მიუხედავად იმისა, რომ ლარი ახალ წლის ყველაზე რთულ პერიოდს გადის, ფინანსური წრეებიდან პოზიტიური ინფორმაცია წამოვიდა. ახალი პროგნოზის წლის დარჩენილ პერიოდში კურსის გამყარებაა მოსალოდნელი. ამას ითხოვენ ბიზნესმენებიც და რასაკვირველია - მოსახლოებაც.
„თიბისის“ მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია პირდაპირ ამბობს, რომ ლარის გამყარებას კიდევ უნდა ველოდოთ და ამის მიზეზი ბაზარზე მიმდინარე კონკრეტული ფაქტორებია.
„ბევრი მიიჩნევს, რომ სუსტ კურსს თავისი უპირატესობა აქვს, თუმცა ბევრს პირიქით მიაჩნია. ლარი დოლართან და სხვა ვალუტებთან მიმართებაში ზედმეტად იყო გაუფასურებული და კარგია, რომ ბოლო პერიოდში გამყარდა. საერთო ჯამში, ის კვლავ გაუფასურებული რჩება. დოლართან ლარი გამყარდა, მაგრამ ე.წ. ეფექტური კურსი არ გამყარებულა, რაც ჩემი აზრით, იმის პროგნოზის გაკეთების საშუალებას გვაძლევს, რომ ლარის გამყარებას კიდევ უნდა ველოდოთ.
პოზიტივის ნაწილზე საუბრისას, ასევე უნდა აღინიშნოს ბოლო 10 დღის განმავლობაში ვაქცინის გამოსვლაზე გავრცელებული ინფორმაცია, ამას ბაზრებზე დადებით ჭრილში ციკლური ცვლილებები მოჰყვა. ლარის მოსალოდნელ გამყარებაზე საუბრისას ასევე უნდა აღვნიშნოთ ის, რომ სავალუტო შემოდინებები ჩვენ საკმარისი გვაქვს და მეორე მნიშვნელოვანი დაშვებაა ის, რომ ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს იქნება“, - განაცხადა ანალიტიკოსმა.
ოთარ ნადარაიამ საუბრისას ყურადღება მომხმარებლის მიერ სესხების ლარში აღების პროცესზეც გაამახვილა.
„სამწუხაროდ, ისევ დაიწყო პროცესი, როდესაც სესხები ისევ ლარშია და უცხოური ვალუტის სესხები ერთ დონეზეა. რა თქმა უნდა, ეს გრძელვადიან პერსპექტივაში კარგია, მაგრამ მოკლევადიან პერსპექტივაში გაცვლით კურსზე დამატებით ზეწოლას ახდენს. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ თუ დიდი უმრავლესობა სესხს ლარში იღებს და უცხოურ ვალუტაში ზოგავს, ჩვენ ვიღებთ სიტუაციას, რომ საბანკო სექტორში ვალუტის ლიკვიდობა მაღალია და ეს ვალუტა ეკონომიკაში ვერ ხვდება, რაც ლარის კურსს დამატებით აწვება“, - განაცხადა „საქმის კურსში“ ნადარაიამ.
სუსტი ლარის უპირატესი პოლიტიკის მცდარობაზე უკვე ღიად საუბრობენ ბიზნესმენებიც და ეროვნულ ბანკს მოუწოდებენ თავისი პოლიტიკა შეცვალოს. ბიზნესმენი, „რედიქს ჯგუფის“ მფლობელი ლაშა პაპაშვილი ლარის კურსის სტაბილურობასთან დაკავშირებით პოლიტიკას კიდევ ერთხელ აკრიტიკებს და აცხადებს, რომ სებ-ის ინტერვენციები მოჩვენებითია.
მისი აზრით, მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა პანდემიის პერიოდი მაინც შედარებით მყარი ლარით გადავიაროთ.
„ბოლო 2 წლის განმავლობაში ეროვნული ბანკისა და ეკონომიკური ბლოკის მინისტრების საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ კურსთან მიმართებაში მათი პოლიტიკა აბსოლუტურად კოლაფსშია. სუსტი ლარის პოლიტიკამ არ გაამართლა და დაუშვებელია ამის ასე გაგრძელება. ყველა ღონე უნდა იხმაროს ხელისუფლებამ, მათ შორის უნდა ხარჯონ რეზერვები, რომ პანდემიის პერიოდი მაინც შედარებით მყარი ლარით გადავიაროთ.
სამწუხაროდ, ეროვნული ბანკის ინტერვენციები მოჩვენებითია, ერთი ხელიდან გამოდის ლარი ბაზარზე, ანუ იბეჭდება მეტი ლარი და მისი სტერილიზაცია არ ხდება, ანუ ადეკვატური დოლარი არ იყიდება. ეს მოჩვენებითია. არ ვიცი, რატომ უშვებს ამას მთავრობა, მაგრამ ეროვნული ბანკი რომ შეცდომაშია, ეს ფაქტია. ეს ეტყობა ბიზნესებს იმიტომ, რომ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია მცირე და საშუალო ბიზნესი“, - აღნიშნა „საქმის კურსში“ ბიზნესმენმა.
ბიზნესმენების და ეკონომისტების საერთო აზრით, ეროვნული ბანკის სწორი პოლიტიკა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორედ ახლა და ასეთ კრიზისულ ვითარებაში, როდესაც ეკონომიკაში ყოველმხრივ პრობლემებია.