„დევნილების დაბრუნება საერთო სიტუაციის შეცვლას მოითხოვს“

„დევნილების დაბრუნება საერთო სიტუაციის შეცვლას მოითხოვს“

საქართველოსთან დაკავშირებით ევროსაბჭომ 21 პუნქტიანი რეზოლუცია - „საქართველო და რუსეთი - ჰუმანიტარული სიტუაცია კონფლიქტითა და ომით დაზარალებულ რეგიონებში“ - მიიღო, რომელსაც მხარი დეპუტატთა 2/3-ზე მეტმა დაუჭირა.

როგორც უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა,  ევროსაბჭომ ძალიან კარგი რეზოლუცია მიიღო, რადგან მასში ბევრ სხვა მნიშვნელოვან საკითხთან ერთად, ასახულია ის, რომ იძულებით გადაადგილებულ ყველა პირს აქვს უფლება, საკუთარ სახლებში დაბრუნდეს. ასევე ჩაიწერა, რომ ევროკავშირის მონიტორინგის მისიას უნდა მიეცეს უფლება, განახორციელოს მონიტორინგი საქართველოს კონფლიქტის ზონის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დოკუმენტში დაფიქსირდა, რომ ევროკავშირის შუამავლობით შექმნილი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 6-პუნქტიანი ხელშეკრულება უპირობოდ უნდა შესრულდეს. ამდენად, მსგავსი ჩანაწერი არცერთ ჰუმანიტარული სახის რეზოლუციაში აქამდე არ ყოფილა.  

ამას გარდა, კენჭისყრამდე საქართველო-რუსეთის ომის თემაზე დებატები გაიმართა, სადაც დეპუტატების უმეტესობამ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა. რაც მთავარია, უმრავლესობის მტკიცებით, ტერმინი „ოკუპაცია“ ყველა დოკუმენტში აუცილებლად დარჩება.

უმრავლესობის წევრს, თინა ხიდაშელს რეზოლუცია მოსწონს, თუმცა თვლის, რომ „მთავარია, იგი შესრულდეს“, ეკა ბესელიას კი მიაჩნია, რომ დეოკუპაციის პროცესი უნდა დაიწყოს და დევნილები უნდა დაბრუნდნენ.

სამაგიეროდ, რუსულ მხარეს ევროსაბჭოს რეზოლუცია არ მოსწონს. რუსეთის დელეგაცია რეზოლუციის ტექსტში ტერმინ „ოკუპაციის“ შეტანამ და დოკუმენტის იმ ნაწილმა გააღიზიანა, სადაც აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს შემადგენელ ნაწილად არის მოხსენიებული.

For.ge-მ კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელ გოგი ხუციშვილთან საუბარი ევროსაბჭოს ერთ-ერთი დეპუტატის ცალმხრივი გამოსვლის შეფასებით დაიწყო.

„ხალხმა აირჩიაქართული ოცნება“, მაგრამ მიიღო ქართული კოშმარი“ , - ამის შესახებ რუსეთ-საქართველოს ომის თემაზე მიმდინარე დებატებისას ევროსაბჭოს ერთ-ერთმა დეპუტატმა განაცხადა და ქართული ოცნების“, როგორც გამარჯვებული პარტიის, რევანშიზმს გაუსვა ხაზი. ბევრი ეჭვობს, რომ ლობისტების ხაზი აქაც გრძელდება და ეს სიტყვები სააკაშვილის სტრასბურგში გამოსვლის ლოგიკური გაგრძელება იყო, სადაც იგი ახალ ხელისუფლებას ბრალს გულმოდგინედ სდებდა.

