უკვე დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო გადააბიჯებს საგარეო ვალის კრიტიკულ ზღვარს. პანდემიამ ქვეყანა გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო, ამიტომ მომავალი წელი, ისევე როგორც წლევანდელი, დიდი მოცულობით კრედიტების აღების წელი იქნება. დადგენილი ზღვარის დარღვევით კი სამომავლოდ ბიუჯეტს მეტი საფრთხე დაემუქრება.
სახიფათო ნიშნულის გადაბიჯებას ვარაუდობს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, სადაც აღნიშნავენ, რომ 2021 წელს ქვეყანა ლიმიტირებულ მაჩვენებელს გადაკვეთს და სახელმწიფო ვალი მშპ-ის 62% იქნება.
„ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ვალის მოცულობა მომავალ წელს მშპ-ს 62% იქნება. აქ მთავარია ორი ფაქტორის გათვალისწინება. პირველი- 2020 წლის სამი კვარტლის განმავლობაში ვალი ძირითადად არის დოლარში ან ევროში; მეორე - მიღებული სახსრები დაფინანსებაა, რომელიც ხელისუფლებამ მოიზიდა პანდემიის შედეგებთან გასამკლავებლად. აქ მთავარი, რასაც ხაზი უნდა გავუსვათ, ალბათ, ის არის, რომ ვალის ზრდა ავტომატურად ხარჯვის ზრდასაც არ ნიშნავს. მთავრობა დეპოზიტებსაც ავსებს. შესაბამისად, იარსებებს ბუფერი იმ შემთხვევისთვის, თუკი უფრო ნეგატიური სცენარი იქნება. იმედი გვაქვს ასე არ მოხდება და უკვე 2022 წელს ვალი მშპ-ს 56%-ზე ჩამოვა“, - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა-მარტინმა.
პრაქტიკულად იგივე ნიშნულს ასახელებს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანიც, რომლის ვარაუდით, სახელმწიფო ვალის შეფარდება მშპ-სთან მიმართებით 2021 წელს 60%-ის მიდამოებში იქნება.
„ვალი 60%-ის მიდამოში იქნება, შეიძლება 62%... სავალუტო ფონდის დარწმუნება არ გაგვჭირვებია, რადგან ძალიან ადეკვატური ორგანიზაციაა. მათ კარგად იციან, თუ რა დონის და მასშტაბის კრიზისთან გვაქვს საქმე. არ ყოფილა მძიმე მოლაპარაკებები, რადგან ზუსტად იციან, რომ სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობის კუთხით მნიშვნელოვანი იქნებოდა ხარჯების და დეფიციტის გაზრდა, რაც თავისთავად ხელს უწყობს ვალის გაზრდას“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.
საგერეო ვალის კუთხით ყველაზე მნიშნვნელოვანი მომენტი 2021 წლის აპრილში 10-წლიანი ვადიანობის 500 მილიონი დოლარის მოცულობის ევროობლიგაციებს უკავშირდება. მთავრობას, ჯერჯერობით, არ აქვს გადაწყვეტილი, თუ რა გზით მოახდენს ამ ვალდებულების დაფარვას. პირველი ვარიანტი მისი სრულად დაფარვაა, მეორე კი - რეფინანსირებაა.
თავიდან მთავრობაში ვარაუდობდნენ, რომ ამ მოუშორებელ ტვირთს ბოლოს და ბოლოს გაისად თავიდან მოიცილებდნენ, მაგრამ ახლა დამოკიდებულება შეცვალეს. ფინანსთა მინისტრი ფიქრობს, რომ ევრობონდის რეფინანსირება მოხდება, ანუ ძველის გადასაფარად ახალი ვალის აღება.
„ბოლო მომენტამდე ვინახავთ ვარიანტებს, ალბათ, რეფინანსირებას გავაკეთებთ. დასაწყისში ვიხრებოდით დაფარვისკენ, თუმცა გამწვავებული პანდემიის პირობებში, ამ მომენტისთვის რეფინანსირებას ვამჯობინებთ. დრო გვაქვს და თეორიულად, შეიძლება გადაწყვეტილებას გადავხედოთ, თუმცა ეს არ არის გადამწყვეტი ამ ეტაპზე. ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში მივიღებთ ეფექტურ გადაწყვეტილებას ევრობონდთან დაკავშირებით“, -განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.
ვალის გასტუმრებას ასეულობით მილიონი ლარი დასჭირდება, რაც, ბუნებრივია, ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ეკონომიკას კიდევ უფრო მძიმე სიტუაციაში ჩააგდებს. ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი ფიქრობს, რომ გაზრდილი ვალი ნიშნავს გადასახადების მატებას, რაც მძიმედ დააწვება ქვეყნის ბიუჯეტს.
„ვცდებით უკვე იმ ნიშნულს, რომელიც ჩვენ თვითონვე გვაქვს დაწესებული კანონით - 60%-იანი ზღვარი. ზოგადად შესაძლებელია, ამ ზღვარიდან დროებით გადახრა, მაგრამ მერე უნდა გამოვიდეთ სახიფათო ზონიდან. რასაკვირველია, საგანგაშო სიტუაციაც იქმნება. გაზრდილი სახელმწიფო ვალი ნიშნავს ყოველთვის რეგულარულად მომატებულ გადასახადს“, - განაცხადა სოსო ბერიკაშვილმა.