რატომ შესთავაზა სერგო ორჯონიკიძემ სტალინს ლენინის მოწამვლა

რატომ შესთავაზა სერგო ორჯონიკიძემ სტალინს ლენინის მოწამვლა

თანამედროვე ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ სტალინის „გაგენმდივნება“ და საბჭოთა პოლიტბიუროს ებრაული ფრაქციის დამარცხება, რასაც მოგვიანებით ტროცკიზმი ეწოდა, იოსებ ჯუღაშვილის დემონურმა ნებისყოფამ განაპირობა. თუმცა, მეორე მხრივ კი,  როდესაც თავად ტროცკი პერმანენტული მსოფლიო რევოლუციის ჰიპერტროპული იდეებით იყო შეპყრობილი, სტალინი ამ დროს (ლენინის სიცოცხლეშივე) მძლავრ სახელმწიფოებრივ აპარატს ქმნიდა და ნელ-ნელა, ფარულად ეუფლებოდა აბსოლუტურ ძალაუფლებას. პროფესორი ვიქტორ ჩიგრინსკი წერს: „ტროცკი კარგი ორატორი, კარგი ორგანიზატორი და ძალიან მედიდური ადამიანი იყო. სტალინი მას საშუალო შესაძლებლობების ადამიანად მიაჩნდა და მისი მთავარი შეცდომაც ეს იყო. 1917-1923 წლების განმავლობაში სტალინმა იმხელა ფარული საქმიანობა გააჩაღა აბსოლუტური ძალაუფლების მოსაპოვებლად, რომ ლენინის გარდაუვალ სიკვდილს მომზადებული შეხვდა და მას უკვე ვერავინ შეუშალა ხელი აბსოლუტური ძალაუფლებისკენ წინსვლაში“.

1922 წლის თებერვალში „გორკებში“ იზოლირებულ, დამბლადაცემულ ლენინს სრულად აკონტროლებდა სტალინი და მისი ნებართვის გარეშე რევოლუციის ბელადის ნახვის უფლება პოლიტბიუროს წევრებსაც კი არ ჰქონდათ. ლენინს მხოლოდ მისი მეუღლე ნადეჟდა კრუპსკაია და მარია ულიანოვა ადგნენ თავზე და უვლიდნენ. მათი გადაადგილება მკაცრად კონტროლდებოდა და ქალებს იქიდან ინფორმაციის გამოტანის არანაირი შესაძლებლობა არ გააჩნდათ. 1922 წლის თებერვლის მიწურულს ლენინის შერყეული ჯანმრთელობა საგრძნობლად გამოსწორდა და მან მოსკოვში ჩამოსვლისა და კრემლში მუშაობის სურვილი გამოთქვა. ეს ინფორმაცია უმალვე სტალინს აცნობეს, რამაც ის საგრძნობლად შეაშფოთა. იქმნებოდა იმის საშიშროება, რომ პოლიტბიუროს ებრაულ ფრთას საგანგებო სხდომა მოეწვია და ლენინის მხარდაჭერით, სტალინი დაკავებული თანამდებობიდან გადაეყენებინა. ლენინის სურვილი მოსკოვში ჩამოსვლის თაობაზე სტალინს ჰენრიხ იაგოდამ აცნობა. იაგოდა იმ პერიოდში ლენინის დაცვის უფროსი და სტალინის პირადი აგენტი იყო. სწორედ ის აწვდიდა სტალინს ინფორმაციებს ლენინის შესახებ და უზრუნველყოფდა ლენინის სრულ იზოლაციას გარე სამყაროსგან. 26 თებერვალს იაგოდა სტალინს კრემლში ეწვია და უთხრა:

– ამხანაგო სტალინ, ილიჩმა წუხელ კატეგორიულად მომთხოვა მოსკოვში ჩამოსვლა და კრემლში მიყვანა. მიბრძანა, მისი კაბინეტი მოაწესრიგოთ და იქვე მოვაწყოთ მისთვის საძინებელი.

სტალინმა კოპები შეკრა და მცირე ხნით ჩაფიქრდა. შემდეგ გააბოლა და უთხრა:

– ესე იგი, ილიჩი მოსკოვში გადმობარგებას გეგმავს.

– დიახ, – თავი დააქნია იაგოდამ და დაამატა, – დღესვე პასუხი უნდა მივუტანო.

– რა გაეწყობა, გადმობარგდეს. შენ კი „გორკებში“ დაბრუნდი და უთხარი, რომ 4 მარტამდე მოიცადოს, რადგან მანამდე კაბინეტისა და საძინებლის სათანადოდ მოწყობა არ მოხერხდება. ერთი სიტყვით, დრო უნდა მოვიგოთ. შენ კი დაცვა გააძლიერე და 4 მარტამდე ლენინს არავინ გააკარო. ის ძუკნა კრუპსკაია და მარია ილინიშნა კი „გორკების“ ტერიტორიას არ გამოაცდინო, რომ ლენინის ეს სურვილი ტროცკისა და მის მომხრეებს არ შეატყობინონ.

იაგოდა წავიდა. სტალინმა ტელეფონის ყურმილი აიღო და ჯერ სერგო ორჯონიკიძეს დაურეკა, შემდეგ კი ფელიქს ძერჟინსკის და ორივე სასწრაფოდ დაიბარა კაბინეტში. სანამ ისინი მოვიდნენ, ბოლთის ცემა დაიწყო.

