ეს პარლამენტი კი არა, უკვე საგიჟეთია - ბოლო 2 დღეში 4 ჩხუბი და გაწევ-გამოწევა. პირველი დაპირისპირება 23 დეკემბერს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მას შემდეგ "აიწია", რაც ევროსაბჭოს დელეგაციის შემადგენლობაში "ნაციონალებს" ორიდან ერთი კვოტა ჩამოართვეს და "თავისუფალ დემოკრატებს" მისცეს. აქ უმცირესობის წევრი, გიორგი კანდელაკი "თავისუფალ დემოკრატს", ირაკლი ჩიქოვანს დაეტაკა, ისევ ამ ხელისუფლების დავალებებს ასრულებთო. მეორე გაწევ-გამოწევა იმავე დღეს მოხდა ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, სადაც მაუწყებლობის შესახებ კანონს იხილავდნენ. "რუსთავი 2"-ის შეფმა, ნიკა გვარამიამ უმრავლესობის წევრს, გია ჟორჟოლიანს სულ "სოციალისტი" ეძახა, დედა აგინა და ისიც მიაყოლა: გამოდი გარეთ, ოღონდ არ გაგლახავო. ეს "არ გაგლახავ" რა "პონტია", ვერავინ მიხვდა.
24 დეკემბერს ჩხუბის სეზონი გია ბარამიძემ საკომიტეტო სხდომაზე განაგრძო, მიზეზი ისევ დელეგაციების კვოტების შემცირება იყო და ლევან ბეჟაშვილმა სასესიო დარბაზში დაამთავრა.
"კომიტეტზე" საგანელიძემ ბარამიძეს მიმართა: "მთელი შენი ცხოვრება კონსტიტუციას არღვევ, ამიტომ შენგან პრეტენზიებს ვერ მივიღებ. არ ვაპირებ, თქვენ გისმინოთ. ისე არ არის, რომ რაც ენაზე მოგადგება, ყველაფერი ილაპარაკო! უზრდელი და თავხედი ხარ შენ".
საგანელიძეს არც ბარამიძე ჩამორჩა და უყვირა: "მოვრჩები თუ არ მოვრჩები, ეს ჩემი საქმეა და ნუ იჯგიმები, რა! ლაპარაკს მორჩი და ფეხებსაც ვერ მომაჭამ".
რაც შეეხება ლევან ბეჟაშვილს, მას უმრავლესობის წევრი, დათო ლორთქიფანიძე "დაეჯახა". ლორთქიფანიძის თქმით, "ნაციონალები" ცდილობენ, საზოგადოებაში ცრუ ინფორმაციები გაავრცელონ. ამ შემთხვევაში დაპირისპირება გოგა ხაჩიძის გამოსვლას მოჰყვა, რომელიც საცურაო აუზების მდგომარეობაზე ლაპარაკობდა. ეს მაშინ, როცა სპორტული ინფრასტრუქტურა თვითონ გააჩანაგესო.
ბეჟაშვილი კი ამბობს: "გოგა გამოდიოდა იმ დროს, როცა უზრდელურად შეელაპარაკა, ვუთხარი: კარგით, რა მოგივიდათ, დამშვიდდით, ქალბატონია და ნორმალურად ილაპარაკეთ-მეთქი, მეტი არაფერი, არც საკითხის შინაარსი მახსოვს, რაზე იყო გამოსვლა, ამას მოჰყვა უწმაწური სიტყვები და გაუგებრობა, რისთვისაც ჩემს კოლეგებს ბოდიშს ვუხდი".
მოგვიანებით, უმცირესობის წევრი, მარიამ საჯაია ინციდენტის შესახებ სოციალურ ქსელში წერს: "შარო, საიდან მოდიხარო?! - საჯაიასგანო. სხდომაზე შესვლიდან 5 წუთში დამატყდა თავს უბედურება "კორექტული" ბატონი ლორთქიფანიძის სახით... ჩხუბის შემდეგ კითხულობდნენ მიზეზს:
- შეხედა მარიამმა და...
