აქციები და დაპირისპირება ქვეყნის ეკონომიკას ყოველდღიურად ანადგურებს

აქციები და დაპირისპირება ქვეყნის ეკონომიკას ყოველდღიურად ანადგურებს

პოლიტიკური დაძაბულობა, რომელსაც არჩევნებში დამარცხებული ოპოზიცია ყველანაირად უწყობს ხელს, ისედაც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ ეკონომიკას კიდევ უფრო უთხრის ძირს. პოლიტიკოსების გასაგონად უკვე ხმამაღლა საუბრობენ ბიზნესმენები, ადგილობრივი მეწარმეები, ეკონომისტები, მაგრამ ჯერჯერობით მათი მოწოდებებისთვის ყური არავის დაუგდია. ამასობაში კი ქვეყანა ლარის გაუფასურებისა და სიძვირის პრობლემებში იძირება.

ბიზნესმენი, კომპანია „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი 2020 წლის არჩევნების შემდგომ პროცესებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყანაში ახლა კრიტიკული მდგომარეობაა.

„გარეთ კოვიდია, ამას ემატება პოლიტიკური არასტაბილურობა, ეს კი ნამდვილად არ გვაწყობს არც პოლიტიკურად და არც ეკონომიკურად. ეს ყველა მხარემ უნდა გაითვალისწინოს და შეთანხმდნენ, უნდა მოილაპარაკონ, რომ ეს პროცესები ქუჩიდან ოთახებში გადავიდეს. ეს ყველას ინტერესი უნდა იყოს“, - განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.

ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ინვესტიციები კოვიდინფექციის გამო აღარ არსებობს და ის მოვლენები რაც ვითარდება, არის დამატებითი სტრესი ქვეყნისთვის ყველა მიმართულებით, ამის განმუხტვა კი ყველას მხარის მიზანი უნდა იყოს.

სამშენებლო და სარემონტო მასალების მწარმოებელი კომპანია „ნოვას“ გენერალური დირექტორი ედიშერ ხიმშიაშვილი კი ბიზნესის გამოწვევებზე საუბრისას პოლიტიკურ დაძაბულობასთან და პანდემიასთან ერთად, ლარის კურსის არასტაბილურობასაც ასახელებს. როგორც ხიმშიაშვილმა განაცხადა, პანდემიის პერიოდში „ნოვას“ საქმიანობის გაჩერება მოუწია, რამაც გარკვეული ფინანსური გამოწვევების წინაშე დააყენა კომპანია.

„დღეს უარყოფითი გავლენა პანდემიასთან ერთად, ლარის კურსის არასტაბილურობასაც აქვს. ადამიანების ნაკლებ შემოსავლიანობა სამომავლოდ კომპანიისთვის უარყოფით მოლოდინს ქმნის. თუმცა, პანდემიის პერიოდში ის პროექტები არ გაგვიჩერებია, რომელიც გვქონდა. ის, რომ 2006 წელს პროგნოზირება შესაძლებელი იყო, 2020 წელს ეს შეუძლებელი და წარმოუდგენელია. ახლა უფრო მეტად ენთუზიაზმს და ჩვენი შრომის შედეგებს ვხედავთ, ვიდრე წინასწარ დაგეგმილ ნაბიჯებს“, - განაცხადა „საქმიან დილაში“ ხიმშიაშვილმა.

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ჯერ კიდევ ფართომასშტაბიანი აქციების დაწყებამდე, 5 ნოემბერს ამბობდა, რომ ოპოზიციის მიერ გამართული აქციები საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე გავლენას ახდენს. პოლიტიკური სიმშვიდე მნიშვნელოვანია ქვეყანაში ყველა სფეროს განვითარებისთვის.

არჩევნების შემდგომი დაძაბულობა რომ ეკონომიკისთვის დიდი პრობლემაა, ადასტურებენ ანალიტიკოსები. გაზაფხულთან შედარებით ახლა ვითარება კიდევ უფრო კრიტიკულია და გამოსავალი ჯერაც არ ჩანს.

ქუჩის პროტესტი რომ კოლაფსამდე მიგვიყვანს, ამას პირდაპირ ამბობენ ეკონომისტები. „ახალი ეკონომიკური სკოლის“ დამფუძნებელი პაატა შეშელიძე აღნიშნავს, რომ არასტაბილური ვითარება დამღუპველად აისახება საქართველოს ეკონომიკაზე.

„როცა ვითარება ასეთი არასტაბილურია, ინვესტორები კაპიტალის დაბანდებისგან კიდევ უფრო შეიკავებენ თავს და მერე ამ ჭაობიდან ამოსვლა ძალიან გაგვიჭირდება. კომენდანტის საათი ხომ საერთოდ მიუღებელია და ასევე მანიფესტაციებამდე საქმის მიყვანაც.

დიალოგი, გეგმა, შესრულება - ეს არის ახლა მთავარი გზები არსებული პოლარიზაციისგან თავის დაღწევისათვის და ასევე იმისიც, რომ არასტაბილური ვითარება დამღუპველად არ აისახოს ეკონომიკაზე“, - განაცხადა პაატა შეშელიძემ.