დაბარებულები ერთდროულად მივიდნენ. სტალინმა ისინი სავარძლებში ჩასხა და პირდაპირ საქმეზე გადავიდა.

– ყურადღებით მომისმინეთ, – უთხრა მათ სტალინმა, – ილიჩი მოსკოვში ჩამოსვლასა და კრემლში დასახლებას გეგმავს. ეს თუ განხორციელდა, ჩვენ მასზე კონტროლს დავკარგავთ და ტროცკი და მისიანები გაიმარჯვებენ. ხომ ხვდებით, რას ვგულისხმობ?

სტალინის სიტყვებს პირველი ორჯონიკიძე გამოეხმაურა და უთხრა:

– მაგას რა მიხვედრა უნდა. ტროცკი პოლიტბიუროს სხდომის მოწვევას მოითხოვს და რადგან ისინი ჩვენზე მეტნი არიან, უბრალო კენჭისყრით მოგხსნიან.

– სწორედ, – თავი დააქნია სტალინმა. ძერჟინსკიმ კი მხრები აიჩეჩა და სტალინს უთხრა:

– მერე რას აპირებ ამის საწინააღმდეგოდ? ხომ არ შეიძლება, ასე უბრალოდ დავკარგოთ ძალაუფლება და იმ კრეტინებს დავუთმოთ?

სტალინმა თავი დააქნია და უთხრა:

– ამიტომ შენ უნდა იმოქმედო.

– მე, რა თქმა უნდა, ყველაფერს ვიღონებ და ჩემს ბიჭებს ვეტყვი, ტროცკი და მისი ბანდა ერთ ღამეში აყარონ. თუმცა, შედეგებზე უკვე ვეღარ ვაგებ პასუხს.

– არა, ფელიქს ედმუნდოვიჩ, – თავი გააქნია სტალინმა და დაამატა, – ასე არ ივარგებს. ტროცკისა და მისიანების ძალით განადგურება ნაადრევია. მე სხვა გეგმა მაქვს მოფიქრებული და „ჩეკას“ პროფესიონალიზმი ახლა მჭირდება. პატარა სანახაობა უნდა მოვუწყოთ ილიჩსაც და მათაც, მაგრამ ეს საქმე დიდი სიზუსტით, საქმის ცოდნით და საიდუმლოების სრული დაცვით უნდა განხორციელდეს.

– გისმენ, კობა, თქვი, – თქვა ძერჟინსკიმ.

– ჩემი გეგმა ასეთია. იაგოდა ილიჩს 4 მარტამდე გააჩერებს „გორკებში“. მანამდე 5 დღე დაგვრჩება. შენ კი ამ პერიოდში მოსკოვის რომელიმე შენობაში ლენინის კრემლის კაბინეტის იმიტაცია უნდა მოაწყო. გამონახო ადამიანები, რომლებიც შესაბამისი გრიმის გაკეთების შემდეგ ტროცკის, ზინოვიევს, კამენევს, ბუხარინსა და იმ ძუკნა კრუპსკაიას დაემსგავსებიან, მათ როლს შეასრულებენ და რა თქმა უნდა, ჩვენი დახმარებით, ილიჩს იმაში დაარწმუნებენ, რომ მისთვის „გორკებში“ ყოფნა უფრო მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, ვიდრე კრემლში შეძლებს ამის გაკეთებას?

– შევძლებ, – თავი დააქნია ძერჟინსკიმ და დაამატა, – ახლა კი წავედი, რომ ეს პროცესი პირადად გავაკონტროლო.

ძერჟინსკი რომ წავიდა, ორჯონიკიძემ სტალინს ლენინის მოწამვლა და ამ პრობლემის ასეთი გზით გადაწყვეტა შესთავაზა, მაგრამ კატეგორიული უარი მიიღო და ისიც წავიდა.

1922 წლის 4 მარტს მოსკოვის ერთ-ერთ მყუდრო ქუჩაზე განლაგებულ შენობაში, რომელიც ავდეევის ჩიხში მდებარეობდა, ყველაფერი მზად იყო და იაგოდამ ლენინი „კრემლში“ მოიყვანა. ილიჩი კაბინეტში შევიდა, ფანჯრიდან გაიხედა და „ჩეკისტების“ მიერ ოსტატურად იმიტირებულ პანორამას გახედა, რომელიც უზარმაზარი პაპიე-მაშესგან იყო დამზადებული. იქვე იმყოფებოდნენ: ტროცკის, კამენევის, ზინოვიევის, ბუხარინისა და კრუპსკაიას როლის შესასრულებელი „ჩეკისტები“ და ნამდვილი სტალინი, ძერჟინსკი და ორჯონიკიძე. ილიჩი მათთან სამი დღის განმავლობაში ინტენსიურად თანამშრომლობდა. 9 მარტს მოწყობილ ბიუროს სხდომაზე ერთხმად დაარწმუნეს ლენინი, რომ „გორკებში“ დაბრუნებულიყო. ამიტომ ლენინი „პოლიტბიუროს“ გადაწყვეტილებას დაემორჩილა, მით უმეტეს, რომ ინტენსიურმა მუშაობამ მისი ჯანმრთელობა კვლავ შეარყია და ლენინი „გორკებში“ დაბრუნდა.