გაყრა ქართულად ანუ - „ფორუმის“ აუხდენელი „ოცნება“

გაყრა ქართულად ანუ - „ფორუმის“ აუხდენელი „ოცნება“

გასული წლის ნოემბრის ბოლოს „ეროვნული ფორუმი“-ს წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ „ფორუმი“ „ქართულ ოცნებას“ უერთდება. ფორუმის ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ მაშინ თქვა, რომ პოლიტიკურ სუბიექტებს  მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან  თუ პრობლემებთან დაკავშირებით ერთნაირი ხედვები აქვთ და გაერთიანებაც, იდენტური შეხედულებების გამო გადაწყვიტეს. როგორც სანიკიძე ამბობდა, შექმნილი იყო ორმხრივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც იკვლევდა როგორც ერთი, ისე მეორე  პოლიტიკური სუბიექტის შესაძლებლობებს, როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონულ დონეზე.

„გაცილებით სერიოზული პოლიტიკური სტრუქტურის ჩამოყალიბებაზე არის საუბარი. როგორი ფორმით იქნება გაერთიანება, ახლა ვერაფერს გეტყვით, თუმცა დაფარული არაფერი იქნება. ჩვენ გვინდა ამით სხვა, ერთნაირი შეხედულებების მქონე  პოლიტიკურ პარტიებს გაერთიანების მაგალითი მივცეთ და არა დაშლის,“ - განაცხადა მაშინ სანიკიძემ.

მისივე განმარტებით, ორი პოლიტიკური სუბიექტის შერწყმის შედეგად მიღებულ პარტიას  „ქართული ოცნება“ უნდა დარქმეოდა, თუმცა როგორც for.ge-სთვის გახდა ცნობილი, „ფორუმსა“ და „ოცნებას“ შორის მოლაპარაკებები ჩაიშალა, ვინაიდან, „ფორუმს“ „ოცნებასთან“ გაერთიანებაზე საკუთარი წარმოდგენა ჰქონდა - პარტიის ლიდერები ორივე პარტიის დაშლას და თავიდან ახალი  პარტიის  შექმნას ითხოვდნენ. თუმცა, ივანიშვილს სხვა გეგმები აღმოაჩნდა. ფაქტია, „ეროვნული ფორუმი“, როგორც პარტია, დღეს ისეთივე ძლევამოსილი ვერ არის, როგორც, თუნდაც, 2009 წელს, ხოლო „ქართული ოცნება“ სტრუქტურების ფორმირებას და გაძლიერებას ახლა ცდილობს, რა გამოვა - ცალკე საუბრის თემაა, მაგრამ რა ბედი ელის „ფორუმს“ ძნელი სათქმელია.  

აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება ორივე მხარესთან ვცადეთ. „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი ლიდერი, რევაზ შავიშვილი for.ge-სთან საუბარში ამ ინფორმაციას არც უარჰყოფს და არც ადასტურებს. მისი განმარტებით, ჯერ თავად „ქართული ოცნება“ უნდა ჩამოყალიბდეს და შემდეგ გამოჩნდება, რა როგორ მოხდება.

„ჯერჯერობით „ქართული ოცნება“ რეგიონულ ორგანიზაციებს აფუძნებს, რის შესახებაც თავად ბატონმა ბიძინამაც გააკეთა განცხადება. მერე რა იქნება არ ვიცი, ვნახოთ. ჯერ თვითონ უნდა ჩამოყალიბდნენ“, - ამბობს რევაზ შავიშვილი.

მისი განცხადებით, ამ ეტაპზე „ოცნებასთან“ არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

მოლაპარაკებების ჩაშლასთან დაკავშირებით კითხვა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-ს თავმჯდომარეს, მანანა კობახიძესაც დავუსვით. მან ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ მოლაპარაკებები არ ჩაშლილა. მისი განმარტებით, ეს მოლაპარაკებები თავიდან ბოლომდე სრული კონსესუსისა და თანამშრომლობის რეჟიმში მიმდინარეობდა, უბრალოდ ამ ეტაპისთვის, როგროც „ფორუმმა“, ასევე „ქართულმა ოცნებამ“ მიიჩნიეს, რომ შენარჩუნდეს ის ვითარება, რაც კოალიციაში აქამდეც იყო.

„ჩვენ, როგორც „ფორუმმა“, ასევე „ქართულმა ოცნებამ“ მივიჩნიეთ, რომ შევინარჩუნოთ ის ვითარება, რაც დღეს არის, ყველა პოლიტიკური სუბიექტი, ანუ ცალკე პარტიის და ასევე კოალიციის შიგნით ერთიანი გუნდის რეჟიმში. ამდენად, არაფერს არ ვცვლით, უბრალოდ იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას“ ჯერ მთელ რიგ რაიონებში ორგანიზაციები აქვს ჩამოსაყალიბებელი. ზოგან ეს გარკვეულ პრობლემებთანაც არის დაკავშირებული, რადგან მოსახლეობის აქტივობა ძალიან მაღალია, ხოლო ვინ რა მოტივით აქტიურობს, ეს ცოტა ძნელი გასარკვევია. ჩვენ არ ვართ პარტიის მაინცდამაინც რაოდენობრივ შევსებაზე ორიენტირებული, არამედ გვჭირდება კვალიფიცირებული და ჩვენი პოლიტიკური კურსის ერთგული კადრები“, - აღნიშნავს მანანა კობახიძე.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ამიტომაც არ ჩქარობს და რადგან ჯერ თავად ამ პარტიის სტრუქტურები არ არის სრულყოფილად ჩამოყალიბებული, რაიმე სახის გაერთიანებაზე საუბარი უფრო გართულდებოდა. კობახიძის განმარტებით, სწორედ ამიტომ მუშა რეჟიმში მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ კოალიციაში ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც არის. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ფრაქციაში „ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენლებიც არიან და ამ პოლიტიკური კურსის ერთგულები არიან, მიუხედავად იმისა, რომ მათ ჰყავთ იმდენი დეპუტატი, რომ საკუთარი ფრაქცია ჩამოეყალიბებინათ.

