„ტრაგედიას ვერ ვხედავ, რომ ალასანია არ გახლავთ ვიცე-პრემიერი“

„ტრაგედიას ვერ ვხედავ, რომ ალასანია არ გახლავთ ვიცე-პრემიერი“

საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას ვიცე-პრემიერის მოვალეობა შეუწყდა. პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ბრძანება ალასანიასთვის საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობის შესრულების შეწყვეტის შესახებ მთავრობის ოფიციალურ ვებგ-ვერდზე განთავსდა, რის შემდეგაც ამ თემაზე უამრავი ჭორ-მართალი გავრცელდა. ამის გამო განმარტების გაკეთება თავდაცვის მინისტრსაც მოუწია და პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახურსაც. ორივე მათგანის განცხადებით, ალასანიას გადაყენება წინასწარ შეთანხმებული გადაწყვეტილება იყო და ვიცე-პრემიერობა თავად ალასანიას არ სურდა, რადგან თავდაცვის სამინისტროში ისედაც დიდი პასუხისმგებლობა აკისრია.

„პრემიერმა ეს გადაწყვეტილება ორი დღის წინ მთავრობის სხდომაზე მიიღო. გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ თავდაცვის მინისტრს გააჩნია საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა, მას ჩაბარებული ყავს ქართული ჯარი და მისი მშენებლობა, რაც დიდ ძალისხმევას მოითხოვს. შესაბამისად, ამ ორი პოზიციის შეთავსება გამორიცხულია და პრემიერმა საჭიროდ ჩათვალა და ასეთი გადაწყვეტილება მიიღო“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ბიძინა ივანიშვილის პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა.

იგივე შინაარსის განმარტება გააკეთა თადაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამაც, რომელმაც აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი გახდა თავდაცვის სტრუქტურა, რომელიც იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამის გამო სასურველია, ალასანიას სხვა დამატებითი ფუნქციები, როგორიც არის ვიცე-პრემიერობა, მოეხსნას.

სხვადასხვაგვარი ინსინუაციები კი გამოიწვია ირაკლი ალასანიას მიერ საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემა „აქცენტებში“ გაკეთებულმა განცხადება, როდესაც ალასანიამ თქვა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით პრემიერთან რამდენიმე დღის წინ მძიმე საუბარი ჰქონდა. ალასანიას თქმით, პრემიერს ჰქონდა გარკვეული შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს განხილვა ხდებოდა მასთან შეუთანხმებლად.

„მე ვეთანხმები მას, რომ ეს საკითხი უნდა იყოს კოალიციასთან, მის ლიდერთან შეჯერებული. აქედან გამომდინარე იყო საუბარი ამ თემაზე. მე არ მესიამოვნა, რომ ასეთი უხერხულობის მიზეზი გაჩნდა. ეს არ ნიშნავს კოალიციაში რაიმე დაძაბულობას. ეს იყო ჯანსაღი დიალოგი ხელმძღვანელსა და მისი გუნდის წევრს შორის. რომ არ გვქონდეს ასეთი ღია საუბრები, ეს იქნებოდა ძალიან ცუდი“,- აღნიშნა ალასანიამ.

დღეს უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მმართველ კოალიციაში ქვეყნის მართვის მოდელთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. კერძოდ, თავისუფალი დემოკრატები საპრეზიდენტო რესპუბლიკას, რეპუბლიკელები კი საპარლამენტო რესპუბლიკას უჭერენ მხარს. ალასანიამ ამ თემაზე გააკეთა განმარტება, როდესაც თქვა, რომ მის გუნდსა და რესპუბლიკელებს შორის სწორედ ეს არის განსხვავება, რომ დემოკრატები მხარს უჭერენ ძლიერ საპრეზიდენტო რესპუბლიკას ძლიერი საპარლამენტო ზედამხედველობით. ალასანიამ ისიც აღნიშნა, რომ მის პარტიაში იყო აზრთა გაცვლა იმასთან დაკავშირებით, აპირებენ თუ არა დემოკრატები, რომ საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი ჰყავდეთ.

„ჩემი აზრით, ეს უნდა გახდეს საზოგადოების გადასაწყვეტი. შეიძლება ეს საკითხი რეფერენდუმზე ან პლებისციტზე იქნას სამომავლოდ გატანილი. რაც შეეხება საპრეზიდენტო კანდიდატს, არ დაგიმალავთ, ჩვენს პარტიაში, „თავისუფალ დემოკრატებში“ გვქონდა პოზიციების გაცვლა, ვაპირებთ თუ არა გვყავდეს ჩვენი კანდიდატი“,- ამბობს ალასანია.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებაზე ალაპარაკდნენ. მათი თქმით, ირაკლი ალასანია ერთადერთია ახალ მთავრობაში, ვინც მიიჩნევს, რომ პროდასავლური კურსი შეუცვლელია. ამის შესახებ ბობოხიძემ დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

„ბატონი ალასანია არის ერთადერთი საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებიდან, ვინც თქვა, რომ სიტყვა „ოკუპაცია“ აუცილებლად უნდა იყოს ნახსენები ყველა დოკუმენტში და მე ამაში ვეთანხმები. ირაკლი ალასანია ჯერჯერობით არის ერთადერთი კაცი მთავრობიდან, რომელიც მკაფიოდ აფიქსირებს, რომ პროდასავლური ორიენტაცია შეუცვლელია და ის პოზიციები, რომელიც საქართველოს ყოფილმა ხელისუფლებამ მოიპოვა რუსეთთან მიმართებაში, არ არის დასათმობი“, - განაცხადა ბობოხიძემ.

