ტურიზმს ერთადერთი ვალების ჩამოწერა თუ გადაარჩენს. ვითარება იმდენად გაურკვეველია, რომ მომავლის იმედად ყოფნა სრულიად წარმოუდგენელია. სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესი მკვდარია და როდის გაცოცხლდება დღესდღეობით ამის თქმა არავის შეუძლია.
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2020 წლის ოქტომბრის ტურიზმის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, გასული თვის განმავლობაში ქვეყანას 49 712 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია. ეს 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 92.5%-ით ნაკლებია. წელს 9 თვეში საქართველომ ტურიზმიდან 499 მლნ მიიღო მაშინ, როდესაც 2019 წელს ეს მაჩვენებელი 2.58 მლრდ დოლარი იყო.
სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებლის შალვა ალავერდაშვილის შეფასებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ტურიზმი საერთოდ არ არსებობს.
„არ გვინდა, ვინმემ თავი მოიტყუოს, რამდენიმე ობიექტია, რომელიც მუშაობს, ეს სექტორის 5%-10%-ია. ფაქტობრივად, დღეს ტურიზმის სექტორი მკვდარია და იმედი მაქვს, მინდა მჯეროდეს, რომ მისი აღდგენა 2021 წლის აპრილ-მაისიდან დაიწყება. მთავარია, წლის ბოლომდე გამოჩნდეს ვაქცინა და შემდეგი წლის გაზაფხულიდან, როცა ხალხი დაიწყებს მოძრაობას, ჩვენც გავცოცხლდებით“, - განაცხადა ალავერდაშვილმა.
დღეს ტურიზმის ინდუსტრიისთვის ნომერ პირველი პრობლემა საბანკო ვალდებულებების მომსახურებაა, რადგან გაჩერებულ ბიზნესებს კრედიტების დაფარვა არ შეუძლია.
ამასთან, შალვა ალავერდაშვილი იზიარებს მთავრობის მიმართ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის თხოვნას, რომ ტურიზმისა და სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიას ჩამოეწეროს გადავადებული და დაგროვებული საშემოსავლო გადასახადი, რადგან ეს იქნება ერთგვარი სტიმული ბიზნესისთვის და ჟესტი სახელმწიფოს მხრიდან, რომ სექტორი საახალწლოდ რამდენიმე კვირა მაინც ამუშავდეს.
იგივე მოსაზრებისაა რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტი კოტე გაბრიჩიძეც, რომელიც ამბობს, რომ ეპიდემიოლოგიური კუთხით შექმნილი ვითარების გამო კვების ობიექტების ნაწილი იხურება, ნაწილი კი თანამშრომლებს ამცირებს. მართლაც მიდის საუბარი სახელმწიფოს მხრიდან სექტორის დახმარებაზე, რაც, ძირითადად, საგადასახადო წნეხის შემცირებას გულისხმობს, თუმცა მისივე თქმით, დროული დახმარებაა საჭირო.
კომენტანტის საათის გამო, ობიექტები ფაქტობრივად 20:00 საათამდე მუშაობენ და აღნიშნულმა შეზღუდვამ სექტორი მნიშვნელოვნად დააზარალა.
„დღე არ გადის, რომ ჩვენს ასოციაციაში არ მოიწერონ: „დავხურე კაფე“. ამის გარდა, ვინც არ ხურავს ობიექტს, ამცირებს პერსონალს. რეალურად 20:00 საათზე იკეტება ობიექტები, რადგან ტრანსპორტია მოუწესრიგებელი. მიტანის სერვისი რაღაც დოზით ეხმარება, თუმცა ვერ ცვლის დიდად სიტუაციას.
16 სექტემბრიდან 22:00 საათზე ვიკეტებით, ფაქტია, ამან ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო, შემთხვევები იმატებს. ვფიქრობ, დროულად უნდა გაკეთდეს ანალიზი, რა შედეგი მოგვცა ამან. შეიძლება დაკეტონ ცალკე სოლოლაკი, რომ მთაწმინდაზე არავინ გადაიპაროს და ამით რა? ესაა უბრალოდ ხალხისთვის ნაცრის შეყრა. სახელმწიფო აჩვენებს, რომ თავდაუზოგავი ბრძოლა მიდის ვერაგ ვირუსთან და ასეთი ჩაკეტვები კარგი საშუალებაა აჩვენონ, როგორი შეუპოვარი ბრძოლა მიდის“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ გაბრიჩიძემ.