ამდენად, ორივე მხარე მოლაპარაკებების ჩაშლას უარჰყოფს, თუმცა ადასტურებენ, რომ ამჟამად მოლაპარაკებები შეჩერებულია. ამასთანავე, ვერც ერთი ვერ აკონკრეტებს, როდემდე გადაიდო ორი პარტიის გაერთიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები. მთავარია, რომ პროცესი ვერ შედგა. ამაზე მეტყველებს თუნდაც ის, რომ ნოემბრიდან დღემდე წარმოებული მოლაპარაკებები არა რაიმე კონკრეტული შედეგით, არამედ მოლაპარაკებების შეჩერებით დასრულდა. რას უნდა ნიშნავდეს ეს, „ეროვნული ფორუმის“ მის შესაძლებლობებთან შედარებით არაადეკვატურ ამბიციებს, თუ კიდევ რაიმე სხვა მიზეზია, ამას მომავალი გვიჩვენებს. ფაქტია, რომ „ოცნებისა“ და „ფორუმის“ „დაოჯახება“ თავიდანვე გარკვეული ბურუსით მოცული პროცესი იყო და როგორც ჩანს, არცთუ ისე მარტივად მიმდინარეობდა. ამასთან დაკავშირებით კითხვები ჯერ კიდევ მაშინ გაჩნდა, როდესაც გასული წლის 21 აპრილს „ექსპოჯორჯიას“ საგამოფენო პავილიონში გამართულ ივანიშვილის პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დამფუძნებელ ყრილობას „ეროვნული ფორუმის“ არც ერთი წარმომადგენელი არ დასწრებია. მოგვიანებით მათ ეს ფაქტი იმით ახსნეს, რომ „ფორუმის“ ლიდერები იმ დროს თბილისში არ იმყოფებოდნენ.

„ფორუმისა“ და „ქართული ოცნების“ რთულ ურთიერთობასთან დაკავშირებით ეჭვები კიდევ უფრო გამძაფრდა მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა 8 ოქტომბერს კოალიციის მთავრობის წევრობის კანდიდატები დაასახელა და მათ შორის არც ერთი არ იყო „ეროვნული ფორუმის“ წევრი. ამასთანავე, თავად მინისტრობის კანდიდატების წარდგენის პროცედურასაც არც ერთი „ფორუმელი“ კვლავ არ დაესწრო. ივანიშვილს მაშინ პრესასთან განმარტების გაკეთებაც მოუწია და მან განაცხადა, რომ კახა შარტავამ ყველანაირ საჯარო თანამდებობაზე უარი თქვა.

„კახამ გააკეთა განცხადება, რომ მას არ აქვს არც სახელმწიფო სამსახურში ყოფნის და არც საერთოდ პოლიტიკაში ყოფნის სურვილი. კახასთან მე ვმეგობრობ. მთავრობა როცა ავირჩიეთ, ის ესწრებოდა და ღიმილით უყურებდა ყველა კანდიდატურას. რამდენჯერმე ვუთხარი, პოზიცია ხომ არ შეიცვალე-მეთქი, მაგრამ მან დამიდასტურა, რომ არ აქვს სურვილი დარჩეს პოლიტიკაში და იყოს ხელისუფლებაში“, - აღნიშნა მაშინ ივანიშვილმა.

ექსპერტთა ნაწილი მაშინ ამბობდა, რომ „ფორუმელები“ იმით იყვნენ განაწყენებულები, რომ ივანიშვილის ხელისუფლებაში სერიოზული თანამდებობა ვერც ერთმა მათგანმა ვერ მიიღო და ძირითადი სწორება რესპუბლიკელებსა და თავისუფალ დემოკრატებზე გაკეთდა, თუმცა თავად ფორუმელები ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფდნენ. დღეს კი „ოცნების“ და „ფორუმის“ გაერთიანება კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს შერწყმა როდესმე შედგეს. ამასთანავე, პროცესები კოალიციაში არცთუ ხავერდოვნად მიმდინარეობს, რაზეც თუნდაც ირაკლი ალასანიასა და ბიძინა ივანიშვილს შორის მომხდარი ფაქტი მეტყველებს. აქამდე კოალიციის მონოლითურობას მისი ლიდერი, პრემიერი ივანიშვილი ინარჩუნებდა, მაგრამ როგორც ჩანს, ამ მონოლითში უკვე ბზარები ჩნდება.