- თქვენს მიერ ნახსენები ევროპელი დეპუტატის გარდა, მე ვიცი, რომ სააკაშვილის სასარგებლო და ივანიშვილის საწინააღმდეგო განწყობაა ზოგიერთ სხვა დეპუტატშიც. ეს გამოწვეულია არა მხოლოდ პრეზიდენტის ბოლოდროინდელი გამოსვლით, რომელიც გარკვეულწილად, საწინააღმდეგო განწყობის ჩამოყალიბების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი იყო, არამედ ეს გახლდათ მიზანმიმართული, მეთოდური მუშაობის შედეგი, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი მომხრეები ახორციელებენ ბრიუსელში, ვაშინგტონში - ყველგან, სადაც კი შეუძლიათ. გარკვეულ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით, იქაური პოლიტიკური ვითარების, პოლიტიკოსებთან ურთიერთობისა და მათი მოლოდინების გათვალისწინებით, სხვადასხვა ნიუანსებზე ისეთნაირად თამაშობენ, რომ დასავლელ პარტნიორებს შიში გაუძლიერონ, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილის კურსი პრორუსულია. ცდილობენ, მათ გაუზვიადონ იმის შიში, თითქოს შესაძლებელია, საქართველომ თავისი ვექტორის მკვეთრი ცვლილება მოახდინოს და უარი თქვას ევროინტეგრაციისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პრიორიტეტზე, შეინარჩუნოს დასავლეთთან კარგი ურთიერთობა, მაგრამ, ამავე დროს, ყველაფერი დაუქვემდებაროს რუსეთსა და რუსეთის ინტერესს.

ევროსაბჭოს დეპუტატის ნათქვამი გავლენას ხომ არ მოახდენს სხვა დეპუტატებზე? საერთოდ, რომელი პარტიის წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო ეს დეპუტატი, რომელიც ნაციონალების სასარგებლო განცხადებებს აკეთებდა?

- კონკრეტულად, ვინ იყო ეს დეპუტატი, არ ვიცი, მაგრამ შესაძლებელია, იგი იყო „სახალხო პარტიის“ წევრი, რომელიც მთლიანად „ნაციონალური მოძრაობის“ დამცველია. „ევროპის სახალხო პარტია“ თავის შემადგენელ ნაწილად თვლის ნაცმოძრაობას. რამდენად მოახდენს მისი ნათქვამი გავლენას სხვა დეპუტატებზე, არ ვიცი, მაგრამ ის, რომ გავლენას ახდენენ და, სამწუხაროდ, მცდარ ინფორმაციებს ავრცელებენ ნაციონალები დასავლეთში, საქართველოს საელჩოს სახით, რომელიც ჯერ კიდევ დაკომპლექტებულია ძველი კადრებით, ეს აშკარაა. ეს ხდება სხვადასხვა ბერკეტების საშუალებით, მოსყიდული ჟურნალისტების მეშვეობით, რომლებიც წინა წლებშიც ცალმხრივად წარმოაჩენდნენ სიტუაციას საქართველოში, - ეს ყველაფერი საკმაოდ მოქნილი იარაღია. ხაზგასმით ვამბობ, ამის საწინააღმდეგოდ „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო უმრავლესობა არაფერს აკეთებს. ეს მე ძალიან მაწუხებს. როდესაც მათ ამის შესახებ ვესაუბრები, ისინი მეუბნებიან, ჩვენ არ ვართ პროპაგანდისტები, საზღვარგარეთ სირბილი და პიარი სააკაშვილისა და ნაციონალების პროფესიააო, მაგრამ აქ სხვა რამეა, აუცილებელია ჩართულობა ჩვენი პოლიტიკის გამომუშავების დროს. მართალია, ჩვენ ვაგრძელებთ ევროინტეგრაციის კურსს, მაგრამ ნატოსთან, ვაშინგტონთან ურთიერთობა უნდა გაღრმავდეს, უნდა მოხდეს ჩვენი პოლიტიკის მათთან ერთად დამუშავება. როდესაც მათი წვლილიც იქნება ჩვენი პოლიტიკის გამომუშავებაში, ამ შემთხვევაში, ისინი უკვე გააიგივებენ თავს ამ პოლიტიკასთან და არ იტყვიან, ეს პოლიტიკა ჩვენი არ არის და არ ვიცით, რა მოჰყვება ამას. უკვე პასუხისმგებლობას იგრძნობენ ამის გამო, რადგან პოლიტიკა ერთობლივად იქნება შემუშავებული. თუ ასე არ ხდება, მაშინ ჩნდება ეჭვი, ჩვენ კი ვლაპარაკობთ ევროატლანტიკური და ევროპული კურსის გაგრძელებაზე, მაგრამ, ამავე დროს, თურმე ჩვენთვის ეს არ ყოფილა პრიორიტეტი და, თუ ეს საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს ხელს შეუშლის, ან რუსეთის გაღიზიანებას გამოიწვევს, რაღაც მომენტში შეიძლება უარიც კი ვთქვათ. ამიტომ, მყარი და სტაბილური, მუდმივი კონსულტირების საფუძველზე ურთიერთობის განვითარება და პოლიტიკური ნაბიჯის გამომუშავება აუცილებელია. სხვათა შორის, ამას სააკაშვილის ხელისუფლება ზუსტად იმ მიზნით აკეთებდა, რომ არავის ეჭვი არ შეპარვოდა იმაში, რომ ჩვენ ნატოსთან, ვაშინგტონთან და ბრიუსელთან ურთიერთობას მაღალ დონეზე ვაყენებთ და პრიორიტეტად გვაქვს ეს კურსი არჩეული. ყოველ შემთხვევაში, როცა გყავს ჩასაფრებული მტერი, რომელიც ცდილობს, ყველა შენს ნაბიჯს ნეგატივი მოუძებნოს და, რომელიც ასეთ განწყობას აღვივებს შენს წინააღმდეგ, თავს კი არ უნდა იმართლებდე, არამედ ეს არის აუცილებლობა, რომ შენი დიპლომატიურობითა და საქმიანი ურთიერთობით დასავლეთის სტრუქტურებთან კავშირი გააძლიერო, რათა საფუძველი გამოაცალო ასეთ ბრალდებებს.        