- მერე საჯაია თუ უყურებდა, რა აჩხუბებს, შეირგოს, მადლობელი იყოს".
როგორც ჩანს, ბეჟაშვილმა "ქალბატონში" საჯაია იგულისხმა.
რა მოხდა სინამდვილეში? როგორ აპირებს უმრავლესობა "ნაციონალების" დადუმებას? სად მიდის "ნაციონალების" დაფინანსების კვალი?
"ალიას" დათო ლორთქიფანიძე ესაუბრა:
დათო, მარიამ საჯაია წერს, ლორთქიფანიძე არაკორექტულად მომექცა, შევხედე და ეგეც კი ვერ შეირგოო. რა მოხდა, ამიხსენი.
- ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ მე ქალბატონებთან ნამდვილად არ მესწავლება ურთიერთობა. საჯაია ცდილობს, სიცრუე გაავრცელოს და ამით გაამართლოს "ნაცების" გამოხტომები. არ ვიცი, საჯაიამ როდის შემომხედა და რატომ შემომხედა, რაღაცას ურევს. ვერც იმას ვხვდები, რატომ უნდა მიმეყენებინა შეურაცხყოფა. ხაჩიძე რომ ლაპარაკობდა აუზებზე სიცრუეს და ყველაფერს ჩვენ გვაბრალებდა, მაშინ გავღიზიანდი, აქ კი ბეჟაშვილი გაიქაჩა. ესენი თავხედობენ და ყველაფერი გადადის უზრდელობაში. პროვოკაციებს აწყობენ სპეციალურად. რაღაც სისულელეს იტყვიან, მერე ამ სისულელეზე გასცემ პასუხს და უცებ გადადიან შეურაცხყოფაზე. გასაგებია, რომ პარლამენტარი ხარ და თმენის ვალდებულება გაქვს, მაგრამ ვალდებულება გაქვს თმენამდე, ამათი სიბინძურეების მოთმენა ჩემთვის არავის დაუვალებია.
დათო, ერთია, რასაც ვხედავთ ტელეეკრანებზე, მეორეა - რაც არ ჩანს. როგორ იქცევიან კულისებში, პირადი საუბრებისას?
- ამას მარტო კამერებთან აკეთებენ, მანამდე და შემდეგ რეაქცია საერთოდ არ აქვთ. თუ რამეს ეტყვი, ადგებიან და გადიან. ამით საზოგადოებას ეუბნებიან: ნახეთ, როგორ გვებრძვიან, მუშტი-კრივზეც კი გადმოდიანო.
საზოგადოებას იმაზე კი არ ეშლება ნერვები, რომ თქვენ მუშტი-კრივზე გადადიხართ, არამედ იმაზე, ამდენს რომ აბედვინებთ.
- პირდაპირ გეტყვი: მათ აქვთ დაგროვილი ძალიან დიდი ფინანსები და ახლა ხარჯავენ ქვეყანაში სიტუაციის ასარევად. სადაც კი ხელი მიუწვდებათ, ყველგან ტოვებენ კვალს, ყველგან ცდილობენ სიტუაციის დრამატიზებას - სოციალურ სფეროში, სპორტში, კულტურაში, ეკონომიკაში და ასე შემდეგ. მაგალითად, დღეს ძალიან მნიშვნელოვანია საყდრისის თემა... ბოლო დროს გამოჩნდა საეჭვო პუბლიკაციები, თითქოს ბოლნისის მაჟორიტარი, კობა ნაყოფია, რომელიც არის "ნაცმოძრაობის" სახე და მოლარე, შეხვდა საყდრისის გადარჩენის კომიტეტის რამდენიმე წევრს, თითქოს ის აფინანსებს და ასე შემდეგ. "ნაციონალებმა" აქაც კი შექმნეს ქაოსი, ახლა ძნელი გასარკვევია, ვინ რას ლაპარაკობს და ვის რა უნდა. ნაყოფია იმიტომ გავიხსენე, რომ ეს ადამიანი, რომელიც საერთოდ გასულია საპარლამენტო რადარებიდან, პირდაპირ კავშირშია ბოლო დროს დაწყებულ პროვოკაციებთან. ჩვენ ამის შემდეგ ცოტა სხვანაირად უნდა მივხედოთ ამ პრობლემებს, სანამ საზოგადოებას არ ვეტყვით სრულ სიმართლეს, მანამდე გვექნება ასეთი გაუგებრობა და ქაოსი. ლევან ბეჟაშვილი და კობა ნაყოფია ერთი კასტის წარმომადგენლები არიან. ადამიანი, რომელიც 2012 წლამდე კონტროლის პალატის თავმჯდომარე იყო, დღეს ხმას უნდა იღებდეს? მე გარეთ გამყავდა ბეჟაშვილი, მაგრამ მანდატურებმა არ გამოუშვეს, ფიზიკურად არ შევხებივარ. სანამ სახელმწიფო არ გამოიჩენს სიფხიზლეს და არ დაარქმევს ყველაფერს თავის სახელს, მანამდე იქნება პროვოკაციები და გამოწვევები.