დაახლოებით იგივე შინაარსის განცხადება გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილე ელენე ხოშტარიამაც, რომელმაც აღნიშნა, რომ სახელისუფლო გუნდში შეინიშნება „თავისუფალი დემოკრატები“ შესუსტების საგანგაშო ტენდენცია, რაც პირველ რიგში, უარყოფითად აისახება ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსზე. ამავე კონტექსტში ხოშტარიამ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ ვაშაკიძის წამოსვლა მოიხსენია, რომელმაც ოფიციალური განმარტებით, თანამდებობა ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებული პრობლემების გამო დატოვა.  

ამ თემასთან დაკავშირებით for.ge გთავაზობთ ინტერვიუს პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილთან.

სოსო ცისკარიშვილი: ჩემი აზრით, მეტი კითხვები უნდა გაჩენილიყო მაშინ, როდესაც ვიცე-პრემიერობა დაევალა ორ თითქმის ყველაზე გადატვირთულ მინისტრს, რომელთაც თავის უწყებაში უზარმაზარი სამუშაო ჰქონდათ გასაკეთებელი. შესაბამისად, მთავრობა, პრაქტიკულად, ვიცე-პრემიერის გარეშე არსებობდა. ეს უსათუოდ აისახებოდა როგორც მთავრობის აპარატის, ასევე მათ სამინისტროსთან კომუნიკაციებზე. ჩემი აზრით, უფრო ბუნებრივია, მთავრობის შემადგენლობაში იყოს სხვა რომელიმე სამინისტროს გაძღოლისგან თავისუფალი ვიცე-პრემიერი, შესაძლებელია - ორიც (სფეროების კურირების მიხედვით).

რაიმე ტრაგედიას ვერ ვხედავ იმაში, რომ თავდაცვის მინისტრი არ გახლავთ ამავე დროს ვიცე-პრემიერი. ქართულ რეალობაში მახსოვს ვიცე-პრემიერების და მინისტრების კიდევ უფრო მძაფრი დაპირისპირება, როცა ბატონ სიგუას, როგორც პრემიერ-მინისტრს ჰყავდა ორი მინისტრი მოადგილედ - თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები, მაგრამ მათი ეჭვიანობა იმდენად მაღალი იყო, რომ საბოლოოდ ორივე პირველი მოადგილე აღმოჩნდა, რაც გარკვეული ქილიკის საგანიც გახდა. ამიტომ, თუ პრემიერ-მინისტრს ეყოლება პირველი მოადგილე და მოადგილე, რომლებსაც თავიანთი თანამდებობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე საკმარისზე მეტი სამუშაო ექნებათ, უფრო ბუნებრივი ვითარება იქნება მთავრობაშიც და სამინისტროებშიც გარკვეული იქნება ყველაფერი. დარწმუნებული ვარ, რომ გავლილი თვეების მანძილზე არც ალასანიას და არც კალაძეს, როგორც ვიცე-პრემიერებს, სხვა სამინისტროების პრობლემებისთვის არ მოუცლიათ. შესაბამისად, ეს ინსტიტუტი უნდა გახდეს ქმედითი და გარკვეული განტვირთვის მექანიზმად უნდა იქცეს პრემიერ-მინისტრისთვის.

ბატონო სოსო, პრემიერის ამ გადაწყვეტილების გახმაურების შემდეგ უამრავი ვერსია ვრცელდება იმასთან დაკავშირებით, თუ რამ გამოიწვია ივანიშვილის მხრიდან ალასანიას გადაყენება. არსებობს მოსაზრებაც, რომ შესაძლოა ეს ალასანიას მიერ გაკეთებულ განცხადებას უკავშირდებოდეს, სადაც მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით პრემიერთან საკმაოდ რთული საუბარი ჰქონდა. რას ფიქრობთ ამაზე?

- რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ ფაქტების ქრონოლოგია ასეთ ვერსიას გამორიცხავს, რადგან გათავისუფლების შესახებ დოკუმენტი უფრო ადრე იქნა გამოცემული, ვიდრე პირდაპირ სატელევიზიო ეთერში ალასანიასთან საუბარი შედგებოდა. თუმცა, ცხადია, მთავრობის წევრებს შორის რაიმე ტიპის უთანხმოება გამორიცხული არ არის, მათ შორის, ვიცე-პრემიერთან, მაგრამ ჩემი აზრით, საკუთარი გუნდის გამორჩეულ წევრთან ურთიერთობა ბატონ ბიძინას არ შეეშლებოდა. ეს რომ რაიმე გადაწყვეტილების მიღებისათვის მიზეზი ყოფილიყო, მიმაჩნია, რომ ასეთი გადაწყვეტილება საერთოდ არ იქნებოდა მიღებული.