რაც შეხება საპარლამენტო ასამბლეის 21 პუნქტიან რეზოლუციას - „საქართველო და რუსეთიჰუმანიტარული სიტუაცია კონფლიქტურ და ომის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში“. პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ პირველად მოხდა, როცა რეზოლუციაში 2008 წლის 6-პუნქტიანი გეგმის უპირობო შესრულება ჩაიწერა. ამ რეზოლუციის მიღებამდე აზრთა სხვადასხვაობა შეიმჩნეოდა, უმრავლესობა და უმცირესობა ერთმანეთში დაობდა ტერმინ ოკუპაციისირგვლივ, საბოლოოდ კი გაირკვა, რომ ტერმინი ოკუპაციაყველა დოკუმენტში აუცილებლად დარჩება.

- ჩვენი პოზიცია ოკუპირებულ ტერიტორიასთან და ტერმინ „ოკუპაციასთან“ დაკავშირებით დაფიქსირებულია. ეს არ იცვლება. უბრალოდ, აქამდე  საუბარი იყო მხოლოდ იმის შესახებ, რომ ჩვენ აქტიური ზეწოლა მოვახდინოთ თუ არა და ყველა დოკუმენტში სიტყვა „ოკუპაცია“ იყოს თუ არა ნახსენები. მე ვთვლი, რომ საბოლოოდ დოკუმენტებში ამ ტერმინის მოხვედრა იმაზე კი არ იყო დამოკიდებული, ჩვენ ამით ევროპელებზე ზეწოლას მოვახდენდით თუ ვერ მოვახდენდით, არამედ იმაზე, თუ როგორ აფასებენ სიტუაციას ევროპელები. აღმოჩნდა, რომ აფასებენ ისეთნაირად, რაც ჩაწერეს და 6-პუნქტიანი გეგმის რუსეთისგან შესრულება მოითხოვეს. ძალიან კარგია, რომ ასეთი რეზოლუცია მიიღეს, მაგრამ, როცა მეკითხებოდნენ აქამდე, რამდენად გამართლებულია, რომ ჩვენ აქტიურად მოვითხოვოთ ამ ტერმინის ჩაწერა, მე ვთვლი, კი არ უნდა მოსთხოვო, არამედ უნდა დაარწმუნო. თუ საბოლოო სახით იქნება ეს გათვალისწინებული, ეს ნიშნავს, რომ ევროპა ეთანხმება შენს პოზიციას და ძალიან კარგია, თუ ასე მოხდება. მაგრამ ჩვენი ხმამაღალი ყვირილის გამო ეს არ ხდება. ამიტომ, მომავალში წყნარი პოლიტიკა უნდა გავატაროთ, იმის მიუხედავად, რომ დაზარალებული მხარე ვართ და ტერიტორიები დაკარგული გვაქვს. ზუსტად ამიტომაც ჩვენ გამოზომილი, გაწონასწორებული პოლიტიკა გვმართებს ყველა მოთამაშესთან, ყველა ჩართულ ძალასთან, მათ შორის, რუსეთთანაც. თუ ჩვენ რუსეთთან ძალიან რთული, მაგრამ აუცილებელი მოლაპარაკებების გამართვას ვაპირებთ, უფრო მეტად გვჭირდება გაწონასწორებული პოლიტიკა, რათა არავინ გამოიყენოს ჩვენი რომელიმე ქმედება იმისთვის, რომ ჩაშალოს ასე ძნელად დაწყებული მოლაპარაკება.

