„სააკაშვილი მთავრობის დათხოვნისთვის ამზადებს ნიადაგს“

„სააკაშვილი მთავრობის დათხოვნისთვის ამზადებს ნიადაგს“

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დავოსში ვიზიტის დასრულების აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო შვეიცარიის პრეზიდენტთან შეხვედრა, სადაც როგორც ორმხრივ ურთიერთობაზე, ისე შვეიცარიის, როგორც საქართველოსა და რუსეთს შორის მედიატორის როლზე ისაუბრეს. რაც შეეხება უშუალოდ დავოსში ვიზიტს, პრემიერი მას ნაყოფიერად აფასებს.

„ვფიქრობ, ძალიან ნაყოფიერად ვიმუშავეთ. ბევრი შეხვედრა მქონდა. მაქისმალურად გამოვიყენე დრო. მოვახერხე პოლიტიკურიც და ეკონიმიკური ბიზნესშეხვედრებიც. გვიპრდებით, რომ მთავრობაში ჩვენი მოსვლის მეორე წელი იქნება კარგი, მესამე იქნება ძალიან კარგი, მეოთხეზე კი ჭეშმარიტად უნდა ვიგრძნოთ, რომ შეიცვალა სიტუაცია. დღეს ამას ვერ ვიგრძნობთ, მაგრამ ძალიან კარგი საფუძველი ჩავუყარეთ იმას, რომ ინვესტიციები რეალურად შემოვიდეს და პოლიტიკოსებმაც გაიგონ, როგორი ხელისუფლება მოვიდა. მოვიდა სამართლიანი და ევროპული ტიპის ხელისუფლება. აი, ეს პრეტენზია გვაქვს ჩვენ და ამას ვაჩვენებთ საქართველოსაც და მსოფლიოსაც“, - აღნიშნა პრემიერმა.

სამაგიეროდ პრემიერის დავოსში ვიზიტით უკმაყოფილო დარჩა ქვეყნის პრეზიდენტი, ეკონომიკური ფორუმის დასრულებას სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა და პრემიერ-მინისტრი რუსეთის რიტორიკის ერთი-ერთზე გამეორებაში დაადანაშაულა.

„დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში რუსეთის მიერ მოწყობილ ღონისძიებაზე „ამაყად ყვებოდა“ (ივანიშვილი), რომ მსოფლიო რეიტინგებში საქართველოს მე-9 ადგილი, როდესაც რუსეთის 139-ე ადგილზეა, ტყუილი და სააკაშვილის მიერ ხელოვნურად მოგონილია. ამას იგი ამბობს დიდი ღიმილით და ძალიან ბედნიერად, რომ მსოფლიოს ინვესტორებს შეატყობინა სიმართლე, აცნობა, როგორ მოვატყუეთ მსოფლიო თურმე, რომ საქართველოში კარგია ინვესტიციების ჩადება. თურმე იმას, რომ საქართველოს ეკონომიკა უნდა განვითარდეს, სამუშაო ადგილები უნდა შეიქმნას, ხალხს ხელი უნდა გავუმართოთ, რომ ფული უნდა შემოვიდეს, ტურიზმი უნდა განვითარდეს, მშენებლობა უნდა იყოს, ახალი ობიექტები უნდა გაჩნდეს, საფუძველი არ ჰქონია.

ქვეყნის მთავრობის ლიდერი უნდა დადიოდეს უცხოეთში და ამას ჰყვებოდეს?! ეს უნდა იყოს გზავნილი მსოფლიო ინვესტორებისადმი, რომ ეს ყველაფერი ბლეფია და დასკვნა უნდა გაკეთდეს, რომ ამ ქვეყანაში ფულის ჩადებას აზრი არ აქვს?! ეს დასკვნა იქნება, ბუნებრივია, როცა ასე ესაუბრები მსოფლიო ინვესტორებს. მე, ალბათ, უკვე აღარაფერი მესმის ამ ქვეყნად“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე კი თვლის, რომ სააკაშვილს ეს ტყუილები ერთი, კონკრეტული მიზნის შესასრულებლად სჭირდება და რაც ივანიშვილმა დავოსში თქვა სხვა კონტექსტის მატარებელი იყო.

