ასობით კომპანია უკვე დაიხურა, ვინც მუშაობს ისინიც გაჩერების პირას არიან

ასობით კომპანია უკვე დაიხურა, ვინც მუშაობს ისინიც გაჩერების პირას არიან

ეკონომიკური კრიზისის გამო, საქართველოში 1-ლი მარტიდან 700 კომპანია სრულიად დაიხურა, 1 600-მა კი სამუშაო პროცესი დროებით შეაჩერა. მათი აღდგენა ეკონომიკურ გარემოებაზე იქნება დამყარებული.

თუკი ვითარება მალე გამოსწორდება, კომპანიებიც მუშაობას განაახლებენ, თუმცა ამის წინაპირობა არანაირად არ ჩანს. ვირუსი მძვინვარებს და ინფექციონესტები ამბობენ, რომ პიკი კიდევ წინ გველოდება.

კომპანია „ბიას“ საინფორმაციო პორტალზე 49 180 კომპანია ფიქსირდება, საიდანაც 34% ეკონომიკურად პასიური კომპანიის სტატუსს ატარებს.

ყველაზე დიდი წილი სამშენებლო პროდუქციაზე, მშენებლობასა და უძრავ ქონებაზე მოდის (23%), შემდეგი კვების პროდუქტების კატეგორიაა (21%), ხოლო მესამე ადგილს სადისტრიბუციო კომპანიები (8%) იკავებენ. ეკონომიკური საქმიანობა შეჩერებული აქვთ ყველაზე მეტად დაზარალებულ ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართულ კომპანიებსაც და საქმიანობის განხორციელება უჭირთ კაფეებსა და რესტორნებსაც.

სექტორები, სადაც ყველაზე მეტმა კომპანიამ შეაჩერა საქმიანობა, ასე გამოიყურება:

სამშენებლო პროდუქცია, მშენებლობა და უძრავი ქონება - 23%;

კვების პროდუქტები - 21%;

დისტრიბუცია - 8%;

რესტორნები, ბარები - 7 %;

ტურიზმი - 7% ;

ტრანსპორტი და გადაზიდვები - 6% ;

საოფისე და საოჯახო საქონელი - 6%;

მედიცინა, სილამაზე და სპორტი - 6%;

დანარჩენი კომპანიები - 16%

თუკი კომპანიები ეკონომიკური კრიზისის დაძლევას მალე ვერ შეძლებენ, დროებით დახურვის ნაცვლად, საქმიანობას საბოლოოდ დაასრულებენ. ეს გარემოება უმუშევართა რაოდენობას კიდევ გაზრდის და ამ მხრივ არსებული მძიმე სიტუაცია უფრო გართულდება.

დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონია ამბობს, რომ პანდემიამ კიდევ უფრო დაგვანახა, თუ რა სუსტია ქართული ეკონომიკა.

„კომპანიები რომ გაძლებაზე არიან და მომავლის იმედად, ეს ვიცით ყველამ. ყველა კომპანიამ ბანკებიდან მოიზიდა დამატებითი ფინანსური რესურსები, თავის მხრივ, ბანკებიც ზარალზე არიან ბოლო თვეების განმავლობაში. ეს არის დღეს საქართველოში კერძო სექტორის რეალობა.

ერთადერთი უკეთესი მდგომარეობაა მათთვის, ვინც პირველადი პროდუქციის წარმოებაში და იმპორტშია ჩართული. ადამიანები ძლებენ ახალი ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის, ჭურჭლის და სათამაშოების გარეშე და იკმაყოფილებენ პირველად მოთხოვნილებებს. ეს ბუნებრივია. კომპანიები წლიდან წლამდე არ ზრდიან ფასს, ფასწარმოქმნა ხდება ისე, რომ გაძლონ და გადარჩნენ. გაძლებაზე არიან უკეთესი მომავლის იმედით და ეს უკეთესი მომავალი კი, არ ჩანს. ეს არის გვირაბი, რომლის ბოლოსაც სინათლე არ არის. კოვიდმა უკეთ დაგვანახა, რა სუსტია ჩვენი ეკონომიკა“, - განაცხადა ჭყონიამ და აღნიშნა, რომ არსებული რეალობა ათობით კომპანიის დახურვას გამოიწვევს.

„ახლა, მცირე და საშუალო კომპანიები გაკოტრების პირას დგანან და რამდენად გადაიტანენ ამ ზამთარს საეჭვოა. ისედაც ძალიან რთული ზამთარი გველოდება. ბოლო წლების განმავლობაში რომ არაფერი გაკეთებულა, ეს არის ჩვენი ეკონომიკის სახე და ვართ ძალიან მძიმე მდგომარეობაში“, - განაცხადა ჭყონიამ გადაცემა „საქმეში“.

განსაკუთრებით მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა სარესტორნო ბიზნესი, კლუბები და კაფეები, რომლებიც მიბმული არიან ტურიზმს. პანდემიამ მძიმე დარტყმა მიაყენა მცირე და საშუალო ბიზნესსაც.

„თითქმის არ დარჩა დარგი, რომელსაც დიდი ზარალი არ ენახოს. საკმაოდ რთული მდგომარეობაა და არ გამოვრიცხავ, რომ სხვა კომპანიებიც დაიხუროს. იმედია, რომ მათი რაოდენობა ბევრი არ იქნება“, - განცხადა ანალიტიკოსმა გიორგი კაპანაძემ და დასძინა, რომ რთული მდგომარეობის გამო აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა, რაც კომპანიების ნაწილს დაეხმარება და ზოგიერთი მათგანი დახურვას გადაურჩება.