ტერმინ ოკუპაციაზეაპელირება სააკაშვილის ინტერესში შედიოდა. ზუსტად ამაზე აკეთებდა იგი აქცენტს ევროსაბჭოს შენობის წინ ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრისას, რომ თითქოს უმრავლესობას არ სურდა ამ ტერმინის დაფიქსირება. უნდა მიეცათ კი სააკაშვილისთვის ამ თემით მანიპულირების საშუალება?

- „ქართულ ოცნებაშიც“ ამასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. მე ვთვლი, ეს ნორმალურია, როცა პარლამენტის ან მთავრობის ზოგიერთი წევრი მიიჩნევს, რომ ამ ტერმინის ხაზგასმა უნდა მოხდეს, ზოგიერთი კი თვლის, რომ ეს არ უნდა მოხდეს და ამითაც არაფერი შეიცვლება. მოსაზრება ასეთია, ამ ტერმინის ხაზგასმა კიდევაც რომ არ მოახდინო, ამით არ იცვლება ის შეფასება, რომ ჩვენ ოკუპირებული ტერიტორიები გვაქვს და, რომ საჭიროა ამის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება. ეს არ აუქმებს ამ სიტუაციას. უბრალოდ, ვინაიდან თავიდანვე ცნობილი იყო, რომ რუსეთი მოლაპარაკებების ერთ-ერთ მომენტად თვლიდა იმას, რომ ჩვენს ტერმინოლოგიაში ამისთვის ხაზი ასე არ გაგვესვა (რადგან, მათი აზრით, ეს ხელს უშლის შემდგომ მოლაპარაკებას), ჩვენმა მხარემ გადაწყვიტა, რომ მთავარია, მოხდეს ამ საკითხზე დალაპარაკება, - ეს მესმის. მაგრამ თუ საუბარი იქნებოდა იმაზე, რომ ჩვენ პოსტაგვისტოს ომის შემდგომი სიტუაციის შეფასება შევცვალოთ, ან ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსთან მიმართებით პოზიცია შევარბილოთ, ეს სულ სხვა რამეა. მაშინ კიდევ გასაგები იქნებოდა ის რეაქციები, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამოხატა. მაგრამ ნაციონალები ეძებენ მიზეზს იმისთვის, რომ დაარტყან უმრავლესობას, არა იმიტომ, რომ მართლა რაღაც საგანგაშო ხდება.

ფაქტობრივად, აკაკი ბობოხიძემაც იგივე ხაზი გაატარა, ოღონდ ირაკლი ალასანიასთან მიმართებით, როდესაც თქვა, რომ ქართულმა ოცნებამპროდასავლური კურსის მიუღებლობის გამო გასწირა ალასანია, რომლის მთავარი ფასეულობა ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია იყო.