ექსპერტების განმარტებით, თუ ივანიშვილმა ისაუბრა იმაზე, რომ ქართული საინვესტიციო გარემო არ იყო მიმზიდველი, მაგრამ ყველაფერს გააკეთებენ, რომ მომავალში ასე არ იყოს და ინვესტორებს ჯანსაღი, სტაბილური გარემო შეუქმნან, ეს არ ნიშნავს რომ ქვეყნის იმიჯის შემლახავი განცხადებები გაკეთდა. თუმცა, მათივე შეფასებით, რასაც რეალურად შეეძლო ქვეყნის იმიჯის შელახვა, ეს რამდენიმე დღის წინ სააკაშვილის მიერ სტრასბურგში გაკეთებული განცხადებებია.

მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ სტრასბურგში, ევროსაბჭოს ტრიბუნიდან ისაუბრა იმაზე, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება, შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.  მისი ძალიან დიდი გაოცება გამოიწვია პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ, რომელიც მან ერევანში ვიზიტის დროს გააკეთა. სააკაშვილის განცხადებით, „ერთია, როდესაც უმჯობესდება ურთიერთობები რუსეთთან, მაგრამ მეორეა, როდესაც ნარჩუნდება ქვეყნის ძირითადი მისწრაფებები.

„მე ვფიქრობ, რომ ქართველ ხალხს ხმა არ მიუცია ამ ძირითადი გზის შეცვლისკენ“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

რაც შეეხება საშინაო საქმეებს, სააკაშვილის შეფასებით, აქაც ძალიან ცუდად არის საქმე. „საქართველოს პოლიტიკური ძალები ძველი მენტალობით არიან შებოჭილები, ადგილობრივი მმართველობა და დღევანდელი პარლამენტის ოპოზიციის წევრები ხშირად მმართველი პარტიის მიერ შანტაჟის მსხვერპლი ხდებიან. ახალი ხელისუფლება ძალიან ხშირად უმცირესობის ნებისმიერ აქტივობას პოლიტიკურ ელფერს აძლევს და ხშირად თავდასხმებიც ხდება... ახალი პრემიერ-მინისტრი საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელს თანამდებობიდან გადადგომას აიძულებს და მას „მეცხრე არხთან“ აერთიანებს, რომელიც მისი ოჯახის მფლობელობაშია“.

საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლამდე კი პრეზიდენტმა მედიის მეშვეობით მთელ მსოფლიოს ამცნო, რომ: „დღეს აქ მე ვარ საქართველოს პარლამენტის იმ წევრებთან ერთად, რომლებიც იმყოფებიან ყოველდღიური ზეწოლის, შანტაჟის და პირდაპირ რომ ვთქვათ, ტერორის ქვეშ, სხვა არაფერი არ ჰქვია ამ ყველაფერს, სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული, რომ ისინი გადავიდნენ ერთი ფრაქციიდან მეორეში, ხმა მისცენ სრულიად დამანგრეველ, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებს. რა თქმა უნდა, ის რაც აქ ხდება, არის ჩვენი შიდა საქმეების ნაწილი. საქართველო ახლა არის რთულ პერიოდში“.

ის სურათი, რაც მიხეილ სააკაშვილმა დახატა, ტერორი, რეპრესიები, ეკონომიკური სტაგნაცია, არც ერთი ინვესტორისთვის არ არის მიმზიდველი, მის განცხადებებში ყველა კომპონენტი იყო გათვალისწინებული იმისათვის, რომ საქართველო ერთ-ერთ ყველაზე მაღალი რისკის ქვეყნად შეფასდეს.

ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, სააკაშვილმა ევროსაბჭოში თქვა, რომ მისი ხელისუფლებიდან წასვლის მერე ქვეყანაში ცუდი მდგომარეობა შეიქმნა, არასტაბილურობა, პოლიტიკური დევნა და ა.შ.

„რაც ივანიშვილს მიაწერა, რომ საქართველოს იმიჯის შემლახავი განცხადებები აკეთა, ეს სწორედ თვითონ  გააკეთა თანაც არა რამდენიმე წლის წინანდელ, არამედ დღევანდელ საქართველოზე, თანაც, თქვა ხვალ და ზეგ უარესი იქნებაო“ - აცხადებს ძაბირაძე.

