ლივერპულის „ევერტონის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ მისი ყოფილი შეგირდების, ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა. გამოცდილი იტალიელი სპეციალისტის აზრით, შვედი და პორტუგალიელი ფეხბურთელები უკვდავები არიან.
„როდესაც იბრაჰიმოვიჩი სათამაშოდ ამერიკაში წავიდა, მეგონა, რომ ეს მისი ბოლო ტურნე იყო, მაგრამ ბევრ მატჩში გოლი გაიტანა. ახლა, როცა იტალიაში დაბრუნდა, ვფიქრობდი, რომ ყველაფერი დამთავრდა, თუმცა ის ყოველ კვირას ისევ გოლს იტანს. ზლატანი უკვდავია, ისევე როგორც კრიშტიანუ რონალდუ. თამაშის გაგრძელება ადვილია, თუმცა ისინი უბრალოდ არ თამაშობენ, არამედ მუდმივად გოლებს იტანენ, რაც რთულია. არასდროს ყოფილა შემთხვევა, რომ კრიშტიანუსთვის მეთქვა, არ ეთამაშა, რადგან ის სხვებზე უკეთესი ფეხბურთელია და ამის გასაგებად მეცნიერობა საჭირო არ არის“, - თქვა ანჩელოტიმ.
შეგახსენებთ, რომ ანჩელოტის თავის დროზე იბრაჰიმოვიჩთანაც (პსჟ-ში) და რონალდუსთანაც („რეალში“) უმუშავია. მიმდინარე სეზონში 39 წლის ზლატანმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 9 თამაშში 9 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო 35 წლის რონალდუმ 5 შეხვედრაში თავი 6 გოლით გამოიჩინა და ერთხელ საგოლე პასი მიითვალა.