- მე ვუპასუხებდი კაკო ბობოხიძეს, რით არის ნაკლები პროდასავლური პიროვნება, მაგალითად, დავით უსუფაშვილი ან ვახტანგ ხმალაძე? ისინი პროდასავლური მიმართულების ხალხია. ამით ბობოხიძეს სურს, წარმოაჩინოს, რომ ალასანია ერთადერთი იყო და ისიც კი ჩამოშორდა და ამიტომ, „ქართულ ოცნებაში“ მოხდება განხეთქილება. ფაქტია, რომ რეალურად, ეს ალასანიას დაქვეითება მართლაც არის და რა დგას ამის უკან, არ ვიცი. მაინც მეჩვენება, რომ ამის მიზეზი პრეზიდენტობის საკითხია. თუ ვის წარადგენს „ქართული ოცნება“ პრეზიდენტად არჩევნებზე, ეს სერიოზული დაძაბულობის მომენტია. თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შესრულებაში რაში უშლიდა ხელს ირაკლი ალასანიას ვიცე-პრემიერის ფუნქცია?! პირიქით, აძლიერებდა ამ ფუნქციას. ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში, სადაც თავდაცვის სფერო პრიორიტეტულად ითვლება, თავდაცვის მინისტრი, ამავდროულად, ვიცე-პრემიერია. ანუ, ეს არ იყო მხოლოდ ქართული გამოგონება. თავის დროზე, ზუსტად იმიტომ დაინიშნა ირაკლი ალასანია ერთდროულად თავდაცვის მინისტრად და, ასევე, მიენიჭა ვიცე-პრემიერის ფუნქცია, რომ ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა და ამით ხაზი ესმება თავდაცვის სფეროს პრიორიტეტულობას. ამიტომ ის, რომ მან თურმე უკეთესად უნდა მოახდინოს თავის საქმეზე კონცენტრირება და ეს მისთვის ზედმეტი დატვირთვა იყო, ლოგიკას არ უძლებს, რადგან, პირიქით, ვიცე-პრემიერობა მას თავის სფეროში ეხმარებოდა.

ევროსაბჭოს რეზოლუციას რომ მივუბრუნდეთ. რეზოლუციის მიხედვით, ევროკავშირის მონიტორინგის მისიას უნდა მიეცეს უფლება, განახორციელოს მონიტორინგი ჩვენს კონფლიქტურ ტერიტორიებზე. ეს ფიქტიურ ფურცლად ხომ არ დარჩება?

- დიდი ხანია, ყველა ინსტანციაში ამას ვამბობ, რომ ევროკავშირის მონიტორინგის მისია წარმატებული იქნება. და, საერთოდ, ეს იქნება უშიშროებისა და სტაბილურობის გარანტია რეგიონში, თუკი ამ მისიას მიეცემა ორივე მხარეს მუშაობის საშუალება, როგორც ეს ექვსპუნქტიან ხელშეკრულებაშია ხაზგასმული. თუმცა, რუსეთმა ეს ფუნქცია ცალმხრივად შეზღუდა და აფხაზებიც რუსეთის ამ მოთხოვნას ასრულებენ, რომ არ უშვებენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ტიშკევიჩს, რათა მან მონაწილეობა მიიღოს ინცინდენტების პრევენციის კომისის სხდომებში ჭუბურხინჯში. არ უშვებენ, რათა რაღაცნაირად განდევნონ ევროკავშირის მისია „თავისი ტერიტორიიდან“, რაც აბსოლუტურად არასწორია. მაგრამ არსებულ ვითარებაში, რადგან იმის ძალა და ბერკეტი არ გვაქვს, რომ სიტუაცია გადავტეხოთ და შემოვაბრუნოთ, ერთადერთი გზა რუსეთთან ამ საკითხების ნაბიჯ-ნაბიჯ, მიზანიმართულად, სხვადასხვა ჭრილში განხილვაა - ეს ჟენევის მოლაპარაკებები იქნება თუ სხვა.

ჩვენი პატრიარქი ახლა აკეთებს უდიდეს საქმეს. იგი ჩავიდა მოსკოვში, უშუალოდ შეხვდა იქაურ სასულიერო იერარქს, ასევე - პოლიტიკოსებს.

სხვათა შორის, ილია მეორემ ასეთი რამ თქვა, რომ არა მარტო საქართველოს აწუხებს ის არაბუნებრივი ურთიერთობა და პრობლემები, რაც რუსეთსა და საქართველოს შორის ჩამოყალიბდა, არამედ რუსეთსაც და ჩიხიდან უნდა გამოვიყვანოთ ეს ურთიერთობა, რისი სურვილიც აქვს რუსეთსაც. ჩვენ აქამდეც ვიცოდით, რომ  ოკუპირებულ ტერიტორიებთან დამოკიდებულება რუსეთის იმიჯისთვის ტვირთი იყო, მათ შორის,  საერთაშორისო თვალსაზრისითაც, მაგრამ საინტერესოა, რუსეთში უკვე ფიქრობენ იმაზე, რომ ეს ტვირთი რამენაირად მოიხსნან?