ახლა გეტყვი, საიდან აქვთ "ნაციონალებს" ფულის დიდი ნაკადი: შეიძლება ვიღაცამ თქვას, ნაყოფია ამოიჩემაო... ეს ის ადამიანია, რომელიც 2004 წელს რუსეთიდან ჩამოიყვანა კახა ბენდუქიძემ, დანიშნა "მადნეულის" გენერალურ დირექტორად, შემდეგ ეს კომპანია "კვარციტთან" ერთად შეისყიდა 32 მილიონ ლარად. არადა, აქ მილიარდ ლარამდე ინვესტიცია ჰქონდა სახელმწიფოს ჩადებული. ბოლოს ხელში ჩაიგდეს ეროვნული ზარაფხანაც, ინვესტიცია საერთოდ არ განუხორციელებიათ, ეს ქონება კობა ნაყოფიამ ჩადო "საქართველოს ბანკში", აიღო 200 მილიონი დოლარი, ამ სესხით გააფართოვა ბიზნესი ირანსა და სომხეთში. აი, სქემა, საიდანაც მოედინება ფულის დიდი ნაკადი და რა ფულს ხარჯავენ "ნაციონალები". თუ ამ საქმეს არ მიხედავს სახელმწიფო, შეიძლება ამ ადამიანებმა ქვეყანაში გამოიწვიონ უმართავი პროცესები. ამ კუთხით ასამუშავებელია სახელისუფლებო ინსტიტუციები.
უნდა ვამხილოთ. ჩემთვის არავის დაუვალებია, გამოდი და კობა ნაყოფია ამხილეო, ვინც რა იცის, უნდა გამოვიდეს და ილაპარაკოს. "მადნეულში" ფინანსური პოლიცია არის შესული კარგა ხანია, წარმოადგინონ ანგარიში, გაგვაგებინონ, რა ხდება. ასევე, უნდა მივმართოთ პროკურატურას, უამრავი საქმეა შესული. "ნაციონალები" სწორებას აკეთებენ გაზაფხულზე, აქვთ გეგმა, რომ სიტუაცია ძალიან მაგრად არიონ.
რა ინფორმაცია გაქვს, ქუჩაში გამოსვლას აპირებენ?
- ყველაფრის გაკეთებას აპირებენ, ჰყავთ მოსყიდული უამრავი ადამიანი, ისინი "ნაცმოძრაობის" სახელით არ ილაპარაკებენ. ესენი ხელიდან არ უშვებენ არც ერთ განაწყენებულ ადამიანს. ჩვენ ამ ყველაფერს უნდა დავუპირისპირდეთ ღიად და მივხედოთ ხალხს. მე არავის ჯიბეებში ფულს არ ვითვლი, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოს ჯიბეებში იქექებოდნენ, უნდა დაისაჯონ და "ნაციონალებსაც" გადაეკეტებათ ფინანსური წყაროები. მე ამას უკვე ვითხოვ კატეგორიულად, შესაბამისმა სტრუქტურებმა დადონ პასუხები, ხალხს გააგებინონ, რა ხდება ჩვენს თავს.