ექსპერტი კახა კახიშვილი თვლის, რომ თუ ივანიშვილმა ისაუბრა წარსულზე და ასევე აღნიშნა, რომ ყველანაირად ხელს შეუწყობს, რომ ინვესტიციები, რომელიც მომავალში ჩაიდება საქართველოში, მყარ, სტაბილურ გარემოში მოხვდება, წილების გადაცემით არ დამთავრდება ნებისმიერი ინვესტიცია, ეს ინვესტორებიტვის პირიქით, გარანტიებს ნიშნავს.

„ძალიან კარგად ვიცით, რომ აქ ინვესტიციები იდებოდა მაშინ, თუ ხელისუფლების წარმომადგენლები მწვანე შუქს აგინთებდნენ და ეს „მწვანეს ანთებაც“ საკმაოდ ძვირი ჯდებოდა და კომპანიის ნახევარზე მეტ წილში ან სხვა თანხაში გამოიხატებოდა. თუ ივანიშვილმა ისაუბრა იმაზე, რომ მსგავსი რამ მომავალში აღარ იქნება, ეს პირიქით, ინვესტორებს მოიზიდავს“ - აცხადებს კახიშვილი.

მისივე განმარტებით, სტრასბურგში სააკაშვილმა პრაქტიკულად, მოუწოდა ყველას, რომ მომავალში არავინ არ გაბედოს და არ ჩადოს საქართველოში ინვესტიცია, რადგან ამ გამოსვლით დაანგრია ქვეყნის იმიჯი.

„ერთია, რომ რაც ივანიშვილმა თქვა, ის რეალობაა, ხოლო მეორე - რაც სააკაშვილმა განაცხადა, ტყუილი და ამით ყველანაირად მოჭრა ქვეყანას თავი. ამით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნაწყენია ქვეყნის მოსახლეობაზე და სამაგიეროს იმით უხდის, რომ ყველა ბერკეტით, ყველა ტრიბუნით, სადაც იწვევენ და არ იწვევენ, პრობლემა შეუქმნას ქვეყანას, რომ საბოლოოდ ისე გამოვიდეს, როგორც ერთ ცნობილ ფრაზაშია ნათქვამი - „არც მე და არც თქვენ“,- ამბობს კახიშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე: „არ ვიცი რამდენად სწორად არის ციტირებული ივანიშვილის განცხადება სააკაშვილის მიერ, მაგრამ ნამდვილად ვუსმინე სააკაშვილის გამოსვლას ევროსაბჭოში და შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ძალიან ცუდი გამოსვლა, სააკაშვილის გამოსვლებს შორის. არ ვლაპარაკობ მხოლოდ ევროსაბჭოში გამოსვლებზე. მგონია, რომ სააკაშვილმა საკუთარი პრეზიდენტიობა ძალიან ცუდად დაასრულა და რაღაც დროის შემდეგ, როდესაც საკუთარ გამოსვლას მოუსმენს, შეიძლება ამას მიხვდეს კიდეც. შეიძლება ქვეყნის მთავრობა აკრიტიკო, მაგრამ არ შეიძლება ევროსაბჭოს ტრიბუნიდან ილაპარაკო, რომ ყველაფერი უკან მიდის და სადაცაა ქვეყანა დაიქცევა. არ მგონია ეს სწორი იყოს, როდესაც შენ ხარ ქვეყნის პრეზიდენტი, თუნდაც ოპოზიციის წარმომადგენელი“.

ქვეყნის იმიჯის შელახვის გარდა სააკაშვილი ივანიშვილს რუსეთის რიტორიკის გამეორებაშიც ადანაშაულებს.

სააკაშვილის განცხადებით, ის წლების განმავლობაში ცდილობდა, საქართველო მიმზიდველი გამხდარიყო. საპირისპიროს წარმოჩენაზე კი მუდამ რუსეთი მუშაობდა. 
„ჩვენი მტრის ინტერესი იყო, ეჩვენებინათ, რომ საქართველო არის არასტაბილური ქვეყანა, რომელიც მხოლოდ პიარზე და ტყუილზეა აგებული. ახლა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს იმავეს, რასაც ჩვენი არაკეთილმოსურნე რუსეთი მთელი ეს წლები.

