მთავრობა ერთი მხრივ ირწმუნება, რომ გაისად ეკონომიკა სწრაფად გაზრდება, მაგრამ მეორე მხრივ, დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს, რადგან ქვეყნაში არსებული ვითარება შორს არის სტაბილურობისგან. თუკი 2021 წელი პანდემიასთან ბრძოლაში გარდამტეხი არ აღმოჩნდა, ყველა მიმართულებით სრული გაურკვევლობა დაისადგურებს.
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ირწმუნება, რომ მიუხედავად პანდემიისა, მოსალოდნელია, რომ 2021 წლიდან ეკონომიკა მაღალი ტემპებით აღდგება.
„კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებამ, მნიშვნელოვნად შეცვალა მსოფლიოს ეკონომიკური ცხოვრება. შესაბამისად, ამან უდიდესი დარტყმა მიაყენა ჩვენს ეკონომიკასაც. 2020 წელს, ქვეყნის ეკონომიკაში მოსალოდნელია ეკონომიკური კლება 4.5-5.0 პროცენტის ფარგლებში და ეს იმ ფონზე, როცა საქართველო წინა სამ წელს გადაბმულად ინარჩუნებდა მაღალი, 5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის ტემპს. აღსანიშნავია, რომ პანდემიამდე პერიოდში ჩვენ მიერ განხორციელებული მაკროეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებები წარმატებით აისახა საქართველოს საკრედიტო რეიტინგებზეც“, -აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
მისი თქმით, გლობალურმა პანდემიამ, მნიშვნელოვნად შეაფერხა ეს პოზიტიური ტენდენციები, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერით, ქვეყანა პანდემიას საკმაოდ კარგი პროგრამით შეხვდა.
„ამან საშუალება მოგვცა, სწრაფად მიგვეღო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერა და გაგვევლო ამ უმნიშვნელოვანესი გამოწვევის პირველი ეტაპი. ამ ურთულეს პერიოდში, ჩვენ შევძელით მაქსიმალურად მოგვეცვა ყველა დაზარალებული სოციალური ჯგუფი, ბიზნესსექტორი და შეგვემსუბუქებინა კრიზისის უარყოფითი შედეგები. ეს მოიცავდა 375 მილიონი ლარის მოცულობის ჯანდაცვის, მილიარდ 150 მილიონი ლარის სოციალურ პაკეტებს“, - განაცხადა მან.
ქვეყნის ეკონომიკის ზრდის პერსპექტივასთან დაკავშირებით, ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მიუხედავად პანდემიისა, მოსალოდნელია, რომ 2021 წლიდან ეკონომიკის ზრდის ტენდენციები მაღალი ტემპებით აღდგება. 2021 წელს 4.3 პროცენტით მინიმუმ, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში - 5.5 პროცენტით. ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია არა მარტო რეგიონში, არამედ ევროპაშიც.
„სავალუტო ფონდის მიერ 2021 წლის ეკონომიკის ზრდის პროგნოზის 4.3 პროცენტამდე ჩამოწევა ოქტომბერში გამოქვეყნებულ 5 პროცენტთან შედარებით, განაპირობა რეგიონულმა დაძაბულობამ და გლობალური პანდემიური მოვლენების გამძაფრებამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. აღსანიშნავია, რომ ვაქცინის შექმნასთან დაკავშირებული მოლოდინების ზრდას და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის დარეგულირების პერსპექტივას, პოზიტიური გავლენა ექნება 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზზე“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე კი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული „ლოქადაუნის“ და მისი ეკონომიკური ზეგავლენის მართვაში დაგროვილ გამოცდილებაზე საუბრობს. მისი აზრით, საქართველო სტაბილური მაკროეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე, კორონავირუსის შოკს მომზადებული შეხვდა.
„ჩვენ კორონავირუსს და შოკს, რომელიც დიდი და პრაქტიკულად მოულოდნელი იყო, შევხვდით გამართული ეკონომიკით, რადგან მაკროეკონომიკა სტაბილური იყო, გვქონდა კარგი ფისკალური ბუფერები და საბანკო სისტემაში არსებული კარგი ლიკვიდობა და კაპიტალის კარგი მაჩვენებლები.
საქართველო გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც მიიღო გაზრდილი დახმარება პროგრამის ფარგლებში. ამან ხელი შეუწყო მთავრობას სოციალური დახმარების უზრუნველყოფაში მათთვის, ვინც დაკარგა სამუშაო და სამედიცინო ხარჯების დაფინანსებაში“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
მინისტრების ოპტიმიზმი ერთია, მაგრამ რეალობა გაცილებით მძიმეა და ამას ადასტურების ის ნაბიჯები, რაც ბოლო პერიოდში მთავრობამ გადადგა და ახლო მომავალში კი კიდევ გადადგამს. დადასტურდა, რომ მთავრობა, ბიზნესისა და მოქალაქეების მხარდაჭერის მიზნით, დამატებითი ღონისძიებების პაკეტზე მუშაობს. ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან სამუშაო შეხვედრაც გამართა.
შეხვედრაზე იმსჯელეს იმ ღონისძიებებზე, რომლებიც ანტიკრიზისული გეგმის მე-4 ფაზის ფარგლებში შეიძლება, გატარდეს და, რომელიც შეეხება როგორც სოციალური, ისე ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებებს, მომდევნო პერიოდის განმავლობაში ეკონომიკური მდგომარეობის დინამიკის შესაბამისად.
ეს კიდევ ერთხულ ადასტურებს, რომ ქვეყანა პანდემიური კრიზისის დაძლევისგან ძალიან შორსაა, მით უფრო, რომ კორონავირუსისგან გამოწვეული ეკონომიკური შოკების ტყვეობაშია თითქმის მთელი მსოფლიო.