საერთაშორისო ბაზრებზე ხორბლისა და ფქვილის გაძვირებამ, საქართველო რთულ მდგომარეობაში ჩააგდო. უკვე ყოველ კვირა მთავრობა მეწარმეებს ხვდება, რათა პურპროდუქტებზე ფასის შენარჩუნება მოახერხოს. ჯერჯერობით ამ მხრივ არაფერი იცვლება, მაგრამ ახლო მომავალში კონკრეტული გეგმის ამოქმედება გახდება საჭირო.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი პურპროდუქტების მსხვილ მწარმოებლებს, პურის მცხობელთა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციების თავმჯდომარეებს შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებმა, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ბიზნესის მხრიდან პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ სოციალური მიმართულება და ბაზარზე სტაბილიზაციის შენარჩუნება მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.
„სამინისტროში რეგულარულად ვმართავთ შეხვედრებს და ვმუშაობთ, რომ მოსახლეობისთვის სტაბილური იყოს როგორც პურის მიწოდება, ასევე სტაბილური იყოს ფასები. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მოსახლეობის პურით შეუფერხებელი მომარაგება. ეს არის საკითხი, რაზეც ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა და დასძინა, რომ „პურის მიწოდება და მისი ფასი სტაბილური უნდა იყოს“.
ხორბლის, ფქვილისა და პურის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
უცხოურ ბაზრებსა და, შესაბამისად, საქართველოშიც, ფქვილის ფასი სტაბილურია, თუმცა გამოწვევად კვლავ ლარის კურსი რჩება. როგორც ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა ამბობს, 2 თვის მარაგი ქვეყანას ყოველთვის აქვს და ამ მხრივ პრობლემა არ არის, თუმცა ბაზარზე ბევრი არაკეთილსინდისიერი მეწარმეა, რის გამოც აჟიოტაჟური მოთხოვნაა, რაც უსაფუძვლო პანიკას იწვევს.
„მთავრობის წევრებთან მუდმივად ხორციელდება მონიტორინგი, რათა ბაზარზე სტაბილურობა შენარჩუნდეს. 2 კვირაა, რაც ფასი არ შეცვლილა და 1 ტომარა ფქვილი 55 ლარად მიეწოდება ქარხნებს, პურთან მიმართებაში პრობლემა არ არის. ლარის კურსი რჩება გამოწვევად, უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში, მინიმუმ თვის ბოლომდე მთავრობის გადაწყვეტილებას ველოდებით, რას მიიღებენ, თუ კურსმა სტაბილიზაცია ვერ შეინარჩუნა, რის რისკიც დიდია. ჩვენი მხრიდან გაურკვევლობა ლარის კურსს უკავშირდება.
სპეკულაციური ტენდენციაც მიდის ბაზარზე, არიან კომპანიები და ადამიანების ჯგუფი, რომლებიც მეტ მარაგს იძენენ, ვიდრე მოთხოვნაა. ეს ნიშნავს, რომ სპეკულაციური მომენტია, არ გამოვრიცხავ, ხელოვნურად იძაბებოდეს სიტუაცია, რაც აჟიოტაჟს იწვევს. იმ პერიოდში, როცა ვამბობთ, რომ სტაბილურობაა, ვხედავთ, რომ აჟიოტაჟის და პანიკის შექმნას ხელს უწყობენ.
სტაბილური ფასი არის მოსახლეობის და ბიზნესის ინტერესებში. ლარი უფრო მეტად თუ გაუფასურდება და ამის გამო გაგვიძვირდება ხორბალი, სოციალურად დაუცველთათვის კომპენსაცია ან სუბსიდირების მექანიზმი უნდა ამუშავდეს. 2 კვირაში გაირკვევა, დაგვჭირდება თუ არა ჩარევა.
დიდი ხანია, ამასთან დაკავშირებით მუშაობა მიდის, მაგრამ როდის გაკეთდება და კონკრეტულად რა იქნება, ჯერ არ ვიცით. სუბსიდია ერთ-ერთი საერთაშორისო პრაქტიკაა კრიზისის დროს და შეიძლება გამოვიყენოთ“, - აღნიშნავს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა სოციაციის ხელმძღვანელი.
მისი თქმით, 5-6 მექანიზმია, საერთაშორისო პრაქტიკაში დანერგილი და აპრობირებული, რამაც ბაზარზე სტაბილურობას უნდა შუწყოს ხელი. ამიტომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ მომხმარებელი დაიცვას. თუმცა კონკრეტულად რა მეთოდს გამოიყენებენ, ლევან სილაგავას თქმით, ჯერჯერობით უცნობია.