საუბარია იმაზეც, რომ სახელისუფლო გუნდში ქვეყნის მართვის მოდელთან დაკავშირებით გარკვეული აზრთა სხვადასხვაობაა, რასაც მმართველ გუნდშიც არ უარყოფენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კოალიციაშითავისუფალი დემოკრატებისპოზიციების შესუსტება ხდება. შეიძლება, რომ ეს მართლაც ასე იყოს?

- ეს პოლიტიკური გემოვნების საკითხია. რასაკვირველია, ბატონ პრემიერს შეიძლება გული უწევდეს იმ მოდელისკენ, რომელიც ქვეყანას ოქტომბრიდან ელოდება, რადგან პრემიერი საკუთარი ფუნქციების კუთხით ბევრ უპირატესობას იძენს, პრეზიდენტი კი უფრო ნაკლები დონის პოლიტიკური ფიგურა იქნება, თუმცა თავისი სერიოზული ფუნქციებით. ასეთ შემთხვევაში საუბარი იმაზე, არსებობს დაპირისპირება რესპუბლიკელებსა და თავისუფალ დემოკრატებს შორის, არადამაჯერებელი არგუმენტია, რადგან არც არავის დაუმალავს, რომ ბატონი ალასანია საპრეზიდენტო მმართველობის მომხრეა, ხოლო ბატონი უსუფაშვილი და მისი პარტია - საპარლამენტო რესპუბლიკის. ერთსაც და მეორესაც თანამოაზრეები ჰყავთ. რამდენადაც ვიცი, ალასანიას პოზიციას ქალბატონი ნინო ბურჯანაძე იზიარებს და ეს, ალბათ, ერთადერთი თემაა, რომელიც მათთვის საერთო გახლავთ. შეიძლება საპარლამენტო რესპუბლიკის მომხრე პოლიტიკური ძალები რაოდენობრივად მეტნი იყვნენ, მაგრამ რა გავლენა აქვთ მათ, ამას მხოლოდ საჯარო განხილვები გაგვაგებინებს, რაც ცხადია, უთუოდ შედგება.

ამავე დროს უნდა გვახსოვდეს, როგორი მოქალქეობრივი ღირსების მაგალითი მოგვცა ბატონმა ივანიშვილმა, როდესაც მისი ინტერესებისთვის გადაკეთებული საქართველოს კონსტიტუცია მან არ მოირგო და ამ პრივილეგიით სარგებლობაზე უარი განაცხადა. იმედი მაქვს, რომ ბატონი ბიძინა ამჯერადაც არ მოირგებს სააკაშვილის მიერ საკუთარ თავზე მორგებულ კონსტიტუციას და ჩვენ ვიხილავთ ჩანაწერს, რომელიც მომავალ კონსტიტუციაში ჯერჯერობით არ არის შეტანილი და მსგავსად პრეზიდენტისა, რომელსაც მომავალი კონსტიტუციით ეკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერი იყოს, პრემიერ-მინისტრსაც ექნება ვალდებულება, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერი არ იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუნდაც თეორიული საფრთხე არსებობს იმისა, რომ ერთპარტიული მმართველობის შედეგამდე მივიდეთ.  

არის კიდევ ერთი მომენტი, რომელსაცნაციონალური მოძრაობისწარმომადგენლები უსვამენ ხაზს და ამასთან დაკავშირებით ელენე ხოშტარიამაც გააკეთა კომენტარი, რომ ალასანია და მისი გუნდი მკვეთრად პროდასავლური ორიენტაციის არიან და მმართველ კოალიციაში ამ გუნდის დასუსტება იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანა საგარეო პოლიტიკურ კურსს იცვლის. ელენე ხოშტარია ამავე კონტექსტში მოიხსენიებს ნიკოლოზ ვაშაკიძის მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროდან წამოსვლის საკითხს. ამასთან დაკავშირებით რისი თქმა შეგიძლიათ?

- ეს თემა და მისი მუდმივად გამოყენების აუცილებლობა დაგეგმილი პოლიტიკური პროვოკაციაა. სამწუხაროა, რომ ქალბატონი ხოშტარია თავის ნიჭს ასეთ პრიმიტიულ საკითხებზე ფლანგავს. რაც შეეხება ალასანიას მიმართ რაიმე ტიპის უკმაყოფილების გამოხატვას იმის გამო, რომ ის პროდასავლური ორიენტაციისა, უკაცრავად, მაგრამ უსუფაშვილი პროაზიურობაში ვის შეუმჩნევია და რატომ არ არის იგივე, „რესპუბლიკური პარტია“ პროდასავლური, მაშინ ამასაც დაზუსტება უნდა.