- ის სიტუაცია, რომელიც შეიქმნა აგვისტოს ომის შემდეგ, როცა ტერიტორიები აღიარებულია რუსეთის მხრიდან, უამრავი ფულია ჩადებული, ბუფერულ ზონებადაა გადაქცეული ეს ტერიტორიები და რუსეთს თავისი ინტერესების გამტარებელი ტერიტორიები აქვს. ცხადია, ამის შეცვლა რუსეთს ახლა არ აწყობს. თუმცა საუბარი იმაზე, რა პირობებში შეუძლია რუსეთს დათმობაზე წავიდეს ამ ტერიტორიების საკითხში საქართველოსთან მიმართებით, საინტერესოა. ალბათ, დათმობაზე ახლო მომავალში არ წავა, რათა დესტაბილიზაცია იქ არ მოახდინოს. ამას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ჩამოყალიბებული ელიტაც დაუპირისპირდება და რთული მოვლენები იქნება.

თუმცა, ამ ეტაპზე პატრიარქისა და პუტინის შეხვედრის შესახებ აფხაზეთსა და ცხივალის რეგიონში ხმას არ იღებენ.

- ეს იმიტომ, რომ შეთანხმებულად მოქმედებს რუსეთი და ამ ტერიტორიების ხელმძღვანელობა. თუმცა მომავალში, როდესაც საქართველო-რუსეთის ურთიერთობა დათბება, ინტენსიური ვაჭრობა, მიმოსვლა იქნება, გაუმჯობესდება ფონი და მეტი ნდობა გაჩნდება, შეიძლება, გამართლდეს პატრიარქის პროგნოზი, რაც გაუცხოებულ ტერიტორიებზეც აისახება.

აღნიშნული რეზოლუციის შემდეგ დევნილების დაბრუნება გესახებათ?

- არა. დევნილების დაბრუნება ურთულესი პროცესია, რომელიც საერთო სიტუაციის შეცვლას მოითხოვს. იმ შემთხვევაში, თუ ერთობლივი პროექტები დაიწყება, სადაც აფხაზეთიც და საქართველოც იქნება ჩართული (მაგალითად, რკინიგზის აღდგენა და სხვა), თუ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ფონი იმ დროისთვის დათბება, შესაძლოა, დაისვას საკითხი დევნილების შესახებ. იქამდე ამის პერსპექტივას მე ვერ ვხედავ. 

რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ევგენი პრიმაკოვის განცხადებას როგორ შეაფასებთ, რომლის თანახმადაც, სოხუმისა და ცხინვალის აღიარება ომის დროს სააკაშვილის მიერ სარკოზის ექვსპუნქტიანი გეგმის მე-6 პუნქტის წაშლამ გამოიწვია. მაშინ, თურმე, სააკაშვილმა ისინი რთულ სიტუაციაში ჩააყენა. საქართველო მაშინვე გავიდა დსთ-დან და, ვინაიდან რუს სამშვიდობოები ცხინვალის რეგიონში სწორედ დსთ-ის მანდატის ფარგლებში იმყოფებოდნენ, საქართველოს სწორედ ეს გადაწყვეტილება გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ რუსებმა ეს ტერიტორიები აღიარე.

- აგვისტოს ომის შემდეგ მქონდა ინფორმაცია, რომ სარკოზის, მედვედევისა და სააკაშვილის მიერ ამ ხელშეკრულების გამომუშავების პროცესში მე-6 პუნქტი შეიცავდა ასეთ ნაწილს, რომ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები ამ ტერიტორიების სტატუსის შესახებ. სააკაშვილის დაჟინებული მოთხოვნით კი ამოღებულ იქნა ეს პუნქტი. არ ვიცი, ეს რეალურია თუ არა, მაგრამ ამის შესახებ ინფორმაცია მქონდა.

რამდენად გულწრფელია პრიმაკოვის ნათქვამი, რომ სწორედ სააკაშვილის ეს ნაბიჯი გახდა იმის ერთ-ერთი მიზეზი, რომ რუსებმა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი აღიარეს. ამის გარეშე არ აღიარებდნენ აფხაზეთისა და ცხინვალის ..  დამოუკიდებლობას?

- არა მგონია, ეს გამონათქვამი გულწრფელი იყოს. თუმცა ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ესეც გამხდარიყო.