ბოლო დრომდე მუდმივად იყო მოლოდინი იმისა, რომ კომუნალური ტარიფები გაძვირდებოდა. დეკემბერში სემეკს ახალი სატარიფო განაცხადის დამტკიცება უწევს, შესაბამისად, მითქმა-მოთქმა ადრევე დაიწყო. თუმცა, დავით ნარმანიას უწყებამ ნაადრევად გაავრცელა განცხადება, რომ არც ერთი გამანაწილებელი კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი სატარიფო განაცხადი არ შეიცავს ტარიფის ზრდის მოთხოვნს.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია გამოეხმაურა ელექტროენერგიის ტარიფებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას:
„სატარიფო მეთოდოლოგიების საფუძველზე, ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიებს - სს “თელასსა” და სს “ენერგო პრო ჯორჯიას”, ასევე წყალმომარაგების კომპანიებს - შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს”, შპს “რუსთავის წყალს” და შპს “მცხეთის წყალს” ტარიფები დადგენილი აქვთ 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. აქედან გამომდინარე, ელექტროენერგიის გამანაწილებელმა და წყალმომარაგების კომპანიებმა, 2021-2023 წლებისათვის გეგმური ტარიფების დადგენის მიზნით სემეკს მომართეს მიმდინარე წლის ივლისის დასაწყისში, რომლის საფუძველზეც კომისიამ დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები, შესაბამისი ინფორმაცია განთავსდა კომისიის ვებ-გვერდზე, ასევე გაჟღერდა სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ.
კომისია განმარტავს, რომ არც ერთი კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი სატარიფო განაცხადი არ შეიცავს ტარიფის ზრდის ან შემცირების მოთხოვნას და მოიცავს მხოლოდ კომპანიის გასული წლის ფაქტობრივ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს.
ივლისიდან დღემდე სემეკში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები“, - აცხადებენ სემეკში.
აქედან გამომდინარე, იკვეთება მდგომარეობა, რომ წლის ბოლოსთვის კომუნალური ტარიფების გაძვირება მოსალოდნელი არ არის. არადა, მოსახლეობასაც და ენერგეტიკოსებსაც სწორედ ეს მოლოდინი ჰქონდათ.
ენერგეტიკოსი გია არაბიძე რამდენიმე დღის წინ ვარაუდობდა, რომ მომავალი წლიდან კომუნალური გადასახადები გაძვირდებოდა. რამდენდააც არსებული ტარიფი ვერც ინვესტიციებს იზიდავს და არც სისტემის მდგრადობას უზრუნველყოფს, სემეკს, სავარაუდოდ, გადასახადის გაძვირება მოუწევდა. სახელმწიფო კი იძულებელი გახდება სუბსიდირების მექანიზმის გამოყენოს, რომ გაჭირვებულ მოსახლეობას სოციალური მდგომარეობა არ დაუმძიმდეს.
„შეიძლება, ვინმემ თქვას, რომ არჩევნების გამო იკავებს მთავრობა თავს გადასახადების გაძვირებისგან, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. რა შედეგითაც არ უნდა დამთავრებულიყო არჩევნები და რომც საზოგადოების მოწონება დაემსახურებინა, გადასახადების გადახედვა მაინც გახდება საჭირო. ეს აუცილებელია, რადგან დენის ტარიფის საკითხი დიდი პრობლემაა ქვეყნისთვის.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ტარიფი არ არის სამართლიანი და ხელს ვერ უწყობს წარმოების განვითარებას, რაც ენერგეტიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. დღევანდელი ტარიფი, მიუხედავად იმისა, რომ სოციალრი სიტუაცია მძიმეა, ბევრ დაბრკოლებას ქმნის, თუნდაც ინვესტიციებთან მიმართებაში. ამიტომ სემეკმა უნდა განიხილოს, რა არის შესაძლებელი და რა - ვეღარ!
ჩემი აზრით, უნდა მოხდეს ტარიფების კორექცია ზრდისკენ, ეს არის ლოგიკაზე დამყარებული ვარაუდი. საშუალოდ 17-18 თეთრი უნდა ავიღოთ გასაყიდი ფასი მოსახლეობაზე, როცა 3-ჯერ უფრო ძვირად ვყიდულობთ დოლარში. ალბათ, იგივე მექანიზმი იქნება გამოყენებული, რაც გაზთან დაკავშირებით, რეგულირება არსებობს და სახელმწიფომაც უნდა მოახდინოს სუბსიდირების საკითხი“, - აცხადებდა ენერგეტიკოსი.
ახლა კი გაირკვა, რომ თავად კომპანიები არ ითხოვენ გაძვირებას და კომუნალური ტარიფების ზრდის მოლოდინიც აღარ არის. საბოლოო გადაწვეტილებას სემეკი მაინც წლის ბოლოს მიიღებს და დანამდვილებით გაირკვევა ელექტორენერგიისა და წყლის ტარიფების ნიშნული.