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი.  

რაც შეეხება ვექტორის ცვლილებასთან დაკავშირებულ განცხადებებს, ირაკლი მენაღარიშვილი მიიჩნევს, რომ ეს განცხადებები საქვეყნო საქმის კეთებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუშლის ხელს, თუ ისინი მიმართული იქნება დესტრუქციული მიმართულებით ქვეყნის იმიჯის შესალახად. ხოლო, თუ ეს კრიტიკა გულწრფელი იქნება და ობიექტურ შეფასებებს დაეფუძნება, მაშინ ეს სრულიად ჯანსაღი კრიტიკა გამოვა. თუმცა ვექტორის ცვლილების ნიშნები არ ჩანს.

პოლიტოლოგ სოსო ცინცაძე აეჭვებს იმ ადამიანთა გულწრფელობა, ვინც ახალი ხელისუფლების ვექტორის შეცვლით აპელირებს. მათ რიცხვში არიან ის ყოფილი  სუპერსამთავრობო არასამთავრობოები, რომლებიც არჩევნებამდე მილიონიან გრანტებს იღებდნენ და ნაციონალებისგან პატივში იყვნენ. მეორე მხრივ, პოლიტოლოგის აზრით, საქართველოს პროდასავლურმა კურსმა უკვე მოასწრო და ისე ღრმად გაიდგა ფესვები, რომ მისი შეცვლა ასე უცებ, სერიოზული მოვლენებისა და ძვრების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია.

„დღეს ვერ ვხედავ და შეუიარაღებელი თვალითაც არ ჩანს იმის ნიშნები, რომ ვექტორი იცვლებოდეს. რაც შეეხება ვაშაკიძის გადადგომას და სხვა მომენტებს, ეს უკვე სახელისუფლო სამზარეულოში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება. თანაც, ვაშაკიძეს არ გაუკეთებია კონკრეტული განცხადება, მან ზოგადი განცხადება გააკეთა. თუ ვაშაკიძე შიგნიდან უყურებდა პროცესებს, ისმენდა ახალი მინისტრისა და პრემიერის პრივატულ საუბრებს, გარკვეულ დოკუმენტებს იცნობდა, რომლებსაც ჩვენ არ ვიცნობთ, ეს სხვა საკითხია“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.

მისი აზრით, დღევანდელ დღეს ედპ-სა და სხვა ორგანიზაციების აპელირება ვექტორის შეცვლის თაობაზე იმას ემსახურება, რომ საზოგადოებას შეახსენონ თავიანთი არსებობა.

პოლიტოლოგი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი თითქმის ათი წელი გაუსვლელად ცხოვრობდა ჭორვილაში. ამდენად, ზუსტი საჯარო ინფორმაცია არ არსებობს რუსეთთან მის დღევანდელ კავშირებზე, არც რუსულ საინფორმაციო წყაროებში არ ჩანს ამის დამადასტურებელი ფაქტი, რომ ივანიშვილს აქტიური კავშირები ჰქონოდეს რუსულ ბიზნესელიტასთან ან სახელისუფლო წრეებთან, მაგრამ არის სხვა მომენტებიც.

კერძოდ, სოსო ცინცაძეს უადგილოდ მიაჩნია 14 პუნქტიანი საგარეო პოლიტიკის  მე-9 პუნქტი. პოლიტოლოგს ახსენდება, რომ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ვილსონი ვერსალის კონფერენციაზე ჩავიდა, იქ ჩაიტანა მსოფლიოს მოწყობის 14 პუნქტი, რომელმაც დაღუპა მსოფლიო და სათავე დაუდო სეპარატიზმს, ერთა თვითგამორკვევის პრინციპს. ამდენად, პოლიტოლოგს უკვირს, რომ თედო ჯაფარიძეს, ამ პროფესიონალს, როგორ გაეპარა შეცდომა, სადაც წერია, რომ საქართველო არ უნდა გახდეს რუსეთსა და დასავლეთს შორის უთანხმოების მიზეზი, რაც, პრაქტიკულად, უკვე შეუძლებელია.