ერთი-ერთზე ამბობს იმავეს და თანაც, რუსეთის მიერ მოწყობილ ღონისძიებაზე. მინდა, ქართულმა საზოგადოებამ გამოიღვიძოს და ამაზე დასკვნები გააკეთოს. იმის მიუხედავად, რას გეუბნებით მე ან მთავრობა, უკვე დროა, თქვენ, როგორც საზოგადოებამ, გააკეთოთ თქვენი შეფასებები, ვიდრე გვიან არ იქნება“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, ამ შემთხვევაში ივანიშვილის რუსეთთან დაკავშირება არავისთვის არაფრის მომტანია არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ.

„თუ ივანიშვილი ტყუილს ამბობს და ქვეყანაში ინვესტიციები შემოდიოდა, მაშინ სააკაშვილმა თქვას, რომ ივანიშვილის განცხადება ტყუილია. მისი რუსეთთან დაკავშირების ლოგიკა ნამდვილად არ მესმის. თუ ივანიშვილს არ მოსწონდა წარსულში ქართული საინვესტიციო გარემო და ამბობს, რომ მომავალში ასე არ იქნება, ეს არის ყურადსაღები და არა ის, რომ თურმე ივანიშვილი და რუსეთი ერთსა და იმავეს ლაპარაკობენ. ნორმალური ადამიანის ლოგიკა არ არის ეს“,-აცხადებს ძაბირაძე.

კახიშვილი ამბობს: „სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ამით, რომ 9 წლის მანძილზე არ უსმენდა საქართველოს მოსახლეობას. რუსეთი კი არ ლაპარაკობდა იმაზე, რომ ბიზნესში კოშმარული პირობებია და ყველა უმაღლესი თანამდებობის პირი ცხვირს ყოფდა ბიზნესში მაშინვე, როგორც კი ამ ბიზნესის ბრუნვა მათ მიერ დადგენილ მინიმუმს ასცილდებოდა. ამაზე საქართველოს მოსახლეობა ლაპარაკობდა და არა რუსეთი. მოდით ვთქვათ, რომ ჯერ კიდევ გასარკვევია, ვინ რა როლი ითამაშა და ვინ თამაშობს რუსეთის ინტერესებზე, ვიმედოვნებ, რომ ესეც გაირკვევა დროის უმოკლეს ვადაში“,- აცხადებს კახიშვილი.

მისივე განმარტებით, სააკაშვილს სჩვევია, სხვის მიერ გაკეთებული სიკეთე საკუთარ თავს მიაწეროს, მისი მთავრობის გაფუჭებული საქმეები კი სხვას დააბრალოს.

კახა კახიშვილი: „სხვათა შორის, ნაცმოძრაობის მმართველობის დროს ისეთი სიტყვით რომ გამოსულიყო ნებისმიერი ადამიანი, რაც სააკაშვილმა სტრასბურგში განაცხადა, მაშინვე ციხეში უკრავდნენ თავს სააკაშვილის სამართალდამცველები, როგორც სამშობლოს მოღალატეს და ჯაშუშს. ისე შეიცვალა ვითარება, რომ მას ამ ყველაფერზე პასუხსაც კი არ სთხოვენ, არადა, აშკარად იკვეთება საბოტაჟის ნიშნები“.

ვახტანგ ძაბირაძე სააკაშვილისა და ნაცმოძრაობის ტაქტიკას მარტივად ხსნის, მისი განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი ერთია, რომ ქვეყნის გარეთ შექმნან სურათი, თითქოს საქართველოში რეპრესიები დაიწყო და არასტაბილური მდგომარეობა იქმნება.

„სააკაშვილის გამოსვლებიც ამ ლოგიკის კონტექსტში ჯდება. ამით სურთ, დასავლეთს აჩვენონ, რომ საქართველოს საგარეო კურსი იცვლება, და ქვეყანაში სტაბილურობის გარანტი მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობაა“. ელოდებიან ქვეყანაში ეგებ როგორმე სიტუაცია გამწვავდეს და ამისი მცდელობაც არის ქვედა რგოლებში, მერე სააკაშვილმა თავისი საკონსტიტუციო უფლება რომ გამოიყენოს და მთავრობა გადააყენოს“,- აცხადებს ძაბირაძე.