„ამას რა სჯობს, ჩვენ არავინ წავაჩხუბოთ ერთმანეთს, მაგრამ უთანხმოების მიზეზი უკვე არსებობს. აღმოსავლეთ ევროპის ნებისმიერი სახელმწიფო, რომელსაც რუსეთი თავისი გავლენის სფეროდ მოიაზრებდა (მეფის რუსეთიდან დაწყებული, კომუნისტებით დამთავრებული), როდესაც ევროსტრუქტურებში შედიოდა, რუსეთი გაღიზიანებით ხვდებოდა ამას და ეს ყოველთვის იქცეოდა დაპირისპირებისა და უთანხმოების საგნად. ამდენად, რუსეთი არასდროს დაგვიკრავს ტაშს, რომ პროდასავლური კურსი გვაქვს. ეს მხოლოდ ნატოს არ ეხება. ხოლო, თუ ჩვენ რუსეთისკენ ავიღებთ კურსს, მაშინ დასავლეთი გახდება ჩვენით უკმაყოფილო. დიდი ხანია, ბზეჟინსკი პენსიაზეა, მაგრამ მისი გავლენა დღესაც ხელშეუხებელია ამერიკისთვის. მან პირდაპირ გვითხრა, პრორუსული კურსი ამერიკის მეგობრობის ფასად დაგიჯდებათო. ამიტომ სცილასა და ქარიბდას შორის სიარული, რომ არც მწვადი დაწვა და არც შამფური, მგლებიც მაძღარნი იყვნენ და ცხვრებიც მთელნი იყვნენ, პრაქტიკულად, ეს ვერავინ შეძლო“, - აცხადებს პოლიტოლოგი.

ამასთან, ეჭვს გამოთქვამს, რომ დღევანდელი ჩვენი დიპლომატები ამას შეძლებენ.

ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილ რუსეთის სასარგებლოდ ვექტორის შეცვლაზე საუბარი ნაციონალებისა და მათთან დაახლოებული არასამთავრობოების ძველ არგუმენტად მიაჩნია. უფრო მეტიც, ეს ადამიანები ერთი წლის წინაც, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენისთანავე, ამავეს აცხადებდნენ. თუმცა აქ მთავარია, რეალურად ასეა თუ არა საქმე.

„ჯერჯერობით მე ვხედავ ანტირუსული პოლიტიკის მოხსნას ჩვენი მმართველი გუნდისგან. ეს იმ რადიკალური ანტირუსული რიტორიკის მოხსნაა, რომლის გამოც ჩვენ ძალიან ბევრი რამ წავაგეთ წლების განმავლობაში. ასეთ რიტორიკას კი, მით უმეტეს, როცა ის მიმართულია დიდი ქვეყნის წინააღმდეგ, შეუძლებელია, კარგი რამ მოჰყოლოდა. მით უმეტეს, რომ იმედი გაქვს ისეთი პოლიტიკური ფიგურების, თუნდაც იმავე შეერთებულ შტატებში, რომლებიც დღეს აღარ წარმოადგენენ წამყვან ძალას და მათ არანაირი შენიშვნის მიცემა არ შეუძლიათ, გარდა მორალური მხარდაჭერის. ჩვენ ვხედავთ ეს რიტორიკა მოიხსნა დღის წესრიგიდან“, - აცხადებს ზაზა ფირალიშვილი.

მისივე თქმით, ედპ-სა და სხვა სატელიტური არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია გასაკვირი არაა, რადგან ისინი ყოველთვის იმეორებენ და გაიმეორებენ იმას, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობდა. უფრო მეტიც, მათ უნდათ, შექმნან პროპაგანდისტული ფონი და ის განწყობილებები, რაც ყველაზე ხელსაყრელი იქნება. თუმცა, მათ ნათქვამს რიგითი ადამიანი იმ უბრალო მიზეზის გამო ვერ დაიჯერებს, რომ ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს თუ პოლიტიკურ პარტიებს ვერ ენდობიან. მათი ნდობა იმდენად დაბალია, რომ მათ სიმართლეც რომ თქვან, ამასაც არ დაუჯერებენ.