როგორც ვახტანგ ძაბირაზე ამბობს, ამ ეტაპზე სააკაშვილის ინტერესში არა პარლამენტის, არამედ მთავრობის დათხოვნა შედის, რომ თუ საჭირო გახდა, სწორედ მის მიერ დანიშნულმა მთავრობამ ჩაატაროს რიგგარეშე არჩევნები და არჩევნების გაყალბების საშუალება ჰქონდეს.

„პარლამენტის დათხოვნა არც ნაციონალების და არც მიშას ინტერესში არ შედის. მათ ინტერესში შედის, გააკონტროლონ მთავრობა. თუ კონსტიტუციაში ცვლილება არ შევა, აღმასრულებელ ხელისუფლებას დაითხოვს და მერე ახალ მთავრობას თვითონვე დანიშნავს. რაც შეეხება პარლამენტს, იტყვის, რომ მისი დათხოვნის უფლება არ აქვს. თანაც წინასწარ იცის, რომ არჩევნებს წააგებს. თუ მთავრობას დაითხოვს და თავის მთავრობას დანიშნავს, ნელ-ნელა ააწყობს იმ ბერკეტებს, რომლის მეშვეობითაც არჩევნებს გააყალბებს. მერე, როცა დრო მოვა, თუ საჭირო გახდა, პარლამენტსაც დაითხოვს. ეს მარტივი გეგმაა და საამისო ფონის შექმნას ემსახურება ის განცხადებები, რასაც სააკაშვილი და ნაციონალები აკეთებენ. რომ ეკონომიკა ვერ ვითარდება, დანაშაული იზრდება, საგარეო ვექტორი რუსეთისკენ იცვლება და ა.შ.“,- აცხადებს ძაბირაძე.

მიხეილ სააკაშვილი როდესაც საკუთარ დემოკრატობაზე საუბრობს, ყოველთვის ხაზს უსვამს, რომ საკუთარი ნებით დათმო აღმასრულებელი ხელისუფლების ბერკეტები, თუმცა ვახტანგ ძაბირაზე მიიჩნევს, რომ ეს სააკაშვილის ნებით კი არა, დასავლეთის ზეწოლით მოხდა და ახლა სურს, დაკარგული როგორმე უკან დაიბრუნოს.

„მან ნახა, რომ თუ ამას არ იზამდა და არჩევნების შედეგს არ აღიარებდა, მას დასავლეთი მხარს არ დაუჭერდა და ძალზე ცუდი რამ მოხდებოდა. ახლა ცდილობს, დასავლეთი დაარწმუნოს, რომ ისევ მას დაუჭიროს მხარი, რომ მე ვარ ის კაცი, რომელიც დემოკრატიის თვალსაზრისით კი არღვევს რაღაცეებს, მაგრამ აქვს დასავლური საგარეო კურსი“,- ამბობს ძაბირაძე.   

სააკაშვილის მცდელობის მიუხედავად, ძნელად დასაჯერებელია, ხალხმა ირწმუნოს მისი. როგორც ექსპეტები ამბობენ, ნელ-ნელა იმ ბერკეტებსაც კარგავს, რითაც დასავლეთს არწმუნებდა, რომ დემოკრატიის შუქურა იყო.

იმ შემთხვევაში, თუ დღევანდელი ხელისუფლება ქვეყნის სამართლებრივი, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის განვითარებისკენ ხელშესახებ ნაბიჯებს გადადგამს, ნაკლებად სავარაუდოა, სააკაშვილმა გაბედოს იმ გეგმის განხორციელება რაზედაც ექსპერტები ეჭვობენ და აღმასრულებელი ხელისუფლების კვლავ ხელში ჩაგდებას შეეცადოს. იმის მიუხედავადაც კი, რომ ეს სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ გადარჩენის, ხოლო სააკაშვილის ხელისუფლებაში დარჩენის ბოლო შანსი იქნებოდა.